არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 2

შესაძლებელია ღმერთთან დაახლოება?

შესაძლებელია ღმერთთან დაახლოება?

1, 2. ა) რა შეიძლება მიეჩნია ბევრს წარმოუდგენლად, მაგრამ რაში გვარწმუნებს ბიბლია? ბ) როგორი ურთიერთობის უფლება ჰქონდა აბრაამს და რატომ?

რას იგრძნობდი, ცისა და მიწის შემოქმედს რომ ეთქვა შენზე: „ეს ჩემი მეგობარია“? ბევრს შეიძლება ეს წარმოუდგენლად მიეჩნია. და საერთოდ, შეძლებდა კი უბრალო ადამიანი, ოდესმე დამეგობრებოდა იეჰოვა ღმერთს? მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთთან დაახლოება სავსებით შესაძლებელია.

2 აბრაამს, რომელიც ძველად ცხოვრობდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. იეჰოვამ ამ პატრიარქს „ჩემი მეგობარი აბრაამი“ უწოდა (ესაია 41:8, აქ). დიახ, იეჰოვა აბრაამს თავის ახლო მეგობრად მიიჩნევდა. მას „სწამდა. . . ღმერთი“ და ამიტომ მიეცა ასეთი ახლო ურთიერთობის უფლება (იაკობი 2:23). იეჰოვას დღესაც სურს, „დაუახლოვდეს“ მათ, ვინც სიყვარულით ემსახურება (მეორე რჯული 10:15, აქ). მისი სიტყვა მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8, აქ). ეს სიტყვები ჩვენთვის მოწვევაც არის და დაპირებაც.

3. რა მიზნით გვიწვევს იეჰოვა და რას გვპირდება?

3 იეჰოვა გვიწვევს თავისთან დასაახლოებლად. ის მზადაა და სურს, რომ ჩვენდამი, როგორც მეგობრებისადმი, კეთილად იყოს განწყობილი. ამავე დროს, გვპირდება, რომ, თუ დავუახლოვდებით, თვითონაც დაგვიახლოვდება. ამგვარად შეგვიძლია მივაღწიოთ ჭეშმარიტად ფასდაუდებელ სიახლოვეს — „სიახლოვეს იეჰოვასთან“ * (ფსალმუნი 25:14, აქ [24:14]). „სიახლოვე“  განსაკუთრებულ მეგობართან გულახდილ საუბარსაც ნიშნავს.

4. როგორ დაახასიათებდი ახლო მეგობარს და როგორ ამტკიცებს იეჰოვა, რომ ასეთივე მეგობარია მათთვის, ვინც უახლოვდება?

4 გყავს ახლო მეგობარი, ვისაც გულს გადაუშლიდი? ასეთი მეგობარი ზრუნავს შენზე. შენ კი ენდობი, რადგან ერთგულება დაგიმტკიცა. სიხარული გიასმაგდება, როცა მასთან ერთად ხარობ. მის მიერ თანაგრძნობით გამოვლენილი ყურადღება დარდსა და წუხილს გიმსუბუქებს. მაშინაც კი, როდესაც ფიქრობ, რომ ვერავინ გიგებს, მას ესმის შენი. ასევეა, როცა უახლოვდები ღმერთს — განსაკუთრებულ მეგობარს იძენ, რომელიც მართლა გაფასებს, ყოველმხრივ ზრუნავს შენზე და ბოლომდე გიგებს (ფსალმუნი 102:14; 1 პეტრე 5:7). მხოლოდ მას ანდობ იდუმალ გრძნობებს, რადგან იცი, რომ ერთგულია თავის ერთგულთა მიმართ (ფსალმუნი 18:25, აქ [17:26]). მაგრამ ღმერთთან სიახლოვე მხოლოდ და მხოლოდ მისივე წყალობით არის შესაძლებელი.

იეჰოვამ გზა გაგვიხსნა

5. რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენს დასაახლოებლად?

5 ჩვენ ცოდვილები ვართ და დახმარების გარეშე ვერასოდეს დავუახლოვდებოდით ღმერთს (ფსალმუნი 5:5). „მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“, — წერდა პავლე მოციქული (რომაელთა 5:8). დიახ, იეჰოვას განზრახვა იყო, რომ იესოს ‘თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). სწორედ გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენა გვაძლევს ღმერთთან დაახლოების შესაძლებლობას. ‘მან პირველმა შეგვიყვარა’ და დასაახლოებლად გზა მოგვიმზადა (1 იოანე 4:19).

