წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 26

ღმერთი, რომელიც მზად არის მიუტევოს

ღმერთი, რომელიც მზად არის მიუტევოს

1—3. ა) რა მძიმე ტვირთს ატარებდა ფსალმუნმომღერალი დავითი და როგორ ჰპოვა მისმა დამწუხრებულმა გულმა ნუგეში? ბ) როდესაც ვცოდავთ, რა ტვირთი შეიძლება დაგვაწვეს, მაგრამ რაში გვარწმუნებს იეჰოვა?

„ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა დავითმა (ფსალმუნი 37:5, 9). დავითმა იცოდა, თუ რამდენად მძიმე ტვირთი შეიძლებოდა ყოფილიყო სინდისის ქენჯნა. მაგრამ მისმა დამწუხრებულმა გულმა ნუგეში ჰპოვა. ის მიხვდა, რომ იეჰოვას სძულს ცოდვა, მაგრამ არ იძულებს ცოდვილს, თუ იგი ჭეშმარიტად ინანიებს და თავს ანებებს ცოდვილთა გზაზე სიარულს. დავითმა, რომელიც სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა მზადაა მომნანიებელთა მიმართ გულმოწყალების გამოსავლენად, თქვა: „შენ, იეჰოვა. . . მზად ხარ მიუტევო“ (ფსალმუნი 86:5, აქ, [85:5]).

2 როდესაც ვცოდავთ, შეიძლება სინდისის ქენჯნის გამო ჩვენც ვატარებდეთ მძიმე ტვირთს. სინდისის ქენჯნა სასარგებლოა. მას შეუძლია ჩვენი შეცდომების გამოსასწორებლად სწორი ნაბიჯები გადაგვადგმევინოს. მაგრამ იმის საშიშროებაც არსებობს, რომ დანაშაულის გრძნობამ დაგვთრგუნოს. ჩვენი მსჯავრდამდები გული შეიძლება გვარწმუნებდეს, რომ, როგორც უნდა მოვინანიოთ, იეჰოვა მაინც არ მოგვიტევებს ცოდვებს. თუ მწუხარება ‘გვშთანთქავს’, სატანა ეცდება ხელი ჩაგვაქნევინოს და გვაფიქრებინოს, რომ იეჰოვასთვის უღირსი და უვარგისი მსახურები ვართ (2 კორინთელთა 2:5—11).

3 ნუთუ მართლა უღირსნი ვართ იეჰოვასთვის? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა მიმტევებლობითაც ავლენს ჩვენდამი უდიდეს სიყვარულს. ის თავის სიტყვაში გვარწმუნებს, რომ, როდესაც მთელი გულით გულწრფელად ვინანიებთ, მზად არის, გვაპატიოს  (იგავნი 28:13). მოდი გამოვიკვლიოთ, რატომ და როგორ გვპატიობს იეჰოვა ცოდვებს, რათა არასოდეს ვიფიქროთ, რომ იეჰოვა ჩადენილ ცოდვებს არ გვაპატიებს.

რატომ პატიობს იეჰოვა?

4. რა ახსოვს იეჰოვას ჩვენი ბუნების შესახებ და როგორ გვეპყრობა აქედან გამომდინარე?

4 იეჰოვამ იცის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები. „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“, — ნათქვამია ფსალმუნის 102:14-ში. მას არ ავიწყდება, რომ მტვრისგან ვართ შექმნილი და არასრულყოფილების გამო სისუსტეები გვაქვს. გამოთქმა მან „იცის აგებულება ჩვენი“, შეგვახსენებს, რომ ბიბლია იეჰოვას მეთუნეს ადარებს, ჩვენ კი მის მიერ გაკეთებულ თიხის ჭურჭელს * (იერემია 18:2—6). დიდებული მექოთნე რბილად, ჩვენი ცოდვილი ბუნების შესაბამისად, გვეპყრობა და მხედველობაში იღებს იმას, თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენთვის მისი ხელმძღვანელობის მიყოლა.

5. როგორ არის აღწერილი ცოდვის მარწუხები რომაელთა მიმართ მიწერილ წერილში?

