წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 9

ქრისტეა „ღვთის ძალა“

ქრისტეა „ღვთის ძალა“

1—3. ა) რა თავზარდამცემი რამ შეემთხვათ იესოს მოწაფეებს გალილეის ზღვაზე და რა მოიმოქმედა იესომ? ბ) რატომ ეწოდება იესო ქრისტეს „ღვთის ძალა“?

მოწაფეები ერთხელ გალილეის ზღვაზე მიცურავდნენ და როცა მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, თავზარი დაეცათ. ქარიშხალი აქ ადრეც ექნებოდათ ნანახი — ბოლოს და ბოლოს, ზოგიერთი მათგანი გამოცდილი მეთევზე იყო * (მათე 4:18, 19). მაგრამ ეს იყო „დიდი ქარიშხალი“, რომელმაც თვალის დახამხამებაში ააბობოქრა ზღვა. მოწაფეები ნავის სამართავად ამაოდ ირჯებოდნენ. ქარიშხალს ვერა და ვერ უმკლავდებოდნენ. აზვირთებული ტალღები „ნავს ეხეთქებოდა“ და წყლით ავსებდა. ამ ორომტრიალის მიუხედავად, იესოს, მთელი დღე ხალხის სწავლებით დაქანცულს, ღრმად ჩასძინებოდა კიჩოზე. მოწაფეები შიშმა აიტანა, ვაითუ ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდიაო და ხვეწნა-მუდარით გააღვიძეს იგი: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით“! (მარკოზი 4:35—38; მათე 8:23—25).

2 იესო არ შეშინდა. სრულიად დაჯერებულმა შერისხა ქარი და ზღვა: „დადუმდი, ჩადექ!“. ქარიშხალი მაშინვე მიწყნარდა, ტალღებსაც იგივე დაემართათ და „დიდი მყუდროება ჩამოდგა“. ახლა კი უჩვეულო შიშმა შეიპყრო მოწაფეები. „ვინ არის ეს?“ — ჩურჩულით ეკითხებოდნენ ერთმანეთს. მართლაც, ვინ შეძლებდა ისე შეერისხა ქარი და ზღვა, თითქოს ურჩ ბავშვს შენიშვნას აძლევსო? (მარკოზი 4:39—41; მათე 8:26, 27).

3 მაგრამ იესო არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მას იეჰოვას ძალა ეხმარებოდა და მისი მეშვეობით არაჩვეულებრივად ვლინდებოდა.  ღვთის მიერ შთაგონებულმა პავლე მოციქულმა სავსებით სწორად უწოდა ქრისტეს „ღვთის ძალა“ (1 კორინთელთა 1:24). რა მხრივ გამოვლინდა ღვთის ძალა იესოში? და როგორ იყენებს იგი ამ ძალას ჩვენ სასარგებლოდ?

ღვთის მხოლოდშობილი ძის ძალა

4, 5. ა) რა ძალა და უფლებამოსილება მიანიჭა იეჰოვამ თავის მხოლოდშობილ ძეს? ბ) რით იყო ძე აღჭურვილი თავისი მამის შემოქმედებითი განზრახვების შესასრულებლად?

4 ვნახოთ, რა ძალას ფლობდა იესო დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში. იეჰოვამ საკუთარი „მარადიული ძალა“ გამოიყენა თავისი მხოლოდშობილი ძის შექმნისას, რომელსაც იესო ქრისტედ ვიცნობთ (რომაელთა 1:20; კოლასელთა 1:15). იმ დროიდან მოყოლებული, იეჰოვამ მას უდიდესი ძალა და უფლებამოსილება მიანიჭა და თავისი შემოქმედებითი განზრახვების განხორციელება დაავალა. ძის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ (იოანე 1:3).

5 ადვილი არ არის ამ დავალების მასშტაბების წარმოდგენა. დაფიქრდი, რამოდენა ძალა უნდა ყოფილიყო საჭირო მილიონობით ძლიერი ანგელოზის, მილიარდობით გალაქტიკის შემცველი მატერიალური სამყაროსა და სიცოცხლის მრავალფეროვნებით მდიდარი დედამიწის შესაქმნელად. ამ დავალების შესასრულებლად იეჰოვამ მხოლოდშობილ ძეს სამყაროში უძლიერესი ძალა, თავისი სულიწმიდა, მისცა. ღვთის ძე დიდ სიამოვნებას განიცდიდა, რომ იეჰოვას სხვა ყველაფრის შესაქმნელად ოსტატად ჰყავდა გვერდში (იგავნი 8:22—31).