6, 7. ა) საიდან ვგებულობთ, რომ იეჰოვა არ არის ფარული და შეუცნობელი ღმერთი? ბ) როგორ მოგვითხრობს იეჰოვა საკუთარ თავზე?

6 იეჰოვამ სხვა ნაბიჯიც გადადგა: მან თავისი თავი გაგვაცნო. ნებისმიერი მეგობრობის საფუძველი ხომ სწორედ პიროვნების გაცნობა და მისი თვისებებისა და საქმეების დაფასებაა. იეჰოვა რომ ფარული, შეუცნობელი ღმერთი ყოფილიყო, ვერასოდეს  დავუახლოვდებოდით. იგი არ გვემალება, პირიქით, სურს, რომ გავეცნოთ (ესაია 45:19). გარდა ამისა, რასაც ის საკუთარი თავის შესახებ მოგვითხრობს, ყველას შეუძლია გაიგოს, მათაც კი, ვინც ქვეყნიერების თვალსაზრისით მდაბიოებად ითვლებიან (მათე 11:25).

იეჰოვა საკუთარ თავს თავისი შემოქმედებისა და ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს

7 როგორ მოგვითხრობს იეჰოვა საკუთარი თავის შესახებ? მისმა შემოქმედებამ დაგვანახვა მისი პიროვნება — იგი ყოვლადძლიერი, ყოვლადბრძენი და დიდად მოსიყვარულეა (რომაელთა 1:20). მაგრამ იეჰოვა ამით არ შემოიფარგლა. თავისთან გასაცნობად შთაგონებული წერილი, თავისი სიტყვა, ბიბლია, გვიბოძა.

ნახე „კეთილ­მოსურნეობა უფლისა“

8. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია ჩვენდამი იეჰოვას სიყვარულის მოწმობაა?

8 ბიბლია ჩვენდამი იეჰოვას სიყვარულის მოწმობაა. ღმერთი თავის სიტყვაში ჩვენთვის გასაგები ენით გვესაუბრება და არა მარტო იმას გვანახვებს, რომ ვუყვარვართ, არამედ იმასაც, რომ სურს, გავიცნოთ და შევიყვაროთ იგი. როცა ამ უძვირფასეს წიგნს ვკითხულობთ, ვხედავთ „უფლის კეთილმოსურნეობას“ და მასთან დაახლოების სურვილი გვიჩნდება (ფსალმუნი 89:17). მოდი განვიხილოთ ის საშუალებები, რითაც იეჰოვა თავს გვაცნობს ბიბლიაში.

9. რა არის პირდაპირ გაცხადებული ბიბლიაში ღვთის თვისებების შესახებ?

9 წმინდა წერილებში ბევრჯერ პირდაპირ არის დასახელებული ღვთის თვისებები. აი, ამის რამდენიმე მაგალითი: „უფალი სამართლის მოყვარულია“ (ფსალმუნი 36:28). ღმერთი „აღმატებულია ძალით“ (იობი 37:23). „ერთგული ვარ, ამბობს იეჰოვა“ (იერემია 3:12, აქ). „გულბრძენია“ ღმერთი (იობი 9:4). ის არის „ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი“ (გამოსვლა 34:6). „შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ“ (ფსალმუნი 85:5). და როგორც წინა თავში იყო მოხსენიებული, ერთი თვისება უმთავრესია: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). როცა ამ მიმზიდველ თვისებებზე ფიქრობ, ნუთუ არ გიზიდავს ეს უბადლო ღმერთი?

ბიბლია გვეხმარება რომ დავუახლოვდეთ იეჰოვას

10, 11. ა) რა მოგვითხრო იეჰოვამ თავისი სიტყვის მეშვეობით, რათა უკეთ გავცნობოდით მას? ბ) რომელმა ბიბლიურმა მაგალითებმა დაგვანახვა, თუ რამდენად ძლევამოსილია ღმერთი?

 10 იეჰოვა არა მარტო გვისახელებს თავის თვისებებს, არამედ მათი გამოვლენის კონკრეტულ მაგალითებსაც მოგვითხრობს თავის წიგნში. ასეთი მონათხრობი გონებაში ცოცხალ სურათს წარმოგვისახავს, ხელს გვიწყობს მისი პიროვნების სხვადასხვა მხარის საუკეთესოდ დანახვაში და გვეხმარება მასთან დაახლოებაში. განვიხილოთ ერთი მაგალითი.