5 იეჰოვას ესმის, რამდენად ძლიერია ცოდვა. ბიბლია ცოდვას ძლიერ ძალად აღწერს, რომელსაც ადამიანები თავის მომაკვდინებელ მარწუხებში ჰყავს მოქცეული. რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ცოდვის მარწუხები? რომაელთა მიმართ მიწერილ წერილში პავლე გვიხსნის, რომ ჩვენ „ცოდვის ქვეშ“ ვართ, ზუსტად ისე, როგორც ჯარისკაცები ექვემდებარებიან თავიანთ მეთაურებს (რომაელთა 3:9); ცოდვა ისევე „მეფობს“ კაცობრიობაზე, როგორც მეფე მმართველობს (რომაელთა 5:21); ცოდვა „იმყოფება“ ანუ „დამკვიდრებულია“ ჩვენში (რომაელთა 7:17, 20); „ცოდვის რჯული“ გამუდმებით ახდენს ზემოქმედებას და ცდილობს თავისი სურვილისამებრ აგვამოქმედოს (რომაელთა 7:23, 25). რა ძლიერ მოქმედებს ცოდვა ჩვენს დაცემულ სხეულზე! (რომაელთა 7:21, 24).

6, 7. ა) როგორ ეპყრობა იეჰოვა მას, ვინც მოდრეკილი გულით ითხოვს პატიებას? ბ) რატომ არ შეგვიძლია ღვთის წყალობის ბოროტად გამოყენება?

 6 ამიტომაც, იეჰოვამ იცის, რომ ჩვენთვის შეუძლებელია სრულყოფილად დავემორჩილოთ, თუნდაც მთელი გულით ვცდილობდეთ ამას. ის სიყვარულით გვარწმუნებს, რომ შეგვიწყალებს, თუ მოდრეკილი გულით ვეძებთ მის წყალობას. ფსალმუნის 50:19 ამბობს: „შესაწირავი ღმერთისა — სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო“. იეჰოვა არასოდეს უარყოფს დანაშაულის გრძნობით „მოდრეკილ და მორჩილ“ გულს.

7 მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ შეგვიძლია ღვთის წყალობა ბოროტად გამოვიყენოთ და ცოდვის ჩადენისას ცოდვილი ბუნებით გავიმართლოთ თავი? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა მხოლოდ გრძნობებით არ ხელმძღვანელობს. მისი წყალობა უსაზღვრო არ არის. ის არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებს მას, ვინც ულმობლად და განზრახ სცოდავს და არ ინანიებს (ებრაელთა 10:26). მეორე მხრივ, როდესაც მოდრეკილ გულს ხედავს, მზად არის მიუტევოს. განვიხილოთ ის ბიბლიური მუხლები, რომლებშიც მხატვრული ენით არის აღწერილი იეჰოვას სიყვარულის ეს მიმზიდველი თავისებურება.

როგორ გვპატიობს იეჰოვა?

8. რას აკეთებს იეჰოვა, როდესაც ცოდვებს გვპატიობს და რის საფუძველს გვაძლევს ეს?

8 ცოდვის მონანიების შემდეგ დავითმა თქვა: „ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. . . და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა“ (ფსალმუნი 31:5). სიტყვა „მომიტევე“ ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან, რომელიც ძირითადად „აწევას“ ან „გადატანას“ ნიშნავს. ამ კონტექსტში კი „დანაშაულის, ბრალის“ მოშორებას გამოხატავს. ფაქტობრივად, იეჰოვამ „ასწია“ დავითის ცოდვები და მოაშორა მას. ეს უეჭველად შეუმსუბუქებდა მდგომარეობას დანაშაულის გრძნობით დატანჯულ დავითს (ფსალმუნი 31:3). ჩვენც შეგვიძლია სრულად მივენდოთ ღმერთს, რომელიც ცოდვებისგან ათავისუფლებს მომნანიებლებს, თუ ისინი იესოს  გამომსყიდველური მსხვერპლისადმი თავიანთი რწმენის საფუძველზე ეძიებენ პატიებას (მათე 20:28).

9. როგორ გვაშორებს იეჰოვა ცოდვებს?

