არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 27

„კარგია იეჰოვა“

„კარგია იეჰოვა“

1, 2. ვისთვის არის მნიშვნელოვანი ის, რომ კარგია იეჰოვა და როგორ არის ბიბლიაში ხაზგასმული ღვთის ეს თვისება?

ძველი მეგობრები ერთად ვახშმობენ ბუნებაში, იცინიან, საუბრობენ და მზის ჩასვლის ცქერით ტკბებიან. სადღაც შორს, მიწათმოქმედი კმაყოფილი სახით გასცქერის მინდვრებს, რომელთა თავზეც ცა ღრუბლებით დაფარულა; ჩანს, წვიმას აპირებს. სხვაგან კი, მშობლები თავიანთი პატარის პირველი გაუბედავი ნაბიჯებით ხარობენ.

2 შეიძლება ასეთმა ადამიანებმა არც კი იციან, მაგრამ მათ ყოველივე ამის შესაძლებლობას აძლევს ის, რომ კარგია იეჰოვა. ზოგი რელიგიის მიმდევარი ხშირად იმეორებს ფრაზას: „კარგია ღმერთი“. ბიბლიაში ხაზგასმით არის აღნიშნული ღვთის ეს თვისება: «ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე [„სიკარგე“, აქ]» (ზაქარია 9:17). მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს ბევრს არ ესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა. რას ნიშნავს ის, რომ კარგია იეჰოვა ღმერთი და როგორ გვეხება თითოეულ ჩვენგანს ღვთის ეს თვისება?

ღვთის სიყვარულის მნიშვნელოვანი თავისებურება

3, 4. რა არის სიკარგე და რატომ შეიძლება აღიწეროს ეს თვისება ღვთის სიყვარულის გამოვლენად?

3 ბევრ თანამედროვე ენაში „სიკარგე“ ფართო მნიშვნელობის სიტყვაა. მაგრამ ბიბლია ნათელს ჰფენს მის კონკრეტულ მნიშვნელობას. ის, ძირითადად, უბიწოებასა და ზნეობრიობას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თვისებას სრულად ფლობს იეჰოვა. მისი ყველა სხვა თვისება — მათ შორის ძლიერება, სამართლიანობა და სიბრძნე — ყოველმხრივ კარგია. და მაინც, სიკარგე ყველაზე მეტად ღვთის სიყვარულის გამოვლენად შეიძლება აღიწეროს. რატომ?

4 სიკარგე მოქმედებაში ვლინდება. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ეს თვისება ადამიანებისთვის სამართლიანობაზე  მეტად მიმზიდველია (რომაელთა 5:7, აქ). სამართლიანი კაცი ცდილობს, ერთგულად დაიცვას ის, რაც კანონით მოეთხოვება, კარგი ადამიანი კი უფრო მეტს აკეთებს. ის ინიციატივას ავლენს და სხვებისთვის კარგის გაკეთების შესაძლებლობას ეძებს. როგორც ხედავ, იეჰოვას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს კარგი. ცხადია, ეს თვისება მისი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარეობს.

5—7. რატომ არ ისურვა იესომ, რომ მისთვის „კარგი მოძღვარი“ ეწოდებინათ და რა ჭეშმარიტება დაადასტურა ამით?

5 იეჰოვას ვერავინ შეედრება კარგი თვისებების გამოვლენაში. იესოს, მის სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, შეკითხვის მისაცემად ერთი კაცი მიუახლოვდა და «კეთილი [„კარგი“, აქ] მოძღვარი» უწოდა. იესომ უპასუხა: «რატომ მიწოდებ მე კეთილს [„კარგს“, აქ]? არავინ არის კეთილი [„კარგი“, აქ], გარდა ერთისა — ღვთისა» (მარკოზი 10:17, 18). შეიძლება დაგაბნიოს იესოს პასუხმა. რატომ შეუსწორა იესომ ამ კაცს სიტყვები? განა ნამდვილად კარგი მოძღვარი არ იყო?

