არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 21

„ღვთის სიბრძნე“ იესოში ვლინდება

„ღვთის სიბრძნე“ იესოში ვლინდება

1—3. როგორ მიიღეს იესოს სწავლებები მისმა ყოფილმა მეზობლებმა და რას ვერ მიხვდნენ ისინი?

ხალხი გაოგნებული იყო. ახალგაზრდა იესო სინაგოგაში იდგა მათ წინაშე და ასწავლიდა. ისინი იცნობდნენ იესოს, რადგან მათ ქალაქში გაიზარდა და წლების განმავლობაში დურგლად მუშაობდა. შეიძლება ზოგ მათგანს იესო სახლის აშენებაშიც მიხმარებია ან საკუთარი ხელით გაუკეთებია მათთვის მიწის დასამუშავებელი იარაღი *. მაგრამ, როგორ მიიღებდნენ ისინი ყოფილი დურგლის სწავლებებს?

2 მისი მსმენელების უმეტესობა გაოცებული იყო და კითხულობდნენ: „საიდან აქვს მას ეს სიბრძნე?“. თან დასძენდნენ: „ეს ხურო არ არის, მარიამის ძე?“ (მათე 13:54—58; მარკოზი 6:1—3). სამწუხაროდ, ეს ხალხი იესოზე ფიქრობდა, რომ განა ეს კაცი დურგალი, ჩვენნაირი უბრალო ადამიანი არ არისო. მიუხედავად იმისა, რომ იესოს სიტყვებში სიბრძნე გამოსჭვიოდა, უარყვეს იგი. რა იცოდნენ, რომ ეს მისი სიბრძნე არ იყო.

3 საიდან ჰქონდა იესოს ეს სიბრძნე? „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მომავლინა“, — თქვა მან (იოანე 7:16). მოციქულმა პავლემ განმარტა, რომ იესო „გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღვთისგან“ (1 კორინთელები 1:30). ღვთის ძეში, იესოში, თვით იეჰოვას სიბრძნე გამოვლინდა. სინამდვილეში, ის იმდენად კარგად ირეკლავდა იეჰოვას სიბრძნეს, რომ იესოს შეეძლო ეთქვა: „მე და მამა ერთი ვართ“ (იოანე 10:30). მოდი გამოვიკვლიოთ სამი მხარე, რომლებშიც იესომ ღვთის სიბრძნე აირეკლა.

 რას ასწავლიდა

4. ა) რა იყო იესოს სწავლების თემა და რატომ იყო ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ბ) რატომ იყო იესოს რჩევები ყოველთვის პრაქტიკული და მსმენელებისთვის უდიდესი სარგებლობის მომტანი?

4 ჯერ განვიხილოთ, რას ასწავლიდა იესო. მისი სწავლების თემა „ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა“ იყო (ლუკა 4:43, აქ). ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამეფო იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას დაუჭერდა მხარს და კაცობრიობას უსასრულო კურთხევებს მოუტანდა. იესო ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებითაც იძლეოდა ბრძნულ რჩევებს. მან დაამტკიცა, რომ ნაწინასწარმეტყველები „საკვირველი მრჩეველი“ იყო (ესაია 9:5). მართლაც, როგორ შეიძლებოდა მისი რჩევები საოცარი არ ყოფილიყო? მან სრულყოფილად იცოდა ღვთის სიტყვა და მისი ნება, კარგად ესმოდა ადამიანის ბუნება და ძალიან უყვარდა ისინი. ამიტომ მისი რჩევები, ყოველთვის პრაქტიკული და სასარგებლო იყო. იესო „საუკუნო სიცოცხლის სიტყვებს“ ლაპარაკობდა. დიახ, მისი რჩევების მიყოლას ჩვენი გადარჩენა შეუძლია (იოანე 6:68).

5. რომელ თემებს შეეხო იესო მთაზე ქადაგებისას?