9 დავითმა სხვაგვარადაც აღწერა იეჰოვას მიმტევებლობა: „როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი“ (ფსალმუნი 102:12). რა მანძილით არის დაცილებული აღმოსავლეთი დასავლეთისგან? შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი მათ შორის წარმოსახვითი მანძილის უკიდურესი წერტილებია, რომლებიც ყოველთვის დაშორებულია ერთმანეთისგან. ერთი მკვლევარის აზრით, ამ ფრაზაში იგულისხმება „ყველაზე დიდი მანძილი, რომლის წარმოდგენაც შეგვიძლია“. დავითის სიტყვებში, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა, ჩანს, რომ პატიებისას იეჰოვას ჩვენგან რაც შეიძლება შორს მიაქვს ჩადენილი ცოდვები.

„თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება“.

10. როდესაც იეჰოვა გვაპატიებს ცოდვებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცოდვები ლაქებად დაგვრჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში?

10 გიცდია ოდესმე ღია ფერის ტანსაცმლიდან ლაქის ამოყვანა?  შესაძლებელია, დიდი მცდელობის მიუხედავად, ლაქა მაინც შესამჩნევი დარჩა. ყურადღება მიაქციე, რას ამბობს იეჰოვა თავის პატიების უნარზე: «მეწამულიც [„ალისფერიც“, აქ] რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით [„შინდისფერივით“, აქ] წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება» (ესაია 1:18). სიტყვა „ალისფერი“ მკვეთრ წითელ ფერს ნიშნავს *. „შინდისფერი“ კი ერთ-ერთ მუქ ფერად ითვლებოდა (ნაუმი 2:3, აქ [2:4]). საკუთარი ძალებით ვერასდროს შევძლებდით ცოდვის ლაქის მოშორებას. იეჰოვას კი შეუძლია აიღოს ჩვენი ალისფერი და შინდისფერი ცოდვები და თოვლივითა და მატყლის ფთილასავით გაასპეტაკოს. მას შემდეგ, რაც იეჰოვა გვაპატიებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მოგვიწევს ცოდვის ლაქის ტარება.

11. რა გაგებით ყრის იეჰოვა ჩვენს ცოდვებს თავის ზურგს უკან?

11 მომაკვდინებელი სენისგან გამოჯანმრთელების შემდეგ დაწერილ სიმღერაში ხიზკიამ იეჰოვას უთხრა: „შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ცოდვები“ (ესაია 38:17). იეჰოვა თითქოს იღებს ადამიანის ცოდვებს და თავის ზურგს უკან ყრის, რომ აღარ დაინახოს და აღარასოდეს მიაქციოს ყურადღება. ერთი თეოლოგიური ლექსიკონის თანახმად, ამ ფრაზაში შემდეგი აზრია ჩადებული: „შენ მომაშორე [ცოდვები], თითქოს არასდროს ჩამიდენია“. განა ეს მანუგეშებელი არ არის?

12. როგორ გვეუბნება მიქა, რომ იეჰოვა გვპატიობს და სამუდამოდ გვაშორებს ცოდვებს?

12 აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველებისას მიქამ მტკიცე რწმენა გამოხატა, რომ მონანიების შემდეგ იეჰოვა უსათუოდ აპატიებდა თავის ხალხს: „რომელ ღმერთს. . . უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? . . ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას“ (მიქა 7:18, 19). წარმოიდგინე, რამდენად ძვირფასი იქნებოდა ეს სიტყვები ბიბლიურ დროში მცხოვრებთათვის. განა მოახერხებდა ვინმე „ზღვის უფსკრულებიდან“ რამის ამოღებას? ამრიგად, მიქა გვეუბნება, რომ იეჰოვა გვპატიობს და სამუდამოდ გვაშორებს ცოდვებს.

13. რას ნიშნავს იესოს სიტყვები „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი“?

 13 იესომ მოვალისა და მევალის ურთიერთობის მაგალითი გამოიყენა იეჰოვას მიმტევებლობის აღსაწერად. მან მოგვიწოდა, ლოცვისას გვეთქვა: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი“ (მათე 6:12, სსგ). იესომ ცოდვები ვალებს შეადარა (ლუკა 11:4, სსგ). როდესაც ვცოდავთ, იეჰოვას „მოვალეები“ ვხდებით. ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია სიტყვით „მოგვიტევე“, ერთ ცნობარში იხსნება, როგორც „ვალის პატიება და აღარ მოთხოვნა“. შეიძლება ითქვას, რომ, როდესაც ცოდვებს გვპატიობს, იეჰოვა ივიწყებს ვალებს, რომელთა გადახდაც მოგვეთხოვებოდა. ეს ნამდვილად მანუგეშებელია შემცოდველისთვის, რომელიც ინანიებს. იეჰოვა არასდროს მოგვთხოვს ვალების გადახდას, თუკი უკვე გვაპატია! (ფსალმუნი 31:1, 2).