6 როგორც ჩანს, ამ კაცმა ტიტულივით უწოდა იესოს „კარგი მოძღვარი“ იმისათვის, რომ მისი გული მოეგო. იესომ კი თავმდაბლობით განადიდა ზეციერი მამა, რომელიც კარგი თვისებების სწორუპოვარ მაგალითს იძლევა (იგავნი 11:2). ამით იესომ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებაც დაადასტურა. რაც შეეხება იმას, თუ რა არის კარგი, იეჰოვა ერთადერთი ეტალონია. მხოლოდ მას აქვს სრული უფლება განსაზღვროს, რა არის კარგი და რა — ცუდი. როდესაც ადამმა და ევამ დაუმორჩილებლობა გამოავლინეს და კარგისა და ცუდის შემეცნების ხის ნაყოფი შეჭამეს, ცხადყვეს, რომ თავად სურდათ ამ უფლების მითვისება. მათგან განსხვავებით, ნორმების დადგენის უფლებაში იესო თავის მამას არ ეცილება.

7 გარდა ამისა, იესომ იცოდა, რომ იეჰოვაა ყოველივე კარგის დასაბამი. მისგან არის „ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი“ (იაკობი 1:17). ვნახოთ, როგორ ვლინდება იეჰოვას გულუხვობაში ის, რომ კარგია იგი.

 იეჰოვას კარგი თვისებების მტკიცება

8. როგორ უკეთებს იეჰოვა კარგს მთელ კაცობრიობას?

8 კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იეჰოვას კარგ თვისებებს. ფსალმუნის 144:9-ში ნათქვამია: „კარგია უფალი ყველას მიმართ“. რაში ვლინდება ღვთის ეს თვისება, რომელიც ყველას ეხება? ბიბლიაში იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეები 14:17). დამდგარხარ ოდესმე კარგ ხასიათზე გემრიელი სადილის გამო? დედამიწის შექმნისას იეჰოვას რომ არ ეზრუნა წყალსა და „ნაყოფის მომცემ დროებზე“, არავითარი საკვები არ იარსებებდა. აქედან გამომდინარე, იეჰოვა კარგს უკეთებს არა მარტო თავის მოყვარულებს, არამედ ყველას. იესომ თქვა: „[ზეციერ მამას] თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:45).

იეჰოვა გვაძლევს „წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს“.

9. როგორ ცხადყოფს ვაშლის მაგალითი, რომ ღმერთი კარგს გვიკეთებს?

 9 ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს ღვთის გულუხვობას, რადგან მზე, წვიმა და ნაყოფის მომცემი დროები მათთვის საოცრებას არ წარმოადგენს. მოდი ვაშლის მაგალითი მოვიყვანოთ. ზომიერ სარტყლებში ვაშლი სრულიად არაეგზოტიკური ხილია. მიუხედავად ამისა, ვაშლი ლამაზი ფორმისაა, გემრიელია, აგრეთვე წყლითა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებით არის სავსე. იცოდი, რომ მთელ მსოფლიოში ვაშლის დაახლოებით 7 500 სახეობა არსებობს? წითელი, ოქროსფერი, ყვითელი ან მწვანე; როგორც ალუბლის მარცვალზე ოდნავ დიდი, ისე გრეიპფრუტის ზომის. ვაშლის თესლი ძალიან პატარაა, მაგრამ მისგან უმშვენიერესი ხე იზრდება (ქებათა-ქება 2:3). გაზაფხულობით ვაშლის ხე  ყვავილებით იმკობა; ყოველ შემოდგომას კი ნაყოფს იძლევა. ყოველწლიურად, დაახლოებით 75 წლის განმავლობაში, ვაშლის ხე საშუალოდ ავსებს ოც ყუთს, რომელშიც 19 კილოგრამი ვაშლი ეტევა!

