არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 22

ავლენ ცხოვრებაში „მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს“?

ავლენ ცხოვრებაში „მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს“?

1—3. ა) ბავშვის დედის ვინაობის დადგენისას როგორ აჩვენა სოლომონმა, რომ უჩვეულო სიბრძნეს ფლობდა? ბ) რის მოცემას გვპირდება იეჰოვა და რა შეკითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?

მდგომარეობა მეტად რთული იყო. ორი ქალი ერთ ბავშვზე დაობდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ. ერთს ვაჟი შეეძინა. მეორემაც რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭი გააჩინა. ერთ-ერთი ბავშვი მოკვდა და ახლა ორივე დედა ერთ ცოცხალ ჩვილზე დაობდა *. მათ გარდა სხვა მოწმე არ არსებობდა, ვისაც ეცოდინებოდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. საქმე, ალბათ, მოსამართლეებმა მოისმინეს, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს. და აი, ისინი ისრაელის მეფის, სოლომონის, წინაშე წარდგნენ. შეძლებდა მეფე სიმართლის გამოაშკარავებას?

2 სოლომონმა ქალების კამათს უსმინა და შემდეგ მახვილის მოტანა ითხოვა. მერე კი მთელი დამაჯერებლობით ბრძანა, ბავშვი შუაზე გაეკვეთათ და თითოეულისთვის ნახევარ-ნახევარი მიეცათ. დაუყოვნებლივ ნამდვილმა დედამ მუდარა დაუწყო მეფეს, რომ მისი საყვარელი შვილი მეორე ქალისთვის მიეცათ. ხოლო მეორე დაჟინებით მოითხოვდა, ჩვილი შუაზე გაეჭრათ. სოლომონისთვის სიმართლეს ნათელი მოეფინა. მან იცოდა, თუ რა ნაზი გრძნობები ჰქონდა დედას ღვიძლი შვილის მიმართ და ეს ცოდნა საქმის გადასაწყვეტად გამოიყენა. წარმოიდგინე, რა შვებას იგრძნობდა დედა, როდესაც სოლომონმა შვილი დაუბრუნა და თქვა: „ეს არის მისი დედა“ (მესამე მეფეთა 3:16—27).

3 განა ეს განსაკუთრებული სიბრძნე არ იყო? როდესაც ხალხმა გაიგო, როგორ გადაჭრა სოლომონმა პრობლემა, შიშითა და  მოკრძალებით განიმსჭვალნენ მისდამი, „რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში“. დიახ, სოლომონს ღმერთმა უბოძა სიბრძნე. იეჰოვამ მას „ბრძენი და გონიერი“ გული მისცა (მესამე მეფეთა 3:12, 28). მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ჩვენც შეგვიძლია ღვთის სიბრძნის მიღება? დიახ, რადგან სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „უფალი იძლევა სიბრძნეს“ (იგავნი 2:6). იეჰოვა გვპირდება, რომ მისცემს სიბრძნეს — ცოდნის, გაგებისა და გამჭრიახობის სწორად გამოყენების უნარს — მას, ვინც გულწრფელად ისწრაფვის მისი მიღებისკენ. როგორ შეგვიძლია მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნის მიღება? და როგორ ვიხელმძღვანელოთ მისით ცხოვრებაში?

„სიბრძნის მოხვეჭა“ — როგორ?

4—7. რომელი ოთხი მოთხოვნა არსებობს ღვთის სიბრძნის მისაღებად?

4 აუცილებელია უდიდესი განათლება ან ერუდიცია ღვთის სიბრძნის მისაღებად? არა! იეჰოვა მზად არის, ყველას გვიბოძოს თავისი სიბრძნე, ჩვენი სოციალური წარმოშობისა და განათლების მიუხედავად (1 კორინთელთა 1:16—29). მაგრამ ჩვენი მხრიდან ინიციატივის გამოვლენაა აუცილებელი, რადგან ბიბლია მოგვიწოდებს, ‘მოვიხვეჭოთ სიბრძნე’ (იგავნი 4:7). როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

