წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 29

„ქრისტეს სიყვარულის“ შეცნობა

„ქრისტეს სიყვარულის“ შეცნობა

1—3. ა) რამ აღძრა იესო, მამისთვის მიებაძა? ბ) იესოს მიერ გამოვლენილი სიყვარულის რა მხარეებს განვიხილავთ?

გინახავს, როგორ ჰბაძავს მამას პატარა ბიჭუნა? ის ცდილობს, მამასავით იაროს, ილაპარაკოს და მოიქცეს. თანდათანობით მას, შეიძლება, ზნეობრივ ნორმებსა და სულიერ ღირებულებებთან დაკავშირებითაც კი სწორედ ისეთი თვალსაზრისი ჩამოუყალიბდეს, როგორიც მშობელს აქვს. დიახ, სიყვარული და პატივისცემის გრძნობა ბიჭუნას აღძრავს, თავის მზრუნველ მამას დაემსგავსოს.

2 რა ურთიერთობა აქვს, ამ მხრივ, იესოს თავის ზეციერ მამასთან? „მამა მიყვარს“, — თქვა მან ერთხელ (იოანე 14:31). ალბათ, ვერავინ შეიყვარებდა იეჰოვას უფრო მეტად, ვიდრე უყვარს ძეს, რომელიც ყველა სხვა ქმნილების გაჩენამდე იცნობს ზეციერ მამას. სწორედ მამის სიყვარულმა აღძრა იესო, მისთვის მიებაძა (იოანე 14:9).

3 ამ წიგნის წინა თავებში განვიხილეთ, რა ზუსტად ჰბაძავდა იესო თავის მამას ძლიერების, სამართლიანობისა და სიბრძნის გამოვლენაში. მაგრამ როგორ ირეკლავდა ის იეჰოვას სიყვარულს? განვიხილოთ იესოს მიერ გამოვლენილი სიყვარულის სამი მხარე — თავგანწირვის სული, თანაგრძნობა და მიმტევებლობა.

„იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს“

4. როგორ მოგვცა იესომ თავგანწირვის სულის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი?

4 იესომ თავგანწირვის სულის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი მოგვცა. თავგანწირვა უანგარობასა და საკუთარ ინტერესებზე წინ სხვების ინტერესების დაყენებას მოიცავს. როგორ გამოავლინა იესომ თავგანწირვის სული? მან თავად აგვიხსნა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს  თავისი მეგობრისათვის“ (იოანე 15:13). იესომ საკუთარი ნებით გაიღო ჩვენთვის თავისი სრულყოფილი სიცოცხლე. ეს უდიდესი სიყვარული იყო, რომელიც კი ოდესმე ადამიანებს გამოუვლენიათ. გარდა ამისა, იესომ სხვაგვარადაც ცხადყო, რომ თავგანწირვის სულით ავლენდა სიყვარულს.

5. რატომ იყო სიყვარულით გაღებული მსხვერპლი ის, რომ ღვთის მხოლოდშობილმა ძემ ზეცა დატოვა?

5 დედამიწაზე მოსვლამდე ღვთის მხოლოდშობილ ძეს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა ზეცაში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან და უამრავ სულიერ ქმნილებასთან. მიუხედავად ამისა, ღვთის ამ საყვარელმა ძემ „მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი“ (ფილიპელთა 2:7). ის მზად იყო, ცოდვილ ადამიანებს შორის ეცხოვრა წუთისოფელში, რომელიც „ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19). განა ეს მის მიერ სიყვარულით გაღებული მსხვერპლი არ იყო?

6, 7. ა) როგორ გამოავლინა იესომ თავგანწირვის სული დედამიწაზე მსახურებისას? ბ) უანგარო სიყვარულის რა შთამბეჭდავი მაგალითია ჩაწერილი იოანეს 19:25—27-ში?