ამ პაწაწინა თესლიდან იზრდება ხე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ნაყოფს აძლევს და სიამოვნებას ანიჭებს ადამიანებს.

10, 11. როგორ ცხადყოფს გრძნობის ორგანოები, რომ კარგად გვექცევა იეჰოვა?

10 იეჰოვა კარგად მოგვექცა იმითაც, რომ საოცარი სხეული შეგვიქმნა და მოგვცა გრძნობები, რომლებიც, თავიანთი მხრივ, ღვთის საქმეების აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს და სიამოვნებას გვანიჭებს (ფსალმუნი 138:14). კიდევ ერთხელ დაფიქრდი იმაზე, რაც ამ თავის დასაწყისში იყო აღწერილი. რისი დანახვა ახარებს ადამიანს? ბავშვის დაწითლებული ლოყების, წვიმით მორწყული მინდვრებისა და ჩამავალი მზის წითელი, ოქროსფერი და იისფერი სხივების. ადამიანის თვალს 300 000-ზე მეტი ფერის აღქმის უნარი აქვს! სმენით კი შეგვიძლია საყვარელი ადამიანის ხმის ტონის ოდნავი ცვლილებაც კი აღვიქვათ, ფოთლების შრიალი გავიგონოთ და ბავშვის გულწრფელი კისკისით დავტკბეთ. საიდან გვაქვს ამ სასიამოვნო სანახაობებისა და ხმების აღქმის უნარი? ბიბლიაში ნათქვამია: „ყურს ესმის და თვალი ხედავს — ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა“ (იგავნი 20:12). მაგრამ გრძნობის ორგანოები მხოლოდ ყურითა და თვალით როდი შემოიფარგლება.

11 ყნოსვის უნარი იმის კიდევ ერთი დამადასტურებელია, რომ კარგია იეჰოვა. ადამიანის ცხვირს დაახლოებით 10 000 სხვადასხვა სუნის აღქმა შეუძლია. გაიხსენე შენი საყვარელი კერძის, ყვავილების, ჩამოცვენილი ფოთლების ან ბუხარში დანთებული ცეცხლის კვამლის სუნი. შეხების აღქმის უნარი შესაძლებლობას გაძლევს შეიგრძნო, როგორ გელამუნება სახეზე ნიავი, როგორ გიხუტებს გულში საყვარელი ადამიანი ან რამდენად რბილია ხილი, რომელიც ხელში გიჭირავს. ჩაკბეჩისას მის გემოსაც გრძნობ. გსიამოვნებს, როდესაც გემოს რეცეპტორები ხილის ქიმიური შემადგენლობით განპირობებულ გემოს შეიგრძნობენ. დიახ, ნამდვილად საფუძვლიანად შეგვიძლია ვუთხრათ იეჰოვას: „რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე“ (ფსალმუნი  30:20). როგორ „განუმზადა“ იეჰოვამ ყოველივე კარგი თავის მოშიშებს?

მარადიული კურთხევები

12. იეჰოვას რა კურთხევებია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

12 იესომ თქვა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). ნამდვილად, სულიერ კურთხევებს ფიზიკურ კურთხევებზე მეტი სიკეთე მოაქვს, რადგან ისინი მარადიული სიცოცხლის მიღწევის შესაძლებლობას გვაძლევს. ამ წიგნის მე-8 თავში აღვნიშნეთ, რომ ამ უკანასკნელ დღეებში იეჰოვამ თავისი ძლიერებით აღადგინა სულიერი სამოთხე. ამ სულიერი სამოთხის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი სულიერი საზრდოს სიუხვეა.

13, 14. ა) რა იხილა წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა და ჩვენ როგორ გვეხება მისი ხილვა? ბ) რა მაცოცხლებელი სულიერი კურთხევები მოაქვს იეჰოვას თავისი ერთგული მსახურებისთვის?

