წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 19

„ღვთის სიბრძნე, რომელიც წმინდა საიდუმლოშია“

„ღვთის სიბრძნე, რომელიც წმინდა საიდუმლოშია“

1, 2. რა „წმინდა საიდუმლომ“ უნდა დაგვაინტერესოს და რატომ?

საიდუმლო! ადამიანებს ხშირად უჭირთ საიდუმლოს შენახვა, რადგან მასში დაფარულია რაღაც მიმზიდველი, ინტერესის აღმძვრელი და თავბრუდამხვევი. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ „საქმის დამალვა ღვთის დიდებაა“ (იგავნი 25:2). დიახ, როგორც უზენაესი მმართველი და შემოქმედი, იეჰოვა უფლებამოსილია, საიდუმლოდ შეინახოს ზოგი რამ და მანამ არ გაუმხილოს ადამიანებს, ვიდრე ამის დრო არ დადგება.

2 და მაინც, იეჰოვამ თავის სიტყვაში მიმზიდველი და ინტერესის აღმძვრელი საიდუმლო გაგვიმჟღავნა. მას „ღვთის ნების წმინდა საიდუმლო“ ეწოდება (ეფესელთა 1:9, აქ). მისი გაგება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ამ საიდუმლოს ცოდნას შეუძლია გადარჩენის გზა მიგითითოს და იეჰოვას უსაზღვრო სიბრძნეზეც შეგიქმნას წარმოდგენა.

საიდუმლოს თანდათანობით გამჟღავნება

3, 4. რა იმედის მომცემი წინასწარმეტყველება იყო ჩაწერილი დაბადების 3:15-ში და რა „წმინდა საიდუმლო“ იყო ეს?

3 ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იეჰოვას არ გამოუვიდა თავისი განზრახვის შესრულება, კერძოდ კი მთელი დედამიწის სრულყოფილი ადამიანებით დასახლება. მაგრამ ღმერთი სასწრაფოდ შეუდგა პრობლემის გადაწყვეტას. მან თქვა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა [გველსა] და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15).

4 ეს რაღაც თავსატეხი და ბინდით მოცული სიტყვები იყო. ვინ იყო დედაკაცი, ანუ ქალი? ვინ იყო გველი? ვინ იყო „თესლი“, რომელიც გველს თავს გაუჭეჭყავდა? ადამსა და ევას ვერც კი წარმოედგინათ ამ კითხვებზე პასუხი. მიუხედავად ამისა, ღვთის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები იმედს უსახავდა ამ ორგული წყვილის ყველა  ერთგულ შთამომავალს. სიმართლე გაიმარჯვებდა და იეჰოვას განზრახვაც განხორციელდებოდა. მაგრამ როგორ? ეს საიდუმლო იყო! ბიბლია მას უწოდებს „ღვთის სიბრძნეს, რომელიც წმინდა საიდუმლოშია, დაფარულ სიბრძნეს“ (1 კორინთელთა 2:7, აქ).

5. მაგალითით ახსენით, რატომ გაამჟღავნა იეჰოვამ თავისი საიდუმლო თანდათანობით.

5 როგორც „საიდუმლოთა გამცხადებელი“, იეჰოვა საბოლოოდ ცნობილს გახდიდა ამ საიდუმლოსთან დაკავშირებულ დეტალებს (დანიელი 2:28). მაგრამ ამას თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთებდა. თვალსაჩინოებისთვის, შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უპასუხებდა მოსიყვარულე მამა შვილის მიერ დასმულ შეკითხვას: „მამიკო, როგორ გავჩნდი?“. გონიერი მშობელი მხოლოდ იმას ეტყოდა, რაც პატარასთვის იქნებოდა გასაგები. ხოლო როდესაც წამოიზრდებოდა, მამამისი უფრო მეტს აუხსნიდა. ასევე იეჰოვამ ზუსტად იცის, როდის არის მისი ხალხი მზად იმისათვის, რომ გაუმჟღავნოს თავისი ნება და განზრახვა (იგავნი 4:18; დანიელი 12:4).

6. ა) რა მიზანს ემსახურება შეთანხმება ანუ ხელშეკრულება? ბ) რით არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ იეჰოვა მაინც უდებს შეთანხმებებს ადამიანებს?