11 ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი „ძალამოსილი და ყოვლადძლიერია“ (ესაია 40:26). მაგრამ სულ სხვაა, როდესაც იმ შემთხვევის შესახებ ვკითხულობთ, როცა მან ისრაელი გაათავისუფლა, მეწამული ზღვა გაატარა და შემდეგ უდაბნოში მთელი 40 წლის მანძილზე ზრუნავდა მათზე. წარმოიდგინე, რომ წყალუხვი, ვეებერთელა ტალღები გამაყრუებელი გრუხუნით იხლიჩება და ერთმანეთის პირისპირ მძლავრ კედლებად აღიმართება; ხალხი კი, რომელთა რაოდენობაც შესაძლოა 3 000 000 იყო — უკლებლივ ყველა — ფეხით მიუყვება მშრალ ფსკერს (გამოსვლა 14:21; 15:8). ნახე, როგორი მფარველია ღმერთი, როგორ ზრუნავდა თავის ხალხზე უდაბნოში: კლდიდან წყალი მოსჩქეფდა და თეთრი, თესლის მარცვლის მსგავსი საზრდო მიწას ეფინებოდა (გამოსვლა 16:31; რიცხვნი 20:11). მაშინ იეჰოვამ მხოლოდ საკუთარი ძლევამოსილება კი არ გამოაჩინა, არამედ ისიც, რომ ძალას თავისი ხალხის საკეთილდღეოდ იყენებს. და განა დამამშვიდებელი არაა იმის ცოდნა, რომ ჩვენს ლოცვებს ყოვლადძლიერი ღმერთი ისმენს, რომელიც არის „ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში“? (ფსალმუნი 45:2).

12. როგორ გვეხმარება იეჰოვა, ჩვენი გაგების შესაძლებლობისამებრ, თავისი თავის „დანახვაში“?

 12 იეჰოვამ, რომელიც სულია, უფრო მეტიც კი გააკეთა იმისათვის, რომ უკეთ გაგვეცნო იგი. ჩვენ, ადამიანები, მხოლოდ იმას ვხედავთ, რასაც თვალი აღიქვამს, რადგან ხედვის უნარი შეზღუდული გვაქვს. ამიტომაც ვერ ვიხედებით სულიერ სამყაროში. ღმერთს, როგორც სულს, თავისი თავი რომ აღეწერა, ეს იმის მსგავსი იქნებოდა, ბრმადშობილისთვის რომ აგეხსნა, როგორ გამოიყურები და რა ფერის თვალები გაქვს, ან ხარ თუ არა ჭორფლიანი. რა თქმა უნდა, იეჰოვა, ჩვენი გაგების შესაძლებლობისამებრ, გულთბილად გვეხმარება თავის „დანახვაში“, როცა საკუთარ თავს ჩვენთვის ცნობილ სხვადასხვა რამეს ან ვინმეს ადარებს. ის კი არადა, ლამის ადამიანივითაც კი აღგვიწერს საკუთარ თავს *.

13. რა ბუნებრივ სურათს გვიხატავს ესაიას 40:11 და როგორ იმოქმედა ამან შენზე?

13 აი, როგორ არის აღწერილი იეჰოვას მზრუნველობა ესაიას 40:11-ში: „როგორც მწყემსი, დამწყემსავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს“. აქ იეჰოვა შედარებულია მწყემსთან, რომელიც „თავისი მკლავით“ იყვანს ხელში ბატკნებს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთს შეუძლია დაიფაროს და მხარში ამოუდგეს თავის ხალხს, და უფრო მეტადაც კი იზრუნოს მათზე, ვისაც განსაკუთრებით უჭირს. შეგვიძლია უშიშრად ვიგრძნოთ თავი მის ძლიერ მკლავებში, რადგან არასოდეს მიგვატოვებს, თუ მისი ერთგულნი ვიქნებით (რომაელთა 8:38, 39). როგორც მწყემსი ატარებს ხოლმე უბით ახალშობილ ბატკანს, ასევე დაატარებს დიდებული მწყემსი „თავისი უბით“ ბატკნებს. დიახ, ეს იოტისოდენა ეჭვსაც კი არ გვიტოვებს, რომ იეჰოვა გვაფასებს და სათუთად ზრუნავს ჩვენზე.  მართლაც, სრულიად ბუნებრივია, მასთან დაახლოება გვსურდეს.