13 აღორძინების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილ ერთ-ერთ დიდებულ წინასწარმეტყველებაში, ეზეკიელის ხილვაში, აღდგენილი და განდიდებული ტაძარია აღწერილი. ეზეკიელმა იხილა, რომ ტაძრიდან წყალი მოედინებოდა და თანდათანობით მატულობდა; ბოლოს კი მდინარედ იქცა. მდინარის წყალს ყველგან კურთხევა მოჰქონდა. მის ნაპირებზე საჭმელად ვარგისი და სამკურნალო ხეები იზრდებოდა. მდინარემ მლაშე მკვდარ ზღვაშიც კი გააჩინა სიცოცხლე! (ეზეკიელი 47:1—12). რას ნიშნავდა ეს ყოველივე?

14 ხილვაში ნაჩვენები იყო, რომ იეჰოვა აღადგენდა წმინდა თაყვანისმცემლობას, რომელიც ეზეკიელის ტაძრით იყო წარმოდგენილი. ეზეკიელის მიერ ნანახი მდინარის მსგავსად მოიმატებდა გამომაცოცხლებელი კურთხევები, რომლებსაც ღმერთი თავის ხალხს მოუტანდა. 1919 წელს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შემდეგ იეჰოვამ სწორედ ასე აკურთხა თავისი ხალხი. მაინც როგორ? ბიბლია, ბიბლიური ლიტერატურა, კრების შეხვედრები და კონგრესები მილიონობით ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების შეცნობაში. ამ ყოველივეს დახმარებით ასწავლა იეჰოვამ თავის ხალხს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კურთხევის —  იესო ქრისტეს მსხვერპლის — შესახებ, რომელიც იეჰოვას თვალში გაწმენდის შესაძლებლობასა და მარადიული სიცოცხლის იმედს აძლევს ყველას, ვისაც ნამდვილად უყვარს ღმერთი და მისი ეშინია *. როგორც ვხედავთ, ამ უკანასკნელ დღეებში, როდესაც წუთისოფელი სულიერად შიმშილობს, იეჰოვას ხალხს უხვად აქვს სულიერი საზრდო (ესაია 65:13).

15. რა გაგებით იდინებს ადიდებულ მდინარესავით იეჰოვას კარგი საქმეები ქრისტეს ათასწლიანი მეფობისას?

15 მდინარე, რომელიც ეზეკიელმა იხილა, არ წყვეტს დინებას ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს. ის სულ უფრო მეტად ადიდდება ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს. მაშინ მესიანური სამეფოს მეშვეობით იეჰოვა სრულად გამოიყენებს იესო ქრისტეს მსხვერპლს და თანდათანობით გაასრულყოფილებს ერთგულ ადამიანებს. როგორ გავიხარებთ იმ დროს ყოველივე კარგით, რასაც იეჰოვა ჩვენთვის გააკეთებს!

სხვა თვისებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ კარგია იეჰოვა

16. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ მრავალ თვისებაში ვლინდება იეჰოვას სიკარგე და რომელია ეს თვისებები?

16 მხოლოდ გულუხვობა როდი ცხადყოფს იმას, რომ კარგია იეჰოვა. ღმერთმა უთხრა მოსეს: «ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს [„სიკარგეს“, აქ] შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე». მოგვიანებით, როგორც ბიბლიაშია მოთხრობილი, „ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო“ (გამოსვლა 33:19; 34:6). ამგვარად, ის, რომ იეჰოვა კარგია, მის მრავალ კარგ თვისებაში ვლინდება. განვიხილოთ ორი მათგანი.

17. რა არის შემბრალებლობა და როგორ ავლენს მას იეჰოვა ჩვეულებრივი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ?

