წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 20

„გულბრძენი“, მაგრამ თავმდაბალი

„გულბრძენი“, მაგრამ თავმდაბალი

1—3. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა თავმდაბალია?

მამას სურს, თავის პატარას მეტად საჭირო რჩევა ჩააგონოს და ცდილობს, მის გულს ჩასწვდეს. როგორ მოიქცევა? ნუთუ შესაშინებლად თავზე წამოადგება და მკაცრად დაუწყებს ლაპარაკს? თუ ჩაუცუცქდება და რბილად და სიყვარულით დაარიგებს? ცხადია, ბრძენი და თავმდაბალი მამა რბილად მიუდგება შვილს.

2 როგორია იეჰოვა? ქედმაღალი თუ თავმდაბალი? მკაცრი თუ რბილი? იეჰოვამ ყველაფერი იცის, ის ყოველმხრივ ბრძენი ღმერთია. შეგიმჩნევია, რომ ცოდნა და ინტელექტი ადამიანს, ხშირად, ხელს უშლის თავმდაბლობაში? როგორც ბიბლია ამბობს, „ცოდნა აამპარტავნებს“ (1 კორინთელთა 3:19; 8:1). მაგრამ იეჰოვა, „გულბრძენი“ და, ამავე დროს, თავმდაბალი ღმერთია (იობი 9:4). არა იმიტომ, რომ დაბალი მდგომარეობა უკავია ან დიდებულება აკლია, არამედ იმის გამო, რომ მასში არ არის ქედმაღლობა. რატომ?

3 იეჰოვა წმინდაა. ამიტომ ქედმაღლობას, რომელიც ხრწნის პიროვნებას, მასთან საერთო არაფერი აქვს (მარკოზი 7:20—22). ამასთან, ყურადღება მიაქციე, თუ რა თქვა წინასწარმეტყველმა იერემიამ იეჰოვაზე: „შენი სული [თვით იეჰოვა] გამიხსენებს და ჩემკენ დაიხრება“ * (გოდება იერემიასი 3:20, აქ). წარმოიდგინე! იეჰოვა, სამყაროს უზენაესი უფალი, მზად იყო, დახრილიყო ანუ იერემიას გატოლებოდა, რათა ამ არასრულყოფილი ადამიანისთვის სათანადო ყურადღება მიექცია (ფსალმუნი 112:7). დიახ, იეჰოვა თავმდაბალია. მაგრამ, რას ნიშნავს ღვთის თავმდაბლობა? რა კავშირი აქვს მას სიბრძნესთან? და რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

 მტკიცება, რომ იეჰოვა თავმდაბალია

4, 5. ა) რა არის თავმდაბლობა? რაში ვლინდება ის და რატომ არ უნდა აგვერიოს სისუსტესა და გაუბედაობაში? ბ) როგორ გამოავლინა იეჰოვამ თავმდაბლობა დავითის მიმართ და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იეჰოვას თავმდაბლობა?

4 თავმდაბლობას სიამაყესა და ქედმაღლობასთან საერთო არაფერი აქვს. თავმდაბლობა შინაგანი თვისებაა და რბილ ხასიათში, მოთმინებასა და კეთილგონიერებაში ვლინდება (გალატელთა 5:22, 23). მაგრამ ღვთის ეს თვისებები არასოდეს უნდა აგვერიოს სისუსტეში ან გაუბედაობაში. ისინი ვერ უთავსდებიან იეჰოვას ისეთ თვისებებს, როგორიცაა სამართლიანი გულისწყრომა და გამანადგურებელი სიძლიერე. პირიქით, თავმდაბლობითა და რბილად მოპყრობით იეჰოვა უდიდეს ძალას ავლენს, რომ შეუძლია სრულყოფილად აკონტროლოს საკუთარი თავი (ესაია 42:14). რა კავშირია თავმდაბლობასა და სიბრძნეს შორის? ერთი ბიბლიური ცნობარის თანახმად, „თავმდაბლობა უანგარობა და ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია“. მართლაც, ნამდვილ სიბრძნეს თან ახლავს თავმდაბლობა. რა მხრივ არის ჩვენთვის სასარგებლო იეჰოვას თავმდაბლობა?