„ვისაც ძემ უნდა განუცხადოს“

14. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა საკუთარ თავს ყველაზე ახლოს იესოს მეშვეობით გვაცნობს?

14 თავის სიტყვაში იეჰოვა საკუთარ თავს ყველაზე ახლოს საყვარელი ძის, იესოს, მეშვეობით გვაცნობს. იესოზე კარგად ვერავინ აირეკლავდა ღვთის აზროვნებასა და გრძნობებს და მასზე უკეთ ვერავინ მოგვითხრობდა ღვთის შესახებ. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდშობილი ძე ხომ თავისი მამის გვერდით იყო სხვა სულიერი ქმნილებებისა და მატერიალური სამყაროს შექმნამდე (კოლასელთა 1:15). იესოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან, რომელიც მოძღვრავდა მას. ამიტომაც იყო, რომ თქვა: „არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძემ უნდა განუცხადოს“ (ლუკა 10:22). დედამიწაზე ადამიანად ცხოვრებისას იესო ხალხს არა მარტო მამას აცნობდა, არამედ მის მნიშვნელოვან მცნებებსაც.

15, 16. რომელი ორი საშუალებით მოგვითხრო იესომ მამის შესახებ?

 15 ჯერ ერთი, იესოს სწავლება მის მამასთან დაახლოებაში გვეხმარება. იესო ისე აღგვიწერს იეჰოვას, რომ მისი სიტყვები გულში ჩამწვდომია. მაგალითად, იმის ახსნისას, თუ როგორ იღებს გულმოწყალე ღმერთი სიხარულით მომნანიებელ ცოდვილს, იესომ იეჰოვა შეადარა იმ გულმოწყალე მამას, რომელიც დაბრუნებული გზასაცდენილი შვილის დანახვისთანავე მისკენ გაექანა, კისერზე შემოეხვია და სიყვარულით დაკოცნა (ლუკა 15:11—24). იესო აგრეთვე გასაგებად გვიხასიათებს იეჰოვას ისეთ ღმერთად, რომელიც „იზიდავს“ გულმართალ ადამიანებს, რადგან უყვარს თითოეული მათგანი (იოანე 6:44). მას პაწაწინა ბეღურის მიწაზე დაცემაც კი არ რჩება შეუმჩნეველი. ამიტომაც თქვა იესომ: „ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (მათე 10:29, 31). შეუძლებელია, რომ ასეთ მზრუნველ ღმერთთან სიახლოვის გრძნობა არ დაგვეუფლოს.

16 მეორეც, იესოს ცხოვრება გვიჩვენებს, თუ როგორი ღმერთია იეჰოვა. იესო თავისი მამის იმდენად სრულყოფილი ანარეკლი იყო, რომ შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9). ამიტომ, როცა სახარებებში ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ რას გრძნობდა იესო და როგორ ეპყრობოდა სხვებს, მისი მამის ცოცხალი სურათი გვეხატება. ძნელი წარმოსადგენია, ამაზე უკეთესად გაეცნო ჩვენთვის იეჰოვას თავისი თვისებები. რატომ?

17. ახსენი, როგორ დაგვეხმარა იეჰოვა იმის გაგებაში, თუ როგორი ღმერთია.

17 მაგალითად, როგორ ახსნიდი, რა არის სიკეთე? შეიძლება რაიმე განმარტება ჩამოგეყალიბებინა. მაგრამ ეს სიტყვა უფრო ღრმა შინაარს შეიძენდა და გაცილებით ადვილი გასაგები გახდებოდა, თუ ისეთ ადამიანს დაგანახვებდნენ, ვინც ნამდვილად კეთილია. იეჰოვაც ასე მოიქცა, იმის გაგებაში რომ დაგვხმარებოდა, თუ როგორი ღმერთია. მან საკუთარი თავი არა მხოლოდ სიტყვების, არამედ თავისი ძის ცოცხალი მაგალითის მეშვეობითაც აღგვიწერა. ღვთის თვისებები ცხადად აისახა იესოს ქცევებსა და მოქმედებებში. იეჰოვა კი, იმის მიხედვით, თუ როგორაა იესო სახარებებში  აღწერილი, გვეუბნება: „აი, როგორი ვარ მე“. მაგრამ როგორი იყო იესო დედამიწაზე ცხოვრებისას ღვთის შთაგონებით შექმნილი ჩანაწერების თანახმად?

