არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 18

„ღვთის სიტყვაში“ ასახული სიბრძნე

„ღვთის სიტყვაში“ ასახული სიბრძნე

1, 2. რა „წერილი“ მოგვწერა იეჰოვამ და რატომ?

გახსოვს, ბოლოს როდის მიიღე შორს მცხოვრები საყვარელი ადამიანისგან წერილი? ცხოვრებაში არც თუ ისე ბევრ რამეს შეუძლია ისეთი სიხარულის მონიჭება, როგორც ძვირფასი ადამიანისგან გამოგზავნილ გულწრფელ წერილს. გვიხარია, როდესაც ვიგებთ მისი ჯანმრთელობის, წარმატებებისა და მომავალი გეგმების შესახებ. ასეთი ურთიერთობა აახლოებს საყვარელ ადამიანებს, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან.

2 მაშ, განა შეიძლება რამემ საყვარელი ღვთისგან გამოგზავნილ წერილზე მეტად გაგვახაროს? გარკვეულწილად, იეჰოვამ თავისი სიტყვით — ბიბლიით — „წერილი“ მოგვწერა, რომელშიც საკუთარი თავის შესახებ გვიყვება, თუ ვინ არის ის, რა გააკეთა, რა განზრახვები აქვს სამომავლოდ და კიდევ სხვა მრავალი რამის შესახებ. იეჰოვამ თავისი „სიტყვა“ იმიტომ მოგვცა, რომ სურს დავუახლოვდეთ მას. ჩვენმა ყოველმხრივ ბრძენმა ღმერთმა საუკეთესო შესაძლებლობა გამონახა ჩვენთან დასაკავშირებლად. ბიბლიის წერა შეუდარებელი სიბრძნის წყალობით ხდებოდა და, აქედან გამომდინარე, მისი შინაარსიც ღვთის სიბრძნეს ირეკლავს.

რატომ მაინცდამაინც წერილი?

3. როგორ გადასცა იეჰოვამ მოსეს რჯული?

3 ზოგს შეიძლება აინტერესებდეს, რატომ არ მიმართა იეჰოვამ უფრო შთამბეჭდავ მეთოდს ადამიანებთან დასაკავშირებლად, მაგალითად, რატომ არ გაისმა ხმა ზეციდან? ფაქტობრივად, იეჰოვა ხანდახან ლაპარაკობდა კიდეც ზეციდან ანგელოზების მეშვეობით, რომლებიც მის წარმომადგენლებად მსახურობენ. მაგალითად, ასე მოხდა, როდესაც ისრაელებს რჯული მისცა (გალატელთა 3:19). ზეციდან ხმა იმდენად შიშისმომგვრელი იყო, რომ შეშინებულმა ისრაელებმა ითხოვეს, აღარ დალაპარაკებოდა იეჰოვა ამგვარად და მოსეს მეშვეობით გადაეცა სათქმელი (გამოსვლა 20:18—20). ამრიგად, იეჰოვამ ანგელოზების მეშვეობით მოსეს სიტყვიერად გადასცა რჯული, რომელიც 600-მდე კანონს შეიცავს.

4. ახსენი, რატომ არ იქნებოდა საიმედო ღვთის კანონის სიტყვიერად გადაცემა.

 4 მაგრამ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რჯული წერილობითი სახით არასოდეს იარსებებდა? შეძლებდა მოსე ზუსტად დაემახსოვრებინა კანონთა კრებულის ყველა ნიუანსი და ერისთვის სრულყოფილად გადაეცა? ან მომავალი თაობებისთვის როგორღა გახდებოდა ცნობილი? მხოლოდ ზეპირი გადმოცემების იმედზე უნდა ყოფილიყვნენ? ეს არ იქნებოდა ღვთის კანონის გადაცემის საიმედო საშუალება. წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, თუ რაღაც ამბავი თანმიმდევრობით უნდა გადაგეცა ადამიანებისთვის, ისე რომ პირველისთვის შენ გეთქვა, მერე იმას მეორესთვის და ასე შემდეგ. ის, ვის ყურამდეც ინფორმაცია ბოლოს მიაღწევდა, თავდაპირველი ნათქვამისგან საგრძნობლად განსხვავებულ ამბავს მოისმენდა. ღვთის რჯულს ასეთი საშიშროება არ ემუქრებოდა.