6. დედამიწაზე სიკვდილისა და აღდგენის შემდეგ რა ძალა და უფლებამოსილება მიეცა იესოს?

6 მიიღებდა თუ არა მხოლოდშობილი ძე უფრო მეტ ძალასა და უფლებამოსილებას? მას შემდეგ, რაც დედამიწაზე მოკვდა და აღდგა, იესომ თქვა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18). დიახ, იესოს ძალის საყოველთაოდ გამოყენების შესაძლებლობა და უფლება მიენიჭა. როგორც „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“, უფლებამოსილი გახდა ‘ყოველი  მთავრობის, ყოველი უფლებისა და ძალის გასაუქმებლად’ — ხილულისაც და უხილავისაც, რომლებიც მისი მამის წინააღმდეგ გამოდიან (გამოცხადება 19:16; 1 კორინთელთა 15:24—26). ღმერთს, გარდა თავისი თავისა, ‘არაფერი დაუტოვებია, იესოსთვის რომ არ დაემორჩილებინა’ (ებრაელთა 2:8; 1 კორინთელთა 15:27).

7. რა გვარწმუნებს იმაში, რომ იესო იეჰოვას მიერ მიცემულ ძალას ბოროტად არასოდეს გამოიყენებს?

7 ვაითუ ძლევამოსილმა იესომ თავისი ძალა ბოროტად გამოიყენოს? არავითარ შემთხვევაში! იესო მამის უზომო სიყვარულის გამო არასოდეს მოქმედებს ისე, რომ მისი გულისწყრომა გამოიწვიოს (იოანე 8:29; 14:31). ისიც კარგად უწყის, რომ იეჰოვა ბოროტად არასოდეს იყენებს თავის ყოვლისშემძლე ძალას. როცა იესო აკვირდებოდა მამამისს, ხედავდა, რომ იეჰოვა ყოველთვის მთელი გულით ცდილობდა, „მხარი დაეჭირა მათთვის, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (მეორე ნეშტთა 16:9). გარდა ამისა, იესოს ისევე უყვარს კაცობრიობა როგორც მამამისს და შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის ძე ძალას ყოველთვის სასიკეთოდ გამოიყენებს (იოანე 13:1). ამის დასტურად იესოს ბრწყინვალე საქმეებიც კმარა. მოდი მიმოვიხილოთ, რა ძალას ფლობდა იგი დედამიწაზე ცხოვრებისას და რატომ იყენებდა მას.

„ძლიერი. . . სიტყვით“

8. სულით ცხების შემდეგ რისი კეთების უფლებამოსილება მიეცა იესოს და როგორ იყენებდა თავის ძალას?

8 როგორც ჩანს, იესო, სიყმაწვილის ასაკში, როცა ნაზარეთში იზრდებოდა, სასწაულებს არ ახდენდა. მაგრამ ახ. წ. 29 წელს, როცა დაახლოებით 30 წლის ასაკში მოინათლა, მდგომარეობა შეიცვალა (ლუკა 3:21—23). ბიბლიაში ასეა ნათქვამი: «სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა [„სიკეთეს აკეთებდა“, აქ] და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს» (საქმეები 10:38). „სიკეთეს აკეთებდა“, —განა ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ იესო ძალას ხალხის სასიკეთოდ იყენებდა? იმის შემდეგ, რაც ღმერთმა თავისი სულით სცხო, იესო გახდა „წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით“ (ლუკა 24:19).

9—11. ა) ძირითადად, სად ასწავლიდა იესო და რა რთულ დავალებას გაართვა თავი? ბ) რატომ იყო ხალხი განცვიფრებული იმით, თუ როგორ ასწავლიდა იესო?