გონიერი მამა თავმდაბლად და რბილად ეპყრობა შვილებს.

 5 მეფე დავითი იეჰოვას უმღეროდა: «მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი წყალობით [„შენი თავმდაბლობა განმადიდებს მე“, აქ]» (ფსალმუნი 17:36). ფაქტობრივად, იეჰოვამ თავი დაიმდაბლა, რათა ეს უბრალო და არასრულყოფილი ადამიანი ყოველდღიურად დაეცვა და გაეძლიერებინა. დავითს ესმოდა, რომ, თუკი გადარჩებოდა და, საბოლოოდ, მეფის დიდებასაც მიიღებდა, ეს მხოლოდ იმის წყალობით მოხდებოდა, რომ იეჰოვა მზად იყო, თავი დაემდაბლებინა. ნამდვილად, რომელ ჩვენგანს ექნებოდა გადარჩენის იმედი, იეჰოვა თავმდაბალი რომ არ ყოფილიყო და მოსიყვარულე და ლმობიერი მამის მსგავსად არ მოგვპყრობოდა?

6, 7. ა) რატომ არსად არ არის საუბარი ბიბლიაში იმაზე, რომ იეჰოვა მოკრძალებულია? ბ) რა კავშირი არსებობს რბილ ხასიათსა და სიბრძნეს შორის და ვინ გვაძლევს საუკეთესო მაგალითს ამ მხრივ?

6 აღსანიშნავია, რომ თავმდაბლობასა და მოკრძალებას შორის განსხვავებაა. მოკრძალება შესანიშნავი თვისებაა, რომელიც ღვთის ერთგულმა ადამიანებმა უნდა გამოიმუშაონ. თავმდაბლობის მსგავსად, ისიც სიბრძნესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, იგავნის 11:2 ამბობს: «თვინიერებთან [„მოკრძალებულებთან“, აქ]. . . სიბრძნეა». მაგრამ ბიბლიაში არსად არ ვხვდებით იმ აზრს, რომ იეჰოვა მოკრძალებულია. რატომ? ბიბლიაში გამოყენებული ეს სიტყვა ნიშნავს, რომ პიროვნებას ესმის, თუ რა შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ყოვლისშემძლე ღმერთს არა აქვს არანაირი შეზღუდვა, თუ არ ჩავთვლით იმ გამონაკლისებს, როდესაც საკუთარ თავს თვითონ უდგენს გარკვეულ შეზღუდვას თავისივე სამართლიანი პრინციპებიდან გამომდინარე (მარკოზი 10:27; ტიტე 1:2). გარდა ამისა, რადგან უზენაესია, ის არავის ექვემდებარება. ასე რომ, მოკრძალების ცნება, უბრალოდ, არ ვრცელდება იეჰოვაზე.

7 მაგრამ იეჰოვა თავმდაბალი და რბილი პიროვნებაა. ის თავის მსახურებს ასწავლის, რომ ჭეშმარიტი სიბრძნისთვის მნიშვნელოვანია, სხვებს რბილად მოვეპყროთ. ბიბლია საუბრობს „რბილ ხასიათზე, რაც სიბრძნისთვისაა დამახასიათებელი“ * (იაკობი 3:13, აქ). იეჰოვა ამის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. მოდი განვიხილოთ, როგორ?

 იეჰოვა თავის მსახურებს საქმეს ანდობს და უსმენს

8—10. ა) რატომ არის შესანიშნავი ის ფაქტი, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის, ანდოს საქმე თავის მსახურებს და მოუსმინოს მათ? ბ) როგორ თავმდაბლურად მოექცა იეჰოვა ანგელოზებს?