5, 6. რა უბრძანა იეჰოვამ მოსეს თავის სიტყვასთან დაკავშირებით და რატომ წარმოადგენს ჩვენთვის კურთხევას, რომ იეჰოვას სიტყვა წერილობითი სახით გვაქვს?

5 იეჰოვამ ბრძნულად გადაწყვიტა, რომ მისი სიტყვა დაწერილიყო. მან მოსეს უბრძანა: „ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს“ (გამოსვლა 34:27). ასე დაიწყო ბიბლიის წერა ძვ. წ. 1513 წელს. ამის შემდგომ 1 610 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იეჰოვა „მრავალჯერ და მრავალი სახით ელაპარაკებოდა“ დაახლოებით 40 მამაკაცს, რომლებიც შემდეგ ბიბლიას წერდნენ (ებრაელთა 1:1). ღვთის სიტყვის ერთგული გადამწერები კი, წმინდა წერილების შენარჩუნების მიზნით, დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, რომ ყოველი სიტყვა ზუსტად გადაეწერათ (ეზრა 7:6; ფსალმუნი 44:2).

6 ჩვენთვის ნამდვილად დიდი კურთხევაა, რომ იეჰოვა წერილობით დაგვიკავშირდა. მიგიღია ოდესმე წერილი, რომელიც იმდენად ძვირფასი ყოფილა შენთვის (შეიძლება იმიტომ რომ, მასში შენთვის მანუგეშებელი სიტყვები ყოფილა ჩაწერილი), რომ შეგინახავს და შემდგომში არაერთხელ გადაგიკითხავს? იეჰოვასგან გამოგზავნილი „წერილიც“ ზუსტად ასეთია. რადგან იეჰოვამ თავისი სიტყვა წერილობით გადმოგვცა, შესაძლებლობა გვაქვს, რეგულარულად  ვიკითხოთ ის და ვიფიქროთ, თუ რის თქმა უნდა ამით ღმერთს ჩვენთვის (ფსალმუნი 1:2). ნებისმიერ დროს, როცა კი ვსაჭიროებთ ამას, ბიბლიიდან შეგვიძლია ნუგეში მივიღოთ (რომაელთა 15:4).

რატომ მაინცდამაინც ადამიანები?

7. როგორ გამოჩნდა იეჰოვას სიბრძნე იმაში, რომ მან თავისი სიტყვის დასაწერად ადამიანები გამოიყენა?

7 თავისი სიტყვის დასაწერად ადამიანების გამოყენება იეჰოვას სიბრძნეზე მეტყველებს. დაფიქრდი, იეჰოვას ეს საქმე ანგელოზებისთვის რომ მიენდო, განა ბიბლია ისეთივე მიმზიდველი იქნებოდა? ფაქტია, ანგელოზები იეჰოვას თავიანთი ზეადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე წარმოგვიდგენდნენ და ღვთისადმი თავიანთი თავდადებისა და ერთგული მიწიერი მსახურების შესახებ ცნობებს გადმოგვცემდნენ. მაგრამ ნუთუ შევძლებდით ამ სრულყოფილი, სულიერი ქმნილებების თვალსაზრისით შეგვეხედა სამყაროსთვის, რომელთა ცოდნაც, გამოცდილებაცა და ძალაც დიდად აღემატება ჩვენსას? (ებრაელთა 2:6, 7).

„მთელი წერილი ღვთივსულიერია“

8. რა მხრივ მისცა ღმერთმა ბიბლიის დამწერებს უფლება, რომ გამოეყენებინათ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობები? (იხილე სქოლიო).