6 როგორ ამჟღავნებდა იეჰოვა საიდუმლოს თანდათანობით? უმეტესწილად, ეს შეთანხმებების, იგივე ხელშეკრულების მეშვეობით გააკეთა. ალბათ, ხელშეკრულება შენც დაგიდია. შესაძლებელია ეს ბინის ყიდვასთან ან ფულის სესხება-გასესხებასთან დაკავშირებით მომხდარა. ასეთი დოკუმენტი იმის კანონიერ გარანტიას იძლევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულდება. მაგრამ რისთვის დასჭირდებოდა იეჰოვას ოფიციალური შეთანხმების ანუ ხელშეკრულების დადება ადამიანებთან? ღვთის სიტყვა ხომ მისი დანაპირების შესრულების ისედაც საკმარისი გარანტიაა. ეს მართალია, და მაინც, ზოგ შემთხვევაში ღმერთმა სიყვარულიდან გამომდინარე თავისი სიტყვა კანონიერი შეთანხმებებით გაამაგრა. ასეთი მყარი შეთანხმებები ჩვენ — არასრულყოფილ ადამიანებს —  კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს იეჰოვას დაპირებების შესრულებაში (ებრაელთა 6:16—18).

აბრაამთან დადებული შეთანხმება

7, 8. ა) რა შეთანხმება დადო იეჰოვამ აბრაამთან, რომელიც წმინდა საიდუმლოს ჰფენდა ნათელს? ბ) თანდათანობით როგორ დააკონკრეტა იეჰოვამ აღთქმული „თესლის“ საგვარეულო ხაზი?

7 ადამიანის სამოთხიდან გაძევებიდან ორი ათასი წლის შემდეგ იეჰოვამ თავის ერთგულ აბრაამს უთხრა: «კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით. . . იკურთხებიან შენი შთამომავლობის [„თესლის“, აქ] წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა» (დაბადება 22:17, 18). ეს დანაპირებზე მეტს ნიშნავდა. იეჰოვამ ის კანონიერ შეთანხმებასავით ჩამოაყალიბა და ფიცით განამტკიცა (დაბადება 17:1, 2; ებრაელთა 6:13—15). რა საოცარია, რომ უზენაესმა უფალმა, ფაქტობრივად, ოფიციალური შეთანხმება დადო, რომ აკურთხებდა კაცობრიობას!

„გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით“.

8 აბრაამთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ აღთქმული თესლი ადამიანის მოდგმიდან მოვიდოდა, რადგან ის აბრაამის შთამომავალი იქნებოდა. მაგრამ ვინ იქნებოდა ეს აღთქმული „თესლი“? გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ განაცხადა, რომ აბრაამის ვაჟებიდან ისაკი იქნებოდა აღთქმული თესლის წინაპარი. ხოლო ისაკის ორი ვაჟიდან იაკობი იქნა ამორჩეული (დაბადება 21:12; 28:13, 14). მოგვიანებით, იაკობმა თავისი 12 ვაჟიდან ერთ-ერთის მიმართ ეს წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა: «არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი [ებრაულად „შილო“] და ის იქნება იმედი ხალხთა» (დაბადება 49:10). ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ „თესლი“ იუდას ერთ-ერთი შთამომავალი და მეფე იქნებოდა!

ისრაელთან დადებული შეთანხმება

9, 10. ა) რა შეთანხმება დადო იეჰოვამ ისრაელთან და რა მხრივ დაიცვა ამ შეთანხმებამ ერი? ბ) როგორ გამოაშკარავა რჯულმა, რომ კაცობრიობა გამოსყიდვას საჭიროებდა?

9 ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვას მიერ წამოწყებულმა საქმემ წმინდა საიდუმლოს შემდგომ გამჟღავნებას შეუწყო ხელი. ღმერთმა აბრაამის შთამომავლებთან, ისრაელ ერთან, დადო შეთანხმება. მიუხედავად  იმისა, რომ დღეს მოსეს რჯული ძალაში აღარ არის, სწორედ რჯულის შეთანხმებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა იეჰოვას განზრახვის განხორციელებაში, რომელიც აღთქმული „თესლის“ მოსვლას ეხებოდა. როგორ? მოდი განვიხილოთ, რა სამ მიზანს ემსახურებოდა რჯული ამ მხრივ. პირველი, რჯული დამცავი ზღუდის როლს ასრულებდა (ეფესელთა 2:14). მისი სამართლიანი კანონები ზღუდესავით იყო აღმართული ებრაელებსა და არაებრაელებს შორის. ამით რჯულმა აღთქმული „თესლის“ საგვარეულო ხაზის დაცვას შეუწყო ხელი. მნიშვნელოვანწილად ასეთი დაცვის წყალობით იყო, რომ ებრაელი ერი არსებობდა, როდესაც ღვთის დანიშნულ დროს იუდას ტომში მესია უნდა დაბადებულიყო.