8 იეჰოვას სიბრძნის შესანიშნავი დადასტურებაა ის, რომ იგი მზად არის, საქმე ანდოს თავის მსახურებს და მოუსმინოს კიდეც მათ. თვით ის ფაქტი, რომ იგი უსმენს მათ, განსაცვიფრებელია — იეჰოვას ხომ არც დახმარება ესაჭიროება და არც რჩევა (ესაია 40:13, 14; რომაელთა 11:34, 35). მიუხედავად ამისა, ბიბლია არაერთხელ გვიჩვენებს, რომ ის ასე იქცევა.

9 მაგალითად, განვიხილოთ აბრაამის ცხოვრებიდან ერთი კარგად ცნობილი შემთხვევა. მას სამი სტუმარი ეწვია, რომელთაგან ერთ-ერთს მიმართა როგორც „იეჰოვა“. ფაქტობრივად, სტუმრები ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ერთი მათგანი იეჰოვას სახელით იყო მოსული და მისი სახელით მოქმედებდა. ანგელოზი იმას ამბობდა და აკეთებდა, რასაც იეჰოვა იტყოდა და გააკეთებდა. იეჰოვამ ანგელოზის პირით უთხრა აბრაამს, რომ მას შემოესმა ხმამაღალი „სამდურავი სოდომსა და გომორზე“. იეჰოვამ განაცხადა: „ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია“ (დაბადება 18:3, 20, 21). ცხადია, იეჰოვა იმას არ გულისხმობდა, რომ ყოვლისშემძლე პირადად „ჩავიდოდა“. ის თავის წარმომადგენელ ანგელოზებს აგზავნის (დაბადება 19:1). რატომ? ნუთუ ყოვლისმხილველ იეჰოვას არ შეეძლო თვითონ გაეგო, რა ხდებოდა იმ ქალაქებში? ცხადია, შეეძლო. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ თავმდაბლად დაავალა ანგელოზებს, გამოეკვლიათ სიტუაცია და ლოტსა და მის ოჯახს სწვეოდნენ სოდომში.

10 გარდა ამისა, იეჰოვა უსმენს სხვებს. ერთხელ მან ანგელოზებს შესთავაზა საკუთარი აზრი გამოეთქვათ, თუ როგორ შეიძლებოდა ბოროტი მეფის, აქაბის, დაღუპვა. ასეთ დახმარებას იეჰოვა არ საჭიროებდა. მიუხედავად ამისა, მან მიიღო ერთ-ერთი ანგელოზის წინადადება და ნება დართო მას, თავისივე ნათქვამის შესაბამისად ემოქმედა (3 მეფეთა 22:19—22). განა ეს თავმდაბლობის გამოვლენა არ არის?

11, 12. როგორ დაინახა აბრაამმა, რომ იეჰოვა თავმდაბალია?

11 იეჰოვა არასრულყოფილი ადამიანების მოსასმენადაც მზად  არის, რომლებსაც თავიანთი წუხილის გამოხატვა სურთ. მაგალითად, როდესაც სოდომისა და გომორის განადგურების შესახებ იეჰოვამ აბრაამს თავისი განზრახვა შეატყობინა, ღვთის ეს ერთგული მსახური საგონებელში ჩავარდა. „არ ეგების შენგან ეს საქმე“, — უთხრა აბრაამმა. შემდეგ კი დაამატა: „არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს“. მან ჰკითხა, თუ დაინდობდა იეჰოვა ქალაქს, 50 მართალი ადამიანი რომ აღმოჩენილიყო მასში. იეჰოვამ დაარწმუნა, რომ არ გაანადგურებდა. მაგრამ აბრაამი კვლავ ეკითხებოდა და რიცხვს თანდათანობით ამცირებდა, ჯერ 45-მდე, შემდეგ 40-მდე და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა არწმუნებდა აბრაამს, ის მანამდე ელაპარაკებოდა ღმერთს, სანამ 10-მდე არ ჩამოვიდა. შესაძლოა, იმ დროს აბრაამს ბოლომდე არც ესმოდა, რამდენად გულმოწყალეა იეჰოვა. როგორც უნდა ყოფილიყო, იეჰოვამ მოთმინებისა და თავმდაბლობის გამოვლენით აბრაამს, თავის მეგობარსა და მსახურს, წუხილის გამოხატვის შესაძლებლობა მისცა (დაბადება 18:23—33).

