წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 30

„იარეთ სიყვარულში“

„იარეთ სიყვარულში“

1—3. რას ვგრძნობთ, როდესაც იეჰოვას ვბაძავთ სიყვარულის გამოვლენაში?

„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35, აქ). იესოს ეს სიტყვები ადასტურებს ფაქტს, რომ უანგარო სიყვარულს კურთხევა მოაქვს. ცხადია, ბედნიერებაა სიყვარულის „მიღება“, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერება მოაქვს სიყვარულის „გაცემას“ ანუ გამოვლენას.

2 ყველაზე კარგად ეს ჩვენმა ზეციერმა მამამ იცის. როგორც ამ ნაწილის წინა თავებიდან დავინახეთ, იეჰოვა სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. მასზე მეტად და მასზე დიდხანს არავის გამოუვლენია სიყვარული. მაშ, განა გასაკვირია, რომ იეჰოვას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება? (1 ტიმოთე 1:11, აქ).

3 ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს სურს, რომ განსაკუთრებულად შევეცადოთ, მას მივბაძოთ სიყვარულის გამოვლენაში. ეფესელთა 5:1, 2-ში ნათქვამია: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. იარეთ სიყვარულში“. როდესაც იეჰოვას ვბაძავთ სიყვარულის გამოვლენაში, ვგრძნობთ დიდ ბედნიერებას, რომელიც გაცემას მოჰყვება. აგრეთვე შინაგანად კმაყოფილები ვართ, რადგან ვიცით, რომ ვასიამოვნებთ იეჰოვას, რომელიც „ერთიმეორის სიყვარულს“ მოგვიწოდებს (რომაელთა 13:8). მაგრამ მხოლოდ ამის გამო როდი უნდა ‘ვიაროთ სიყვარულში’.

რატომ არის მნიშვნელოვანი სიყვარულის გამოვლენა?

4, 5. რატომ არის მნიშვნელოვანი თანამორწმუნეთა მიმართ უანგარო სიყვარულის გამოვლენა?

4 რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თანამორწმუნეებისადმი სიყვარული გამოვავლინოთ? მარტივად რომ ვთქვათ, სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანობის არსია. სიყვარულის გარეშე მჭიდრო ურთიერთობა ვერ გვექნება თანაქრისტიანებთან და არაფრად ვეღირებით იეჰოვას თვალში. განვიხილოთ, რა არის ამის შესახებ ნათქვამი ღვთის სიტყვაში.

 5 დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:34, 35). „როგორც მე შეგიყვარეთ“ — დიახ, იესო მოგვიწოდებს, ისეთივე სიყვარული გამოვავლინოთ, როგორც თავად გამოავლინა. 29-ე თავში განვიხილეთ, რომ იესომ თავგანწირვის სულით, ანუ სხვისი ინტერესების პირად ინტერესებზე წინ დაყენებით, სიყვარულის გამოვლენის დიდებული მაგალითი მოგვცა. ჩვენც უნდა გამოვავლინოთ უანგარო სიყვარული; იმდენად აშკარად უნდა გამოვავლინოთ, რომ ის იმ ადამიანებმაც კი შენიშნონ, რომლებიც ქრისტიანული კრების წევრები არ არიან. უანგარო ძმური სიყვარული სწორედ ის ნიშანია, რომლითაც ხალხი ხედავს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ვართ.

6, 7. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სიტყვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიყვარულს? ბ) რა სიყვარულზეა ყურადღება გამახვილებული პავლეს სიტყვებში, რომლებსაც 1 კორინთელთა 13:4—8-ში ვკითხულობთ?