5 მთაზე ქადაგება იესოს სწავლებებში ასახული შეუდარებელი სიბრძნის შესანიშნავი მაგალითია. ამ ქადაგების წაკითხვას, რომელიც მათეს 5:3—7:27-შია ჩაწერილი, დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. მაგრამ მისი რჩევები დღესაც ისეთივე პრაქტიკულია, როგორც თავდაპირველად იყო. მასში იესო მრავალ საკითხს შეეხო, მათ შორის, როგორ გავაუმჯობესოთ სხვებთან ურთიერთობები (მათე 5:23—26, 38—42; 7:1—5, 12), როგორ შევინარჩუნოთ ზნეობრივი სიწმინდე (მათე 5:27—32) და როგორ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება აზრით აღსავსე (მათე 6:19—24; 7:24—27). მაგრამ, იესო მარტო იმას კი არ ეუბნებოდა მსმენელებს, თუ რა იყო ბრძნული, არამედ უხსნიდა კიდეც — განუმარტავდა, ლოგიკურად მსჯელობდა და მტკიცებები მოჰყავდა.

6—8. ა) რა დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავს იესოს ზედმეტი საწუხარის თავიდან ასარიდებლად? ბ) რა გვიჩვენებს, რომ იესოს რჩევები მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს ირეკლავს?

 6 მაგალითად, განვიხილოთ იესოს ბრძნული რჩევა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ საწუხარს. ეს მათეს მე-6 თავშია ჩაწერილი. „ნუღარ წუხხართ თქვენი სულებისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ“, — გვირჩევს იესო (მუხლი 25, აქ). საკვები და ტანსაცმელი აუცილებელია სიცოცხლისთვის და ბუნებრივიცაა, რომ ვწუხდეთ მათ შეძენაზე. მაგრამ იესო გვეუბნება: „ნუღარ წუხხართ“ ასეთ საკითხებზე *. რატომ?

7 ვნახოთ, როგორ დამაჯერებლად მსჯელობს იესო. რადგან სიცოცხლეც და სხეულიც იეჰოვამ გვიბოძა, განა არ შეუძლია მას საჭირო საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველგვყოს? (მუხლი 25). თუკი ღმერთი ფრინველებს საკვებს აძლევს და ყვავილებს სიმშვენიერით მოსავს, რამდენად მეტად იზრუნებს ადამიანებზე, თავის თაყვანისმცემლებზე! (მუხლები 26, 28—30). თანაც მეტისმეტი წუხილი ნებისმიერ შემთხვევაში უაზრობაა. მას ოდნავადაც კი არ შეუძლია ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება * (მუხლი 27). როგორ დავაღწიოთ თავი წუხილს? იესო გვირჩევს, რომ ღვთის თაყვანისცემა ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ. ვინც ასე იქცევა, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ზეციერი ‘შემატებს’ ყველაფერს, რაც საჭიროა (მუხლი 33). ბოლოს, იესო ყველაზე პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს — დღეს დღევანდელზე იზრუნე. რატომ დავუმატოთ დღევანდელ საწუხარს ხვალინდელი? (მუხლი 34). გარდა ამისა, ზედმეტად რატომ ვინერვიულოთ იმაზე, რაც შეიძლება არასოდეს მოხდეს? ასეთი ბრძნული რჩევის გათვალისწინებით, თავიდან ავიცილებთ ემოციურ ტკივილს, რაც ასე გავრცელებულია ამ დაძაბულ წუთისოფელში.

 8 ნათელია, რომ იესოს მიერ მოცემული რჩევები დღესაც ისეთივე პრაქტიკულია, როგორც თითქმის 2 000 წლის წინათ. განა ეს მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეზე არ მეტყველებს? ადამიანების მიერ მოცემული საუკეთესო რჩევებიც კი ძველდება და შესწორებასა და შეცვლას საჭიროებს. მაგრამ იესოს სწავლებებმა დროის გამოცდას გაუძლო! ეს არც უნდა გვიკვირდეს, რადგან ეს საკვირველი მრჩეველი „ღვთის სიტყვებს“ ლაპარაკობდა (იოანე 3:34).

როგორ ასწავლიდა

9. რა თქვეს ჯარისკაცებმა იესოს სწავლებაზე და რატომ არ იყო ეს გაზვიადებული?