 9 როგორ იყო იესო სიტყვით ძლიერი? იესო ხშირად ასწავლიდა ხალხს ღია ცის ქვეშ — ტბის ნაპირას და ფერდობზე, ქუჩებსა და სავაჭრო ადგილებში (მარკოზი 6:53—56; ლუკა 5:1—3; 13:26). მაგრამ მსმენელები აქეთ-იქით შემოეფანტებოდა, მის სიტყვებს რომ ძალა არ ჰქონოდა. ისინი ხალხს გონებაში და გულში უნდა ჩაემარხა. რადგან წინათ დაბეჭდილი წიგნები არ არსებობდა, ამიტომ იესოს სიტყვები დამატყვევებელი, ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. ამის კეთება კი იესოსთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაგალითად, ვნახოთ, როგორ იქადაგა მთაზე.

10 ერთხელ, დილით, ახ. წ. 31 წელს, უამრავ ხალხს მოეყარა თავი ფერდობზე, გალილეის ზღვის მახლობლად. ზოგს იუდეიდან და იერუსალიმიდან 100—110-კილომეტრიანი გზა გამოევლო. ზოგიც ჩრდილოეთით მდებარე სიდონისა და ტვიროსის ხმელთაშუაზღვისპირა მხარეებიდან მოსულიყო. შეხების მიზნით მრავალი სნეული უახლოვდებოდა იესოს; ის კი ყველას კურნავდა. ერთი მძიმედ დაავადებულიც კი აღარ იყო დარჩენილი, როცა იესო მოსულთა სწავლებას შეუდგა (ლუკა 6:17—19). მოგვიანებით, როცა ლაპარაკი დაასრულა, ისინი განცვიფრებული იყვნენ იმით, რაც მოისმინეს. რამ განაცვიფრა?

11 წლების შემდგომ ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც ეს ქადაგება მოისმინა, დაწერა: „ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ როგორც ხელმწიფების მქონე“ (მათე 7:28, 29). არავის დარჩენია შეუმჩნეველი, რომ იესოს საუბრიდან რაღაც განსაკუთრებული ძლიერება გამოსჭვიოდა — იგი ღვთის სათქმელს ამბობდა და რასაც ასწავლიდა, ღვთისავე სიტყვით ასაბუთებდა (იოანე 7:16). მისი ნათქვამი გასაგები, მოწოდებანი დამარწმუნებელი და მტკიცებები უცილობელი იყო. იესოს სიტყვები საუბრის თემას უნაკლოდ აშუქებდა და იმავდროულად მსმენელთა გულებამდე აღწევდა. ასწავლიდა, თუ  როგორ მოეპოვებინათ ბედნიერება, როგორ ელოცათ, როგორ ეძიათ ღვთის სამეფო და როგორ ეშენებინათ საიმედო მომავალი (მათე 5:3—7:27). ჭეშმარიტებასა და სიმართლეს მოწყურებულთ წყურვილს უკლავდა. ისინი მზად იყვნენ, საკუთარი თავი ‘უარეყოთ’, ყველაფერი მიეტოვებინათ და მას გაჰყოლოდნენ (მათე 16:24; ლუკა 5:10, 11). ეს ყველაფერი ხომ იესოს სიტყვების ძლიერებაზე მეტყველებს!

„ძლიერი საქმით“

12, 13. რა მხრივ ჩანდა, რომ იესო ‘საქმით ძლიერი’ იყო და როგორი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა მისი სასწაულები?

12 იესო ‘საქმითაც ძლიერი’ იყო (ლუკა 24:19). სახარებებში 30-ზე მეტი სასწაულია დაფიქსირებული, რომლებიც მან „იეჰოვას ძალით“ მოახდინა * (ლუკა 5:17, აქ). იესოს სასწაულებმა ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე იმოქმედა. მაგალითად, სულ მხოლოდ ორი სასწაული 20 000-მდე ადამიანს მაინც შეეხო — ჯერ 5 000 კაცი დააპურა, „გარდა ქალებისა და ბავშვებისა“, ხოლო შემდეგ 4 000 კაცი (მათე 14:13—21; 15:32—38).

‘მათ დაინახეს ზღვაზე მოსიარულე იესო’.