5 პირველი: ღვთისა უნდა გვეშინოდეს. «უფლის შიში სიბრძნის სათავეა [„პირველი ნაბიჯია სიბრძნისაკენ“, ახალი ინგლისური ბიბლია]», — ნათქვამია იგავნის 9:10-ში. ღვთის შიში ჭეშმარიტი სიბრძნის საფუძველია. რატომ? გაიხსენე, რომ სიბრძნე ცოდნის წარმატებით გამოყენების უნარია. ღვთის შიში იმას კი არ ნიშნავს, რომ შიშისაგან ვცახცახებდეთ მის წინაშე, არამედ შიშნარევი მოწიწებითა დ მოკრძალებით ვცეთ თაყვანი და მივენდოთ მას. ასეთი შიში სასარგებლოა და ძლიერი სტიმულის მომცემი. ის აღგვძრავს, ჩვენი ცხოვრება ღვთის ნებასა და გზებს შევუსაბამოთ. არ არსებობს ამაზე გონივრული ნაბიჯი, რადგან იეჰოვას ნორმების დაცვას ყოველთვის საუკეთესო შედეგი მოაქვს.

6 მეორე: თავმდაბლები და მოკრძალებულები უნდა ვიყოთ. ღვთისმოსაწონ სიბრძნეს ყოველთვის თან ახლავს თავმდაბლობა და მოკრძალება (იგავნი 11:2, აქ). რატომ? თუ თავმდაბლები და  მოკრძალებულები ვართ, ვაღიარებთ, რომ ყველაფერი არ ვიცით, რომ ჩვენი მოსაზრებები ყოველთვის სწორი არ არის და რომ გვესაჭიროება იეჰოვას აზრის გაგება. იეჰოვა „ამპარტავნებს ეწინააღმდეგება“, მაგრამ სიამოვნებით ანიჭებს სიბრძნეს მათ, რომლებიც გულით თავმდაბლები არიან (იაკობი 4:6).

ღვთის სიბრძნის მისაღებად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ მივაკვლიოთ მას.

7 მესამე კი ღვთის სიტყვის შესწავლაა. იეჰოვას სიბრძნე მის სიტყვაში ვლინდება. ამ სიბრძნის მისაღებად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ მისი სიტყვის გამოსაკვლევად (იგავნი 2:1—5). მეოთხე მოთხოვნა ლოცვაა. თუ გულწრფელად ვთხოვთ ღმერთს სიბრძნეს, უხვად მოგვცემს მას (იაკობი 1:5). სულიწმიდის დახმარებაზე წარმოთქმული ჩვენი ლოცვები უპასუხოდ არ დარჩება. ღვთის სული საშუალებას მოგვცემს, მივაგნოთ ღვთის სიტყვაში არსებულ განძს, რომელიც, თავის მხრივ, პრობლემების გადაჭრაში, საშიშროების თავიდან არიდებასა და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება (ლუკა 11:13).

8. რა აჩვენებს, ნამდვილად გვაქვს თუ არა ღვთის სიბრძნე?

8 როგორც მეჩვიდმეტე თავიდან დავინახეთ, იეჰოვას სიბრძნე პრაქტიკულია. აქედან გამომდინარე, თუ ნამდვილად შევიძენთ ღვთის სიბრძნეს, ეს ჩვენს ქცევაზე აირეკლება. მოწაფე იაკობმა აღწერა ღვთის სიბრძნის ნაყოფები: «მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი [„კეთილგონიერი“, აქ], ნებიერი [„მორჩილი“, აქ], წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო» (იაკობი 3:17). როდესაც ღვთის სიბრძნის ამ თითოეულ ასპექტზე ვფიქრობთ, შეგვეძლო საკუთარი თავისთვის გვეკითხა: ვავლენ ცხოვრებაში მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს?

„წმინდაა, მერე მშვიდობიანი“

9. რას ნიშნავს სიწმინდე და რატომაა ის მოხსენიებული პირველ ადგილზე სიბრძნის ნაყოფებში?