6 დედამიწაზე ცხოვრებისას იესო სხვაგვარადაც ავლენდა თავგანწირვის სულს. ის სრულიად უანგარო იყო. იესომ ყველაფერი მსახურებას მიუძღვნა და ჩვეულებრივი საცხოვრებელი პირობებიც კი გაიღო მსხვერპლად. „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები. კაცის ძეს კი არ გააჩნია, სად მიიდრიკოს თავი“, — თქვა მან (მათე 8:20). იესო კარგი დურგალი იყო, ამიტომაც შეეძლო დრო გამოეყო და თავისთვის კარგი სახლი აეშენებინა ან კარგი ავეჯი გაეკეთებინა და გაეყიდა, რომ ფული აეღო. მაგრამ იესოს საკუთარი უნარი ქონების შესაძენად არ გამოუყენებია.

7 იესოს მიერ თავგანწირვის სულით გამოვლენილი სიყვარულის შესანიშნავი მაგალითია ჩაწერილი იოანეს 19:25—27-ში. წარმოიდგინე, სიკვდილის წინ იესოს რამდენი რამ უნდა ჰქონოდა გულსა და გონებაში. ძელზე გაკრული იესო სწუხდა მოწაფეებისა და სამქადაგებლო საქმის მომავლის გამო და განსაკუთრებულად ღელავდა საკუთარ უმწიკვლობაზე, რაც ზეციერი მამის  სახელთან იყო დაკავშირებული. იმ წუთებში იესოზე იყო დამოკიდებული მთელი კაცობრიობის მომავალი! მიუხედავად ამისა, სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე იესომ მზრუნველობა გამოავლინა საკუთარი დედის მიმართ, რომელიც იმ დროს, როგორც ჩანს, ქვრივი იყო. მან მოციქულ იოანეს სთხოვა, საკუთარ დედასავით მიეხედა მარიამისთვის. ამის შემდეგ მოციქულმა მარიამი თავისთან წაიყვანა. ამგვარად, იესომ დედის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე იზრუნა. უანგარო სიყვარულის რა შთამბეჭდავი მაგალითია!

იესოს „შეებრალა“ ხალხი

8. რას ნიშნავს ბერძნული სიტყვა, რომელიც ბიბლიაში იესოს მიერ გამოვლენილი თანაგრძნობის აღსაწერად გამოიყენება?

8 იესო თავისი მამის მსგავსად თანამგრძნობი იყო. საღვთო წერილში აღწერილია, როგორ ეხმარებოდა იესო გასაჭირში მყოფთ, რომელთაც გულით თანაუგრძნობდა. იესოს თანაგრძნობის აღსაწერად, ბიბლიაში გამოყენებულია ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „შეებრალა“. ერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ „ის აღწერს. . . გრძნობას, რომელმაც სულით შეძრა ადამიანი. ბერძნულში ეს ძლიერი სიტყვაა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს თანაგრძნობას“. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც იესოს გული სიბრალულით აევსო, რამაც სათანადო მოქმედებისკენ აღძრა.

9, 10. ა) რატომ სურდათ განმარტოება იესოსა და მოციქულებს? ბ) რა რეაქცია ჰქონდა იესოს, როდესაც ხალხმა განმარტოების საშუალება არ მისცა და რა იყო ამის მიზეზი?

9 სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აღძრული. მარკოზის 6:30—34-ში ნაჩვენებია, თუ ძირითადად რა იწვევდა იესოში სიბრალულის გრძნობას. წარმოიდგინე შემდეგი სურათი: შთაბეჭდილებებით დატვირთული მოციქულები ეს-ეს იყო სამქადაგებლო მოგზაურობიდან დაბრუნებულიყვნენ. ისინი იესოსთან შეკრებილიყვნენ და ყველაფერს უყვებოდნენ, რაც კი ენახათ და გაეგონათ. ამ დროს მათ გარშემო უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი; იესომ და მოციქულებმა ჭამაც კი ვერ მოასწრეს. იესოს დაკვირვებულმა თვალმა შენიშნა, რომ მოციქულები  დაღლილები იყვნენ. „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ“, — უთხრა მათ იესომ. იესო და მოციქულები ნავში ჩასხდნენ და გალილეის ზღვის ჩრდილოეთით გაცურეს. ხალხმა დაინახა, საით წავიდნენ ისინი. სხვებსაც შეატყობინეს ამის შესახებ და ჩრდილოეთ სანაპიროთი უფრო ადრე მიირბინეს იმ ადგილამდე, ვიდრე ნავი ნაპირს მიადგებოდა!