12 რამდენი დიდებული და განათლებული ადამიანი მოუსმენდა ასე მოთმინებით მასზე ბევრად ნაკლები განათლების მქონეს? * აი, ასე ავლენს ჩვენი ღმერთი თავმდაბლობას. იმავე საუბრის დროს აბრაამმა ისიც დაინახა, რომ იეჰოვა „რისხვაში ნელია“ (გამოსვლა 34:6, აქ). შესაძლებელია, აბრაამს ესმოდა, რომ უფლება არ ჰქონდა, უზენაესს შეკამათებოდა და ამიტომ ორჯერ სთხოვა: „ნუ გამიწყრება უფალი“ (დაბადება 18:30, 32). ცხადია, იეჰოვა არ განურისხდა აბრაამს. ის ნამდვილად „რბილი ხასიათისაა, რაც სიბრძნისთვისაა დამახასიათებელი“.

იეჰოვა კეთილგონიერია

13. რას ნიშნავს ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „კეთილგონიერი“ და რატომ არის ეს სიტყვა ზუსტად იეჰოვასთვის დამახასიათებელი?

13 იეჰოვას თავმდაბლობა მის კიდევ ერთ შესანიშნავ თვისებაში — კეთილგონიერებაში — ვლინდება. სამწუხაროდ, არასრულყოფილ ადამიანებს ნაკლებად აქვთ ეს თვისება. იეჰოვა არა მარტო იმისთვის არის მზად, რომ თავის ქმნილებებს მოუსმინოს,  არამედ დათმობაზეც მიდის, თუ მისი სამართლიანი პრინციპები არ ირღვევა. ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „კეთილგონიერი“ სიტყვასიტყვით „დამთმობს“ ნიშნავს. ეს თვისებაც ღვთის სიბრძნისთვისაა დამახასიათებელი. იაკობის 3:17 ამბობს: «მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე. . . ლმობიერია [„კეთილგონიერია“, აქ]». რა გაგებით არის ყოველმხრივ ბრძენი იეჰოვა კეთილგონიერი? პირველ რიგში იმ გაგებით, რომ მას ადვილად შეუძლია სიტუაციისდა მიხედვით მოიქცეს. გაიხსენე, მისი სახელი გვასწავლის, რომ იეჰოვა იქცევა იმად, რადაც თავისი განზრახვების შესასრულებლად არის საჭირო (გამოსვლა 3:14, აქ). განა ეს კეთილგონიერების სულს არ ირეკლავს?

14, 15. რას გვასწავლის ზეციერი ეტლის შესახებ ეზეკიელის ხილვა იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციაზე და რით განსხვავდება იეჰოვას ორგანიზაცია ქვეყნიური ორგანიზაციებისგან?

14 ბიბლიაში ჩაწერილი ერთ-ერთი შესანიშნავი ეპიზოდი დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ, რას ნიშნავს იეჰოვას უნარი, სიტუაციისდა მიხედვით მოიქცეს. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ხილვაში იხილა სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია. მან იხილა საოცარი თანაფარდობის მქონე ეტლი, იეჰოვას ეტლი, რომელსაც ღმერთი თავადვე მართავდა. ყველაზე საინტერესო კი, მისი მოძრაობა იყო. ოთხსავე მხარეს უზარმაზარი ბორბლები ჰქონდა, რომლებიც „თვალებით იყო სავსე“. მათ შეეძლოთ ყოველ მხარეს ეყურათ. ეტლს შეეძლო შეუჩერებლად, სწრაფად შეეცვალა მიმართულება. ეს გიგანტური ეტლი ადამიანის შექმნილი, მოუქნელი მოწყობილობის მსგავსი როდი იყო. ის ელვის სისწრაფით მოძრაობდა და მართი კუთხითაც კი შეეძლო მოეხვია (ეზეკიელი 1:1, 14—28). დიახ, იეჰოვას ორგანიზაცია, ყოვლისშემძლე უზენაესი ღმერთის მსგავსად, რომელიც მართავს ამ ორგანიზაციას, უაღრესად კეთილგონივრულად მოქმედებს და ნებისმიერ ცვალებად მდგომარეობასა და მოთხოვნილებაზე სათანადო რეაგირებას ახდენს.