9 მეორე მხარე, რაშიც იესომ ღვთის სიბრძნე აირეკლა, სწავლების მეთოდები იყო. ერთხელ, იესოს შესაპყრობად ჯარისკაცები გააგზავნეს, მაგრამ ისინი უკან ხელცარიელები დაბრუნდნენ და ამბობდნენ: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“ (იოანე 7:45, 46). მათი სიტყვები გაზვიადებული არ ყოფილა. იესოს, რომელიც „ზემოთიდან“ იყო, დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან უდიდესი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა (იოანე 8:23). ჭეშმარიტად, სხვა არც ერთ ადამიანს არ შეეძლო მის მსგავსად ესწავლებინა. განვიხილოთ ამ ბრძენი მასწავლებლის სწავლების მხოლოდ ორი მეთოდი.

ხალხი გაოცებული იყო მისი სწავლებით.

10, 11. ა) რატომ გვხიბლავს იესოს სწავლებისას მაგალითების გამოყენება? ბ) რა არის იგავი და რომელი მაგალითი ცხადყოფს, რომ იესოს იგავები სასწავლებლად ძალიან ეფექტურია?

10 მაგალითების გამოყენება. «იგავებით [„მაგალითებით“, აქ] ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა» (მათე 13:34). შეუძლებელია, არ მოვიხიბლოთ მისი სწავლების უბადლო უნარით — მას ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული მაგალითებით შეეძლო ღრმა ჭეშმარიტების ახსნა. მიწადმოქმედები თესავენ, ქალები პურის გამოსაცხობად ცომს ზელავენ, ბავშვები მოედანზე თამაშობენ, მეთევზეებს ნაპირზე გამოაქვთ ბადეები, მწყემსები დაკარგულ ცხვრებს ეძებენ — ასეთი შემთხვევები იესოს მსმენელებს არაერთხელ უნახავთ. როდესაც მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ასეთ ნაცნობ საკითხებს ადარებენ,  ის ადვილად და ღრმად იბეჭდება გულსა და გონებაში (მათე 11:16—19; 13:3—8, 33, 47—50; 18:12—14).

11 იესო ხშირად იყენებდა იგავებს ანუ მოკლე მოთხრობებს, რომლებშიც ზნეობრივი ან სულიერი საკითხები გამოსჭვიოდა. რადგან მოთხრობები უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია, ვიდრე აბსტრაქტული აზრები, იგავები აადვილებდა იესოს სწავლებების დამახსოვრებას. ბევრ იგავში იესომ მამამისი ისე ცოცხლად წარმოგვიდგინა, რომელიც ძნელად თუ დაავიწყდება კაცს. მაგალითად, ვინ ვერ მიხვდება გზასაცდენილი შვილის იგავის არსს, რომ, თუ შემცოდველი გულწრფელად მოინანიებს, იეჰოვა თანაგრძნობით მოეპყრობა და სიყვარულით მიიღებს მას? (ლუკა 15:11—32).

12. ა) როგორ იყენებდა იესო შეკითხვებს სწავლებისას? ბ) როგორ დაადუმა იესომ ისინი, რომლებმაც ჰკითხეს, თუ ვისგან ჰქონდა ძალაუფლება?

12 შეკითხვების დახელოვნებულად გამოყენება. იესო მსმენელებს შეკითხვებს უსვამდა, რითაც უნდოდა, დასკვნა თავადვე გაეკეთებინათ, საკუთარი გულის ზრახვები გამოეკვლიათ და გადაწყვეტილებები მიეღოთ (მათე 12:24—30; 17:24—27; 22:41—46). როდესაც რელიგიურმა წინამძღოლებმა ჰკითხეს, თუ ჰქონდა მას ღვთისგან მინიჭებული ძალაუფლება, იესო შეეკითხა: „იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?“. ამ შეკითხვით დაბნეულებმა ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა: „თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, გვეტყვის: მაშ, რაღატომ არ იწამეთო მისი?“, ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო. ბოლოს უპასუხეს: „არ ვიცით“ (მარკოზი 11:27—33; მათე 21:23—27). მარტივი შეკითხვით იესომ დაადუმა მოკამათეები და მათ გულებში ჩაბუდებულ ვერაგობას ნათელი მოჰფინა.

13—15. როგორ გამოვლინდა იესოს სიბრძნე იგავში გულმოწყალე სამარიელზე?