6 რა მოხდება, თუ სათანადოდ ვერ გამოვავლენთ სიყვარულს? „თუ მე. . . სიყვარული არ გამაჩნია, — თქვა პავლე მოციქულმა, — მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა“ (1 კორინთელთა 13:1). ჩხარუნა წინწილა მჭახე ხმას გამოსცემს. ჟღარუნა რვალის ხმა როგორიღაა? ზოგ თარგმანში ჟღარუნა რვალის მაგივრად „გამაყრუებელი გონგი“ გვხვდება. რა სათანადო მაგალითებია! ადამიანი, რომელიც სხვების მიმართ სიყვარულს არ ავლენს, იმ მუსიკალურ საკრავს ჰგავს, რომელიც ყურთასმენის წამღებ, მჭახე ხმას გამოსცემს და ადამიანში არასასიამოვნო გრძნობებს იწვევს. როგორ ექნება ასეთ ადამიანს ვინმესთან ახლო ურთიერთობა? გარდა ამისა, პავლემ თქვა: „მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი“ (1 კორინთელთა 13:2). წარმოიდგინე, სიყვარულის გარეშე ადამიანი „არარაობაა“ იმისდა მიუხედავად, თუ რა შეუძლია გააკეთოს! განა ნათელი არ არის, რომ იეჰოვას სიტყვა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიყვარულის გამოვლენას?

 7 როგორ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისება სხვებთან ურთიერთობაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ პავლეს სიტყვები, რომლებიც 1 კორინთელთა 13:4—8-შია ჩაწერილი. ამ სიტყვებში არც ჩვენდამი ღვთის სიყვარულზეა ყურადღება გამახვილებული და არც ღვთისადმი ჩვენს სიყვარულზე. პავლე იმაზე ლაპარაკობს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ის აღწერს, თუ რა ახასიათებს და რა არ ახასიათებს სიყვარულს.

რა ახასიათებს სიყვარულს

8. როგორ გვეხმარება ერთმანეთთან ურთიერთობაში სულგრძელობა?

8 „სიყვარული სულგრძელია“. სულგრძელობა ერთმანეთის შეწყნარებას გულისხმობს (კოლასელთა 3:13). განა არ გვჭირდება შემწყნარებლობა? ჩვენ, არასრულყოფილ ქმნილებებს, მხარდამხარ გვიწევს მსახურება. ამიტომაც, ბუნებრივია, დროდადრო ან ჩვენ გაგვაღიზიანებენ თანაქრისტიანები, ან ჩვენ გავაღიზიანებთ მათ. შემწყნარებლობა კი იმ მცირე უსიამოვნებების მოგვარებაში დაგვეხმარება,  რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობისას გვხვდება, და კრებაში სიმშვიდეს შეგვანარჩუნებინებს.

9. როგორ შეგვიძლია სიკეთის გაკეთება?

9 «სიყვარული ქველმოქმედია [„კეთილია“, აქ]». სიკეთე პრაქტიკულ დახმარებასა და კეთილ სიტყვებში ვლინდება. სიყვარული აღგვძრავს, სიკეთის კეთების შესაძლებლობები ვეძებოთ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. მაგალითად, შეიძლება ხანდაზმულ მარტოხელა თანამორწმუნეს სჭირდებოდეს გამხნევება. მარტოხელა დედას და ურწმუნო ნათესავებთან ერთად მცხოვრებ დასაც დასჭირდება მხარდაჭერა. ავადმყოფს ან სხვა გასაჭირში მყოფსაც დაეხმარება ერთგული მეგობრის კეთილი სიტყვები (იგავნი 12:25; 17:17). როდესაც საკუთარი ინიციატივით ვაკეთებთ სიკეთეს, ჭეშმარიტ სიყვარულს ვავლენთ (2 კორინთელთა 8:8).

10. როგორ გვეხმარება სიყვარული, სიმართლე ვილაპარაკოთ მაშინაც კი, როდესაც ეს არც ისე ადვილია?

10 სიყვარულს „ჭეშმარიტება ახარებს“. ერთ თარგმანში ნათქვამია, რომ „სიყვარული სიხარულით ემხრობა ჭეშმარიტებას“. სიყვარული აღგვძრავს, სიმართლეს დავუჭიროთ მხარი და ‘ჭეშმარიტება ველაპარაკოთ ერთმანეთს’ (ზაქარია 8:16). მაგალითად, თუ ახლობელმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, იეჰოვას სიყვარული და თავად იმ ადამიანის სიყვარული, ვინც შეცდომა დაუშვა, აღგვძრავს, ღვთის ნორმები დავიცვათ და არ შევეცადოთ ცოდვის დამალვას, გამართლებას ან ამასთან დაკავშირებით რაიმე სიცრუის თქმას. მართალია, ძნელი იქნება სიტუაციასთან შეგუება, მაგრამ თავად შემცოდველის სასიკეთოდ, სურვილი გვექნება, მან თავი არ აარიდოს სასჯელს, რომლითაც ღმერთი მისადმი სიყვარულს ამჟღავნებს, და სწორი რეაგირება მოახდინოს (იგავნი 3:11, 12). როგორც მოსიყვარულე ქრისტიანებს, იმის სურვილიც გვექნება, რომ „ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18).