14. რა აზრი შეიძლება იყოს ჩადებული სიტყვებში „აღიხოცოს თქვენი ცოდვები“?

14 იეჰოვას მიმტევებლობა საქმეების 3:19-შიც არის აღწერილი: „აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები“. სიტყვით „აღიხოცოს“ ნათარგმნია ბერძნული ზმნა, რომელიც შეიძლება „აღგვას. . . გაუქმებას ან განადგურებას“ ნიშნავდეს. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ მასში ხელნაწერის წაშლის აზრია ჩადებული. როგორ იშლებოდა იმ დროში ხელნაწერი? ძველად მელნად იყენებდნენ სითხეს, რომელიც ნახშირით, წებოვანი ნივთიერებითა და წყლით მზადდებოდა. ასეთი მელნის გამოყენების შემდეგ ადამიანს შეეძლო სველი ნაჭრით წაეშალა ნაწერი. აი, ახლა უკვე ნათლად გამოჩნდა იეჰოვას გულმოწყალების მშვენიერი სურათი. პატიებისას იეჰოვა თითქოს სველ ნაჭერს იღებს და ნაწერივით შლის ჩვენს ცოდვებს.

იეჰოვას სურს ვიცოდეთ, რომ მზად არის, მოგვიტევოს.

15. რის თქმა სურს ჩვენთვის იეჰოვას?

15 განა ამ მაგალითების განხილვის შემდეგ ნათელი არ არის, რისი თქმა სურს ჩვენთვის იეჰოვას? განა არ ჩანს, რომ ის მზად არის, გვაპატიოს ცოდვები, თუ ხედავს, რომ გულწრფელად ვინანიებთ? არ უნდა გვეშინოდეს, რომ მომავალში მოგვკითხავს პასუხს წარსულში ჩადენილ ცოდვებზე. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რასაც ბიბლია ცხადყოფს იეჰოვას უდიდესი გულმოწყალების შესახებ: იეჰოვას მიმტევებლობა ცოდვების დავიწყებასაც ნიშნავს.

 „აღარ გავუხსენებ ცოდვებს“

16, 17. რას ნიშნავს ბიბლიის სიტყვები, რომ იეჰოვა ივიწყებს ჩვენს ცოდვებს და რატომ პასუხობ ასე?

16 იეჰოვამ აღთქმა დაუდო ახალი შეთანხმების მონაწილეებს: „ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს“ (იერემია 31:33). ნიშნავს ეს იმას, რომ პატიების შემდეგ იეჰოვას ძალა არ შესწევს, გაიხსენოს ადამიანის ცოდვები? ცხადია, არა. ბიბლიაში მოთხრობილია ბევრ ადამიანზე, რომლებსაც იეჰოვამ მიუტევა. ერთ-ერთი მათგანი დავითია (მეორე მეფეთა 11:1—17; 12:13). უეჭველია, იეჰოვას დღესაც ახსოვს, რა ცოდვები ჩაიდინა თითოეულმა მათგანმა. ჩვენც შეგვიძლია წავიკითხოთ ის, რაც წმინდა წერილებშია ჩაწერილი — თუ როგორ შესცოდეს მათ, როგორ მოინანიეს და როგორ მიუტევათ ღმერთმა ცოდვები (რომაელთა  15:4). მაშ, რას ნიშნავს სიტყვები, რომ იეჰოვა აღარ „გაუხსენებს“ ცოდვებს მას, ვისაც აპატია?

