წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 28

„მხოლოდ შენა ხარ ერთგული“

„მხოლოდ შენა ხარ ერთგული“

1, 2. რატომ შეიძლება ითქვას, რომ მეფე დავითისთვის უცხო არ ყოფილა ღალატი?

მეფე დავითისთვის უცხო არ ყოფილა ღალატი. მისი მეფობის მშფოთვარე პერიოდში საკუთარი ქვეშევრდომები უწყობდნენ შეთქმულებებს. გარდა ამისა, დავითს უახლოესმა ადამიანებმაც უღალატეს. მათ შორის იყო მიქალი (იგივე მელქოლა), დავითის პირველი ცოლი. თავიდან უყვარდა მიქალს დავითი და, ალბათ, მხარსაც უჭერდა მეფის მოვალეობის შესრულებაში. მოგვიანებით კი მიქალმა „დასცინა მას თავის გულში“ და „ქარაფშუტა ვინმეც“ კი უწოდა (პირველი მეფეთა 18:20; მეორე მეფეთა 6:16, 20).

2 შემდეგ დავითს პირადმა მრჩეველმა, ახითოფელმაც, უღალატა. ახითოფელის რჩევა თავად იეჰოვას სიტყვასავით ფასდებოდა (მეორე მეფეთა 16:23). მაგრამ, მოგვიანებით, ეს ნდობით აღჭურვილი პირი მოღალატედ იქცა და დავითის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებას შეუერთდა. ვინ იყო ამ აჯანყების მოთავე? აბესალომი, დავითის საკუთარი შვილი! ბიბლიაში მოთხრობილია, რომ „მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული“ და მეფეს გაუწია მეტოქეობა. აბესალომის აჯანყებას იმდენი ხალხი შეუერთდა, რომ მეფე დავითს თავის გადასარჩენად გაქცევა დასჭირდა (მეორე მეფეთა 15:1—6, 12—17).

3. რაში იყო დავითი დარწმუნებული?

3 ნუთუ არავინ უერთგულა დავითს? დავითი დარწმუნებული იყო, რომ გასაჭირში სრულიად მარტო არასოდეს დარჩენილა. ვინ იყო მისი ერთგული? თავად იეჰოვა ღმერთი. „ერთგულს უერთგულებ“, — უთხრა დავითმა იეჰოვას (მეორე მეფეთა 22:26, აქ). რა არის ერთგულება და როგორ გვაძლევს იეჰოვა ერთგულების შესანიშნავ მაგალითს?

 რა არის ერთგულება?

4, 5. ა) რა არის ერთგულება? ბ) რით განსხვავდება ერთგულება სანდოობისგან?

4 ებრაულ წერილებში გამოყენებულ სიტყვა „ერთგულებაში“ იგულისხმება სიკეთე, რომელიც სიყვარულით ვლინდება ვინმესადმი, ვიდრე მასთან დაკავშირებული მიზანი ბოლომდე შესრულდება. ერთგულება სანდოობასა და საიმედოობაზე მეტს ნიშნავს. ადამიანი შეიძლება პასუხისმგებლობის გრძნობის გამოც იყოს სანდო და საიმედო. ერთგულებას კი სიყვარული უდევს საფუძვლად. გარდა ამისა, სიტყვა „სანდო“ უსულო საგნებთან დაკავშირებითაც გამოიყენება. მაგალითად, ფსალმუნმომღერალმა მთვარეს უწოდა «ჭეშმარიტი [„სანდო“, აქ] მოწმე ზეცაში» იმის გამო, რომ ის ღამით ყოველთვის ცაზეა (ფსალმუნი 88:38). მაგრამ მთვარეს ვერ დავახასიათებთ, როგორც ერთგულს. რატომ? ერთგულება სიყვარულიდან გამომდინარეობს. სიყვარულს კი ვერ გამოავლენს უსულო საგანი.

მთვარეს სანდო მოწმე ეწოდება, მაგრამ მხოლოდ გონიერ ქმნილებებს შეუძლიათ იეჰოვას მიჰბაძონ ერთგულების გამოვლენაში.

5 ბიბლიური გაგებით, ერთგულება თბილი გრძნობაა. ერთგულება მხოლოდ იმ ადამიანებს შორის ვლინდება, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ დამყარებული. ერთგულება არაცვალებადი თვისებაა. ის არ ჰგავს ზღვის ტალღებს, რომლებსაც აქეთ-იქით ახეთქებს ქარი. ერთგულებას არ  აკლია სტაბილურობა და სიმტკიცე, რომ უდიდეს სირთულეებსაც კი გაუძლოს.