13 იესოს სასწაულები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მაგალითად, მას ძალაუფლება ჰქონდა დემონებზე და ადვილად დევნიდა მათ (ლუკა 9:37—43, აქ). თუმცა მისი ძალა მხოლოდ ასეთი სასწაულებით არ შემოიფარგლებოდა. გავიხსენოთ, მაგალითად, ის სასწაული, წყალი რომ ღვინოდ აქცია (იოანე 2:1—11). ან კიდევ, მოწაფეების გასაოცრად, გალილეის აღელვებულ ზღვაზე ფეხით რომ მიდიოდა (იოანე 6:18, 19). სნეულებასაც უმკლავდებოდა, კურნავდა სხეულის დაზიანებულ ორგანოებს, ქრონიკულ და სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს (მარკოზი 3:1—5; იოანე 4:46—54). ის სხვადასხვაგვარად კურნავდა ხალხს. სულ მცირე, ერთი ადამიანი დიდი მანძილიდან იქნა განკურნებული, მაშინ როცა სხვებს პირადად ეხებოდა (მათე 8:2, 3, 5—13). ზოგს მყისვე კურნავდა და ზოგსაც — თანდათანობით (მარკოზი 8:22—25; ლუკა 8:43, 44).

14. რა ვითარებებში ცხადყო იესომ, რომ სიკვდილის დამარცხების ძალას ფლობდა?

 14 იესოს სიკვდილის დამარცხების ძალაც ჰქონდა. როგორც სამი დაფიქსირებული შემთხვევიდან ჩანს, მან მკვდრებიც აღადგინა: მშობლებს 12 წლის გოგონა გაუცოცხლა; ქვრივ დედას — ერთადერთი ვაჟიშვილი; და დებს — საყვარელი ძმა (ლუკა 7:11—15; 8:49—56; იოანე 11:38—44). იესოს წინ ვერაფერი ეღობებოდა. საწოლზე მწოლიარე 12 წლის გოგონა ახალი მკვდარი იყო, როცა აღადგინა. ქვრივის ვაჟი მაშინ გააცოცხლა, დასაკრძალავად რომ მიასვენებდნენ და არც არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მკვდარი იყო. ხოლო მის მიერ აღდგენილი ლაზარე ოთხი დღე ესვენა სამარხში.

უანგარო, გაწონასწორებული და გულისხმიერი ძალის გამოყენებისას

15, 16. რა ამტკიცებს იმას, რომ იესო უანგაროდ იყენებდა თავის ძალას?

15 იესოს ძალა რომ არასრულყოფილ მმართველს ჰქონოდა, წარმოიდგინე, რამდენად დიდი იქნებოდა მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა? მაგრამ იესო უცოდველი იყო (1 პეტრე 2:22). საერთო არაფერი ჰქონდა ეგოიზმთან, პატივმოყვარეობასა და სიხარბესთან, დაჟინებით რომ უბიძგებს ხოლმე არასრულყოფილ ადამიანებს ძალის სხვების საზიანოდ გამოყენებისკენ.

16 იესო ძალას უანგაროდ იყენებდა და პირად გამორჩენაზე არც კი ფიქრობდა. მაგალითად, ერთხელ, როცა მოშივდა, უარი თქვა, ქვა პურად ექცია (მათე 4:1—4). ცხოვრებაშიც ბევრი არაფერი გააჩნდა. ესეც იმაზე მოწმობს, რომ ძალას გამდიდრების მიზნით არ იყენებდა (მათე 8:20). რასაც აკეთებდა, ყველაფერს უანგაროდ აკეთებდა; სასწაულების მოხდენა გარკვეულ დანაკარგად უჯდებოდა. როცა სნეულებს კურნავდა, მისგან ძალა გადიოდა. თუნდაც ერთი კაცი განეკურნა, ამას მაინც გრძნობდა (მარკოზი 5:25—34). მიუხედავად ამისა, იესო ხალხის მთელ ჯგუფებს შეხების ნებას აძლევდა და ისინიც იკურნებოდნენ (ლუკა 6:19). მართლაც რომ თავგანწირვის სულისკვეთებას ავლენდა!

17. როგორ ცხადყოფდა იესო, რომ გაწონასწორებული იყო ძალის გამოყენებისას?

 17 იესო ძალის გამოყენებისას გაწონასწორებულიც იყო. დიდებულ საქმეებს კი აკეთებდა, მაგრამ არა სხვების თვალში საცემად ან სასეიროდ (მათე 4:5—7). ჰეროდეს უმართებულო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლადაც არ მოუმოქმედებია არაფერი (ლუკა 23:8, 9). აზრადაც არ მოსვლია თავისი ძალის რეკლამირება. პირიქით, ვისაც კურნავდა, ხშირად არიგებდა, არავის უთხრათო (მარკოზი 5:43; 7:36). არ სურდა, რომ ხალხში მის შესახებ სენსაციური ამბები გავრცელებულიყო (მათე 12:15—19).