11. იქიდან გამომდინარე, რომ სიყვარული „ყოველივეს იტანს“, რას უნდა შევეცადოთ, როდესაც თანამორწმუნეები შეცდომებს უშვებენ?

11 „სიყვარული... ყოველივეს იტანს“. ეს ფრაზა სიტყვასიტყვით ნიშნავს, „ყოველივეს ფარავს“ („სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“). 1 პეტრე 4:8-ში ნათქვამია: „ცოდვათა სიმრავლეს  სიყვარული ფარავს“. დიახ, ქრისტიანი თუ სიყვარულს ავლენს, არ შეეცდება, სააშკარაოზე გამოიტანოს თანაქრისტიანების არასრულყოფილება და ნებისმიერი არასწორი საქციელი. ხშირ შემთხვევაში, თანამორწმუნეთა შეცდომები უმნიშვნელოა და შესაძლებელია სიყვარულით „დაფარვა“ (იგავნი 10:12; 17:9).

სიყვარული აღგვძრავს, ვენდოთ ძმებს.

12. როგორ გამოხატა პავლემ რწმენა, რომ ფილიმონი საუკეთესოდ მოიქცეოდა და რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს მაგალითიდან?

12 სიყვარულს „ყველაფერი სწამს“. მოფატის თარგმანში ნათქვამია, რომ სიყვარულს „ყოველთვის სწადია, საუკეთესო სწამდეს“. ჩვენ ეჭვის თვალით არ ვუყურებთ თანამორწმუნეებს და მათ ყოველგვარ მოქმედებას. სიყვარული გვეხმარება, ვენდოთ ძმებს და გვწამდეს, რომ ისინი საუკეთესოდ მოიქცევიან *. მაგალითად, განვიხილოთ პავლეს წერილი, რომელიც ფილიმონს მისწერა. წერილის მიზანი იყო, რომ ფილიმონი კარგად შეხვედროდა ერთ დროს მისგან გაქცეულ მონას, ონისიმოსს, რომელიც უკვე ქრისტიანი გამხდარიყო. პავლემ კი არ აიძულა ფილიმონი, არამედ სიყვარულით სთხოვა ეს. მან გამოხატა რწმენა, რომ ფილიმონი სწორად მოიქცეოდა. „შენი მორჩილების იმედით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ“, — დაწერა პავლემ (მუხლი 21). როდესაც სიყვარულით ვავლენთ ძმებისადმი ასეთ რწმენას, შესაძლებლობას ვაძლევთ, საუკეთესო თვისებები გამოავლინონ.

13. როგორ ცხადვყოფთ, რომ ყოველივე კარგის იმედი გვაქვს ძმების მოქმედებასთან დაკავშირებით?

13 სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“. ნდობასთან ერთად სიყვარულს იმედიც აქვს. სიყვარული აღგვძრავს, რომ ყოველივე კარგის იმედი გვქონდეს ძმების მოქმედებასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ძმა „შეცოდებაში ჩავარდება“, იმედი გვექნება, რომ გონს მოეგება, სათანადო რეაგირებას მოახდენს სიყვარულით გაწეულ დახმარებაზე და გამოასწორებს შეცდომას (გალატელთა 6:1). აგრეთვე არ უნდა დავკარგოთ იმედი, რომ სულიერად სუსტები გაძლიერდებიან. მოთმინება უნდა გამოვავლინოთ მათ მიმართ და  ყოველმხრივ უნდა დავეხმაროთ, რომ რწმენა განიმტკიცონ (რომაელთა 15:1; 1 თესალონიკელთა 5:14). იმ შემთხვევაშიც კი, თუ საყვარელი ადამიანი გზას ასცდა, იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ ერთხელაც გონს მოეგება და იეჰოვას დაუბრუნდება, როგორც იესოს იგავში მოხსენიებული გზასაცდენილი შვილი (ლუკა 15:17, 18).