10 მეორე, რჯულმა თვალნათლივ აჩვენა, რომ კაცობრიობა გამოსყიდვას საჭიროებდა. სრულყოფილი რჯულით გამოაშკარავდა, რომ ცოდვილი კაცობრიობა ვერასოდეს შეძლებდა მის სრულად დაცვას. ამგვარად, რჯულის მიზანი იყო, „რომ ცხადი გაეხადა დარღვევები, სანამ მოვიდოდა თესლი, რომელსაც დაპირება მიეცა“ (გალატელთა 3:19, აქ). ცხოველური შესაწირავების მეშვეობით, რჯულით დროებით ხდებოდა ცოდვების მიტევება. მაგრამ რადგან, როგორც პავლემ დაწერა, „ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია“, ეს შესაწირავები მხოლოდ ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლზე მიუთითებდა (ებრაელთა 10:1—4). ერთგული ებრაელებისთვის ეს შეთანხმება გახდა „წარმმართველი ქრისტესაკენ“ (გალატელთა 3:24).

11. რა საუცხოო პერსპექტივას სთავაზობდა რჯული ისრაელს და, მთლიანობაში, რატომ დაკარგა ამ ერმა ის?

11 მესამე, შეთანხმება ისრაელ ერს საუცხოო პერსპექტივას სთავაზობდა. იეჰოვამ მათ უთხრა, რომ, თუ რჯულის ერთგული დარჩებოდნენ, „მღვდელთა სამეფო და წმინდა ერი“ გახდებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6). ზეციერი სამეფოს სამღვდელოების პირველი წევრები მიწიერი ისრაელები გახდნენ. მაგრამ მთლიანობაში, ისრაელმა ერმა დაარღვია რჯულის შეთანხმება, უარყო მესია — „თესლი“ — და დაკარგა ეს პერსპექტივა. მაშ, ვინ დაიკავებდა სამეფო სამღვდელოების დარჩენილ ადგილს? რა კავშირი ექნებოდა ამ კურთხეულ ერს აღთქმულ „თესლთან“? წმინდა საიდუმლოს ეს მხარეები ღვთის დანიშნულ დროს გამჟღავნდებოდა.

 დავითის სამეფოსთან დადებული შეთანხმება

12. რა შეთანხმება დადო იეჰოვამ დავითთან და წმინდა საიდუმლოს რა მხრივ მოეფინა ამით ნათელი?

12 ძვ. წ. მე-11 საუკუნეში იეჰოვამ კიდევ ერთი შეთანხმება დადო, რითაც წმინდა საიდუმლოს კიდევ უფრო მოეფინა ნათელი. ის თავის ერთგულ მეფე დავითს შეჰპირდა: «აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს [„თესლს“, აქ]. . . და მეფობას განვუმტკიცებ. . . მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ» (2 მეფეთა 7:12, 13; ფსალმუნი 88:3). ახლა აღთქმული „თესლის“ საგვარეულო ხაზი დავითის ოჯახამდე მივიდა. მაგრამ შეძლებდა კი ჩვეულებრივი ადამიანი „მარადჟამს“ მმართველობას? (ფსალმუნი 88:21, 30, 35—37). ან იხსნიდა მიწიერი მეფე კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილისგან?

13, 14. ა) 109-ე ფსალმუნის თანახმად, რა აღუთქვა იეჰოვამ ცხებულ მეფეს? ბ) იეჰოვას წინასწარმეტყველების მეშვეობით რა შემდგომ ფაქტებს მოეფინა ნათელი აღთქმულ „თესლთან“ დაკავშირებით?