9 „პირველყოვლისა, წმინდაა“. სიწმინდე ნიშნავს სისუფთავესა და დაუბინძურებლობას, არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც. ბიბლია სიბრძნეს გულს უკავშირებს, მაგრამ ზეციური სიბრძნე ვერ შეაღწევს გულამდე, თუ იგი უზნეო ფიქრებით, სურვილებითა და აღძვრებით არის დაბინძურებული (იგავნი 2:10; მათე  15:19, 20). მაგრამ, თუ ჩვენი გული წმინდაა — რამდენადაც ეს არასრულყოფილი ადამიანებისთვისაა შესაძლებელი — ‘მოვერიდებით ბოროტს და სიკეთეს ვიქმთ’ (ფსალმუნი 36:27; იგავნი 3:7). განა მართებულად არ მოიხსენიება სიწმინდე სიბრძნის ნაყოფებში პირველ ადგილზე? დაბოლოს, თუ ზნეობრივად და სულიერად სუფთები არ ვიქნებით, როგორ შევძლებთ მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნის სხვა თვისებების არეკვლას?

10, 11. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშვიდობისმყოფელები ვიყოთ? ბ) თუ გრძნობ, რომ თანამორწმუნეს აწყენინე, როგორ დაამტკიცებ, რომ მშვიდობისმყოფელი ხარ? (იხილე აგრეთვე სქოლიო).

10 „შემდეგ მშვიდობიანი“. ზეციური სიბრძნე აღგვძრავს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც ღვთის სულის ნაყოფია (გალატელთა 5:22). ჩვენ ყოველ მხრივ ვცდილობთ, არ დავარღვიოთ „მშვიდობის საკვრელი“, რომელიც იეჰოვას ხალხს აერთიანებს (ეფესელთა 4:3). გარდა ამისა, როდესაც რაიმე უთანხმოება წამოიჭრება, ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის სასწრაფოდ აღსადგენად. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ბიბლია ამბობს: „გიყვარდეთ მშვიდობა და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (2 კორინთელთა 13:11). ასე რომ, თუ მშვიდობიანად ვიცხოვრებთ, მშვიდობის ღმერთი ჩვენთან იქნება. იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე პირდაპირ მოქმედებს ის, თუ როგორ ვეპყრობით თანამორწმუნეებს. რა უნდა ვაკეთოთ, რომ მშვიდობისმყოფელები ვიყოთ? განვიხილოთ მაგალითი.

11 რის გაკეთება გმართებს, თუ ფიქრობ, რომ თანამორწმუნეს აწყენინე? იესომ თქვა: „ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24). ამ რჩევის გამოსაყენებლად ინიციატივა უნდა გამოიჩინო ძმასთან მისასვლელად. რა მიზნით? „შესარიგებლად“ *.  ამის მისაღწევად შეიძლება იმის აღიარება, და არა უარყოფა, მოგიწიოს, რომ გული ატკინე. როდესაც მასთან მშვიდობის აღსადგენად მიდიხარ და ყველაფერს აკეთებ კიდეც ამისათვის, ალბათ, ნებისმიერ გაუგებრობას მოეფინება ნათელი, მოუბოდიშებთ და აპატიებთ ერთმანეთს. როდესაც მშვიდობის აღდგენაში ინიციატივას ავლენ, აჩვენებ, რომ ღვთის სიბრძნით ხელმძღვანელობ.

„კეთილგონიერი, მორჩილი“

12, 13. ა) რა მნიშვნელობას ატარებს იაკობის 3:17-ში „კეთილგონიერად“ ნათარგმნი სიტყვა? ბ) როგორ ვლინდება კეთილგონიერება?

12 „კეთილგონიერი“. რას ნიშნავს კეთილგონიერება? სპეციალისტების აზრით, იაკობის 3:17-ში მოხსენიებული ბერძნული სიტყვა, რომელიც „კეთილგონიერად“ არის ნათარგმნი, ძნელი სათარგმნია. მთარგმნელები მას თარგმნიან როგორც „რბილი“, „ლმობიერი“  და „თანამგრძნობი“. ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით „დამთმობს“, „დამყოლს“ ნიშნავს. როგორ შეგვიძლია იმის ჩვენება, რომ მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნის ამ თვისებას ცხოვრებაში ვიყენებთ?