14. რა შემთხვევაში შეიძლება გამოიცადოს ჩვენი მოთმინება კრებაში და როგორ დაგვეხმარება ამ დროს სიყვარული?

14 სიყვარული „ყოველივეს ითმენს“. მოთმინება გვეხმარება, როდესაც იმედი გვიცრუვდება ან რაიმე პრობლემა გვექმნება. ჩვენს მოთმინებას მხოლოდ წუთისოფელი როდი სცდის. მოთმინება ზოგჯერ კრებაშიც კი იცდება. არასრულყოფილების გამო მოსალოდნელია, დროდადრო ძმებმაც გაგვანაწყენონ. შესაძლებელია, გული გვატკინოს ვინმეს დაუფიქრებელმა სიტყვებმა (იგავნი 12:18). დასაშვებია, კრებაში ისე არ გაკეთდეს რამე, როგორც ჩვენ ვფიქრობდით, რომ უნდა გაკეთებულიყო. შეიძლება, პასუხისმგებელი ძმის მოქმედება არ მოგვწონდეს და ვფიქრობდეთ, რომ ქრისტიანისთვის შეუფერებლად იქცევა. ასეთ შემთხვევებში ნუთუ უნდა მივატოვოთ კრება და უნდა შევწყვიტოთ იეჰოვასთვის მსახურება? არა, თუ სიყვარულის არსი გვესმის! სწორედ სიყვარული გვიცავს, ისე არ დაგვაბრმავოს ძმის შეცდომამ, რომ კარგი ვეღარაფერი შევნიშნოთ პირადად მასში და მთელ კრებაში. სიყვარული შესაძლებლობას გვაძლევს, ერთგულად განვაგრძოთ ღვთისთვის მსახურება და ვითანამშრომლოთ კრებასთან იმისდა მიუხედავად, თუ რას იტყვის ან რას გააკეთებს რომელიმე არასრულყოფილი ადამიანი (ფსალმუნი 118:165).

რა არ ახასიათებს სიყვარულს

15. რა არის შური და როგორ დაგვეხმარება სიყვარული, არ გაგვიჩნდეს ეს გამანადგურებელი გრძნობა?

15 „სიყვარულს არ შურს“. შური დაგვამწუხრებს იმის გამო, რაც სხვებს აქვთ — იქნება ეს ნივთები, ღვთის კურთხევა თუ რაღაც განსაკუთრებული უნარი. შური ეგოისტური და გამანადგურებელი გრძნობაა, რომელსაც კრებაში სიმშვიდის დარღვევა შეუძლია. რა დაგვეხმარება „შურისკენ მიდრეკილების“ აღმოფხვრაში? (იაკობი 4:5, აქ). სიყვარული. ეს ძვირფასი თვისება შეგვაძლებინებს,  ვიხაროთ მასთან ერთად, ვინც ამ ცხოვრებაში ჩვენზე მეტს აღწევს (რომაელთა 12:15). სიყვარული დაგვეხმარება, ღირსება არ შეგველახოს, როდესაც ვინმეს რაღაცის გამო აქებენ.

16. რატომ მოვერიდებით იეჰოვასთვის მსახურებაში მიღწეული წარმატებით კვეხნას, თუ ნამდვილად გვიყვარს ძმები?

16 „სიყვარული. . . არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს“. სიყვარულის გამო თავს ვიკავებთ საკუთარი ნიჭითა და მიღწევებით ტრაბახისგან. თუ ნამდვილად გვიყვარს ძმები, განუწყვეტლივ როგორ ვიტრაბახებთ სამქადაგებლო მსახურებაში მიღწეული წარმატებითა და კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობით? ასეთი კვეხნა ძმებს გულს გაუტეხს და დაამცირებს. სიყვარული ნებას არ გვრთავს, ვიტრაბახოთ იმით, რასაც ღვთის ნებით ვაკეთებთ მისთვის (1 კორინთელთა 3:5—9). სიყვარული ხომ „არ ამპარტავნობს“ ანუ, როგორც ერთ თარგმანშია ნათქვამი, სიყვარულს ხომ „საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არა აქვს“. სიყვარული გვეხმარება, თავი დიდ ვინმედ არ მოგვქონდეს (რომაელთა 12:3).