8 იეჰოვამ მიწიერი მწერლების მეშვეობით ზუსტად ის გადმოგვცა, რაც გვჭირდება — ჩანაწერები „ღვთივსულიერია“, მაგრამ მასში ადამიანის გრძნობებია ასახული (2 ტიმოთე 3:16). როგორ გააკეთა ეს? როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში ბიბლიის დამწერებს უფლება მისცა, თვითონ შეერჩიათ ‘საჭირო სიტყვები და წრფელად დაეწერათ ჭეშმარიტი სიტყვები’ (ეკლესიასტე 12:10, 11). სწორედ ამით აიხსნება ბიბლიის სტილის სხვადასხვაობა; ჩანაწერებში აისახა თითოეული დამწერის წარსული და პიროვნული თვისებები *. ამისდა მიუხედავად, ეს მამაკაცები „სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:21). აქედან გამომდინარე, საბოლოო ნაყოფი ნამდვილად „ღვთის სიტყვაა“ (1 თესალონიკელთა 2:13).

9, 10. ბიბლიის დასაწერად ადამიანების გამოყენებით, რატომ გახდა ის უფრო გულში ჩამწვდომი და მიმზიდველი?

 9 ბიბლიის დასაწერად ადამიანების გამოყენებამ, ის ძალიან მიმზიდველ და გულში ჩამწვდომ წიგნად აქცია. მის დამწერ ადამიანებს ჩვენი მსგავსი გრძნობები ჰქონდათ. ისინი არასრულყოფილები იყვნენ და ისეთივე განსაცდელებსა და წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ, როგორსაც ჩვენ. ზოგჯერ, იეჰოვას სული აღძრავდა მათ, დაეწერათ თავიანთი პირადი გრძნობებისა და სირთულეების შესახებ (2 კორინთელთა 12:7—10). ისინი ხშირად პირველ პირში წერდნენ და მათ მიერ ჩაიწერა ის სიტყვები, რომლებსაც ვერც ერთი ანგელოზი ვერ იტყოდა.

10 ასე იყო ისრაელის მეფე დავითის შემთხვევაში. სერიოზული ცოდვების ჩადენის შემდეგ, მან შეთხზა ფსალმუნი, რომელშიც ღვთის წინაშე გული გადმოღვარა და პატიებას ევედრებოდა. მან დაწერა: „მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე. რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას. აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი. ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს. შესაწირავი ღმერთისა სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო“ (ფსალმუნი 50:4, 5, 7, 13, 19). გრძნობ ამ სიტყვების დამწერის სულიერ ტანჯვას? არასრულყოფილი ადამიანის გარდა შეეძლო ვინმეს ასეთი გულსაკლავი გრძნობების გამოხატვა?

რატომ ადამიანების შესახებ?

11. როგორი ცხოვრებისეული მაგალითებია ჩაწერილი ბიბლიაში „ჩვენს სასწავლებლად“?

11 ბიბლიას სხვა რამეც ხდის მიმზიდველს. მნიშვნელოვანწილად, ბიბლია არის წიგნი ადამიანების შესახებ. მასში იმ რეალური პიროვნებების შესახებ არის მოთხრობილი, რომლებიც ღმერთს ემსახურებოდნენ და მათ შესახებაც, რომლებიც არ ემსახურებოდნენ. ბიბლიის მეშვეობით ვგებულობთ მათი ცხოვრებისა და გაჭირვების შესახებ; იმასაც, თუ რა ანიჭებდათ დიდ სიხარულს; ვხედავთ, თუ რა შედეგები მოჰქონდა მათი ცხოვრების წესის შეცვლას. ეს ყველაფერი „ჩვენს სასწავლებლად დაიწერა“ (რომაელთა 15:4). ამ  ცხოვრებისეული მაგალითებით იეჰოვა ჩვენს გულებს სწვდება. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

12. რა მხრივ გვეხმარება ორგული ადამიანების შესახებ ბიბლიური ჩანაწერები?