17 შემბრალებელი. ეს თვისება წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ,  თუ როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის ქმნილებებს. ძალაუფლების მქონე ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, ის უხეში და ცივი კი არ არის, არამედ მოსიყვარულე და კეთილია. მაგალითად, იეჰოვამ უთხრა აბრაამს: «[„გთხოვ“, აქ] აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ» (დაბადება 13:14). ბევრ თარგმანში გამოტოვებულია სიტყვა „გთხოვ“, მაგრამ ბიბლიის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ებრაულში გამოყენებულია ნაწილაკი, რომელიც იეჰოვას სიტყვებს არა ბრძანების, არამედ თხოვნის მნიშვნელობას სძენს. ბიბლიაში სხვაგანაც გვხვდება მსგავსი მაგალითები (დაბადება 31:12, აქ; ეზეკიელი 8:5, აქ). წარმოიდგინე, სამყაროს უზენაესი მმართველი თხოვნით მიმართავს ჩვეულებრივ ადამიანებს! განა გამამხნევებელი არ არის ჩვენი ღმერთის, იეჰოვას, შემბრალებლობაზე ფიქრი დღეს, როდესაც წუთისოფელში სისასტიკე, აგრესია და სიუხეშეა გავრცელებული?

18. რას ნიშნავს, რომ იეჰოვა „ჭეშმარიტია“ და რით არის ეს სიტყვები მანუგეშებელი?

18 ჭეშმარიტი. დღევანდელ წუთისოფელში ადამიანები უპატიოსნობის გზით დადიან. ღვთის შესახებ კი ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს“ (რიცხვნი 23:19). ტიტეს 1:2-შიც (აქ) ნათქვამია, რომ ღმერთმა „შეუძლებელია ტყუილი თქვას“. მის კარგ თვისებებს საერთო არაფერი აქვს სიცრუესთან. ამიტომაც იეჰოვას აღთქმები სრულიად სანდოა; ის ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. იეჰოვას „ღმერთი ჭეშმარიტიც“ ეწოდება (ფსალმუნი 30:6). ის მხოლოდ სიცრუის თქმისგან კი არ იკავებს თავს, არამედ ჭეშმარიტებასაც ლაპარაკობს. იეჰოვა არაფერს მალავს და ასაიდუმლოებს; პირიქით, ერთგულ მსახურებს უზიარებს თავის უსაზღვრო სიბრძნეს *. ის მათ ჭეშმარიტებით ცხოვრებასაც კი ასწავლის იმისათვის, რომ  ჭეშმარიტების გზით სიარული შეძლონ (3 იოანე 3). მაგრამ პირადად თითოეულ ჩვენგანზე რა ზეგავლენას ახდენს იეჰოვას კარგი თვისებები?

იეჰოვას კარგი თვისებების გამო გაბრწყინებულნი

19, 20. ა) როგორ შეეცადა სატანა, დაეეჭვებინა ევა, რომ იეჰოვა მათ კარგად არ ექცეოდა და რით დამთავრდა სატანის მცდელობა? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იეჰოვას კარგმა თვისებებმა და რატომ?

19 ედემის ბაღში ევას შესაცდენად სატანა შეეცადა, დაეეჭვებინა ის, რომ იეჰოვა ნამდვილად კარგად ექცეოდა მასა და ადამს. იეჰოვას ადამისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში“. იმ ათასობით ხიდან, რომლებითაც ედემის ბაღი იქნებოდა დამშვენებული, მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა იყო აკრძალული. მიუხედავად ამისა, სატანამ ევას შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?“ (დაბადება 2:9, 16; 3:1). სატანამ დაამახინჯა იეჰოვას სიტყვები და ევას შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს იეჰოვა რაღაც კარგს უმალავდა. სამწუხაროდ, ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა. ევამ დაუშვა, რომ ღმერთი, რომელსაც მისთვის ყველაფერი ჰქონდა მიცემული, კარგად არ ექცეოდა. მის მსგავსად, დღესაც მრავალს ებადება ასეთი აზრი.