13 «თქვენი თავმდაბლობა [„კეთილგონიერება“, აქ] ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის», — ამბობს ფილიპელთა 4:5. სხვა თარგმანში ნათქვამია: „გქონდეს კეთილგონიერი კაცის სახელი“ (The New Testament in Modern English, by J. B. Phillips). ყურადღება მიაქციე: მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, არამედ ის, თუ სხვები რას ფიქრობენ ჩვენზე, ანუ როგორი რეპუტაციით ვსარგებლობთ. კეთილგონიერი ადამიანი ყოველთვის არ მოითხოვს დადგენილი წესების დაცვას და არც იმას ეცდება, რომ თავისი გაიტანოს. პირიქით, ის მზად არის, სხვებს მოუსმინოს და თუ არაფერი ირღვევა, გაითვალისწინოს კიდეც მათი სურვილები. ის რბილიც არის და სხვებს უხეშად არ ეპყრობა. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქრისტიანისთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ასეთი მოქმედება განსაკუთრებით უხუცესებს მოეთხოვებათ. თუ უხუცესები რბილად ეპყრობიან სხვებს, ეს აადვილებს მათთან მისვლას (1 თესალონიკელთა 2:7, 8). კარგი იქნება, თუ ყველა საკუთარ თავს ვკითხავთ: „მიცნობენ ყურადღებიან, დამთმობ და რბილ ქრისტიანად?“.

14. რაში გამოვლინდება ჩვენი მორჩილება?

14 „მორჩილი“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად „მორჩილად“ არის ნათარგმნი, ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში სხვა ადგილას არსად გვხვდება. ერთი სპეციალისტის აზრით, ეს სიტყვა „ხშირად სამხედრო დისციპლინასთან“ დაკავშირებით გამოიყენება და „ადვილად დამყოლს“ ან „მორჩილს“ ნიშნავს. ის, ვინც მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნით ხელმძღვანელობს, ადვილად ემორჩილება ბიბლიის ნათქვამს. მას ისეთ პიროვნებად არ იცნობენ, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ნებისმიერ ფაქტს უარყოფს. პირიქით, ის სწრაფად იცვლის აზრს, როდესაც ბიბლიიდან დაანახვებენ, რომ არასწორი გადაწყვეტილება ან მცდარი დასკვნები აქვს გამოტანილი. გიცნობენ ასეთ პიროვნებად?

 „წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე“

15. რა არის წყალობა და რატომ არის მართებული, რომ იაკობის 3:17-ში „წყალობა“ და „კეთილი ნაყოფი“ ერთადაა მოხსენიებული?

15 „წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე“ *. წყალობა მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ასეთ სიბრძნეზე ნათქვამია, რომ „წყალობით სავსეა“. შენიშნე, რომ „წყალობა“ და „კეთილი ნაყოფი“ ერთადაა მოხსენიებული. ეს მართებულიცაა, რადგან ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „წყალობა“ მეტწილად სხვებზე ზრუნვასა და თანაგრძნობას გულისხმობს, რაც უხვად წარმოშობს კეთილ საქმეებს. ერთი ცნობარის თანახმად, წყალობა ეს არის „გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა და მისთვის დახმარების აღმოჩენა“. აქედან გამომდინარე, ღვთის სიბრძნე არ არის სიყვარულს მოკლებული, უგულო ან უბრალოდ ცოდნაზე დაფუძნებული. პირიქით, ის თბილი, გულწრფელი და თანამგრძნობია. რაში გამოვლინდება, თუ „წყალობით სავსე“ ვართ?

16, 17. ა) ღვთის სიყვარულის გარდა, რა აღგვძრავს სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობის მისაღებად და რატომ? ბ) რაში გამოვლინდება, თუ „წყალობით სავსე“ ვართ?

16 ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარება მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომ „წყალობით სავსე“ ვიყოთ. რა აღგვძრავს ამ საქმის შესასრულებლად? უპირველესად, ღვთის სიყვარული. გარდა ამისა, სხვების მიმართ წყალობა, ანუ თანაგრძნობა (მათე 22:37—39). დღეს ბევრნი „დაუძლურებულნი და დაფანტულნი არიან, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). ისინი მიტოვებული და სულიერად დაბრმავებულები არიან ცრუ რელიგიური მწყემსების მიერ. ამიტომაც მათ არაფერი იციან ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ბრძნული ხელმძღვანელობისა და იმ კურთხევების შესახებ, რომელსაც მალე ღვთის სამეფო მოიტანს დედამიწაზე. როდესაც ჩვენ გარშემო მცხოვრები ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე ვფიქრობთ, გულწრფელი თანაგრძნობა აღგვძრავს, ყველაფერი ვიღონოთ, რათა იეჰოვას დიდებულ განზრახვებზე ვესაუბროთ.