10 განაწყენდა იესო იმის გამო, რომ განმარტოების ნება არ მისცეს? სრულიადაც არა! იესოს სიბრალულის გრძნობა დაეუფლა ნაპირზე ათასობით ადამიანის დანახვაზე! მარკოზი წერს: „უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება“. იესომ მათში სულიერს მოწყურებული პიროვნებები დაინახა. ისინი უმწყემსო ცხვრებივით გზააბნეული და დაუცველი იყვნენ. იესომ იცოდა, რომ უბრალო ხალხს არაფრად აგდებდნენ გულცივი რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც მოსიყვარულე მწყემსები უნდა ყოფილიყვნენ (იოანე 7:47—49). მას გული სიბრალულით აევსო და ხალხთან ლაპარაკი დაიწყო „ღვთის სასუფეველზე“ (ლუკა 9:11). ყურადღება მიაქციე, რომ იესოს ხალხი მანამდე შეებრალა, ვიდრე დაინახავდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ მის სიტყვებზე. ანუ იესოს თანაგრძნობა სწავლების პროცესის შედეგი კი არ იყო, არამედ მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ დაუწყო იესომ ხალხს სწავლება.

„გაიწოდა ხელი, შეახო მას“.

11, 12. ა) როგორ ეპყრობოდნენ კეთროვნებს ბიბლიურ დროში, მაგრამ როგორ მოეპყრო იესო „კეთრით დაფარულ“ კაცს, რომელიც მას მიუახლოვდა? ბ) როგორ იმოქმედებდა კეთროვანზე იესოს შეხება და როგორ გვეხმარება მისი რეაქციის აღქმაში ერთი ექიმის შემთხვევა?

11 ტანჯვის შესამსუბუქებლად აღძრული. სხვადასხვა დაავადებით დატანჯული ადამიანები ხედავდნენ, რომ იესო თანაუგრძნობდათ, ამიტომაც არ უჭირდათ მასთან მიახლოება. ეს შესანიშნავად ცხადყო ერთმა შემთხვევამ, როდესაც იესოსთან, რომლის გარშემოც უამრავი ხალხი შეკრებილიყო, „კეთრით დაფარული“ კაცი მივიდა (ლუკა 5:12). ბიბლიურ დროში კეთროვნები იზოლირებული ჰყავდათ იმისათვის, რომ სხვებიც არ  გაუწმიდურებულიყვნენ (რიცხვნი 5:1—4). დროთა განმავლობაში კი რაბინებმა ხელი შეუწყვეს კეთროვნების შესახებ სასტიკი თვალსაზრისის გავრცელებას და თავიანთი დაუნდობელი კანონები ჩამოაყალიბეს *. მაგრამ ყურადღება მიაქციე, როგორ მოექცა კეთროვანს იესო: «მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა“. შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი» (მარკოზი 1:40—42). იესომ იცოდა, რომ კეთროვანს, კანონით, იქ ყოფნაც კი ეკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, მას კეთროვანი თავიდან არ მოუშორებია. სულით შეძრულმა იესომ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ის კეთროვანს შეეხო!

12 შეგიძლია წარმოიდგინო, რას ნიშნავდა ეს შეხება კეთროვნისთვის? მაგალითად მოვიყვანოთ ერთი შემთხვევა. დოქტორი პაულ ბრანდი, კეთროვანთა მკურნალი, ინდოეთში ერთ ავადმყოფზე მოგვითხრობს. პაციენტის გასინჯვის შემდეგ ექიმმა მას ხელი მხარზე დაადო და თარჯიმნის დახმარებით აუხსნა, თუ როგორ ჩაუტარებდა მკურნალობას. მოულოდნელად კეთროვანი აქვითინდა. „რამე ხომ არ გაწყენინე?“ — ჰკითხა მას ექიმმა. თარჯიმანი ავადმყოფს თავის ენაზე დაელაპარაკა და შემდეგ ექიმს უპასუხა: „არა, ექიმო. ავადმყოფი თურმე იმის გამო ტირის, რომ ხელი მოჰხვიეთ. აქ მოხვედრის შემდეგ უკვე რამდენიმე წელია, რაც არავინ მიჰკარებია“. იმ კეთროვნისთვის, რომელიც იესოს მიუახლოვდა, შეხებას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთი შეხებით ავადმყოფობა, რომლის გამოც საზოგადოებისგან მოკვეთილი იყო, უკვალოდ გაქრა!