20 ცნობილია, რა სავალალო შედეგები მოჰყვება ასეთ ეჭვებს. ამიტომაც, ყურადღება მივაქციოთ იერემიას 31:11-ის სიტყვებს: «მოვლენ და. . . გაეშურებიან უფლის დოვლათისკენ [„გაბრწყინდებიან იეჰოვას სიკარგის გამო“, აქ]». იეჰოვას კარგმა თვისებებმა ნამდვილად სიხარულით უნდა გაგვაბრწყინოს. არასდროს უნდა დავეჭვდეთ ჩვენს ღმერთში, რომელიც კარგი თვისებების სწორუპოვარი მაგალითია. სრულად უნდა მივენდოთ მას, რადგან იეჰოვას მხოლოდ კარგი სურს მათთვის, ვისაც ღმერთი უყვარს.

21, 22. ა) რა რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, რომ კარგია იეჰოვა? ბ) რა თვისებას განვიხილავთ მომდევნო თავში და რით განსხვავდება ეს თვისება სიკარგისგან?

21 გარდა ამისა, სასიხარულოა იეჰოვას კარგ თვისებებზე სხვებთან  ლაპარაკიც. იეჰოვას ხალხის შესახებ ფსალმუნის 144:7-ში ნათქვამია: „ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ“. ჩვენთვის ამა თუ იმ სახით ყოველდღიურად მოაქვს სარგებლობა იმას, რომ კარგია იეჰოვა. განა მართებული არ იქნებოდა ყოველდღე მადლიერება გამოგვეხატა იეჰოვასადმი იმისათვის, რომ კარგად გვექცევა და გვეთქვა, კონკრეტულად რისთვის ვართ მადლობელი? თუ ხშირად დავფიქრდებით, რამდენად კარგია იეჰოვა, ყოველდღე მადლობას გადავუხდით მას და სხვებსაც ვესაუბრებით მისი ამ თვისების შესახებ, გაგვიადვილდება ჩვენი ღმერთის მიბაძვა. თუ შევეცდებით იეჰოვას მსგავსად კარგი საქმეების კეთებას, სულ უფრო დავუახლოვდებით მას. ხანში შესულმა მოციქულმა იოანემ დაწერა: «საყვარელო! ნუ ბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს [„კარგს“, აქ] მიბაძე. კეთილის [„კარგის“, აქ] მოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტის მოქმედს კი ღმერთი არ უხილავს» (3 იოანე 11).

22 იეჰოვას სიკარგე სხვა თვისებებსაც უკავშირდება. მაგალითად, გამოსვლის 34:6-ში ნათქვამია, რომ ღმერთი „დიდმადლიანია“. აქ გამოყენებულ ებრაულ სიტყვას, სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთის მნიშვნელობა აქვს და შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ვინმე სიყვარულით ავლენს ერთგულებას. ერთგულება ყველაზე არ ვრცელდება, რადგან იეჰოვა მას მხოლოდ თავისი ერთგული მსახურების მიმართ ავლენს. მომდევნო თავში სწორედ ამ თვისებას განვიხილავთ.

^ აბზ. 14 ყველაზე მეტად გამოსასყიდი ამტკიცებს იმას, რომ კარგია იეჰოვა. მილიონობით სულიერი ქმნილებიდან იეჰოვამ თავისი საყვარელი მხოლოდშობილი ძე ამოარჩია, რომ ჩვენთვის მომკვდარიყო.

^ აბზ. 18 ბიბლიაში სათანადოდ უკავშირდება ჭეშმარიტება სინათლეს. „გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნი 42:3). იეჰოვა სულიერ ნათელს ჰფენს ყველას, ვისაც მისგან სწავლა, ანუ განათლების მიღება სურს (2 კორინთელთა 4:6; 1 იოანე 1:5).

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

ის გულებს გვივსებს

ღმერთი ყოველდღე უხვად აფრქვევს კურთხევას ადამიანებზე და სიკეთეს არც უმადური ადამიანებისთვის იშურებს.