17. როგორ ვექცევით სხვებს, თუ მათ მიმართ სიყვარულს ვავლენთ, და როგორ საქციელს ვერიდებით?

17 „სიყვარული. . . არ სჩადის უწესობას“. უწესობის ჩამდენი მიუღებლად და შეურაცხმყოფლად იქცევა. ასეთი ადამიანი სიყვარულს არ ამჟღავნებს, რადგან არაფრად მიიჩნევს სხვების გრძნობებსა და კეთილდღეობას. ამის საპირისპიროდ, სიყვარული კეთილშობილური გრძნობაა, რომელშიც სხვების მხედველობაში მიღებაც იგულისხმება. სიყვარული აღგვძრავს, კარგი მანერები შევიძინოთ, ღვთისმოსაწონად მოვიქცეთ და პატივი ვცეთ თანამორწმუნეებს. ამგვარად, სიყვარული დაგვეხმარება, მოვერიდოთ „სიბილწეს“ — ნებისმიერ საქციელს, რომელიც თავზარს დასცემდა და შეურაცხყოფდა თანაქრისტიანებს (ეფესელთა 5:3, 4, სსგ).

18. რატომ არ მოითხოვს ადამინი, რომელიც სიყვარულს ავლენს, რომ ყველაფერი თავისი სურვილისამებრ გაკეთდეს?

18 „სიყვარული. . . თავისას არ ეძიებს“. „გადამუშავებულ სტანდარტულ თარგმანში“ ნათქვამია, რომ „სიყვარული არ ცდილობს, თავისი გაიტანოს“. ადამიანი, რომელიც სიყვარულს ავლენს, არ მოითხოვს, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც თავად სურს, თითქოს მისი აზრი ყოველთვის სწორი იყოს. ის სხვებს თავის ჭკუაზე  არ ატარებს და არ ცდილობს, მათ აზრი შეაცვლევინოს. სიჯიუტე სიამაყის ნიშანია; ბიბლიაში კი ნათქვამია, რომ „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება“ (იგავნი 16:18). თუ ნამდვილად გვიყვარს ძმები, პატივს ვცემთ მათ თვალსაზრისს და დავუთმობთ კიდეც, როდესაც საჭიროა. ამას მოგვიწოდებს პავლე მოციქულის სიტყვებიც: „არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“ (1 კორინთელთა 10:24).

19. როგორ დაგვეხმარება სიყვარული, როდესაც ვინმე გვაწყენინებს?

19 «სიყვარული. . . არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს [„არ ითვლის განაწყენებას“, აქ]». სიყვარული ადვილად არ რისხდება სხვისი ნათქვამის ან მოქმედების გამო. ბუნებრივია, გვეწყინება, თუ ვინმე გვაწყენინებს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სრულიად სამართლიანად გავბრაზდით, სიყვარული ნებას არ დაგვრთავს, განრისხებული დავრჩეთ (ეფესელთა 4:26, 27). არ შევეცდებით საწყენი სიტყვებისა და მოქმედების სამუდამოდ დამახსოვრებას, თითქოს დავთარში ვიწერდეთ ყველაფერს, რომ არ დაგვავიწყდეს. სიყვარული აღგვძრავს, მოსიყვარულე ღმერთს მივბაძოთ. როგორც 26-ე თავში დავინახეთ, იეჰოვა გვპატიობს შეცდომებს, როდესაც ამის საფუძველი აქვს. ის გვპატიობს და ივიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში პასუხს აღარ გვაგებინებს ამ ცოდვების გამო. განა მადლობელი არა ვართ, რომ იეჰოვა არ იმახსოვრებს წყენას?

20. რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ, თუ თანამორწმუნე ჩადენილი ცოდვის შედეგად იტანჯება?

20 სიყვარული „არ შეჰხარის უსამართლობას“ (სსგ). „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“ ნათქვამია, რომ სიყვარულს „არ ახარებს სხვისი ცოდვები“. მოფატის თარგმანში კი ვკითხულობთ: „სიყვარული არასდროს ხარობს, როდესაც სხვები ცდებიან“. სიყვარულს სიამოვნებას არ ანიჭებს უსამართლობა, ამიტომაც ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ უზნეობაზე. როგორ ვრეაგირებთ, როდესაც თანამორწმუნე სცოდავს და ცოდვის შედეგად იტანჯება? სიყვარული ნებას არ დაგვრთავს, გაგვიხარდეს და ვიფიქროთ, რომ სწორედ ის დაემართა, რასაც იმსახურებდა (იგავნი 17:5). მაგრამ ვხარობთ მაშინ, როდესაც ცოდვის ჩამდენი სწორ ნაბიჯებს დგამს სულიერად გამოსაჯანსაღებლად.