18. როგორ ავლენდა იესო ისეთ თვისებებს, როგორიცაა ძალა, სამართლიანობა და სიბრძნე?

18 ღვთის ოთხივე ძირითადი თვისება შესანიშნავად ვლინდება იესოში. მას ჰქონდა ძალა, განეკურნა დაავადებული, დაეპურებინა მშიერი და მკვდარიც კი აღედგინა. მაგრამ სულაც არ ჰგავდა იმ თავკერძა კაცს, რომელიც ბოროტად გამოიყენებდა ამ ძალას. მას არასოდეს უსარგებლია სასწაულმოქმედი ძალით თავის საკეთილდღეოდ ან სხვების საზიანოდ (მათე 4:2—4). იესოს სამართლიანობა უყვარდა. ალალი გული ჰქონდა და სამართლიანად აღშფოთდა, როცა დაინახა, რა უპატიოსნოდ ექცეოდნენ ვაჭრები ხალხს (მათე 21:12, 13). ათვალწუნებით არ დაჰყურებდა ღარიბებსა და ჩაგრულებს და ეხმარებოდა მათ, რომ ‘სულის სიმშვიდე ეპოვათ’ (მათე 11:4, 5, 28—30). თავისი უბადლო სიბრძნით გამორჩეული სწავლებების გამო, იესო „სოლომონზე დიდი“ იყო (მათე 12:42). მაგრამ ასეთი სიბრძნით თავს როდი იწონებდა. მისი სიტყვები ხალხს გულზე მალამოდ ედებოდა, მისი სწავლებები კი ადვილი გასაგები და პრაქტიკული იყო.

19, 20. ა) რა მხრივ არის იესო სიყვარულის საუკეთესო მაგალითი? ბ) რა უნდა გვახსოვდეს იესოს ცხოვრებაზე კითხვისა და ფიქრის დროს?

19 იესომ სიყვარულის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. მთელი თავისი მსახურების განმავლობაში ყოველმხრივ ავლენდა თანაგრძნობითა და სიბრალულით აღსავსე სიყვარულს, რადგანაც არ შეეძლო სხვისი წუხილისთვის გულგრილად ედევნებინა თვალი. გული შესტკიოდა დატანჯულ ხალხზე და მათთვის არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი (მათე 14:14). თუმცა ავადმყოფებს კურნავდა და მშივრებს აპურებდა, იესო ამაზე მეტ თანაგრძნობასაც ავლენდა. სხვებს იმაშიც ეხმარებოდა, რომ სცოდნოდათ, მიეღოთ და შეჰყვარებოდათ ჭეშმარიტება ღვთის სასუფეველზე ანუ სამეფოზე, რომელიც მარადიულ ბედნიერებას მოუტანდა კაცობრიობას (მარკოზი 6:34; ლუკა 4:43). და რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია, იესომ სიყვარულით აღსავსე თავგანწირვა გამოამჟღავნა და ნებაყოფლობით გაიღო თავისი სიცოცხლე ხალხისთვის (იოანე 15:13).

20 განა გასაკვირია, რომ ნებისმიერი ასაკისა და წარმოშობის ადამიანებისთვის ეს კაცი მიმზიდველია თავისი სითბოთი, გულისხმიერებითა და სათუთი გრძნობებით? (მარკოზი 10:13—16). როდესაც ვკითხულობთ და ვფიქრობთ იესოს ცხოვრებაზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მასში, როგორც ანარეკლში, მამამისი ჩანს (ებრაელთა 1:3).

შესწავლა დამხმარეა

21, 22. რას ნიშნავს იეჰოვას ძიება და როგორ დაგვეხმარება ეს შესასწავლი დამხმარე საშუალება ამ კვლევა-ძიებაში?

21 თავისი სიტყვიდან საკუთარი თავის გაცნობით, ეჭვგარეშეა, იეჰოვას სურს, დავუახლოვდეთ. ამავე დროს ძალას არ გვატანს. ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ, ვეძიოთ იეჰოვა „როცა შეიძლება მისი პოვნა“ (ესაია 55:6). იეჰოვას ძიება იმას ნიშნავს, რომ ბიბლიით გავეცნოთ მის თვისებებსა და საქმეებს. ეს შესასწავლი დამხმარე საშუალება, სწორედ ამ მიზნით დაიწერა.