15 ადამიანებს მარტო ის თუ გამოუვათ, რომ შეეცადონ, მიბაძონ ასეთ სრულყოფილ კეთილგონიერებას. ძალიან ხშირად ადამიანები და მიწიერი ორგანიზაციები უფრო მეტად ტლანქები და არაკეთილგონიერები არიან. თვალსაჩინოებისთვის: უზარმაზარმა გემმა ან  სატვირთო მატარებელმა შეიძლება განგვაცვიფროს თავისი ზომითა და სიმძლავრით. მაგრამ, რომელ მათგანს შეუძლია უცაბედ ცვლილებაზე რეაგირება? თუ მატარებელს წინ რაღაც გადაეღობება, მისი შემობრუნება გამორიცხულია. არც უცაბედი გაჩერებაა ადვილი საქმე. მძიმე სატვირთო მატარებელი შეიძლება დამუხრუჭებიდან თითქმის 2 კილომეტრის გავლის შემდეგ გაჩერდეს. ასევე, დიდმა გემმა, კერძოდ სუპერტანკერმა, შეიძლება 8 კილომეტრი გაცუროს ძრავის გამორთვიდან. მაშინაც კი, თუ ტანკერის ძრავას უკან სვლაზე გადართავენ, გემი 3 კილომეტრს მაინც წინ გაცურავს. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის მიერ დაარსებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც ტლანქები და არაკეთილგონიერები არიან. სიამაყის გამო ადამიანებს ხშირად არ სურთ, მოერგონ ცვალებად სიტუაციებსა და მოთხოვნილებებს. ასეთი უდრეკობის გამო საწარმოები გაკოტრებულა და მთავრობებიც კი გადამდგარა (იგავნი 16:18). რამდენად ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვაც და მისი ორგანიზაციაც მათგან სრულიად განსხვავდებიან!

რაში ვლინდება იეჰოვას კეთილგონიერება

16. როგორ გამოავლინა იეჰოვამ ლოტის მიმართ კეთილგონიერება სოდომისა და გომორის განადგურებამდე?

16 მოდი კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ სოდომისა და გომორის განადგურებას. ლოტი და მისი ოჯახი სრულიად გასაგებად გააფრთხილა იეჰოვას ანგელოზმა: „მთას შეეფარე“. მაგრამ ეს წინადადება ლოტს არ მოეწონა. „არა უფალო!“ — სთხოვა ლოტმა. ლოტს ეგონა, რომ, თუ მთებში გაიქცეოდა, დაიღუპებოდა, ამიტომ შეევედრა იეჰოვას, უფლება მიეცა ახლომდებარე ქალაქში, ცოღარში, გაქცეულიყვნენ. ნუ დაგავიწყდება, რომ იეჰოვას ამ ქალაქის განადგურებაც ჰქონდა გადაწყვეტილი. გარდა ამისა, ლოტს შიშისთვის რეალური საფუძველი არ გააჩნდა. თავისთავად ცხადია, იეჰოვა მთებშიც დაიცავდა ლოტს! მიუხედავად ამისა, იეჰოვამ გაითვალისწინა ლოტის თხოვნა და ცოღარი არ გაანადგურა. „კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც“, — უთხრა ლოტს ანგელოზმა (დაბადება 19:17—22). განა ეს იეჰოვას მხრიდან კეთილგონიერების გამოვლენა არ იყო?

17, 18. როგორ გამოჩნდა იეჰოვას კეთილგონიერება ნინეველებთან მოპყრობაში?