12 ბიბლია ორგულ და თვით ბოროტ ადამიანებზეც კი მოგვითხრობს და გვიყვება, რა მოიმკეს მათ. ასეთ მონათხრობში თვალნათლივაა ასახული მათი არასასურველი თვისებები, რაც ჩვენთვის ადვილი აღსაქმელი ხდება. მაგალითად, ორგულობის ამკრძალავი რა კანონი შეიძლებოდა ყოფილიყო იუდას ცოცხალ მაგალითზე უფრო ძლიერი, რომელმაც მუხანათურად გასცა იესო? (მათე 26:14—16, 46—50; 27:3—10). ასეთი გულში ჩამწვდომი ჩანაწერები გვეხმარება, დავინახოთ და მოვიშოროთ ჩვენში არსებული საზიზღარი თვისებები.

13. როგორ გვეხმარება ბიბლია კარგი თვისებების გამომუშავებაში?

13 ბიბლიაში ღვთის ბევრი ერთგული მსახურის შესახებაც არის მოთხრობილი. მასში ვკითხულობთ მათი თავდადებისა და ერთგულების შესახებ. ცოცხალი მაგალითების საფუძველზე მათ იმ თვისებებს ვხედავთ, რომელთა გამომუშავებაც ღმერთთან დასაახლოებლად გვესაჭიროება. მაგალითისთვის ავიღოთ რწმენა. ბიბლია ზუსტად განმარტავს, რა არის რწმენა და გვეუბნება, რამდენად მნიშვნელოვანია ის, თუ გვინდა, რომ ღვთისთვის სასურველი ვიყოთ (ებრაელთა 11: 1, 6). მაგრამ ბიბლიაში რწმენის გამოვლენის ცოცხალ მაგალითებსაც ვხვდებით. დაუფიქრდი, თუ როგორი რწმენა გამოავლინა აბრაამმა, როდესაც ისააკს მსხვერპლად სწირავდა (დაბადება, თავი 22; ებრაელთა 11:17—19). ასეთი ჩანაწერების წყალობით სიტყვა „რწმენა“ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ადვილი გასაგებიც ხდება. სიბრძნის როგორი გამოვლინებაა, რომ იეჰოვა არა მარტო კარგი თვისებების გამომუშავებისკენ მოგვიწოდებს, არამედ ცოცხალი მაგალითებით გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

14, 15. რას მოგვითხრობს ბიბლია ერთ ქალზე, რომელიც ტაძარში მივიდა და რას ვსწავლობთ აქედან იეჰოვას შესახებ?

14 ხშირ შემთხვევაში ბიბლიაში ჩაწერილი ცოცხალი მაგალითებით ვგებულობთ, თუ როგორი პიროვნებაა იეჰოვა. განვიხილოთ იმ ქალის შემთხვევა, რომელიც იესომ ტაძარში შენიშნა. საგანძურთან ახლოს მჯდარი იესო ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი საგანძურში  შესაწირავებს. ბევრი მდიდარი მივიდა „თავიანთი სიუხვის“ გასაცემად. მაგრამ იესომ ღარიბ ქვრივზე შეაჩერა მზერა. მან ორი ლეპტა შესწირა, რაც ძალიან მცირე თანხას შეადგენდა *. ქვრივს რაც ებადა, ყველაფერი შესწირა. იესომ, რომელიც სრულყოფილად ირეკლავდა იეჰოვას გონებას, თქვა: „ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო“. ამ სიტყვების თანახმად, მან იმაზე მეტი გაიღო, ვიდრე ყველა დანარჩენმა ერთად (მარკოზი 12:41—44; ლუკა 21:1—4; იოანე 8:28).

15 განა მრავლისმეტყველი არ არის ის ფაქტი, რომ მათგან, რომლებიც იმ დღეს ტაძარში მივიდნენ, მხოლოდ ეს ქვრივი იქნა გამორჩეული და ბიბლიაში მოხსენიებული? ამ მაგალითიდან იეჰოვა გვასწავლის, რომ იგი მადლიერი ღმერთია. ის სიამოვნებით იღებს მთელი გულით გაღებულ ძღვენს და არ ადარებს იმას, თუ სხვებმა რამდენი გაიღეს. იეჰოვამ ამით საუკეთესო გზა გამონახა ამ გულში ჩამწვდომი ჭეშმარიტების სასწავლებლად!