17 ებრაული ზმნა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „გავუხსენებ“, წარსულის გახსენებაზე მეტს ნიშნავს. „ძველი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ ნათქვამია, რომ მასში „სათანადო მოქმედებაც იგულისხმება“. აქედან გამომდინარე, ცოდვების გახსენება შემცოდველების წინააღმდეგ მოქმედებასაც ნიშნავს (ოსია 9:9). მაგრამ სიტყვებით „აღარ გავუხსენებ ცოდვებს“ ღმერთი გვარწმუნებს, რომ შემცოდველს, რომელსაც მონანიების შემდეგ ცოდვებს მიუტევებს, მომავალში აღარასოდეს აგებინებს პასუხს ამავე ცოდვების გამო (ეზეკიელი 18:21, 22). ამრიგად, იეჰოვა იმ გაგებით ივიწყებს, რომ კვლავ და კვლავ აღარ წამოჭრის ჩვენი ცოდვების საკითხს იმისათვის, რომ მუდმივად ბრალი დაგვდოს და დაგვსაჯოს. განა მანუგეშებელი არ არის, რომ ჩვენი ღმერთი ცოდვებს გვპატიობს და ივიწყებს?

ცოდვის შედეგები

18. რატომ არ ნიშნავს ცოდვების პატიება იმას, რომ შემცოდველი არასწორი მოქმედებით გამოწვეული შედეგებისგან დაცულია?

18 ნიშნავს თუ არა იეჰოვას მიმტევებლობა იმას, რომ შემცოდველი მონანიების შემდეგ თავს დააღწევს არასწორი მოქმედების შედეგებს? არა. შეუძლებელია, შევცოდოთ, მაგრამ არ დავისაჯოთ. პავლე მოციქულმა დაწერა: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“ (გალატელთა 6:7). მოსალოდნელია, წინ დაგვხვდეს ჩვენი მოქმედების შედეგები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოდვების პატიების შემდეგ იეჰოვა სირთულეებს გვახვედრებს. პრობლემების წინაშე ქრისტიანმა არ უნდა იფიქროს, რომ წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო იეჰოვასგან ისჯება (იაკობი 1:13). მაგრამ იეჰოვა არც ჩვენი არასწორი საქციელით გამოწვეული ნებისმიერი უსიამოვნებისგან გვიცავს. შეიძლება თავი ვერ დავაღწიოთ ისეთ სამწუხარო შედეგებს, როგორიცაა განქორწინება, არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ნდობის ან პატივისცემის დაკარგვა. არ დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ აპატია დავითს ბათშებაყთან ჩადენილი ცოდვა და ურიას მკვლელობა, მაგრამ არ დაუცავს ის ცოდვების საშინელი შედეგებისგან (მეორე მეფეთა 12:9—12).

19—21. ა) რა მხრივ იყო სასარგებლო ლევიანთა 6:1—7-ში ჩაწერილი კანონი, როგორც დაზარალებულისთვის, ისე შემცოდველისთვის? ბ) როგორი მოქმედება მოეწონება ღმერთს, თუ ჩვენ მიერ ჩადენილმა ცოდვამ სხვებსაც მიაყენა ზიანი?

 19 ცოდვას შეიძლება სხვა რამეც მოჰყვეს შედეგად, მით უმეტეს, თუ სხვებსაც მივაყენეთ ზიანი ჩვენი მოქმედებით. მაგალითად, განვიხილოთ ლევიანთა მე-6 თავში ჩაწერილი ინფორმაცია. მოსეს რჯულში მოყვანილია შემდეგი სიტუაცია: ერთმა ისრაელმა წართმევით, გამოძალვით ან მოტყუებით მიითვისა თანამოძმე ისრაელის ქონება. შემდეგ მან დაფარა დანაშაული და ცრუდ დაფიცებაც კი გაბედა. ერთი კაცი პირზე დაადგა, მაგრამ დანაშაული არ აღიარა. მოგვიანებით კი სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და აღიარა ცოდვა. ღმერთმა რომ აპატიოს დანაშაული, მან კიდევ სამი რამ უნდა გააკეთოს: პატრონს უნდა დაუბრუნოს მიტაცებული ქონება, გადაუხადოს ჯარიმა, რაც ანაზღაურებული საქონლის 20 პროცენტს შეადგენს, და დანაშაულის გამოსასყიდად ვერძი შესწიროს. ამის შემდეგ, როგორც რჯულშია ნათქვამი, „გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და მიეტევება მას“ (ლევიანნი 6:1—7).