 17 იეჰოვა გულწრფელ მომნანიებლებსაც უსმენს და ყოველთვის გულმოწყალედ და სამართლიანად მოქმედებს. მოდი განვიხილოთ, რა მოხდა მას შემდეგ, როდესაც ღმერთმა წინასწარმეტყველი იონა უზნეობითა და ძალადობით სავსე ქალაქ ნინევეში გააგზავნა. ღვთის შთაგონებით გადაცემული ცნობა, რომელსაც იონა ნინევეს ქუჩებში აცხადებდა, საკმაოდ მარტივი იყო: უძლიერესი ქალაქი ნინევე 40 დღეში უნდა განადგურებულიყო. მიუხედავად ამისა, სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ნინეველებმა მოინანიეს! (იონა, თავი 3).

18 ჩვენთვის მეტად სასარგებლოა იმის გამოკვლევა, თუ როგორ მოექცა იეჰოვა იონას მას შემდეგ, რაც ამ წინასწარმეტყველმა უკმაყოფილება გამოთქვა მდგომარეობის შეცვლის გამო. ამ შემთხვევაში იეჰოვა შეიცვალა და „მეომრის“ ნაცვლად ცოდვების მიმტევებელი გახდა * (გამოსვლა 15:3). იონამ კი არ გამოავლინა კეთილგონიერება და, კიდევ უფრო ნაკლებად, გულმოწყალება. იმის ნაცვლად, რომ იეჰოვას კეთილგონიერება აერეკლა, ზემოთ ნახსენები სატვირთო მატარებლის ან სუპერტანკერის მსგავსი სიტლანქე გამოავლინა. განა განადგურება არ იწინასწარმეტყველა, ამიტომ განადგურებას ითხოვდა! მიუხედავად ამისა, იეჰოვა მოთმინებით მოეპყრო თავის მოუთმენელ წინასწარმეტყველს და კეთილგონიერება და გულმოწყალება ასწავლა (იონა, თავი 4).

იეჰოვა კეთილგონიერია და ესმის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები.

19. ა) რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა კეთილგონიერებას ავლენს იმაში, თუ რას მოელის ჩვენგან? ბ) როგორ აჩვენებს იგავნის 19:17, რომ იეჰოვა „კარგი და კეთილგონიერი“ ბატონია და უაღრესად თავმდაბალიც?

19 დაბოლოს, იეჰოვას კეთილგონიერება იმაშიც ვლინდება, რასაც ის ჩვენგან მოელის. მეფე დავითმა დაწერა: „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:14). იეჰოვას ჩვენზე უკეთ ესმის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და არასრულყოფილება.  ის არასოდეს მოელის ჩვენგან იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია. ბიბლია „კარგ და კეთილგონიერ“ ბატონებს მათთან აპირისპირებს, რომლებსაც „ვერაფრით ასიამოვნებ“ (1 პეტრე 2:18, აქ). როგორი ბატონია იეჰოვა? ყურადღება მიაქციე იგავნის 19:17-ში ჩაწერილ სიტყვებს: „ღარიბ-ღატაკის განმკითხავი, სესხს აძლევს უფალს“. ნათელია, რომ მხოლოდ კარგი და კეთილგონიერი ბატონი მიაქცევს ყურადღებას ღარიბის მიმართ გამოვლენილ ყოველგვარ სიკეთეს. ეს მუხლი უფრო მეტსაც ამბობს. ფაქტობრივად, სამყაროს შემოქმედი იმ უბრალო ადამიანების მოვალედ თვლის თავს, რომლებიც გულმოწყალებას ავლენენ! ეს მართლაც რომ შეუდარებელი თავმდაბლობაა.

20. რით ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა ისმენს და პასუხობს ჩვენს ლოცვებს?