 „აღმატებული გზა“

21—23. ა) რა იგულისხმა პავლემ სიტყვებში „სიყვარული არასოდეს მთავრდება“? ბ) რას განვიხილავთ ბოლო თავში?

21 „სიყვარული არასოდეს მთავრდება“. რა იგულისხმა პავლემ ამ სიტყვებში? როგორც კონტექსტიდან ვხედავთ, პავლე მსჯელობდა სხვადასხვაგვარ სულიერ ძღვენზე, რომლებიც პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ. სულიერი ძღვენი იმის ნიშანი იყო, რომ ახლადჩამოყალიბებული კრება ღვთის კეთილგანწყობილებას იმსახურებდა. მაგრამ ყველა ქრისტიანს როდი შეეძლო განკურნება, წინასწარმეტყველება, ან ენებით ლაპარაკი. ამას არც იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საბოლოოდ სასწაულებრივი ძღვენის ბოძება შეწყდებოდა. კვლავაც იარსებებდა მხოლოდ ერთი რამ — ის, რაც თითოეულ ქრისტიანს შეეძლო ჰქონოდა; რაღაც უფრო  მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი, ვიდრე ნებისმიერი სასწაულებრივი ძღვენი. პავლემ მას „აღმატებული გზა“ უწოდა (1 კორინთელთა 12:31). რა იყო ეს „აღმატებული გზა“? ეს სიყვარულის გზა იყო.

ერთმანეთის სიყვარული იეჰოვას ხალხის ამოსაცნობი ნიშანია.

22 ქრისტიანული სიყვარული, რომელიც პავლემ აღწერა, ნამდვილად „არასოდეს მთავრდება“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის იარსებებს. უანგარო ძმური სიყვარული დღეს იესოს ჭეშმარიტი მიმდევრების ამოსაცნობი ნიშანია. განა არ ვხედავთ ასეთ სიყვარულს მთელი მსოფლიოს იეჰოვას მოწმეთა კრებებში? ასეთი სიყვარული მარადიულად იარსებებს, რადგან იეჰოვა მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმუნი 36:9—11, 29). მოდი ყოველმხრივ შევეცადოთ, რომ ‘სიყვარულში ვიაროთ’. ამგვარად, ვიგრძნობთ დიდ ბედნიერებას, რომელიც გაცემას მოაქვს და უფრო მეტიც, მარადიულად ვიცხოვრებთ და მარადიულად გამოვავლენთ სიყვარულს ჩვენი მოსიყვარულე ღმერთის, იეჰოვას მსგავსად.

23 ამ თავით დავასრულეთ ნაწილი, რომელშიც სიყვარული განიხილებოდა და დავინახეთ, თუ როგორ უნდა გამოვავლინოთ ერთმანეთისადმი სიყვარული. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ჩვენთვის მრავალმხრივ მოაქვს სარგებლობა იეჰოვას სიყვარულს, აგრეთვე ძალას, სამართლიანობასა და სიბრძნეს, დროული იქნება დავფიქრდეთ: როგორ უნდა დავანახვოთ იეჰოვას, რომ ის ნამდვილად გვიყვარს? ამ საკითხს ბოლო თავში განვიხილავთ.

^ აბზ. 12 ცხადია, ქრისტიანული სიყვარული გულუბრყვილობას არ ნიშნავს. ბიბლია შეგვაგონებს: „მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის. . . და ზურგი აქციეთ მათ“ (რომაელთა 16:17).

გაიგეთ მეტი

ჭეშმარიტი რელიგია აღგვძრავს, გამოვავლინოთ ძმური სიყვარული

რომელი რელიგია ასწავლის თავის მრევლს, გადალახონ პოლიტიკური, რასობრივი და ეკონომიური ბარიერები, რომელიც ხალხს ყოფს?