13 ღვთის შთაგონებით დავითმა დაწერა: „უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ. დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით“ (ფსალმუნი 109:1, 4). დავითის სიტყვები აღთქმულ თესლს, ანუ მესიას, ეხებოდა (საქმეები 2:35, 36). ეს მეფე იერუსალიმიდან კი არ იმეფებდა, არამედ ზეციდან, იეჰოვას „მარჯვნივ“ იჯდებოდა. მას მიცემული ექნებოდა ძალაუფლება არა მხოლოდ იერუსალიმზე, არამედ მთელ დედამიწაზე (ფსალმუნი 2:6—8). კიდევ უფრო მეტი რამ გამოაშკარავდა. ყურადღება მიაქციე, იეჰოვამ დაიფიცა, რომ მესია იქნებოდა „მღვდელი. . . მელქიცედეკის წესით“. მელქისედეკის მსგავსად, რომელიც აბრაამის დღეებში მეფე-მღვდლად მსახურობდა, აღთქმული „თესლიც“ ღვთის დანიშნულებისამებრ მეფედ და მღვდლად იმსახურებდა (დაბადება 14:17—20).

14 იეჰოვა წლების მანძილზე თავის წინასწარმეტყველებს იყენებდა, რათა წმინდა საიდუმლო კიდევ უფრო გამჟღავნებულიყო. მაგალითად, ესაიამ თქვა, რომ თესლი მსხვერპლად შეეწირებოდა (ესაია 53:3—12). მიქამ მესიის დაბადების ადგილი დაასახელა წინასწარ  (მიქა 5:1). დანიელმა კი „თესლის“ გამოჩენისა და სიკვდილის ზუსტი დროც კი იწინასწარმეტყველა (დანიელი 9:24—27).

წმინდა საიდუმლოს გამჟღავნება!

15, 16. ა) როგორ იშვა იეჰოვას ძე „დედაკაცისგან“? ბ) რა მიიღო იესომ მემკვიდრეობით მიწიერი მშობლებისგან და როდის გახდა აღთქმული „თესლი“?

15 ის, თუ როგორ შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება, მაინც საიდუმლოდ რჩებოდა, სანამ თესლი, უშუალოდ, არ გამოჩნდა. გალატელთა 4:4 ამბობს: „როცა მოვიდა აღვსება დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა“. ძვ. წ. 2 წელს ანგელოზმა ებრაელ ქალწულს, სახელად მარიამს, უთხრა: „აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. . . სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“ (ლუკა 1:31, 32, 35).

16 მოგვიანებით, იეჰოვამ თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა, რათა „დედაკაცისგან“ ანუ ქალისგან შობილიყო. მარიამი არასრულყოფილი იყო. მიუხედავად ამისა, იესოს მისგან არასრულყოფილება მემკვიდრეობით არ მიუღია, რადგან ის „ღვთის ძე“ იყო. ამავე დროს, რადგან იესოს მიწიერი მშობლები დავითის შთამომავლები იყვნენ, იგი წარმოშობითაც და კანონიერადაც დავითის მემკვიდრედ ითვლებოდა (საქმეები 13:22, 23). ახ. წ. 29 წელს იესოს ნათლობისას იეჰოვამ სულიწმიდა სცხო მას და თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“ (მათე 3:16, 17). და აი, დაპირებისამებრ, „თესლი“ მოევლინა ქვეყნიერებას! (გალატელთა 3:16). დადგა დრო, წმინდა საიდუმლო კიდევ უფრო გამხელილიყო (2 ტიმოთე 1:10).

17. როგორ მოეფინა ნათელი დაბადების 3:15-ის მნიშვნელობას?

17 თავისი მსახურების განმავლობაში იესომ განმარტა, რომ დაბადების 3:15-ში მოხსენიებული გველი სატანა იყო, ხოლო „გველის თესლი“ — სატანის მიმდევრები (მათე 23:33; იოანე 8:44). მოგვიანებით ცნობილი გახდა, თუ საბოლოოდ როგორ განადგურდებოდნენ სატანა და მისი „თესლი“ (გამოცხადება 20:1—3, 10, 15). ისიც  განიმარტა, რომ „დედაკაცში“ იგულისხმებოდა „ზეციური იერუსალიმი“, ანუ იეჰოვას ზეციერი, ცოლთან შედარებული, ორგანიზაცია, რომელიც სულიერი ქმნილებებისგან შედგება * (გალატელთა 4:26; გამოცხადება 12:1—6).