20 იეჰოვა დღესაც ასევე რბილად და კეთილგონივრულად ეპყრობა თავის მსახურებს. როდესაც რწმენით ვლოცულობთ, ის გვისმენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან სალაპარაკოდ დღეს წარმომადგენლებს არ აგზავნის ანგელოზების სახით, არ უნდა დავასკვნათ, რომ ჩვენი ლოცვები უპასუხოდ რჩება. გაიხსენე, როდესაც მოციქულმა პავლემ თანამორწმუნეებს სთხოვა, საპატიმროდან მისი გათავისუფლების შესახებ ელოცათ, თან დაამატა: „რათა დაგიბრუნდეთ მალე“ (ებრაელთა 13:18, 19, სსგ). ასე რომ, ჩვენმა ლოცვებმა შეიძლება აღძრას იეჰოვა, გააკეთოს ის, რასაც სხვაგვარად, ალბათ, არ გააკეთებდა! (იაკობი 5:16).

21. რა არ უნდა დავასკვნათ არასოდეს იეჰოვას თავმდაბლობაზე და რა უნდა დავაფასოთ?

 21 რასაკვირველია, იეჰოვას თავმდაბლობის არც ერთი გამოვლინება — რბილად მოპყრობა, მზადყოფნა მოსასმენად, მოთმინება, კეთილგონიერება — არ ნიშნავს, რომ იეჰოვა თავისი სამართლიანი პრინციპების მიმართ დათმობაზე მიდის. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას შეიძლება ჰგონია, რომ კეთილგონივრულად იქცევა, როდესაც იეჰოვას მორალური ნორმების გათელვით სამწყსოს ყურის მაამებელ მოძღვრებებს სთავაზობს (2 ტიმოთე 4:3). მაგრამ ადამიანის მიდრეკილებას, გამორჩენის გამო დათმობაზე წავიდეს, ღვთის კეთილგონიერებასთან საერთო არაფერი აქვს. იეჰოვა წმინდაა და არასოდეს გააუწმინდურებს თავის სამართლიან ნორმებს (ლევიანნი 11:44). მაშ, მოდი გვიყვარდეს იეჰოვას კეთილგონიერება, რაც მის თავმდაბლობაზე მეტყველებს. განა არ გახარებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ღმერთი, სამყაროში ყველაზე ბრძენი პიროვნება, უაღრესად თავმდაბალია? რა სასიამოვნოა, დაუახლოვდე ასეთ შიშისა და მოწიწების მომგვრელ, თუმცა ამავდროულად, ლმობიერ, მომთმენ და კეთილგონიერ ღმერთს!

^ აბზ. 3 ძველი დროის მწიგნობრებმა ანუ სოფერინებმა ეს მუხლი შეცვალეს და თქვეს, რომ იერემია იხრება და არა იეჰოვა. როგორც ჩანს, ასეთი თავმდაბლობა მათ ღვთისთვის შეუფერებლად მიაჩნდათ. შედეგად, ბევრმა მთარგმნელმა ვერ გაიგო ამ შესანიშნავი მუხლის მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, „ახალი ინგლისური ბიბლია“ ზუსტად ამბობს, რომ იერემია ღვთის მისამართით ამბობს: „გამიხსენებს, ო, გამიხსენებს და ჩემკენ გადმოიხრება“.

^ აბზ. 7 სხვა თარგმანებში ნათქვამია: „თავმდაბლობა, რომელიც სიბრძნიდან მომდინარეობს“ და „ლმობიერება, რაც სიბრძნის მახასიათებელია“.

^ აბზ. 12 საინტერესოა, რომ ბიბლიაში მოთმინება და ამპარტავნობა ერთმანეთს უპირისპირდება (ეკლესიასტე 7:8). იეჰოვას მოთმინება მისი თავმდაბლობის კიდევ ერთი მტკიცებაა (2 პეტრე 3:9).

^ აბზ. 18 ფსალმუნის 85:5-ში იეჰოვას შესახებ ნათქვამია, რომ ის «კეთილი და შემბრალეა [„მზადაა აპატიოს“, აქ]». როდესაც ეს ფსალმუნი ბერძნულად ითარგმნა, გამოთქმა „მზადაა აპატიოს“ გადმოტანილი იყო სიტყვით „ეპიეიკეია“ ანუ „კეთილგონიერი“.