20 ამ კანონით ღვთის გულმოწყალება ვლინდებოდა. მას სარგებლობა მოჰქონდა დაზარალებულისთვის, რომელიც დანაკარგს იბრუნებდა და უეჭველად დიდ შვებას გრძნობდა, როდესაც საბოლოოდ დამნაშავე ცოდვას აღიარებდა. ამავე დროს, კანონი სასარგებლო იყო თავად დამნაშავესთვისაც, რომელსაც ბოლოს და ბოლოს სინდისი შეაწუხებდა, დანაშაულს აღიარებდა და გამოასწორებდა შეცდომას. ცხადია, ასე თუ არ მოიქცეოდა, ღმერთი არ აპატიებდა ცოდვას.

21 მართალია, დღეს ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ მოსეს რჯულით, მაგრამ ის გვეხმარება, ჩავწვდეთ ამა თუ იმ საკითხის შესახებ ღვთის თვალსაზრისს — მაგალითად, გავიგოთ, რას ფიქრობს იეჰოვა პატიების შესახებ (კოლასელთა 2:13, 14). თუ ჩვენ მიერ ჩადენილმა ცოდვამ სხვებსაც მიაყენა ზიანი, ღმერთს მოეწონება, რომ ყოველმხრივ შევეცადოთ მდგომარეობის გამოსწორებას (მათე 5:23, 24). ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს ცოდვის გაანალიზება, დანაშაულის აღიარება და ბოდიშის მოხდაც კი. ამის შემდეგ შეგვიძლია იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე მივმართოთ იეჰოვას და ვიგრძნოთ, რომ ღმერთმა გვაპატია დანაშაული (ებრაელთა 10:21, 22).

22. პატიებასთან ერთად როგორ შეიძლება მოგვექცეს იეჰოვა?

 22 მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, იეჰოვამ შეიძლება გვაპატიოს, მაგრამ დაგვსაჯოს კიდეც (იგავნი 3:11, 12). ცოდვის მონანიების შემდეგ ქრისტიანს შეიძლება უხუცესად, თანაშემწედ ან სრული დროით მქადაგებლად მსახურების შეწყვეტა მოუწიოს. მისთვის, ალბათ, მტკივნეული იქნება გარკვეული დროით ასეთი ძვირფასი მსახურების შეწყვეტა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იეჰოვამ არ აპატია დანაშაული. უნდა გვახსოვდეს, რომ დასჯით იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს ავლენს. სასჯელზე სათანადოდ რეაგირება თავად ჩვენთვის იქნება სასარგებლო (ებრაელთა 12:5—11).

23. რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა ჩვენდამი არ გამოავლენს გულმოწყალებას და რატომ უნდა მივბაძოთ მას მიმტევებლობაში?

23 რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი ღმერთი მზად არის, მოგვიტევოს! დაშვებული შეცდომების მიუხედავად, არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვას გულმოწყალება ჩვენზე არ გავრცელდება. თუ გულწრფელად ვინანიებთ, ნაბიჯებს ვდგამთ შეცდომის გამოსასწორებლად და იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე მხურვალედ ვლოცულობთ პატიებისთვის, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვაპატიებს (1 იოანე 1:9). მოდი მივბაძოთ მას და მივუტევოთ ერთმანეთს. თუ იეჰოვა, რომელიც არასდროს სცოდავს, სიყვარულით გვპატიობს, განა ჩვენ, ცოდვილი ადამიანები, არ უნდა ვცდილობდეთ ერთმანეთისთვის პატიებას?

^ აბზ. 4 ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „აგებულება ჩვენი“, მექოთნის მიერ დამზადებულ თიხის ჭურჭელთან დაკავშირებითაც არის გამოყენებული (ესაია 29:16).

^ აბზ. 10 ერთი მკვლევარის აზრით, ალისფერი „მკვეთრი ფერი იყო. არც ნესტს, წვიმასა და რეცხვას გადაჰყავდა და არც დროთა განმავლობაში გადადიოდა“.

გაიგეთ მეტი

იეჰოვა შეუძლია პატიება — რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ის, თუ როგორ პატიებდა იეჰოვა შემცოდველებს წარსულში, გვასწავლის, რომ ის მზად არის პატიებისთვის.

როგორ ვაპატიოთ

რატომ არის ზოგჯერ პატიება რთული? გაიგეთ, როგორ გვეხმარება ბიბლიური რჩევები.

დამეხმარება ღმერთი, თუ ვილოცებ?

მართლა ზრუნავს ღმერთი ჩვენზე და გვეხმარება პრობლემების დროს?