6. ა) რამდენად იშვიათია ერთგულება დღეს ადამიანებში და რა არის ბიბლიაში ნათქვამი ამის თაობაზე? ბ) რა დაგვეხმარება, რომ ერთგულების არსსა და მიზანს ჩავწვდეთ და რატომ არის ეს საუკეთესო საშუალება?

6 ასეთი ერთგულება დღეს ნამდვილად იშვიათია. ხშირად კარგი ამხანაგებიც კი „მზად არიან ერთმანეთის დასამსხვრევად“. სულ უფრო ხშირდება შემთხვევები, როდესაც მეუღლეები ღალატობენ ერთმანეთს (იგავნი 18:24, აქ; მალაქია 2:14—16). ღალატი დღევანდელი ცხოვრების იმდენად განუყოფელი ნაწილია, რომ შეგვიძლია წინასწარმეტყველი მიქას სიტყვები გავიმეოროთ: «გადაშენდა ღვთისნიერი [„ერთგული“, აქ] ქვეყანაზე» (მიქა 7:2). ადამიანებს ხშირად უჭირთ ერთგულება, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ერთგულია. ბოლომდე რომ ჩავწვდეთ ერთგულების არსსა და მიზანს, განვიხილოთ, როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას, რომელიც სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

იეჰოვას შეუდარებელი ერთგულება

7, 8. რას ნიშნავს სიტყვები, რომ მხოლოდ იეჰოვაა ერთგული?

7 ბიბლიაში იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „მხოლოდ შენა ხარ ერთგული“ (გამოცხადება 15:4, აქ). რატომ? განა ზოგი ადამიანი და ანგელოზიც არ ავლენს ერთგულებას? (იობი 1:1; გამოცხადება 4:8). განა იესო ქრისტე ღვთის ერთგული არ არის? (ფსალმუნი 16:10, აქ [15:10]). მაშ, რატომ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ იეჰოვაა ერთგული?

8 უპირველესად, გაიხსენე, რომ ერთგულება სიყვარულიდან გამომდინარეობს. რადგან ღმერთი სიყვარულია, ანუ ამ თვისების განსახიერებაა, განა შესაძლებელია ვინმე მასზე მეტად ერთგული იყოს? (1 იოანე 4:8). ანგელოზებსა და ადამიანებს, ცხადია, შეუძლიათ ღმერთს მიბაძონ სხვადასხვა თვისების გამოვლენაში, მაგრამ აბსოლუტურ ერთგულებას მხოლოდ იეჰოვა ავლენს. ის „ძველი დღეთაა“ და ამიტომაც მასზე დიდხანს  ვერც ერთი მიწიერი და ზეციერი ქმნილება ვერ გამოავლენდა ერთგულებას (დანიელი 7:9). აქედან გამომდინარე, იეჰოვაში განსახიერდება ერთგულება. ვერც ერთი ქმნილება ვერ შეედრება იეჰოვას ამ თვისების გამოვლენაში. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას.

9. რა გაგებით არის იეჰოვა ერთგული ყველა თავის საქმეში?

9 იეჰოვა „ერთგულია ყველა თავის საქმეში“ (ფსალმუნი 145:17, აქ [144:17]). რა მხრივ? ამას 135-ე ფსალმუნიდან ვიგებთ. ამ ფსალმუნში მოხსენებულია სხვადასხვა შემთხვევა, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი, მათ შორის, თუ როგორ გადააკვეთინა მეწამული ზღვა. აღსანიშნავია, რომ ფსალმუნმომღერალი თითოეულ მუხლს გამოყოფს ფრაზით: „უკუნისამდეა წყალობა [აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა ერთგულებასაც ნიშნავს] მისი“. ეს ფსალმუნი ჩართულია 289-ე გვერდზე მოცემულ „საფიქრებელ კითხვებში“. შთამბეჭდავია ამ მუხლებში მოყვანილი მაგალითები, თუ როგორ გამოავლინა იეჰოვამ თავისი ხალხისადმი წყალობა. დიახ, იეჰოვა ერთგულებას ავლენს თავისი მსახურებისადმი, როდესაც ისმენს მათ თხოვნას და თავის დროზე ეხმარება (ფსალმუნი 33:7). იეჰოვა არასდროს ტოვებს თავის მსახურებს, თუ ისინი ერთგულად ემსახურებიან.

10. როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას თავის ნორმებთან დაკავშირებით?

10 გარდა ამისა, იეჰოვა იმ გაგებით არის თავისი მსახურების ერთგული, რომ ერთგულად იცავს თავის ნორმებს. თავკერძა ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც თვითნებურად და იმპულსურად მოქმედებს, იეჰოვა არ ღალატობს თავის პრინციპებს და მყარ თვალსაზრისს ინარჩუნებს კარგისა და ცუდის შესახებ. ათასწლეულების განმავლობაში უცვლელია მისი აზრი სპირიტიზმზე, კერპთაყვანისმცემლობასა და მკვლელობაზე. „შენს სიბერემდე მე იგივე ვარ“, — თქვა იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველის პირით (ესაია 46:4). ამიტომაც, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ნამდვილად მოგვიტანს სარგებლობას ღვთის სიტყვაში ნათლად ჩამოყალიბებული ზნეობრივი ნორმების დაცვა (ესაია 48:17—19).

11. მოიყვანე დამამტკიცებელი მაგალითები, რომ იეჰოვა თავის სიტყვას ასრულებს.

 11 იეჰოვა იმ მხრივაც ავლენს ერთგულებას, რომ ყოველთვის სანდოა მისი აღთქმები. მისი წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება. სწორედ ამიტომაც ამბობს ის: „ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ (ესაია 55:11). სიტყვის შესრულებით იეჰოვა თავისი ხალხისადმი ერთგულებას ავლენს. ის მათ ფუჭად არასდროს ალოდინებს. იეჰოვას ეს თვისება იმდენად უდავოა, რომ მის ერთ მსახურს, იესო ნავეს ძეს, შეეძლო თამამად ეთქვა: „არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა“ (იესო ნავეს ძე 21:43). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა არასდროს გაგვიცრუებს იმედს და არ დაივიწყებს თავის დანაპირებს (ესაია 49:23; რომაელთა 5:5).

12, 13. რა გაგებით არის იეჰოვას წყალობა „უკუნისამდე“?

12 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიბლიაში იეჰოვას შესახებ ნათქვამია, რომ „უკუნისამდეა წყალობა [ანუ ერთგულება] მისი“ (ფსალმუნი 135:1). რას ნიშნავს ეს? უპირველესად იმას, რომ იეჰოვა მარადიულად პატიობს ცოდვებს. 26-ე თავში განხილული იყო, რომ იეჰოვა ადამიანს არ უხსენებს ძველ ცოდვებს, რომლებიც უკვე აპატია. რადგანაც „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“, თითოეული ადამიანი მადლობელი უნდა იყოს, რომ „უკუნისამდეა“ იეჰოვას წყალობა (რომაელთა 3:23).

13 იეჰოვას წყალობა სხვა გაგებითაც არის უკუნისამდე. მის სიტყვაში ნათქვამია, რომ მართალი ადამიანი იქნება „წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნი 1:3). წარმოიდგინე მშვენიერი ხე, რომლის ფოთლებიც არასდროს ჭკნება! მსგავსად ამისა, თუ შევიყვარებთ ღვთის სიტყვას, ხანგრძლივი, მშვიდობიანი  და ნაყოფიერი ცხოვრებით გავიხარებთ. იეჰოვა მარადიულად აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს. დიახ, იეჰოვას მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში მორჩილი ადამიანები უკუნისამდე გაიხარებენ მისი წყალობით (გამოცხადება 21:3, 4).

იეჰოვა „არ მიატოვებს თავის ერთგულებს“

14. როგორ ცხადყოფს იეჰოვა, რომ აფასებს თავისი მსახურების ერთგულებას?

14 იეჰოვას ხშირად გამოუვლენია ერთგულება. რადგანაც იეჰოვა უცვლელია, ის უცვლელად ავლენს ერთგულებას თავისი ერთგული მსახურებისადმი. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: «ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი. რადგან უფალი — სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდებს [„ერთგულებს“, აქ]» (ფსალმუნი 36:25, 28, კს). ცხადია, იეჰოვა, ჩვენი შემოქმედი, თავისთავად იმსახურებს თაყვანისცემას (გამოცხადება 4:11). მიუხედავად ამისა, ერთგული ღმერთისთვის ძალიან ძვირფასია ჩვენი ერთგულება (მალაქია 3:16, 17).