18—20. ა) რა განაპირობებდა იმას, თუ როგორ იყენებდა იესო თავის ძალას? ბ) რა მოგწონს იმაში, თუ როგორ განკურნა იესომ ერთი ყრუ მამაკაცი?

18 იესო, ეს ძლიერი მამაკაცი, ძალიან განსხვავდებოდა ძალაუფლების მქონე უსულგულო მმართველებისგან, საცოდავი ხალხის სასარგებლოდ თითის განძრევაც რომ ეზარებოდათ. საკმარისი იყო უბედური ხალხისთვის თვალი მოეკრა, რომ გული მაშინვე აეწვებოდა და მზად იყო, მათთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა (მათე 14:14). იესო გულისხმიერებით ეკიდებოდა მათ გრძნობებს, მოთხოვნილებებს და ეს განსაზღვრავდა იმას, თუ როგორ გამოეყენებინა თავისი ძალა. ამის ერთი მაგალითი მარკოზის 7:31—37-შია მოთხრობილი.

19 ერთხელ, დიდძალი ხალხი მივიდა იესოსთან და მრავალი სნეული მიუყვანეს, მან კი ყოველი მათგანი განკურნა (მათე 15:29, 30). მაგრამ იგი ერთი მამაკაცის მდგომარეობას განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდა. მამაკაცი ყრუ იყო და თითქმის ვერ ლაპარაკობდა. იესომ ალბათ დაინახა, რომ ის ნერვიულობდა და თავს უხერხულად გრძნობდა. ამიტომ მამაკაცი ცალკე გაიყვანა და გარკვეული მოქმედებებით მიახვედრა, რას გააკეთებდა: „თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას“ * (მარკოზი 7:33).  შემდეგ ცას ახედა და ღმერთს შეევედრა. ასეთი მოქმედებით იესო მამაკაცს მიახვედრებდა, რომ რასაც შენთვის ვაკეთებ, ღვთის ძალის წყალობით ვაკეთებო. ბოლოს თქვა: „განიხსენ“ (მარკოზი 7:34). მამაკაცს ყურთასმენა დაუბრუნდა და გამართულად ამეტყველდა.

20 როგორ არ მივიტანოთ გულთან ახლოს ის, რომ იესო, თუმცა ღვთის ძალით კურნავდა, დავრდომილებს თანაგრძნობით ეკიდებოდა! განა იმედს არ გვაძლევს ის, რომ იეჰოვამ მესიანური სამეფო ასეთ მზრუნველ და გულისხმიერ მმართველს ჩააბარა?

წინ უფრო დიდი საქმეების ხილვა გველის

21, 22. ა) რაზე მიანიშნებდა იესოს სასწაულები? ბ) ვინაიდან იესოს შეუძლია ბუნების ძალები დაიმორჩილოს, რას უნდა მოველოდეთ მისი მმართველობის დროს?

21 იესოს მიერ დედამიწაზე გაკეთებული დიდი საქმეები უფრო დიდ კურთხევებზე მიანიშნებდა, რომლებსაც მისი მეფობის დროს ვიხილავთ. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იესო ერთხელ კიდევ მოახდენს სასწაულებს — ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით! ვნახოთ, რა აღმაფრთოვანებელი მომავალი გველის.

22 იესოს წყალობით დედამიწაზე კვლავ აღდგება იდეალური ეკოლოგიური პირობები. გავიხსენოთ, რომ მან ბუნების ძალებიც კი დაიმორჩილა, როცა აღელვებული ზღვა ჩააწყნარა. ქრისტეს სამეფოს მმართველობისას ადამიანებს აღარ ექნებათ იმის შიში, ვაითუ ტაიფუნმა, მიწისძვრამ, ვულკანმა ან სტიქიურმა უბედურებამ მოგვისწრაფოს სიცოცხლეო. იესო ის ოსტატია, რომელიც იეჰოვას დედამიწისა და მასზე სიცოცხლის ყველა ფორმის შექმნაში ეხმარებოდა. დედამიწის შედგენილობაზე უზადო ცოდნა აქვს და იცის, მისი რესურსები სწორად როგორ გამოიყენოს. მისი მმართველობისას მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ლუკა 23:43).