22 ყურადღება მიაქციე, რომ ეს წიგნი დაყოფილია ოთხ მონაკვეთად, რომლებიც სათითაოდ განიხილავს იეჰოვას ოთხ ძირითად თვისებას: ძლიერებას, სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს. ყოველი მონაკვეთი ამ თვისების მიმოხილვით იწყება.  მომდევნო თავებში განხილულია ის, თუ როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას სხვადასხვაგვარად. ამასთანავე, თითოეული მონაკვეთი შეიცავს თავს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ გამოავლინა ეს თვისება იესომ. შემდეგ თავში კი განხილულია, ჩვენ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

23, 24. ა) განმარტე, რა არის სპეციალური ჩარჩო „საფიქრებელი კითხვები“. ბ) როგორ გვეხმარება ფიქრი იეჰოვასთან გამუდმებით დაახლოებაში?

23 ამ თავიდან მოყოლებული, ყოველ თავს დართული ექნება სპეციალური ჩარჩო, სათაურით „საფიქრებელი კითხვები“ (მაგალითისთვის იხილე ჩარჩო 24-ე გვერდზე). წმინდა წერილებიდან მოყვანილი მუხლები და თანდართული კითხვები თავის მიმოსახილავად არ არის განკუთვნილი. პირიქით, ეს თემის სხვა მნიშვნელოვან მხარეებზე დაფიქრებაში დაგეხმარება. როგორ შეგიძლია საუკეთესოდ ისარგებლო ამ ჩარჩოთი? მოძებნე და ყურადღებით წაიკითხე ბიბლიური მუხლები. შემდეგ კი კითხვებზე მუხლებთან ერთად იმსჯელე და პასუხები მოიფიქრე. შეგიძლია გარკვეული კვლევა-ძიებაც ჩაატარო. დაუსვი თავს რამდენიმე დამატებითი კითხვა: „რას ვიგებ აქედან იეჰოვას შესახებ? რამდენად გამომადგება ეს ცხოვრებაში? როგორ გამოვიყენებ სხვების დასახმარებლად?“.

24 ასეთი ფიქრი დაგვეხმარება, რომ ყოველთვის ახლოს ვიყოთ იეჰოვასთან. რატომ? ბიბლია ფიქრს გულთან აკავშირებს (ფსალმუნი 18:15). თუ გულწრფელად მადლიერნი ვართ იმის გამო, რასაც ღვთის შესახებ ვსწავლობთ, ნასწავლი გულამდე აღწევს, საიდანაც აზროვნებაზე მოქმედებს, გრძნობებს აღგვიძრავს და, საბოლოოდ, მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ღვთისადმი სიყვარული გვიძლიერდება და ეს სიყვარული თანდათან სურვილს გვიჩენს, რომ ვასიამოვნოთ მას, როგორც ჩვენს ძვირფას მეგობარს (1 იოანე 5:3). ასეთი ურთიერთობის დასამყარებლად საჭიროა, ვიცოდეთ, რა თვისებები აქვს იეჰოვას და როგორ მოქმედებს ის. მაშ, მოდი გავეცნოთ ღვთის პიროვნების ერთ-ერთ მახასიათებელს — მის სიწმინდეს, რომელიც ღმერთთან დაახლოების აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს.

^ აბზ. 3 საინტერესოა, რომ „სიახლოვედ“ თარგმნილი ებრაული სიტყვა გამოყენებულია ამოსის 3:7-ში, რომელშიც ნათქვამია, რომ უზენაესი უფალი იეჰოვა „თავის საიდუმლოს“ უცხადებს თავის მსახურებს, წინასწარ ატყობინებს თავისი მიზნების შესახებ.

^ აბზ. 12 მაგალითად, ბიბლიაში ნახსენებია ღვთის სახე, თვალები, ყურები, ნესტოები, პირი, მკლავები და ფეხები (ფსალმუნი 17:16; 26:8; 43:4; ესაია 60:13, აქ; მათე 4:4; 1 პეტრე 3:12). ეს ისეთივე გადატანითი მნიშვნელობით უნდა გვესმოდეს, როგორც ის, რომ იეჰოვა „კლდე“ და „ფარია“ (მეორე რჯული 32:4; ფსალმუნი 83:12).

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

ნამდვილად ზრუნავს ღმერთი პირადად თქვენზე?

გიჭირთ იმის დაჯერება, რომ იეჰოვა გაფასებთ პირადად თქვენ? იოანეს 6:44-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები ამტკიცებს, რომ იეჰოვა ზრუნავს ცალკეულ ადამიანებზე.