სხვების მიმართ წყალობისა და თანაგრძნობის გამოვლენით „მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს“ ვირეკლავთ.

 17 კიდევ როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ „წყალობით სავსე“ ვართ? გაიხსენე იესოს მაგალითი სამარიელზე, რომელმაც გზაზე დაგდებული, გაძარცვული და ნაცემი მგზავრი იპოვა. თანაგრძნობით აღძრულმა სამარიელმა „წყალობა უყო“ დაზარალებულს, ჭრილობები შეუხვია და იზრუნა მასზე (ლუკა 10:29—37). განა ეს მაგალითი არ გვიჩვენებს, რომ წყალობა პრაქტიკული დახმარების აღმოჩენასაც ნიშნავს? ბიბლია გვეუბნება: „სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველას მიმართ და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). განვიხილოთ ამის რამდენიმე შესაძლებლობა. მაგალითად, ხანდაზმულ თანამორწმუნეს შეიძლება დახმარება სჭირდება ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარულში. ქვრივ დას შეიძლება ბინის შეკეთებაში სჭირდება დახმარება (იაკობი 1:27). გულგატეხილ ქრისტიანს გასამხნევებლად შეიძლება „კეთილი სიტყვის“ მოსმენა ესაჭიროება (იგავნი 12:25). როდესაც ასეთი გზებით წყალობას ვავლენთ, ვამტკიცებთ, რომ მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს ცხოვრებაში ვიყენებთ.

„მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო“

18. თუ გვინდა, მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნით ვიხელმძღვანელოთ, რა უნდა ამოვიგდოთ გულიდან და რატომ?

18 „მიუკერძოებელი“. ღვთის სიბრძნე რასობრივ სიძულვილსა და ნაციონალურ სიამაყეზე მაღლა დგას. თუ ღვთის სიბრძნით ვხელმძღვანელობთ, გულიდან ამოვიგდებთ ფავორიტიზმისკენ ყოველგვარ მიდრეკილებას (იაკობი 2:9, სსგ). მიკერძოება არ უნდა გამოვიჩინოთ და უპირატესობა არ უნდა მივანიჭოთ მათ, რომლებსაც უკეთესი განათლება ან ფინანსური მდგომარეობა აქვთ, ან კრებაში რაიმე პასუხისმგებლობა აკისრიათ. თანამორწმუნეებს არც ზემოდან უნდა დავყურებდეთ, რაც არ უნდა „დაბალი დონის“ პიროვნებებად თვლიდეს მათ ვინმე. თუ იეჰოვა თვლის მათ თავისი სიყვარულის ღირსად, მით უმეტეს ჩვენ გვმართებს, ჩავთვალოთ ისინი ჩვენი სიყვარულის ღირსად.

19, 20. ა) საიდან მოდის ბერძნული სიტყვა „თვალთმაქცი“? ბ) როგორ ვლინდება „უპირფერო ძმური სიყვარული“ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

19 „უთვალთმაქცო“. ბერძნულ სიტყვას, რომელიც ქართულად „თვალთმაქცად“ ითარგმნა, იყენებდნენ „მსახიობის მიმართაც,  რომელიც რაიმე როლს განასახიერებდა“. ძველ დროში ბერძენი და რომაელი მსახიობები სცენაზე დიდ ნიღბებს ატარებდნენ. აქედან გამომდინარე, „თვალთმაქცის“ შესატყვისი ბერძნული სიტყვა იმ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა, როდესაც ვინმე თავს სხვაგვარად წარმოაჩენდა, ანუ მსახიობობდა. ამ მხრივ, ღვთის სიბრძნემ არა მარტო იმაზე უნდა იმოქმედოს, თუ როგორ ვეპყრობით თანამორწმუნეებს, არამედ იმაზეც, გულში რას ვფიქრობთ მათზე.