13 იესო ხანდახან იგავებში დამაფიქრებელ შეკითხვებსაც გაურევდა ხოლმე. როდესაც იუდეველმა რჯულის მცოდნემ ჰკითხა იესოს, თუ რა იყო საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად,  იესომ მოსეს რჯულზე მიუთითა, რომელიც მოგვიწოდებს, გვიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. თავი რომ მართლად წარმოეჩინა, ამ კაცმა ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. პასუხად იესომ იგავი მოუყვა. ერთი იუდეველი კაცი გზაზე მიდიოდა, თავს ყაჩაღები დაესხნენ, გაძარცვეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. ცოტა ხანში ორმა იუდეველმა ჩაიარა, ჯერ მღვდელმა, შემდეგ კი ლევიანმა, მაგრამ დახმარება არც ერთმა არ აღმოუჩინა. ამის შემდეგ კი სამარიელმა გამოიარა. მას შეებრალა კაცი, ფრთხილად შეუხვია ჭრილობები და უსაფრთხო ადგილას, სასტუმროში, წაიყვანა, სადაც მალე გამოჯანმრთელდებოდა. იგავის დასასრულს იესომ შეკითხვის დამსმელს ჰკითხა: „რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“. კაცს ისღა დარჩენოდა, ეპასუხა: „რომელმაც წყალობა უყო მას“ (ლუკა 10:25—37).

14 როგორ ვლინდება იესოს სიბრძნე ამ იგავში? იესოს დღეებში, იუდეველები „მოყვასს“ ანუ „მოძმეს“ მხოლოდ მას უწოდებდნენ, ვინც მათ ტრადიციებს იცავდა. ცხადია, სამარიელებს მოძმეებად არ მიიჩნევდნენ (იოანე 4:9). დაუკვირდი, იესოს იგავში სამარიელი რომ ყოფილიყო დაზარალებული და იუდეველი დახმარების აღმომჩენი, განა ეს შეცვლიდა მათ შორის არსებულ მტრულ დამოკიდებულებას? იესომ იგავი ბრძნულად ისე ააგო, რომ სამარიელმა იზრუნა სიყვარულით იუდეველზე. ყურადღება იგავის ბოლოს დასმულ შეკითხვასაც მიაქციე. მან ყურადღება სიტყვა „მოყვასს“ მიაპყრო. ფაქტობრივად, რჯულის მცოდნემ იკითხა, თუ ვინ უნდა მიყვარდესო, როგორც ჩემი მოყვასი? ხოლო იესომ ჰკითხა: „იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“. იესომ ყურადღება დაზარალებულზე კი არ გადაიტანა, რომელსაც სიკეთე გაუკეთეს, არამედ სამარიელზე, რომელმაც სიკეთე გამოავლინა. ჭეშმარიტი მოყვასი თავისი წარმომავლობის მიუხედავად, ინიციატივას გამოიჩენს სხვების მიმართ სიყვარულის გამოვლენაში. ალბათ, ძნელია, მოიძებნოს ამ საკითხის სწავლების უფრო ეფექტური საშუალება.

15 განა გასაკვირია, რომ იესოს „მოძღვრებით“ ხალხი გაოცებული იყო და გული მისკენ უწევდათ? (მათე 7:28, 29). ერთხელ  „დიდძალი ხალხი“ სამი დღის განმავლობაშიც კი დარჩა მასთან, ისე რომ საჭმელიც კი არ ჰქონდათ თან! (მარკოზი 8:1, 2).

როგორ ცხოვრობდა

16. რით დამტკიცდა, რომ იესო ღვთის სიბრძნით ხელმძღვანელობდა?

16 მესამე, რაშიც იესომ იეჰოვას სიბრძნე აირეკლა, მისი ცხოვრების წესი იყო. სიბრძნე პრაქტიკული და მოქმედია. „ვინაა თქვენს შორის ბრძენი?“ — იკითხა მოწაფე იაკობმა. შემდეგ კი, თავისსავე დასმულ შეკითხვას თავადვე უპასუხა: „კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი“ (იაკობი 3:13). იესოს საქციელი აჩვენებდა, რომ ღვთის სიბრძნით ხელმძღვანელობდა. მოდი განვიხილოთ, როგორ ავლენდა ის პირად ცხოვრებაშიც და სხვებთან ურთიერთობაშიც საღ აზროვნებას.