13, 14. ა) რა დაინახა იესომ, როდესაც ქალაქ ნაინს მიუახლოვდა და რატომ იყო მდგომარეობა უკიდურესად დამამწუხრებელი? ბ) რის გასაკეთებლად აღძრა თანაგრძნობამ იესო?

 13 მწუხარების გასაქარწყლებლად აღძრული. იესო სულით იყო შეძრული, როდესაც ხედავდა, რომ ვინმე მწუხარებას მოეცვა. განვიხილოთ ერთი მაგალითი, რომელიც ლუკას 7:11—15-შია ჩაწერილი. აქ მოთხრობილი ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც მსახურებისას იესო გალილეის ქალაქ ნაინის შემოგარენს მიადგა. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, იესომ დაინახა, რომ მიცვალებულს მოასვენებდნენ. მდგომარეობა უზომოდ დამამწუხრებელი იყო. ქვრივ დედას ერთადერთი ახალგაზრდა ვაჟი უნდა დაეკრძალა. ქვრივს, ალბათ, ასეთივე გლოვით ეყოლებოდა დაკრძალული თავისი ქმარი. ახლა კი შვილს, თავის ერთადერთ იმედს, მოასვენებდა. დედასთან ერთად, ალბათ, სხვა მგლოვიარენი და დამკვრელებიც მოჰყვებოდნენ მიცვალებულს (იერემია 9:16, 17; მათე 9:23). მაგრამ იესომ მზერა შეაჩერა მხოლოდ დარდით გულმოკლულ დედაზე, რომელიც, უეჭველად, ახლოს მოჰყვებოდა ცხედარს.

14 იესოს „შეეცოდა“ ქვრივი დედა და დამამშვიდებელი ტონით უთხრა მას: „ნუ სტირი“. ის საკუთარი ინიციატივით მიუახლოვდა ცხედარს და საკაცეს შეეხო. გამსვენებლები შეჩერდნენ. იესომ ძლიერი ხმით უთხრა უსულო სხეულს: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“. რა მოხდა ამის შემდეგ? „მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი“, თითქოს ეძინა და გაიღვიძა! შემდეგ კი ვკითხულობთ ყველაზე მეტად გულში ჩამწვდომ ფრაზას: „და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას“.

15. ა) რა კავშირს ვხედავთ თანაგრძნობასა და მოქმედებას შორის, როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ როგორ ებრალებოდა ადამიანები იესოს? ბ) როგორ უნდა მივბაძოთ იესოს?

15 რას ვიგებთ ამ შემთხვევებიდან? დაუკვირდი, რომ თითოეულ შემთხვევაში თანაგრძნობას კონკრეტული მოქმედება მოჰყვა. შეუძლებელი იყო, იესოს ვინმე გასაჭირში ენახა და გული სიბრალულით არ ავსებოდა; სიბრალული და თანაგრძნობა კი აუცილებლად აღძრავდა მოქმედებისკენ. რა უნდა ვისწავლოთ ამ მაგალითებიდან? ჩვენ, ქრისტიანებს, სასიხარულო ცნობის  ქადაგება და მოწაფეების მომზადება გვევალება. ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად, ძირითადად, ღვთის სიყვარული აღგვძრავს. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანაგრძნობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ ხალხს იესოს მსგავსად თანავუგრძნობთ, მათთვის სასიხარულო ცნობის გადაცემის სურვილი აღგვეძრება (მათე 22:37—39). მაგრამ როგორ უნდა თანავუგრძნოთ თანამორწმუნეებს, რომლებიც გლოვობენ ან რაღაცის გამო სწუხან? ცხადია, ძალა არ შეგვწევს, სასწაულით განვკურნოთ დაავადება ან ვინმე მკვდრეთით აღვადგინოთ. ის კი შეგვიძლია, რომ მოქმედებაში გამოვავლინოთ თანაგრძნობა — გამოვხატოთ გულისტკივილი და, თუ საჭიროა, საკუთარი ინიციატივით დავეხმაროთ (ეფესელთა 4:32).