15. ახსენი, როგორ ჩანს იეჰოვას ერთგულება ისრაელისადმი მოპყრობაში.

15 ერთგული ღმერთი გასაჭირში არასდროს ტოვებს თავის ხალხს. ფსალმუნმომღერალი გვეუბნება: «ის იცავს მის წმიდათა [„ერთგულთა“, აქ] სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ» (ფსალმუნი 96:10). მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, თუ როგორ მოეპყრო იეჰოვა ისრაელ ერს. მეწამული ზღვის სასწაულებრივად გადაკვეთის შემდეგ ისრაელებმა უმღერეს იეჰოვას: „ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში“ (გამოსვლა 15:13). იეჰოვამ თავისი ხალხისადმი ნამდვილად დიდი ერთგულება და სიყვარული გამოავლინა, როდესაც ისინი მეწამულ ზღვასთან დაიხსნა. ამიტომაც მოსემ ისრაელებს უთხრა: „იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი  ხარ, არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს. გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან“ (მეორე რჯული 7:7, 8).

16, 17. ა) როგორ გამოავლინეს ისრაელებმა დიდი უმადურობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, როგორ შეიბრალა ისინი იეჰოვამ? ბ) როგორ ცხადყო ისრაელების უმრავლესობამ, რომ „უსაშველო რისხვას“ იმსახურებდნენ და რას ვსწავლობთ აქედან?

16 ცხადია, ისრაელმა ერმა, მთლიანობაში, იეჰოვასადმი მადლიერება არ გამოავლინა ერთგულებისთვის — გათავისუფლების შემდეგ ისინი „განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს“ (ფსალმუნი 77:17). ისრაელები საუკუნეების განმავლობაში ზურგს აქცევდნენ იეჰოვას და თავს იბილწავდნენ ცრუ ღმერთების წარმართული თაყვანისმცემლობით. მიუხედავად ამისა, იეჰოვას არ დაურღვევია შეთანხმება. იეჰოვა იერემიას პირით მოუწოდებდა თავის ხალხს: «მოიქეცი, განდგომილო ისრაელო. . . არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე [„ერთგული“, აქ] ვარ» (იერემია 3:12). როგორც 25-ე თავში აღვნიშნეთ, ისრაელების უმრავლესობამ ყურად არ იღო ეს მოწოდება. „ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს“. როდემდე? „ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“ (მეორე ნეშტთა 36:15, 16).

17 რას ვსწავლობთ აქედან? იეჰოვა ბრმად როდი ავლენს ერთგულებას. ცხადია, იეჰოვა „დიდმადლიანია“ და სიამოვნებით ავლენს მოწყალებას, როდესაც ამის საფუძველი აქვს. მაგრამ რა ხდება, როდესაც შემცოდველი არ სწორდება? ამ შემთხვევაში იეჰოვა თავის სამართლიან ნორმებს იცავს და მსჯავრს სდებს შემცოდველს. როგორც მოსემ აღნიშნა, იეჰოვა აუცილებლად სჯის ასეთ დამნაშავეს (გამოსვლა 34:6, 7).

18, 19. ა) რა გაგებით ავლენს იეჰოვა ერთგულებას დამნაშავეთა დასჯით? ბ) როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას თავის მსახურთა მიმართ, რომლებსაც დევნიდნენ და ხოცავდნენ?

18 ღმერთი დამნაშავეთა დასჯითაც ავლენს ერთგულებას. როგორ?  ამას წიგნ „გამოცხადებიდანაც“ ვიგებთ, სადაც იეჰოვა შვიდ ანგელოზს ეუბნება: „წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი“. როდესაც მესამე ანგელოზმა გადმოღვარა თავისი თასი „მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე“, წყალი სისხლად იქცა. ამის შემდეგ ანგელოზმა იეჰოვას უთხრა: «მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო [„ერთგულო“, აქ], რადგანაც ასე განიკითხე. ვინაიდან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და შენ მიეცი მათ სასმელად სისხლი, ვინაიდან დაიმსახურეს» (გამოცხადება 16:1—6).