17. რა გვიჩვენებს, რომ იესოს სრულყოფილად გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა ცხოვრებაზე?

17 შეგიმჩნევია, რომ ადამიანები, რომლებიც საღად ვერ აზროვნებენ, უკიდურესობაში ვარდებიან? დიახ, წონასწორობის შესანარჩუნებლად სიბრძნეა საჭირო. ღვთის სიბრძნის არეკვლით იესო სრულყოფილად გაწონასწორებული პიროვნება იყო. რაც ყველაზე მთავარია, იესო სულიერს პირველ ადგილზე აყენებდა. ის მთლიანად სასიხარულო ცნობის ქადაგებით იყო დაკავებული. „რადგან ამისათვის ვარ მოსული“, — ამბობდა ის (მარკოზი 1:38). რასაკვირველია, ქონება მისთვის უმნიშვნელოვანესი არ ყოფილა. როგორც ჩანს, მას თითქმის არაფერი გააჩნდა (მათე 8:20). მიუხედავად ამისა, ასკეტურ ცხოვრებას არ ეწეოდა. მამამისის, „ბედნიერი ღმერთის“ მსგავსად, იესო სიხარულით სავსე პიროვნება იყო და სხვებსაც სიხარულს ანიჭებდა (1 ტიმოთე 1:11, აქ; 6:15, აქ). ქორწილს (რასაც, წესისამებრ, თან ახლდა მუსიკა, სიმღერა და მხიარულება) იესო იმიტომ კი არ დაესწრო, რომ ხალხისთვის საქორწინო გუნება-განწყობილება გაეფუჭებინა. როდესაც ღვინო გამოელიათ, მან წყალი შესანიშნავ ღვინოდ გადააქცია, რომელიც ‘ამხიარულებს გულს კაცისას’ (ფსალმუნი 103:15; იოანე 2:1—11). იესო ხშირად დადიოდა სტუმრად და ამ შესაძლებლობას, უმეტესწილად, სხვების სასწავლებლად იყენებდა (ლუკა 10:38—42; 14:1—6).

18. რაში გამოვლინდა ის, რომ იესომ არ დაიწუნა მოწაფეები?

 18 იესო უაღრესად საღ აზროვნებას ავლენდა სხვებთან ურთიერთობაში. მას კარგად ესმოდა ადამიანის ბუნება და თავის მოწაფეებს კარგად უგებდა. მან იცოდა, რომ ისინი სრულყოფილები არ იყვნენ, მიუხედავად ამისა, ის მათ კარგ თვისებებს ამჩნევდა. ამ ადამიანებში, რომლებიც იეჰოვამ მოიზიდა, იესო მათ პოტენციურ შესაძლებლობებს ხედავდა (იოანე 6:44). მათი ნაკლოვანებების მიუხედავად, იესო ენდობოდა მათ. ეს კი იმაში გამოიხატა, რომ თავის მოწაფეებს უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა. მან სასიხარულო ცნობის ქადაგება დაავალა მათ და დარწმუნებული იყო, რომ მოწაფეები შეძლებდნენ ამ დავალების შესრულებას (მათე 28:19, 20). წიგნი „საქმეები“ ადასტურებს, რომ ისინი ერთგულად ასრულებდნენ იესოს მიერ მიცემულ დავალებას (საქმეები 2:41, 42; 4:33; 5:27—32). ასე რომ, ბრძნულად მოიქცა იესო, რომ ენდო მათ.

19. როგორ აჩვენა იესომ, რომ „რბილი და გულით თავმდაბალი“ იყო?