„მამაო, მიუტევე ამათ“

16. საიდან ჩანს, რომ იესო მაშინაც კი მზად იყო პატიებისთვის, როდესაც ძელზე იყო გაკრული?

16 სიყვარულის გამოვლენაში იესო სხვა მხრივაც ჰბაძავდა თავის მამას — ის ‘მზად იყო მიტევებისთვის’ (ფსალმუნი 86:5, აქ [85:5]). მისი მიმტევებლობა იმ დროსაც კი გამოჩნდა, როდესაც ძელზე იყო გაკრული. რას ამბობდა იესო, როდესაც ხელფეხმილურსმული სამარცხვინო სიკვდილს ელოდა? შესთხოვდა იეჰოვას თავისი მტრების დასჯას? სიკვდილის წინ იესომ სრულიად საპირისპირო რამ თქვა: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34) *.

17—19. როგორ ცხადყო იესომ, რომ პეტრეს აპატია სამჯერ უარყოფა?

17 იესოს მიმტევებლობის, ალბათ, უფრო შთამბეჭდავი მაგალითია ის, თუ როგორ მოეპყრო პეტრე მოციქულს. უეჭველია,  პეტრეს ძლიერ უყვარდა იესო. 14 ნისანს, იესოს სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს, პეტრემ მას უთხრა: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც“. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საათში პეტრემ ისიც კი უარყო სამჯერ, რომ იცნობდა იესოს! ბიბლიაში მოთხრობილია, თუ რა მოხდა მესამედ უარყოფის შემდეგ: „უფალი მობრუნდა და შეხედა პეტრეს“. ცოდვით დამძიმებული პეტრე „გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა“. იმავე დღეს იესოს სიკვდილის შემდეგ, პეტრეს ალბათ კვლავ არ ასვენებდა იმაზე ფიქრი, აპატია თუ არა უფალმა (ლუკა 22:33, 61, 62).

18 პასუხის მისაღებად პეტრეს დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. 16 ნისანს, დილას, ღმერთმა იესო აღადგინა და, როგორც ჩანს, იესო იმავე დღეს ეჩვენა პირადად პეტრეს (ლუკა 24:34; 1 კორინთელთა 15:4—8). რატომ მიაქცია მან განსაკუთრებული ყურადღება მოციქულს, რომელმაც სამჯერ უარყო? შესაძლებელია იესოს უნდოდა, ენუგეშებინა პეტრე, რომ მონანიების შემდეგ უფლისთვის კვლავაც საყვარელი და დასაფასებელი იყო. იესომ უფრო მეტიც კი გააკეთა პეტრეს სანუგეშებლად.

19 მოგვიანებით იესო გალილეის ზღვასთან ეჩვენა მოწაფეებს. ამ დროს მან სამჯერ ჰკითხა პეტრეს (რომელმაც სამჯერ უარყო უფალი): „გიყვარვარ?“. როდესაც იესომ მესამედ დაუსვა იგივე შეკითხვა, პეტრემ უპასუხა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი: იცი, რომ მიყვარხარ“. დიახ, იესოს შეეძლო ადამიანის გულის დანახვა და კარგად იცოდა, რომ პეტრეს უყვარდა. მიუხედავად ამისა, მან შესაძლებლობა მისცა პეტრეს, სიტყვიერად დაედასტურებინა მისადმი სიყვარული. გარდა ამისა, იესომ პეტრეს თავისი „ცხვრების“ მწყემსვა და გამოკვება მიანდო (იოანე 21:15—17). ამ დროისათვის პეტრეს უკვე დავალებული ჰქონდა ქადაგება (ლუკა 5:10). მაგრამ ახლა იესომ მისადმი დიდი ნდობა გამოხატა და უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დააკისრა — მოციქულს უნდა ეზრუნა მათზე, ვინც ქრისტეს მიმდევარი გახდებოდა. მცირე ხანში იესომ მას შესაძლებლობა მისცა, მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა მოწაფეთა მსახურებაში (საქმეები 2:1—41). რა დიდი შვება იქნებოდა პეტრესთვის იმის ცოდნა, რომ მიტევებული იყო მისი დანაშაული და იესო კვლავაც ენდობოდა!