იეჰოვა ერთგულებას ავლენს — იმახსოვრებს და მომავალში აღადგენს მათ, ვინც სიკვდილამდე მისი ერთგული რჩება.

19 ყურადღება მიაქციე, რომ ანგელოზი „ერთგულს“ უწოდებს იეჰოვას, როდესაც განკითხვაზე ლაპარაკობს. რატომ? ბოროტთა განადგურებით იეჰოვა ერთგულებას ავლენს თავისი მსახურებისადმი, რომლებსაც დევნიდნენ და ხოცავდნენ. იეჰოვა ერთგულებას ავლენს იმითაც, რომ მის მეხსიერებაში ცოცხლობენ ეს მსახურები. მას სურს, კვლავ იხილოს ისინი და, როგორც ბიბლია გვაუწყებს, მომავალში აღადგინოს (იობი 14:14, 15). იეჰოვა არ ივიწყებს თავის ერთგულ მსახურებს, როდესაც ისინი კვდებიან. „მისთვის ყველა ცოცხალია“ (ლუკა 20:37, 38). იეჰოვას  ერთგულების დამადასტურებელია ის, რომ განზრახული აქვს, სიცოცხლე დაუბრუნოს ყველას, ვისაც არ ივიწყებს.

ბერნარ ლოიმესი (ზემოთ) და ვოლფგანგ კუსეროვი (შუაში) ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს.

მოზეს ნიამუსუა (მარჯვნივ) ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფების წევრებმა მოკლეს.

იეჰოვას ერთგულება — გადარჩენისკენ მიმავალი გზა

20. ვინ არიან „წყალობის ჭურჭლები“ და როგორ ავლენს იეჰოვა მათდამი ერთგულებას?

20 იეჰოვა თავისი ერთგული მსახურებისადმი ყოველთვის უდიდეს ერთგულებას ავლენს. ათასწლეულებია გასული, რაც იეჰოვა „მრავალი სულგრძელობით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს“. რატომ? „რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად“ (რომაელთა 9:22, 23). „წყალობის ჭურჭლები“ სწორად განწყობილი ადამიანები არიან, რომლებიც სულიწმიდით იქნენ ცხებული იმისათვის, რომ ქრისტეს თანამმართველები გამხდარიყვნენ ზეციერ სამეფოში (მათე 19:28).  „წყალობის ჭურჭლებისთვის“ ხსნისკენ მიმავალი გზის გახსნით იეჰოვამ ერთგულება გამოავლინა აბრაამის მიმართ, რომლისთვისაც აღთქმული ჰქონდა: „იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა“ (დაბადება 22:18).

იეჰოვას ერთგულება მომავლის საფუძვლიან იმედს აძლევს ღვთის ყველა ერთგულ მსახურს.

21. ა) როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას „უამრავი ხალხისადმი“, რომლებსაც „დიდ გასაჭირში“ გადარჩენის იმედი აქვთ? ბ) რისკენ აღგძრავს იეჰოვას ერთგულება?

21 ამის მსგავსად ავლენს იეჰოვა ერთგულებას „უამრავი ხალხის“ მიმართ, რომელთაც „დიდ გასაჭირში“ გადარჩენისა და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ (გამოცხადება 7:9, 10, 14). მართალია, იეჰოვას მსახურები არასრულყოფილები არიან, მაგრამ იეჰოვა ერთგულებას ავლენს მათდამი და შესაძლებლობას აძლევს, მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დადამიწაზე. როგორ? გამოსასყიდის მეშვეობით, რომლითაც იეჰოვამ უდიდესი ერთგულება გამოავლინა (იოანე 3:16; რომაელთა 5:8). იეჰოვას ერთგულება იზიდავს სამართლიანობას მოწყურებულ ადამიანებს (იერემია 31:3, აქ [31:2]). განა იეჰოვას მადლობელი არა ხარ, რომ ის ჩვენდამი უდიდეს ერთგულებას ავლენს და კვლავაც გამოავლენს? რადგანაც ღმერთთან დაახლოება გვსურს, გამოვეხმაუროთ მის სიყვარულს და ერთგულად განვაგრძოთ მისთვის მსახურება.

გაიგეთ მეტი

დააფასეთ იეჰოვას თვისებები

რას ნიშნავს უშუალობა და მიუკერძოებლობა? იეჰოვა ღმერთი გვაძლევს იმის მაგალითს, თუ როგორ გამოვავლინოთ ეს თვისებები.