19 როგორც მეოცე თავში განვიხილეთ, ბიბლია სიბრძნეს თავმდაბლობასა და რბილად მოპყრობას უკავშირებს. ცხადია, ამ მხრივ, იეჰოვა საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. მაგრამ, რას ვიტყოდით იესოზე? გულს გვიხარებს იმის დანახვა, თუ როგორ თავმდაბლად ეპყრობოდა იესო მოწაფეებს. ის სრულყოფილი იყო და მათზე გაცილებით მაღალი მდგომარეობა ეკავა. მიუხედავად ამისა, მოწაფეებს ზემოდან არ დაჰყურებდა. არასოდეს  აგრძნობინებდა მოწაფეებს, რომ მასზე დაბლა იდგნენ მდგომარეობითა თუ უნარით. პირიქით, მას ესმოდა მათი შეზღუდული შესაძლებლობები და მოთმინებით ეკიდებოდა მათ ნაკლოვანებებს (მარკოზი 14:34—38; იოანე 16:12). განა მრავლისმეტყველი არ არის ის ფაქტი, რომ ბავშვებიც კი იესოსთან თავს ლაღად გრძნობდნენ? ცხადია, გული იესოსკენ ეწეოდათ, რადგან გრძნობდნენ, რომ „რბილი და გულით თავმდაბალი“ იყო (მათე 11:29, აქ; მარკოზი 10:13—16).

20. როგორ გამოავლინა იესომ კეთილგონიერება არაებრაელი ქალის მიმართ, რომლის ქალიშვილიც დემონით იყო შეპყრობილი?

20 ღვთისმოსაწონი თავმდაბლობა იესომ სხვა მხრივაც გამოავლინა. ის კეთილგონიერი ანუ დამყოლიც კი იყო, როდესაც ამას გულმოწყალება მოითხოვდა. მაგალითად, გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც არაიუდეველმა ქალმა დემონით შეპყრობილი შვილის განკურნება სთხოვა. იესომ სამჯერ, სხვადასხვა გზით, აჩვენა, რომ ქალს ვერ დაეხმარებოდა. პირველი, მან უპასუხოდ დატოვა ქალის თხოვნა; მეორე, მან პირდაპირ თქვა, რომ ის მხოლოდ იუდეველების დასახმარებლად იყო მოსული და მესამე, მაგალითის გამოყენებით გულთბილად დაანახვა ქალს იგივე პოზიცია. მაგრამ ქალი დაჟინებით მოითხოვდა წყალობას, რითაც უდიდესი რწმენა გამოავლინა. როგორ მოიქცა იესო ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში? მან ზუსტად ის გააკეთა, რაზედაც ამბობდა, რომ არ გააკეთებდა. იესომ განკურნა ამ ქალის ქალიშვილი (მათე 15:21—28). განა ეს თავმდაბლობის შესანიშნავი გამოვლენა არ არის? გახსოვდეს, თავმდაბლობა ჭეშმარიტი სიბრძნის საფუძველია.

21. რატომ უნდა ვეცადოთ, ავირეკლოთ იესოს პიროვნული თვისებები, მეტყველება და ქცევა?

21 რა მადლიერები ვართ, რომ სახარებები ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე ბრძენი ადამიანის სიტყვებსა და საქმეებს გვიმხელს! გახსოვდეს, რომ იესო მამის სრული ანარეკლი იყო. იესოს პიროვნების, მეტყველებისა და ქცევის მიბაძვით შევძლებთ მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნის გამომუშავებას. შემდეგ თავში დავინახავთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია ღვთის სიბრძნის ცხოვრებაში გამოვლენა.

^ აბზ. 1 ბიბლიურ დროში დურგლები აშენებდნენ სახლებს, აკეთებდნენ ავეჯს და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღს ამზადებდნენ. ახ. წ. მეორე საუკუნეში იუსტინე წამებული იესოს შესახებ წერდა: „დედამიწაზე ყოფნისას მას ჩვეულებად ჰქონდა სადურგლო საქმეების კეთება, გუთნებსა და უღლებს ამზადებდა“.

^ აბზ. 6 ბერძნული სიტყვა, რომელიც „წუხილად“ არის ნათარგმნი „გონების გაფანტვას“ ნიშნავს. მათეს 6:25-ში გამოყენებული ეს სიტყვა ეხება შიშს, რომელიც გონებას გვიფანტავს და სიხარულს გვართმევს.

^ აბზ. 7 აღსანიშნავია, რომ მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, ზედმეტი ნერვიულობა და სტრესი გულ-სისხლძარღვთა და სიცოცხლისთვის საშიში სხვა მრავალი დაავადების რისკს ზრდის.