წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 24

ვერაფერი შეძლებს „ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან“

ვერაფერი შეძლებს „ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან“

1. რა უარყოფითი გრძნობები ეუფლება ზოგჯერ ბევრს, მათ შორის ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც?

უყვარხარ პირადად შენ იეჰოვა ღმერთს? ზოგი ეთანხმება იმ აზრს, რომ, საერთო ჯამში, ღმერთს უყვარს კაცობრიობა, როგორც ამას იოანეს 3:16 ამბობს. მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ პირადად მათ ღმერთი ვერასოდეს შეიყვარებს. დროდადრო შეიძლება ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც შეეპაროთ ეჭვი ამაში. ერთმა გულგატეხილმა კაცმა თქვა: „მიჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთი საერთოდ ზრუნავს ჩემზე“. შენც ხომ არ გიპყრობს ხოლმე ხანდახან მსგავსი ეჭვები?

2, 3. ვის უნდა, დაგვაჯეროს, რომ არ ვუყვარვართ იეჰოვას და მის თვალში არაფრად ვღირვართ, და როგორ შევებრძოლებით ასეთ სიყალბეს?

2 სატანას მთელი გულით სწადია, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა ღმერთს არ ვუყვარვართ და არ გვაფასებს. სატანა ხშირად აცდუნებს ადამიანებს თავმომწონეობისა და სიამაყის გამოყენებით (2 კორინთელთა 11:3). მაგრამ მას ისიც უხარია, როდესაც მგრძნობიარე ადამიანებს პირადი ღირსების გრძნობას აკარგვინებს (იოანე 7:47—49; 8:13, 44). ეს განსაკუთრებით ამ კრიტიკულ „უკანასკნელ დღეებში“ შეიმჩნევა. დღეს ბევრი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც მოკლებულნი არიან ოჯახურ სითბოსა და სიყვარულს. სხვები მუდმივად ექცევიან გამძვინვარებული, ეგოისტი და უგრძნობი ადამიანების გავლენაში (2 ტიმოთე 3:1—5). წლების განმავლობაში ცუდად მოპყრობამ, რასიზმმა თუ სიძულვილმა ასეთები დაარწმუნა, რომ უღირსნი არიან და შეუძლებელია მათი შეყვარება.

3 თუ ასეთი დამთრგუნველი გრძნობები შენც გაქვს, გულს ნუ გაიტეხ. ხანდახან მეტისმეტად დაუნდობლები ვართ საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ გახსოვდეს, ღვთის სიტყვა განკუთვნილია „გამოსასწორებლად“ და „სიმაგრეთა დასანგრევად“ (2 ტიმოთე 3:16; 2 კორინთელთა 10:4). ბიბლია ამბობს: „გულდაჯერებულები ვიქნებით  მის წინაშე ყოველივეში, რაშიც ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, რადგან ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:19, 20, აქ). მოდი განვიხილოთ ოთხი მხარე, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ „გულდაჯერებული“ ვიყოთ იეჰოვას სიყვარულში.

იეჰოვა გაფასებს

4, 5. როგორ გვიჩვენებს ბეღურასთან დაკავშირებით მოყვანილი იესოს მაგალითი, რომ ძვირფასნი ვართ იეჰოვასთვის?

4 პირველი, ბიბლია აშკარად ამბობს, რომ ღვთისთვის ყოველი მისი მსახური ძვირფასია. მაგალითად, იესომ თქვა: „განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (მათე 10:29—31). განვიხილოთ, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები იესოს მსმენელებისთვის პირველ საუკუნეში.

„ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“.

5 შეიძლება გაგვიკვირდეს, საერთოდ რაში დასჭირდებოდა ვინმეს ბეღურის ყიდვა. იესოს დროს ბეღურა უიაფეს ფრინველად ითვლებოდა. წარმოიდგინე, ერთ ასარად (ერთი პატარა მონეტის ფასად) ორი ბეღურის ყიდვა შეიძლებოდა. შემდეგ იესომ თქვა, რომ, თუ მყიდველი ორ ასარას გადაიხდიდა, ოთხის ნაცვლად ხუთ ბეღურას იყიდდა. მეხუთე ბეღურას ყოველგვარი საფასურის გარეშე აძლევდნენ. შეიძლება ასეთი არსებები არაფრად ფასობდა ადამიანის თვალში, მაგრამ როგორ უყურებდა მათ შემოქმედი? იესომ თქვა: „არც ერთი მათგანი [ისიც კი, რომელსაც უფასოდ აძლევდნენ] დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე“ (ლუკა 12:6, 7). ახლა, ალბათ, უკეთ გვესმის, რის თქმა სურდა ამით იესოს. თუ იეჰოვა ერთ ბეღურას ასე აფასებს, რამდენად ძვირფასია მისთვის ადამიანი! როგორც იესომ განმარტა, იეჰოვამ ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ. ჩვენს თავზე თმის ყოველი ღერიც კი დათვლილია!

6. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იესო არ აზვიადებდა, როცა ამბობდა: „თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია“?

6 მართლა დათვლილია ჩვენი თმები? ზოგმა შეიძლება იესოს ეს ნათქვამი გაზვიადებულად მიიჩნიოს. მაგრამ, აბა, დაფიქრდი აღდგომის იმედზე. რამდენად კარგად უნდა გვიცნობდეს იეჰოვა, რომ ხელახლა შეგვქმნას? ის იმდენად კარგად გვიცნობს, რომ ახსოვს  ყოველი წვრილმანი, მათ შორის ჩვენი გენეტიკური კოდი, მთელი ჩვენი განვლილი ცხოვრება და გამოცდილება *. ყოველივე ამასთან შედარებით, თმის რაოდენობის დათვლა, რაც საშუალოდ დაახლოებით 100 000-ს აღწევს, არაფერია.

რას აფასებს ჩვენში იეჰოვა?

7, 8. ა) რომელი თვისებების დანახვა უხარია იეჰოვას, როდესაც ადამიანთა გულებს იკვლევს? ბ) რომელია იეჰოვასთვის ძვირფასი ზოგიერთი საქმე?

7 მეორე, ბიბლია გვეუბნება, თუ რას აფასებს იეჰოვა თავის მსახურებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ხარობს ჩვენი კარგი თვისებებით და აფასებს ჩვენს მცდელობებს უკეთესობისკენ სწრაფვაში. მეფე დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს, უთხრა: „ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა“ (1 ნეშტთა 28:9). როდესაც ღმერთი ამ ძალადობითა და სიძულვილით სავსე წუთისოფელში მილიარდობით ადამიანის გულებს იკვლევს, როგორ ხარობს მშვიდობის, ჭეშმარიტებისა და სიმართლის მოყვარე გულის დანახვისას! რა ხდება, როდესაც იეჰოვა მისადმი სიყვარულით აღსავსე გულს იპოვის, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს ღვთის შესახებ და სხვებსაც გააცნოს იგი? იეჰოვა გვეუბნება, რომ ისინი, რომლებიც სხვებს მის შესახებ ესაუბრებიან, შეუმჩნეველნი არ რჩებიან. მას „სამახსოვრო წიგნიც“ კი აქვს „უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“ (მალაქია 3:16). ასეთი თვისებები ძვირფასია მისთვის.

8 რომელ საქმეებს აფასებს იეჰოვა? ცხადია, ჩვენს მცდელობას, მივბაძოთ მის ძეს, იესო ქრისტეს (1 პეტრე 2:21). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც იეჰოვა აფასებს, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. რომაელთა 10:15-ში ვკითხულობთ: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“. ბუნებრივია, აქ პირდაპირი გაგებით ფეხებზე არ არის საუბარი. მაგრამ ამ  შემთხვევაში ისინი იმ ძალისხმევაზე მიანიშნებენ, რომელსაც იეჰოვას მსახურები სასიხარულო ცნობის ქადაგებას ახმარენ. ყოველი ასეთი მცდელობა ლამაზი და ძვირფასია მისთვის (მათე 24:14; 28:19, 20).

9, 10. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა აფასებს სხვადასხვა განსაცდელებისას გამოვლენილ ჩვენს მოთმინებას? ბ) რა უარყოფითი თვალსაზრისი არ უჩნდება არასოდეს იეჰოვას თავის მსახურებზე?

9 იეჰოვა ჩვენს მოთმინებასაც აფასებს (მათე 24:13). გახსოვდეს, სატანას უნდა, რომ ზურგი შეაქციო იეჰოვას. ყოველდღიურად იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებით ეხმარები ღმერთს, პასუხი გასცეს სატანის გესლიან სიტყვებს (იგავნი 27:11). მოთმინების შენარჩუნება ყოველთვის იოლი არ არის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, გაჭირვებამ, ემოციურმა ტკივილმა თუ სხვა წინააღმდეგობებმა შეიძლება ყოველი დღე განსაცდელად გვიქციოს. გული შეიძლება ხანგრძლივმა მოლოდინმაც გაგვიტეხოს (იგავნი 13:12). ასეთი განსაცდელების დროს გამოვლენილ მოთმინებას იეჰოვა კიდევ უფრო მეტად აფასებს. ამიტომაც მეფე დავითმა იეჰოვას სთხოვა, მისი ცრემლები „ჭურჭელში“ შეენახა, თან დარწმუნებით დაამატა: „განა შენს წიგნში არ არის ისინი?“  (ფსალმუნი 56:8, აქ [55:9]). დიახ, იეჰოვა აფასებს და იმახსოვრებს ჩვენს ცრემლებსა და ტანჯვას, რომელსაც მისადმი ერთგულების შენარჩუნების მიზნით ვიტანთ. ასე რომ, ჩვენი ცრემლებიც ძვირფასია მისთვის.

იეჰოვა აფასებს განსაცდელებისას გამოვლენილ ჩვენს მოთმინებას.

10 და მაინც, გული შეიძლება შეეწინააღმდეგოს ამ ფაქტებს და მსჯავრის დადება დაგვიწყოს. ის შეიძლება დაჟინებით ჩაგვჩურჩულებდეს: „სხვები ხომ ჩემზე უკეთესები არიან. როგორ გაუცრუვდება იეჰოვას მოლოდინი, როდესაც მათ შემადარებს!“. მაგრამ იეჰოვა არავის არავისთან არ ადარებს; ის არც მკაცრია და არც უხეში (გალატელთა 6:4). ის დიდი ყურადღებით იკვლევს ჩვენს გულებს და აფასებს ჩვენს კარგ თვისებებს — მათ თუნდაც მცირე გამოვლინებასაც კი.

იეჰოვა არჩევს კარგს ცუდისგან

11. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ აბიას შემთხვევიდან?

11 მესამე, როდესაც იეჰოვა ჩვენს გულებს იკვლევს, გულდასმით აკვირდება და ეძებს კარგს. მაგალითად, როდესაც იეჰოვამ მეფე იერობოამის მთელი განდგომილი დინასტიის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ბრძანა, რომ მეფის ერთ-ერთი ვაჟი, აბია, საპატიოდ დაეკრძალათ. რატომ? რადგან «მასში აღმოჩნდა სიკეთე [„რაღაც კარგი“, აქ] უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე» (3 მეფეთა 14:1, 10—13). ფაქტობრივად, იეჰოვამ ამ ადამიანის გული გამოიკვლია და იპოვა მასში „რაღაც კარგი“. რამდენადაც მცირე ან უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო ეს კარგი, იეჰოვამ ღირსად ჩათვალა მისი მოხსენიება თავის სიტყვაში. მან სათანადო წყალობა გამოავლინა განდგომილი სახლეულის ერთი წევრისადმი, რაც დაჯილდოების ტოლფასი იყო.

12, 13. ა) როგორ გვიჩვენებს იოშაფატის მაგალითი, რომ როცა ვცოდავთ, მაშინაც კი კარგს ეძებს ჩვენში იეჰოვა? ბ) მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, რას აკეთებს იეჰოვა, როდესაც საქმე ჩვენს კარგ თვისებებსა და საქმეებს ეხება?

12 ამაზე კიდევ უფრო უკეთეს მაგალითს კარგი მეფე იოშაფატის შემთხვევაში ვხედავთ. ერთხელ, როდესაც მეფე უგუნურად მოიქცა, იეჰოვას წინასწარმეტყველმა უთხრა მას: „ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს“. რა შემზარავი სიტყვებია! მაგრამ  იეჰოვას ცნობა ამით არ დამთავრებულა. „თუმცა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა“, — განაგრძო წინასწარმეტყველმა (2 ნეშტთა 19:1—3). ასე რომ, იეჰოვას სამართლიანმა რისხვამ არ დაავიწყა ის კარგი, რაც იოშაფატში იყო. როგორ განსხვავდება იეჰოვა არასრულყოფილი ადამიანებისგან! როდესაც გვაწყენინებენ, შესაძლოა, დაგვავიწყდეს ის კარგი, რაც მათ ჩვენთვის გაუკეთებიათ. ან როდესაც თავად ვცოდავთ, გულგატეხილობამ, სირცხვილმა და დანაშაულის გრძნობამ, შეიძლება დაგვავიწყოს ის კარგი, რაც გვაქვს. მაგრამ გახსოვდეს, თუ ვინანიებთ და მთელი გულით ვცდილობთ, შეცდომა აღარ გავიმეოროთ, იეჰოვა შეგვინდობს.

13 როდესაც იეჰოვა შენს გულს იკვლევს, ისევე ჩამოგაშორებს ასეთ ცოდვებს, როგორც ოქროს მაძიებელი, როცა ოქროს იპოვის, ყრის გამოუსადეგარ ქვიშას. რა შეიძლება ითქვას შენს კარგ თვისებებსა და საქმეებზე? დიახ, ისინი ოქროს მსგავსია, რომელსაც ინახავს იეჰოვა! შეგიმჩნევია ოდესმე, რომ მოსიყვარულე მშობლები განძივით ინახავენ თავიანთი შვილების ნახატებს ან სასკოლო ნამუშევრებს და ხანდახან საკმაოდ დიდი ხნითაც, მაშინ როდესაც შვილებს აღარც კი ახსოვთ ამის შესახებ. იეჰოვა ყველაზე მოსიყვარულე მშობელია. თუ მისი ერთგულები დავრჩებით, ის არასოდეს დაივიწყებს ჩვენს კარგ საქმეებსა და თვისებებს. ამის  დავიწყებას ის უსამართლობადაც კი მიიჩნევს; ღმერთი კი არასოდეს არის უსამართლო (ებრაელთა 6:10). იეჰოვა სხვა მხრივაც იკვლევს ჩვენს გულებს.

14, 15. ა) ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად, რატომ ამჩნევს იეჰოვა ჩვენში არსებულ კარგს? ახსენი მაგალითით. ბ) რას აკეთებს იეჰოვა, როდესაც ჩვენში კარგ თვისებებს აღმოაჩენს და როგორ უყურებს თავის ერთგულ მსახურებს?

14 იეჰოვა ჩვენს არასრულყოფილებაზე მეტს ხედავს. კერძოდ, ჩვენს პოტენციურ შესაძლებლობებსაც ამჩნევს. ხელოვნების მოყვარულები დიდ ძალისხმევას ახმარენ, დაზიანებული მხატვრული ტილოებისა თუ ხელოვნების სხვა ნიმუშების აღდგენას. მაგალითად, როდესაც ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღით დააზიანა ლეონარდო და ვინჩის სურათი, რომელიც 30 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული, აზრადაც არავის მოსვლია მისი გადაგდება იმ მიზეზით, რომ ტილო დაზიანებული იყო. სასწრაფოდ დაიწყო თითქმის 500 წლის წინათ შექმნილი შედევრის აღდგენა. რატომ? ვინაიდან ხელოვნების მოყვარულთათვის ის მეტად ძვირფასი იყო. განა შენ საღებავითა და ნახშირით დახატულ სურათზე ბევრად ძვირფასი არა ხარ? უეჭველია, როგორც უნდა იყო დაზიანებული მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო, ღვთისთვის მაინც ძვირფასი ხარ (ფსალმუნი 71:12—14). იეჰოვა ღმერთი — ადამიანთა ოჯახების დიდებული შემოქმედი — ყველაფერს იღონებს, რათა აღადგინოს მათი არასრულყოფილება, ვინც მის სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას ეხმაურება (საქმეები 3:21; რომაელთა 8:20—22).

15 დიახ, იეჰოვა იმ კარგს ხედავს ჩვენში, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ. სანამ მას ვემსახურებით, ის დაგვეხმარება ნელ-ნელა უკეთესები გავხდეთ, სანამ საბოლოოდ არ გავსრულყოფილდებით. იმისდა მიუხედავად, თუ როგორ გვექცევიან ამ სატანის წუთისოფელში, იეჰოვასთვის მისი ერთგული მსახურები სასურველნი არიან (ანგია 2:7).

იეჰოვა აქტიურად ავლენს თავის სიყვარულს

16. რა არის იეჰოვას სიყვარულის უდიდესი მტკიცება და საიდან ვიცით, რომ ეს ძღვენი პირადად ჩვენ გვეხება?

16 მეოთხე, იეჰოვა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაგვანახვოს,  თუ რა ძალიან ვუყვარვართ. ცხადია, ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი ყველაზე ძლიერი პასუხია სატანის ტყუილზე, რომ თითქოს არაფრად ვღირვართ და ღვთის სიყვარულს არ ვიმსახურებთ. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ იმ აუტანელი ტკივილების ატანა, რომელიც იესოს წამების ძელზე მოუწია და უფრო დიდი ტკივილი, რომელიც იეჰოვამ განიცადა, როდესაც უყურებდა, თუ როგორ იტანჯებოდა თავისი საყვარელი ძე, მათი სიყვარულის უდიდესი დადასტურებაა. სამწუხაროდ, ბევრი ვერ იჯერებს, რომ ეს ძღვენი პირადად მას ეხება. ისინი თავს უღირსად თვლიან. მაგრამ გაიხსენე, რომ მოციქული პავლე ერთ დროს ქრისტეს მიმდევრებს დევნიდა. მიუხედავად ამისა, მან დაწერა: „[ღვთის ძემ] შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის“ (გალატელთა 1:13; 2:20).

17 რა საშუალებებით გვიზიდავს იეჰოვა თავისკენ და ძისკენ?

17 იეჰოვა თავის სიყვარულს იმითაც გვიმტკიცებს, რომ თითოეულს პირადად გვეხმარება, სარგებლობა მივიღოთ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლიდან. იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44). დიახ, იეჰოვას პირადად მივყავართ თავის ძესთან და მარადიული სიცოცხლის იმედისკენ. როგორ? სამქადაგებლო საქმიანობით, რომლის საშუალებითაც თითოეულ ჩვენგანამდე აღწევს იეჰოვას ცნობა და თავისი სულიწმიდით, რომლითაც გვეხმარება, ჩავწვდეთ და ცხოვრებაში გამოვიყენოთ სულიერი ჭეშმარიტება, მიუხედავად ჩვენი არასრულყოფილებისა და შეზღუდული შესაძლებლობებისა. ამიტომ, იეჰოვას შეუძლია ჩვენც გვითხრას ის, რაც ისრაელებს უთხრა: „სამარადისო სიყვარულით შეგიყვარე, ამიტომაც მადლი შეგინახე“ (იერემია 31:2).

18, 19. ა) რომელია ის საშუალება, რომლითაც იეჰოვა ყველაზე მეტად გვიმტკიცებს თავის სიყვარულს და რით გვიჩვენებს, რომ თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს? ბ) როგორ გვარწმუნებს ღვთის სიტყვა, რომ იეჰოვა თანამგრძნობი მსმენელია?

18 ალბათ, ყველაზე მეტად იეჰოვას სიყვარულს ლოცვის განსაკუთრებული შესაძლებლობით ვგრძნობთ. ბიბლია თითოეულს მოგვიწოდებს: „ილოცეთ განუწყვეტლივ“ (1 თესალონიკელთა 5:17). ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვებს. მას ‘ლოცვების მომსმენიც’  კი ეწოდება (ფსალმუნი 64:3). ის არავის ავალებს ამას, თვით საკუთარ ძესაც კი. აბა, დაფიქრდი: სამყაროს შემოქმედი მოგვიწოდებს, მივუახლოვდეთ მას ლოცვაში და თავისუფლად ვესაუბროთ. როგორი მსმენელია ღმერთი? იქნებ ცივი, უგულო ან უყურადღებო? არავითარ შემთხვევაში.

19 იეჰოვა თანამგრძნობია. რას ნიშნავს ეს? ერთმა ერთგულმა ხანდაზმულმა ქრისტიანმა თქვა: „თანაგრძნობა არის შენი ტკივილი ჩემს გულში“. ნამდვილად მოქმედებს იეჰოვაზე ჩვენი ტკივილი? ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ როგორ განიცდიდა იეჰოვა თავისი ხალხის, ისრაელის, ტკივილს: „ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა“ (ესაია 63:9). იეჰოვა არა მარტო ხედავდა, თუ როგორ იტანჯებოდნენ ისინი, არამედ თანაუგრძნობდა კიდეც მათ. თავისი გრძნობები იეჰოვამ პირადად აღწერა, როდესაც თავის მსახურებს მიმართა: «თქვენი შემხებარი მისი [„ჩემი“, აქ] თვალის გუგის შემხებარია» * (ზაქარია 2:8). ეს მართლაც ძალიან მტკივნეულია! დიახ, იეჰოვას გული შესტკივა ჩვენზე. როდესაც ჩვენ გვტკივა, მასაც სტკივა.

20. რა გაუწონასწორებელ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ, რომაელთა 12:3-ში მოცემული რჩევის გათვალისწინებით?

20 არც ერთი გაწონასწორებული ქრისტიანი არ გამოიყენებს ღვთის ასეთ სიყვარულსა და დაფასებას სიამაყისა და ქედმაღლობის საბაბად. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს“ (რომაელთა 12:3). სხვა თარგმანი ამ მუხლს ასე თარგმნის: „მსურს, ყოველ თქვენგანს გითხრათ, რომ საკუთარ თავს იმაზე მეტად ნუ შეაფასებთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ, არამედ საღად შეაფასეთ საკუთარი თავი“ (A Translation in the Language of the People, by Charles B. Williams). ამიტომ, იმ დროს, როცა შევხარით  ჩვენი ზეციერი მამის სითბოსა და სიყვარულს, საღი აზროვნება შევინარჩუნოთ და ნუ დავივიწყებთ, რომ ღვთის სიყვარული ძღვენია და არა ჩვენი დამსახურება (ლუკა 17:10).

21. სატანის რომელი ტყუილები უნდა უარვყოთ და რა ბიბლიური ჭეშმარიტებით უნდა დავარწმუნოთ გულები?

21 მოდი მაქსიმალური ძალისხმევა მოვახმაროთ, რომ უარვყოთ სატანის ყოველგვარი სიცრუე, მათ შორის ისიც, რომ არავინ გვაფასებს და არავის ვუყვარვართ. თუ ცხოვრებამ გასწავლა, რომ შენ ისეთი პიროვნება ხარ, რომელსაც უსაზღვრო სიყვარულის მქონე ღმერთიც კი ვერ შეიყვარებს, ან თუ შენი კარგი საქმეები იმდენად უმნიშვნელო გგონია, რომ მას ყველაფრის მხილველი ღმერთიც კი ვერ შეამჩნევს, ან თუ შენი ცოდვები იმდენად მძიმედ მიგაჩნია, რომ ღვთის ძვირფასი ძის სიკვდილიც კი ვერ გადაფარავს, მაშინ ამ ცხოვრებას მწარედ მოუტყუებიხარ. მთელი გულით უარყავი ასეთი სიცრუე! მოდი დავარწმუნოთ ჩვენი გულები შთაგონებული, ჭეშმარიტი სიტყვებით, რომელიც პავლემ თქვა: „მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომაელთა 8:38, 39).

^ აბზ. 6 ბიბლია აღდგომას არაერთხელ აკავშირებს იეჰოვას მეხსიერებასთან. ერთგულმა იობმა იეჰოვას უთხრა: „ოჰ, . . დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!“ (იობი 14:13). იესო ყველა მათ აღდგომაზე ლაპარაკობდა, «ვინც სამარხებში [„სამახსოვრო სამარხებში“, აქ]» არიან. ეს მართებული იყო, რადგან იეჰოვას სრულყოფილად ახსოვს ის მკვდრები, რომელთა აღდგენასაც აპირებს (იოანე 5:28, 29).

^ აბზ. 19 ზოგი თარგმანის თანახმად ის, ვინც ღვთის ხალხს ეხება, თავის საკუთარ თვალს ან ისრაელის თვალს ეხება და არა ღვთის თვალს. ეს შეცდომა ზოგმა მწიგნობარმა გაავრცელა, რადგან ეს გამოთქმა ღვთისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და შესაბამისად შეცვალეს კიდეც. მათმა უადგილო მცდელობამ გააბუნდოვნა იეჰოვას ძლიერი თანაგრძნობა.