ახალი შეთანხმება

18. რა მიზანს ემსახურება „ახალი შეთანხმება“?

18 იესოს სიკვდილის წინა ღამეს, ალბათ, ყველაზე საოცარ ფაქტს მოეფინა ნათელი, როდესაც მან თავის ერთგულ მოწაფეებს „ახალი შეთანხმება“ დაუდო (ლუკა 22:20). მისი წინამორბედი მოსეს რჯულის შეთანხმების მსგავსად, ახალი შეთანხმების შედეგადაც „სამეფო სამღვდელოება“ უნდა წარმოშობილიყო (გამოსვლა 19:6; 1 პეტრე 2:9). მაგრამ ეს შეთანხმება ხორციელ ერთან კი არა, სულიერ „ღვთის ისრაელთან“ დაიდებოდა, რომელშიც მხოლოდ იესოს ერთგული ცხებული მიმდევრები შევიდოდნენ (გალატელთა 6:16). ახალი შეთანხმება ვისთანაც დაიდებოდა, ისინიც მიიღებდნენ მონაწილეობას იესოსთან ერთად კაცობრიობის კურთხევაში!

19. ა) როგორ გახდა შესაძლებელი „სამეფო სამღვდელოების“ შექმნა ახალი შეთანხმების საფუძველზე? ბ) რატომ ეწოდებათ ცხებულ ქრისტიანებს „ახალი ქმნილება“ და რამდენი იმსახურებს ქრისტესთან ერთად ზეცაში?

19 მაგრამ როგორ გახდა შესაძლებელი ახალი შეთანხმების საფუძველზე „სამეფო სამღვდელოების“ შექმნა, რომელიც კაცობრიობას კურთხევებს მოუტანს? ნაცვლად იმისა, რომ ქრისტეს მოწაფეების ცოდვილი მდგომარეობა გამოეკვეთა, ახალმა შეთანხმებამ შესაძლებელი გახადა მათი ცოდვების მიტევება, იესოს მსხვერპლშეწირვის საფუძველზე (იერემია 31:30—33). და როგორც კი იეჰოვას წინაშე მართლებად ცხადდებიან, ღმერთი შვილებად ღებულობს მათ თავის ზეციერ ოჯახში და სულიწმიდით სცხებს (რომაელთა 8:15—17; 2 კორინთელთა 1:21). ამიტომ, ისინი ‘ხელახლა იშვნენ  ცაში შენახული ცოცხალი იმედისთვის’ (1 პეტრე 1:3, 4). რადგან ადამიანებისთვის ასეთი ამაღლებული მდგომარეობა სრულებით ახალია, სულითცხებულ ქრისტიანებს „ახალი ქმნილება“ ეწოდებათ (2 კორინთელთა 5:17). ბიბლია გვიხსნის, რომ გამოსყიდულ კაცობრიობას, საბოლოოდ, 144 000 სულითცხებული გაუწევს ზეციდან მმართველობას (გამოცხადება 5:9, 10; 14:1—4, სსგ).

20. ა) წმინდა საიდუმლოდან რომელი საკითხი გაირკვა ახ. წ. 36 წელს? ბ) ვინ მიიღებს აბრაამისთვის აღთქმულ კურთხევებს?

20 ეს ცხებულები ქრისტესთან ერთად „აბრაამის თესლს“ მიეკუთვნებიან * (გალატელთა 3:29). უპირველესად, ხორციელი იუდეველები იყვნენ არჩეული. მაგრამ ახ. წ. 36 წელს წმინდა საიდუმლოს კიდევ ერთ მხარეს აეხადა ფარდა — ზეციური იმედი არაიუდეველებსაც ანუ სხვა ხალხებსაც ექნებოდათ (რომაელთა 9:6—8; 11:25, 26; ეფესელთა 3:5, 6). მხოლოდ ცხებული ქრისტიანები მიიღებენ იმ კურთხევებს, რომლებიც ღმერთმა აბრაამს აღუთქვა? არა, იესოს მსხვერპლშეწირვის საფუძველზე კურთხევები მთელ მსოფლიოზე ვრცელდება (1 იოანე 2:2). თანდათანობით, იეჰოვამ გაგვიმჟღავნა, რომ სატანის წუთისოფლის აღსასრულისას „უამრავი ხალხი“ გადარჩება (გამოცხადება 7:9, 14). და ამის გარდა, მრავალი მიცვალებული აღდგება სამოთხეში მარადიულად საცხოვრებლად! (ლუკა 23:43; იოანე 5:28, 29; გამოცხადება 20:11—15; 21:3, 4).