23. როგორ დააკმაყოფილებს იესო, როგორც მეფე, კაცობრიობის მოთხოვნილებებს?

23 კაცობრიობის მოთხოვნილებებს როგორღა დააკმაყოფილებს? იესომ ათასობით ადამიანი დააპურა, თანაც მცირე რაოდენობის საჭმლით. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მმართველობის დროს ხალხი  შვებას იგრძნობს. ყველას საკმარისი საკვები ექნება და შიმშილის სახსენებელი სამუდამოდ მოისპობა (ფსალმუნი 71:16). იესოს უფლობა ავადმყოფობასა და სენზე იმას ნიშნავს, რომ სნეული, უსინათლო, სმენადახშული, დასახიჩრებული და ხეიბარი ადამიანები სრულიად და სამუდამოდ განიკურნებიან (ესაია 33:24; 35:5, 6). მას მკვდრების აღდგენის ძალაც აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლევამოსილ ზეციერ მეფეს არც მილიონობით ადამიანის აღდგენა გაუჭირდება, რომელთა აღდგენასაც მამამისიც მოუთმენლად ელის (იოანე 5:28, 29).

24. როდესაც იესოს ძალაზე ვსაუბრობთ, რა არ უნდა გვრჩებოდეს მხედველობიდან და რატომ?

24 იესოს ძალაზე როცა ვსაუბრობთ, მხედველობიდან არასოდეს უნდა გვრჩებოდეს, რომ იგი მამის სრულყოფილი ანარეკლია (იოანე 14:9). იესოს მიერ ძალის გამოყენება იეჰოვას მიერ ძალის გამოყენებაზე გვიქმნის ცხად წარმოდგენას. მაგალითად, გავიხსენოთ, თუ რა გულისხმიერებით განკურნა იესომ ერთი კეთროვანი. სიბრალულით რომ აღიძრა, შეეხო მამაკაცს და უთხრა: „მსურს“ (მარკოზი 1:40—42). მსგავს მაგალითებში იეჰოვა ასეთ სიტყვებს გვაკითხებს: „აი, ასე ვიყენებ ჩემს ძალას!“. განა არ გინდა, ხოტბას ასხამდე და მადლობდე ჩვენს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ასეთი სიყვარულით იყენებს თავის ძალას?!

^ აბზ. 1 უეცარი ქარიშხალი ჩვეულებრივი რამ არის გალილეის ზღვისთვის. მისი დონე ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მეტრით დაბლაა და ახლომდებარე მხარეებთან შედარებით ჰაერიც გაცილებით თბილია. ამიტომ იქმნება ატმოსფერული წნევის ცვალებადობა. ჩრდილოეთით მდებარე ხერმონის მთიდან წამოსული ძლიერი ქარი მთელი სისწრაფით გადაევლება ხოლმე იორდანის ველს. ასე რომ, ერთ წუთას თუ წყნარი ამინდია, მეორე წუთას შეიძლება საშინელი ქარი ამოვარდეს.

^ აბზ. 12 სახარებებში ზოგჯერ სასწაულები ზოგადად არის აღწერილი. მაგალითად, ერთ შემთხვევაში იესოს „მთელი ქალაქი“ მიადგა და მანაც „ბევრი სნეული განკურნა“ (მარკოზი 1:32—34).

^ აბზ. 19 როგორც ებრაელებს, ისე არაებრაელებს დანერწყვება სამკურნალო საშუალებად მიაჩნდათ. რაბინულ ჩანაწერებშიც ნახსენებია, რომ ნერწყვი განკურნების მიზნით გამოიყენებოდა. იესო დანერწყვებით, უბრალოდ, გააგებინებდა მამაკაცს, რომ განკურნებას უპირებდა. როგორც უნდა ყოფილიყო, თავის ნერწყვს იესო არ იყენებდა სამკურნალო საშუალებად.

გაიგეთ მეტი

როდის მოვა ღვთის სამეფო?

რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ღვთის ცხებული მეფე მალე დამატებით ზომებს მიიღებს იმისათვის, რომ დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდეს?