არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 25

„ღვთის თანაგრძნობა“

„ღვთის თანაგრძნობა“

1, 2. ა) როგორ რეაგირებს ბუნებრივად დედა ბავშვის ტირილზე? ბ) რომელი გრძნობაა დედის თანაგრძნობაზე უფრო ძლიერი?

შუაღამისას დედას ბავშვის ტირილი აღვიძებს. მას უკვე აღარ სძინავს ისე მშვიდად, როგორც მანამდე, სანამ ბავშვი შეეძინებოდა. ის უკვე იმასაც კი ხვდება, თუ რისთვის ტირის თავისი პატარა. ამიტომაც, ხშირად ტირილის ხმაზე ხვდება, ჭამას თხოულობს პატარა, გულში ჩახუტებას თუ სხვა რამეს. რაც უნდა იყოს ბავშვის ტირილის მიზეზი, დედა ყოველთვის რეაგირებს მასზე. მას გული არ მოუთმენს, სანამ ბავშვს არ დაამშვიდებს.

2 თანაგრძნობა, რომელსაც დედა ავლენს თავისი ჩვილისადმი, ადამიანისთვის ცნობილი ერთ-ერთი უნაზესი გრძნობაა. მაგრამ, არსებობს უფრო ძლიერი გრძნობაც — თანაგრძნობა, რომელიც ჩვენს ღმერთს, იეჰოვას ახასიათებს. ამ სასიამოვნო თვისებაზე დაფიქრება იეჰოვასთან დაახლოებაში დაგვეხმარება. ამიტომ, განვიხილოთ, რას ნიშნავს თანაგრძნობა და როგორ ავლენს ჩვენი ღმერთი მას.

რას ნიშნავს თანაგრძნობა?

3. რა მნიშვნელობას ატარებს ებრაული ზმნა, რომელიც „შეწყალებად“ ან „შებრალებად“ არის ნათარგმნი?

3 ბიბლიაში თანაგრძნობასა და წყალობას შორის ახლო კავშირია. თანაგრძნობის გამომხატველი რამდენიმე ებრაული და ბერძნული სიტყვა არსებობს. მაგალითად, განვიხილოთ ებრაული ზმნა „რახამ“, რომელიც ხშირად ითარგმნება როგორც „შეწყალება“ ან „შებრალება“. ერთი ცნობარი განმარტავს, რომ ზმნა „რახამ“ „გამოხატავს ღრმა და სათუთ თანაგრძნობას, რომელიც მაშინ გვიჩნდება, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი დასუსტებულია ან რაღაცის გამო იტანჯება“. ებრაული სიტყვა, რომელსაც იეჰოვა საკუთარ თავთან მიმართებაში  იყენებს, სიტყვა „საშვილოსნოს“ მონათესავეა და „დედობრივ თანაგრძნობასაც“ გულისხმობს * (გამოსვლა 33:19; იერემია 33:26).

„განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს?“.

4, 5. როგორ იყენებს ბიბლია დედობრივ გრძნობებს იეჰოვას თანაგრძნობაში გასარკვევად?

4 იეჰოვას თანაგრძნობაში გასარკვევად, ბიბლია ამ თვისებას დედობრივ გრძნობებს ადარებს. ესაიას 49:15-ში ვკითხულობთ: „განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს [„რახამ“] თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ“. ეს გულში ჩამწვმდომი სიტყვები ხაზს უსვამს იმას, თუ რა ძლიერ თანაუგრძნობს იეჰოვა თავის ხალხს. როგორ?

5 ძნელი წარმოსადგენია დედა, რომელიც დაივიწყებდა, რომ პატარას მოვლა და კვება სჭირდება. ბავშვი ხომ უმწეოა; ის დღედაღამ დედის ზრუნვასა და სითბოს საჭიროებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ზოგი დედა უარს ამბობს საკუთარ შვილზე, განსაკუთრებით ამ „საზარელ ჟამს“, როდესაც ნამდვილი სიყვარულის ნაკლებობა შეიმჩნევა (2 ტიმოთე 3:1, 3). მაგრამ იეჰოვა ამბობს: „მე არ დაგივიწყებ შენ“. იეჰოვა უსაზღვრო თანაგრძნობას ავლენს თავისი მსახურებისადმი. ის დიდად აღემატება ჩვენთვის ცნობილ ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი, თუნდაც დედის ბუნებრივ გრძნობებს საკუთარი შვილისადმი. გასაკვირი არ არის, რომ ესაიას 49:15-ს ერთ-ერთი სპეციალისტი ასე განმარტავს: „ეს არის ღვთის სიყვარულის უძლიერესი მტკიცება ძველ აღთქმაში“.

6. რას ფიქრობს ბევრი არასრულყოფილი ადამიანი თანაგრძნობაზე, მაგრამ რაში გვარწმუნებს იეჰოვა?

6 თანაგრძნობა სისუსტის ნიშანი ხომ არ არის? ასე ფიქრობს ბევრი არასრულყოფილი ადამიანი. მაგალითად, რომაელი ფილოსოფოსი სენეკა, რომელიც იესოს თანამედროვე,  წამყვანი მოაზროვნე იყო რომში, ასწავლიდა, რომ „სიბრალული გონების სისუსტეა“. სენეკა სტოიციზმის, იმ ფილოსოფიური მიმდინარეობის, მიმდევარი იყო, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას გრძნობების ჩახშობასა და სიმშვიდის შენარჩუნებას ანიჭებს. სენეკას აზრით, ბრძენი ადამიანი შეიძლება დაეხმაროს გასაჭირში ჩავარდნილს, მაგრამ სიბრალულის გრძნობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუჩნდეს მისადმი, რადგან ეს მას სიმშვიდეს წაართმევს. ასეთ ეგოცენტრულ თვალსაზრისს გულწრფელ თანაგრძნობასთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ იეჰოვა სულაც არ არის ასეთი! ის თავის სიტყვაში გვარწმუნებს, რომ «მრავალმოწყალე და შემწყალებელია [სიტყვასიტყვით, „თანამგრძნობი“]» (იაკობი 5:11). როგორც დავინახავთ, თანაგრძნობა სისუსტის ნიშანი კი არა, ძლიერი და მნიშვნელოვანი თვისებაა. მოდი განვიხილოთ, როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას მოსიყვარულე მშობელივით.

იეჰოვა თავისი ერისადმი თანაგრძნობას ავლენდა

7, 8. რა მხრივ იტანჯებოდნენ ისრაელები ძველ ეგვიპტეში და როგორ გამოეხმაურა იეჰოვა მათ ტანჯვას?

7 იეჰოვას თანაგრძნობა აშკარად გამოჩნდა ისრაელი ერისადმი მის მოპყრობაში. ძვ. წ. მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულს ისრაელი ერი ძველ ეგვიპტეში მონობაში იმყოფებოდა, სადაც მათ მძიმედ ჩაგრავდნენ. ეგვიპტელებმა „სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელითა და აგურების კეთებით“ (გამოსვლა 1:11, 14). გასაჭირში მყოფი ისრაელები იეჰოვას შეჰღაღადებდნენ დახმარებისთვის. უპასუხა თანამგრძნობმა ღმერთმა მათ ლოცვებს?

8 იეჰოვას გული შეძრა მათმა ვედრებამ. მან თქვა: „ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი, რაკი გავიგე მისი გასაჭირი“ (გამოსვლა 3:7). იეჰოვა ვერ იხილავდა თავისი ხალხის ჩაგვრას და  არც მათ ღაღადს მოისმენდა, თანამგრძნობი რომ არ ყოფილიყო. როგორც ამ წიგნის ოცდამეოთხე თავში დავინახეთ, იეჰოვა შემბრალებელი ღმერთია. სიბრალული სხვისი ტკივილის გაზიარებას ნიშნავს, რაც თანაგრძნობასთან მჭიდრო კავშირშია. მაგრამ იეჰოვას არა მარტო შეებრალა თავისი ხალხი, არამედ აღიძრა დახმარებოდა მათ. ესაიას 63:9 ამბობს: «სიყვარულითა და სიბრალულით [„თანაგრძნობით“, აქ] გამოისყიდა». „მაგარი ხელით“ გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტიდან (მეორე რჯული 4:34). იმ დროიდან მოყოლებული სასწაულებრივად კვებავდა და ნაყოფიერი ქვეყანაც დაუმკვიდრა.

9, 10. ა) რატომ იწყალებდა იეჰოვა კვლავ და კვლავ ისრაელებს აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ? ბ) ვისი ხელიდან იხსნა იეჰოვამ ისრაელები იფთახის დროს და რამ აღძრა ის ამისაკენ?

9 იეჰოვას თანაგრძნობა ამით არ დამთავრებულა. აღთქმულ მიწაზე დასახლებიდან ისრაელები არაერთხელ ღალატობდნენ იეჰოვას და შედეგად ტანჯვას იმკიდნენ. მაგრამ შემდეგ ხალხი გონს ეგებოდა და საშველად ისევ იეჰოვას უხმობდა. ღმერთი კვლავ და კვლავ ეხმარებოდა მათ. რატომ? „რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი“ (2 ნეშტთა 36:15; მსაჯულნი 2:11—16).

10 განვიხილოთ, რა ხდებოდა იფთახის დროს. რადგან ისრაელებმა ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს, იეჰოვამ დაუშვა, რომ 18 წელი ამორეველების ხელში ჩავარდნილიყვნენ. ბოლოს, ისრაელებმა მოინანიეს. ბიბლია ამბობს: „უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა“ * (მსაჯულნი 10:6—16). როგორც კი ხალხი გულწრფელად მოინანიებდა, იეჰოვა ვეღარ უყურებდა მათ ტანჯვას. ასე რომ, თანამგრძნობმა ღმერთმა შესაძლებლობა მისცა იფთახს, ისრაელები მტრის ხელიდან ეხსნა (რჯული 11:30—33).

11. რას ვიგებთ იეჰოვას თანაგრძნობის შესახებ ისრაელებისადმი მოპყრობიდან?

 11 რას ვსწავლობთ ისრაელ ერთან მოპყრობაში იეჰოვას თანაგრძნობის შესახებ? ერთი მხრივ, როგორც ვხედავთ, თანაგრძნობაში მხოლოდ ის არ შედის, რომ მას ებრალება ტანჯული ხალხი. გაიხსენე დედა, რომელსაც თანაგრძნობა აღძრავს, ყველაფერი იღონოს ბავშვის დასამშვიდებლად. ასევე იეჰოვასაც ესმის თავისი ხალხის ვედრება და თანაგრძნობა აღძრავს, რომ ტანჯვა შეუმსუბუქოს. ამასთან, ისრაელებთან მოპყრობით ვხედავთ, რომ თანაგრძნობა არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს სისუსტეს, რადგან ამ თვისებამ აღძრა იეჰოვა სერიოზული, გადამწყვეტი ზომები მიეღო თავისი ხალხის სასარგებლოდ. მაგრამ ავლენს თუ არა იეჰოვა თანაგრძნობას თითოეული მსახურისადმი?

იეჰოვა თითოეულისადმი ავლენს თანაგრძნობას

12. როგორ გამოვლინდა რჯულში, რომ იეჰოვა თანაგრძნობას ავლენს თითოეულისადმი?

12 რჯულმა, რომელიც ღმერთმა ისრაელებს მისცა, აჩვენა, რომ ის თითოეული ადამიანისადმი ავლენს თანაგრძნობას. მაგალითისთვის ავიღოთ ღარიბებისადმი დამოკიდებულება. იეჰოვამ იცოდა, რომ გაუთვალისწინებელ მდგომარეობას შეეძლო სიღარიბეში ჩაეგდო ისრაელები. როგორ უნდა მოპყრობოდნენ ღარიბებს? იეჰოვამ მკაცრად გააფრთხილა ისრაელები: „გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ. მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში“ (მეორე რჯული 15:7, 10). შემდგომ იეჰოვამ ბრძანა, რომ ისრაელიანებს მთლიანად არ მოემკათ ყანაში მოსავალი და სამკალში დაცვენილიც არ აეკრიფათ. ასეთი მონარჩენი ღარიბებისთვის იყო განკუთვნილი (ლევიანნი 23:22; რუთი 2:2—7). როდესაც ერი ამ თანაგრძნობით აღსავსე კანონს იცავდა, ისრაელში ღარიბს მათხოვრობა აღარ უწევდა. განა ეს იეჰოვას თანაგრძნობის გამოვლენა არ იყო?

13, 14. ა) როგორ გვარწმუნებს დავითის სიტყვები, რომ იეჰოვა დიდადაა დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით? ბ) როგორ აღწერდით თვალსაჩინო მაგალითით, რომ იეჰოვა ახლოა „გულგატეხილებთან“ და „სულით დაცემულებთან“?

 13 დღესაც, ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი დიდად არის დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას შესანიშნავად ესმის ნებისმიერი ტანჯვა თუ უბედურება, რომელიც თავს გვატყდება. ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები მათი ლოცვისაკენ. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის“ (ფსალმუნი 33:16, 19). ამ სიტყვებთან დაკავშირებით ბიბლიის ერთმა კომენტატორმა შენიშნა: „ცოდვის გამო ისინი გულგატეხილები და სულით დაცემულები არიან; პირადი ღირსების გრძნობა დაკარგული აქვთ და საკუთარ თავში დარწმუნებული არ არიან“. ასეთები შეიძლება ფიქრობენ, რომ იეჰოვა მათგან შორსაა და ჰგონიათ, რომ ღმერთი მათზე არ იზრუნებს, რადგან უღირსნი არიან. მაგრამ ეს ასე არ არის. დავითის სიტყვები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არ დატოვებს მათ, ვისაც „პირადი ღირსების გრძნობა აქვთ დაკარგული“. ჩვენმა თანამგრძნობმა ღმერთმა იცის, რომ ასეთ დროს მისი დახმარება ყველაზე მეტად გვჭირდება და მხარში გვიდგას.

14 განვიხილოთ ერთი შემთხვევა. დედამ მძიმედ ავადმყოფი ორი წლის ბიჭუნა სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა. გასინჯვის შემდეგ ექიმმა დედას უთხრა, რომ ბავშვი იმ ღამით საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო. სად გაათია დედამ ის ღამე? იქვე, თავისი შვილის საწოლთან მდგარ სკამზე! მისი პატარა ავად იყო და ის მასთან უნდა ყოფილიყო. ცხადია, შეგვიძლია ამაზე უფრო მეტსაც ველოდეთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამისგან! ბოლოს და ბოლოს, განა თავის მსგავსად არ შეგვქმნა ღმერთმა? (დაბადება 1:26). ფსალმუნის 33:19-ში ჩაწერილი გულში ჩამწვდომი სიტყვები გვეუბნება, რომ როდესაც „გულგატეხილები“ ან „სულით დაცემული“ (აქ) ვართ, იეჰოვა მოსიყვარულე მშობელივით  ჩვენს გვერდითაა, მუდამ თანაგვიგრძნობს და მზადაა, დაგვეხმაროს.

15. რა მხრივ გვეხმარება იეჰოვა თითოეულს?

15 როგორ გვეხმარება იეჰოვა თითოეულს? ის მაინცდამაინც არ მოგვაცილებს ტანჯვის გამომწვევ მიზეზებს. მაგრამ იეჰოვა ბევრს აკეთებს მათთვის, ვინც საშველად უხმობს. მისი სიტყვა ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალონ ჩვენი ცხოვრება. კრებაში იეჰოვა გამოცდილი ზედამხედველებით უზრუნველგვყოფს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, იეჰოვას მსგავსად თანაგრძნობა გამოავლინონ და დაეხმარონ თანამორწმუნეებს (იაკობი 5:14, 15). როგორც ‘ლოცვების მომსმენი’, ის აძლევს „სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ფსალმუნი 64:3; ლუკა 11:13). სულიწმიდას შეუძლია „აღმატებული ძლიერება“ შეგვმატოს, რათა გავუძლოთ ყოველგვარ გასაჭირს, სანამ ღვთის სამეფო საბოლოოდ არ მოსპობს ყოველგვარ პრობლემას (2 კორინთელთა 4:7). განა მადლიერნი არა ვართ ასეთი დახმარებისთვის? ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ყველაფერი იეჰოვას თანაგრძნობის ნაყოფია.

16. რა არის იეჰოვას თანაგრძნობის უდიდესი გამოხატულება და როგორ მოქმედებს ეს თითოეულზე?

16 ცხადია, იეჰოვას თანაგრძნობის უდიდესი გამოხატულება მისთვის უძვირფასესი ძის გამომსყიდველურ მსხვერპლად გაღებაა. იეჰოვამ ამით უდიდესი სიყვარული გამოავლინა, რამაც გადარჩენის საშუალება მოგვცა. გახსოვდეს, რომ გამომსყიდველური მსხვერპლი თითოეულ ჩვენგანზე ვრცელდება. ზაქარიამ, იოანე ნათლისმცემლის მამამ, მართებულად იწინასწარმეტყველა, რომ ეს ძღვენი განადიდებდა «ჩვენი ღვთის გულმოწყალებას [„თანაგრძნობას“, აქ]» (ლუკა 1:78).

როდესაც იეჰოვა თანაგრძნობას არ ავლენს

17—19. ა) როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ იეჰოვას თანაგრძნობა უსაზღვრო არ არის? ბ) რამ შეაწყვეტინა იეჰოვას თავისი ხალხისადმი თანაგრძნობის გამოვლენა?

17 სწორია, ვიფიქროთ, რომ იეჰოვა ყველა შემთხვევაში გამოავლენს  თანაგრძნობას? არა, ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ მათ მიმართ, რომლებიც უარყოფენ მის ნორმებს, იეჰოვა სამართლიანად არ გამოავლენს თანაგრძნობას (ებრაელთა 10:28). რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ასე, გავიხსენოთ ისრაელი ერის მაგალითი.

18 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ არაერთხელ იხსნა ისრაელები მტრების ხელიდან, მისმა თანაგრძნობამ საბოლოოდ ზღვარს მიაღწია. ეს ჯიუტი ხალხი კერთპთაყვანისმცემლობას ეწეოდა და თავიანთ ბილწ კერპებს თვით იეჰოვას ტაძარშიც კი დგამდა! (ეზეკიელი 5:11; 8:17, 18). ამის გარდა იეჰოვამ თქვა, რომ „ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“ (2 ნეშტთა 36:16). ისრაელები იქამდე მივიდნენ, რომ თანაგრძნობის გამოვლენისთვის საფუძველი აღარ არსებობდა და იეჰოვას სამართლიანი გულისწყრომა დაიტეხეს თავზე. რა მოჰყვა ამას?

19 იეჰოვა მეტად აღარ თანაუგრძნობდა თავის ხალხს. მან განაცხადა: „არ შევიწყალებ, არ შევიბრალებ და არ დავინდობ დაღუპვისგან“ (იერემია 13:14). ამგვარად, იერუსალიმი ტაძართან ერთად დაინგრა, ისრაელები კი ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში. რა საზარელია, როცა ცოდვილი ადამიანები ისე ჯიუტდებიან, რომ ღვთის თანაგრძნობა ზღვარს აღწევს! (გოდება იერემიასი 2:21).

20, 21. ა) რა მოხდება ჩვენს დროში, როდესაც ღვთის თანაგრძნობა ზღვარს მიაღწევს? ბ) იეჰოვას თანაგრძნობის რომელ გამოვლინებას განვიხილავთ მომდევნო თავში?

20 დღეს რის თქმა შეიძლება? იეჰოვა არ შეცვლილა. თანაგრძნობიდან გამომდინარე, მან თავის მოწმეებს დაავალა, „ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა“ მთელ მსოფლიოში ექადაგათ (მათე 24:14, აქ). როდესაც გულწრფელი ადამიანები დადებითად ეხმაურებიან, იეჰოვა ეხმარება მათ, რომ ჩასწვდნენ სამეფოს შესახებ ცნობას (საქმეები 16:14).  მაგრამ ეს საქმიანობა მარადიულად როდი გაგრძელდება. თუკი ამ ბოროტ წუთისოფელს, რომელშიც ტანჯვა-წამება ბატონობს, იეჰოვა მარადიულად არსებობის ნებას დართავს, ეს სულაც არ იქნება თანაგრძნობა. როდესაც ღვთის თანაგრძნობა ზღვარს მიაღწევს, იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ამ სისტემაზე. მაშინაც კი, იეჰოვა თანაგრძნობიდან გამომდინარე იმოქმედებს — თავისი „წმინდა სახელისა“ და ერთგული მსახურების მიმართ თანაგრძნობის გამო გაანადგურებს ბოროტ ქვეყნიერებას (ეზეკიელი 36:20—23). ის მოსპობს ბოროტებას და ახალ სამართლიან ქვეყნიერებას შექმნის. ბოროტების მისამართით იეჰოვა აცხადებს: „არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ. მათ თავზე მოვაქცევ მათსავე საქმეებს“ (ეზეკიელი 9:10).

21 მანამდე, კი იეჰოვა თანაგრძნობას ავლენს ადამიანებისადმი, მათდამიც კი, რომლებსაც განადგურება ემუქრება. ცოდვილებს, რომლებიც გულწრფელად ინანიებენ, შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ იეჰოვას თანაგრძნობის ერთ-ერთი დიდებული გამოვლინებით — პატიებით. მომდევნო თავში განვიხილავთ რამდენიმე შესანიშნავ ბიბლიურ მაგალითს, რომლებშიც აისახა იეჰოვას მიმტევებლობის სრულყოფილება.

^ აბზ. 3 თუმცა, საინტერესოა, რომ ფსალმუნის 102:13-ში ებრაულ ზმნას „რახამ“ დამატებითი მნიშვნელობაც აქვს და იმ წყალობაზე, ანუ თანაგრძნობაზე მიუთითებს, რომელსაც მამა ავლენს შვილისადმი.

^ აბზ. 10 გამოთქმა „ვეღარ აიტანა მისმა სულმა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „სულის შემოკლებას; მოთმინების გამოლევას“. „ახალი ინგლისური ბიბლია“ ამბობს: „მას მეტად აღარ შეეძლო ისრაელის ტანჯვის ყურება“.