 შეიცანით „ქრისტეს სიყვარული“?

20, 21. როგორ შეგვიძლია „ქრისტეს სიყვარულის“ სრულად შეცნობა?

20 იეჰოვას სიტყვაში ნამდვილად შესანიშნავად არის აღწერილი ქრისტეს სიყვარული. მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გამოვეხმაუროთ ქრისტეს სიყვარულს? ბიბლია მოგვიწოდებს, რომ შევიცნოთ „ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება“ (ეფესელთა 3:19). როგორც დავინახეთ, იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ სახარებებში მოცემული ინფორმაცია ბევრს გვასწავლის ქრისტეს სიყვარულზე. მაგრამ „ქრისტეს სიყვარულის“ სრულად შეცნობაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე ვიცოდეთ, თუ რა არის ნათქვამი ბიბლიაში იესოს შესახებ.

21 ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია სიტყვით „შეცნობა“ ნიშნავს, „პრაქტიკულად“ იცოდე და „გამოცდილი“ გქონდეს რამე. როდესაც იესოს მსგავსად ვავლენთ სიყვარულს — უანგაროდ ვიღებთ მსხვერპლს სხვებისთვის, თანავუგრძნობთ და მთელი გულით ვპატიობთ მათ — მაშინ ნამდვილად გვესმის მისი გრძნობები. მხოლოდ ამგვარად შეგვიძლია გამოვცადოთ და შევიცნოთ „ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება“. მოდი არასდროს დავივიწყოთ, რომ, რაც მეტად მივბაძავთ ქრისტეს, მით უფრო დავუახლოვდებით მას, ვისაც სრულყოფილად ჰბაძავდა იესო — ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას.

^ აბზ. 11 რაბინებმა დააწესეს, რომ კეთროვანთან 4 წყრთაზე (1, 8 მეტრზე) ახლოს არავინ უნდა მისულიყო. მაგრამ, როდესაც ქარი უბერავდა, კეთროვანი ხალხს 100 წყრთით (45 მეტრით) უნდა დაშორებოდა. მიდრაშულ ლიტერატურაში მოთხობილია ერთი რაბინის შესახებ, რომელიც კეთროვნებს ემალებოდა და სხვა რაბინის შესახებ, რომელიც მათ ქვებით იგერიებდა. ამრიგად, კეთროვნებისთვის უცხო არ იყო უარყოფით, ზიზღითა და დამცირებით გამოწვეული გულისტკივილი.

^ აბზ. 16 ლუკას 23:34-ის პირველი მონაკვეთი ზოგ ძველ ხელნაწერში არ გვხვდება. მაგრამ ამ სიტყვებს ბევრ სხვა აღიარებულ ხელნაწერში ვხვდებით, რის გამოც ჩართულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანსა“ და სხვა თარგმანებში. ამ სიტყვებში იესო, ალბათ, იმ რომაელ ჯარისკაცებს გულისხმობდა, რომლებმაც ძელზე გააკრეს. მათ არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ, რადგან მათთვის უცნობი იყო იესოს ნამდვილი ვინაობა. ცხადია, პასუხი უფრო მეტად მოეთხოვებოდათ რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები იყვნენ იესოს დასჯაზე, რადგან ისინი შეგნებულად სჩადიოდნენ ბოროტებას. მათ უმრავლესობას არ ეპატიებოდა დანაშაული (იოანე 11:45—53).

გაიგეთ მეტი

როგორ შევინარჩუნოთ თავგანწირვის სულისკვეთება?

ჩვენ გვყავს მტერი, რომელსაც შეუძლია თანდათანობით გაგვინელოს თავგანწირვის სული. ეს სტატია დაგვეხმარება, ამოვიცნოთ ეს მტერი და აგრეთვე გვიჩვენებს, თუ როგორ ვებრძოლოთ ბიბლიის მეშვეობით მას.