20 მოციქულმა პეტრემ „ჭეშმარიტებისადმი მორჩილება“ „უპირფერო ძმურ სიყვარულს“ დაუკავშირა (1 პეტრე 1:22). დიახ, ძმებისადმი ჩვენი სიყვარული მოჩვენებითი არ უნდა იყოს. სხვების შეცდომაში შესაყვანად არც ნიღაბს ვიკეთებთ და არც ვმსახიობობთ. ნამდვილად და გულწრფელად უნდა გვიყვარდეს საძმო. თუ ამას ვაკეთებთ, თანამორწმუნეების ნდობას დავიმსახურებთ, რადგან მიხვდებიან, რომ სინამდვილეში ისეთები ვართ, როგორებიც გარეგნულად ვჩანვართ. ასეთი გულწრფელობა ქრისტიანებს შორის გულღია და ნამდვილი ურთიერთობის საწინდარია და კრებაში ერთმანეთის მიმართ ნდობაც დაისადგურებს.

 „გაუფრთხილდი პრაქტიკულ სიბრძნეს“

21, 22. ა) როგორ დაკარგა სოლომონმა სიბრძნე? ბ) როგორ შეგვიძლია გავუფრთხილდეთ სიბრძნეს და რა კურთხევებს მოგვიტანს ასე მოქცევა?

21 ღვთის სიბრძნე ძღვენია იეჰოვასგან, რასაც გაფრთხილება სჭირდება. სოლომონმა თქვა: «შვილო. . . არ დაკარგო განსჯის უნარი [„გაუფრთხილდი პრაქტიკულ სიბრძნეს და აზროვნებას“, აქ]» (იგავნი 3:21). სამწუხაროდ, სოლომონი ვერ გაუფრთხილდა მას. ის მანამდე იყო ბრძენი, სანამ მორჩილი გული ჰქონდა. მაგრამ ბოლოს, მისმა უცხოტომელმა ცოლებმა მისი გული იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას ჩამოაშორეს (მესამე მეფეთა 11:1—8). ეს სავალალო შედეგი გვიჩვენებს, რომ ცოდნას ფასი არა აქვს, თუ მას სათანადოდ არ ვიყენებთ.

22 როგორ გავუფრთხილდეთ პრაქტიკულ სიბრძნეს? ამისათვის არა მარტო ბიბლიისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების რეგულარული კითხვაა მნიშვნელოვანი, არამედ ნასწავლის თანახმად მოქმედებაც (მათე 24:45). იმედი არ გაგვიცრუვდება, თუ ღვთის სიბრძნეს გამოვიყენებთ. ეს ცხოვრების საუკეთესო გზაა. სიბრძნე დაგვეხმარება „მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“, — სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 6:19, აქ). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნის გამომუშავება ყოველგვარი სიბრძნის წყაროსთან, იეჰოვა ღმერთთან, დაგვაახლოებს.

^ აბზ. 1 მესამე მეფეთა 3:16-ის თანახმად, ეს ორი მეძავი იყო. „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ შენიშნავს: „ეს ქალები მეძავები იყვნენ, როგორც ჩანს, არა იმ გაგებით, რომ სხეულით ვაჭრობდნენ, არამედ იმით, რომ ერთხელ იმრუშეს. ისინი შეიძლება ებრაელები ყოფილიყვნენ ან უფრო დასაშვებია, რომ უცხო ტომელები იყვნენ“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

^ აბზ. 11 ბერძნული სიტყვა, რომელიც „შერიგებად“ არის ნათარგმნი, მომდინარეობს ზმნიდან, რომელიც ნიშნავს „ცვლილება მოახდინო, შეცვალო და, მაშასადამე, შეურიგდე“. ასე რომ, შენი მიზანია, ცვლილება მოახდინო და განაწყენებულს, თუ შესაძლებელია, მტრული განწყობა გაუქარწყლო (რომაელთა 12:18).

^ აბზ. 15 სხვა თარგმანი ამ სიტყვას ასე თარგმნის: „თანაგრძნობითა და კარგი საქმეებით სავსე“ (A Translation in the Language of the People, by Charles B. Williams).

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)

ბიბლიის კითხვა სასარგებლოა

ბიბლიამხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, თუ ვსწავლობთ მას და ვიყენებთ მის სწავლებებს. გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ უფრო საინტერესო გახადოთ ბიბლიის კითხვა.

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)

ბიბლიით დაეხმარეთ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს შესწავლა

აფასებთ ბიბლიას? 2 ტიმოთეს 3:16-ის განხილვა განგიმტკიცებთ რწმენას იეჰოვას ამ საჩუქრისადმი.