ღვთის სიბრძნე და წმინდა საიდუმლო

21, 22. რა მხრივ გამოჩნდა იეჰოვას სიბრძნე წმინდა საიდუმლოში?

21 წმინდა საიდუმლო „ღვთის მრავალმხრივი სიბრძნის“ საოცარი დადასტურებაა (ეფესელთა 3:8—10). სიბრძნის როგორი გამოვლინებაა თვით ამ საიდუმლოს შედგენა და შემდეგ თანდათანობით მისი გამჟღავნება! მან ბრძნულად გაითვალისწინა ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობები და საშუალება მისცა მათ, გამოევლინათ გულის ნამდვილი მდგომარეობა (ფსალმუნი 102:14).

 22 იეჰოვას შეუდარებელი სიბრძნე იმაშიც გამოვლინდა, რომ მან მეფედ იესო აირჩია. იეჰოვას ძე სამყაროში არსებულ ნებისმიერ ქმნილებაზე უფრო სანდოა. ადამიანად ცხოვრების პერიოდში იესომ მრავალი გაჭირვება გადაიტანა. მას სრულად ესმის ადამიანური პრობლემები (ებრაელთა 5:7—9). მაგრამ რა შეიძლება ითქვას იესოს თანამმართველებზე? საუკუნეების განმავლობაში ზეციური ცხოვრებისთვის — რასის, ენისა და წარმოშობის განურჩევლად — ადამიანების ამორჩევა მიმდინარეობდა. არ არსებობს განსაცდელი, მათგან რომელიმეს მაინც რომ არ გადაეტანა (ეფესელთა 4:22—24). ამ გულმოწყალე და ლმობიერი მეფე-მღვდლების მმართველობის დროს ცხოვრება დიდად სასიამოვნო იქნება!

23. რის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ ქრისტიანებს იეჰოვას წმინდა საიდუმლოსთან დაკავშირებით?

23 მოციქული პავლე წერდა: „[საიდუმლო], რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისაგან, . . ახლა გაემხილათ მის წმიდებს“ (კოლასელთა 1:26). დიახ, იეჰოვას სულითცხებულებს წმინდა საიდუმლოს გაგების ბედნიერება ხვდათ წილად. ისინი ამ შემეცნებას მილიონებს უზიარებენ. რა დიდებულია ეს ყველა ჩვენგანისთვის! იეჰოვამ „გვაუწყა თავისი ნების წმინდა საიდუმლო“ (ეფესელთა 1:9). მოდი ეს საოცარი საიდუმლო სხვებსაც გავუზიაროთ და დავეხმაროთ, იეჰოვას განუზომელ სიბრძნეს ყურადღებით ჩაუკვირდნენ!

^ აბზ. 17 იესომ იმასაც მოჰფინა ნათელი, რა არის „ღვთისადმი ერთგულების. . . წმინდა საიდუმლო“ (1 ტიმოთე 3:16, აქ). დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლო იყო, თუ შეძლებდა ვინმე იეჰოვას წინაშე ბოლომდე უმწიკვლობის შენარჩუნებას. საიდუმლო იესომ გახსნა. სატანის ყოველი გამოცდის დროს იესომ უმწიკვლობა შეინარჩუნა (მათე 4:1—11; 27:26—50).

^ აბზ. 20 იესომაც ‘დაუდო შეთანხმება სამეფოზე’ ამავე ჯგუფს (ლუკა 22:29, 30, აქ). ფაქტობრივად, იესომ ხელშეკრულება დადო „მცირე სამწყსოსთან“, რომ მასთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში, როგორც „აბრაამის თესლის“ შემავსებელი ნაწილი (ლუკა 12:32).

გაიგეთ მეტი

დაემორჩილეთ ღმერთს და მიიღეთ ფიცით დადებული დანაპირები

რის სწავლა შეგვიძლია ღვთის დანაპირებიდან, მის მიერ დადებული ფიციდან თუ შეთანხმებიდან?