ის, რაც არ დაიწერა

16, 17. როგორ გამოვლინდა იეჰოვას სიბრძნე მაშინაც კი, როდესაც თავის სიტყვაში ყველაფერი არ ჩააწერინა?

16 ცხადია, როდესაც საყვარელ ადამიანს წერილს უწერ, ყველაფერს დაწვრილებით ვერ მოუყვები. ასე რომ, ირჩევ, რის შესახებ მისწერო. ასევე იეჰოვამ თავის სიტყვაში მოსახსენიებლად გარკვეული ადამიანები და მოვლენები შეარჩია. მაგრამ ამ მოვლენებსაც კი, ბიბლია ყოველთვის დაწვრილებით არ წარმოგვიდგენს (იოანე 21:25). მაგალითად, როდესაც ბიბლია ღვთის სამსჯავროს შესახებ საუბრობს, მასში არსებული ინფორმაცია შეიძლება ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ყველა კითხვას. იეჰოვას სიბრძნე იმაშიც გამოვლინდა, რომ თავის სიტყვაში ყველაფერი არ ჩააწერინა? როგორ?

17 ის, თუ როგორ დაიწერა ბიბლია, საკუთარი გულების შემოწმების საშუალებას გვაძლევს. ებრაელთა 4:12 ამბობს: „ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის,  სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“. ბიბლიური ინფორმაცია ღრმად აღწევს ჩვენს გულებში და გვანახვებს, თუ სინამდვილეში საით არის მიმართული ჩვენი ფიქრები და ზრახვები. ისინი, რომლებიც კრიტიკული სულით კითხულობენ ბიბლიას, ხშირად იმის გამო ბრკოლდებიან, რომ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი მათი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ასეთ ადამიანებს იმაშიც შეიძლება შეეპაროთ ეჭვი, რომ იეჰოვა ნამდვილად მოსიყვარულე, ბრძენი და სამართლიანი ღმერთია.

18, 19. ა) რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული, თუ ბიბლიის კითხვისას ხანდახან ისეთი კითხვა წამოგვეჭრება, რომელზედაც პასუხს მაშინვე ვერ ვღებულობთ? ბ) რა არის საჭირო ღვთის სიტყვის გასაგებად და როგორ ადასტურებს ეს იეჰოვას უდიდეს სიბრძნეს?

18 ამის საპირისპიროდ, როდესაც მთელი გულით საგულდაგულოდ ვიკვლევთ მთელ ბიბლიას, კონტექსტში ვხედავთ იეჰოვას მოქმედებას და ვგებულობთ, თუ როგორი პიროვნებაა ის. აქედან გამომდინარე, გული არ უნდა გაგვიტყდეს იმის გამო, თუ გარკვეულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე კითხვები წამოგვეჭრება და პასუხებს მაშინვე ვერ მივაგნებთ. მაგალითად: როდესაც ასაწყობ სურათს ვაწყობთ, შეიძლება თავიდან გაგვიჭირდეს გარკვეული ნაწილის მოძებნა, ან ვერ ვხვდებით სად შეიძლება მოერგოს ესა თუ ის ნაწილი. და მაინც, უკვე საკმაოდ ბევრი ნაწილი ავაწყეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ, როგორი უნდა იყოს საბოლოო სურათი. მსგავსადვე, ბიბლიის სწავლისას ნელ-ნელა ვიგებთ, თუ როგორი პიროვნებაა იეჰოვა და დროთა განმავლობაში მის შესახებ ზუსტი სურათიც გვექმნება. მაშინაც კი, თუ თავდაპირველად ვერ ვიგებთ ზოგ ადგილს ბიბლიიდან ან მას ღვთის პიროვნულ თვისებებთან ვერ ვაკავშირებთ, ბიბლიის შესწავლით საკმარისზე მეტი გავიგეთ იეჰოვას შესახებ, რათა დავასკვნათ, რომ ის უსაზღვროდ მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია.

19 აქედან გამომდინარე, რომ გავიგოთ ღვთის სიტყვა, იგი წრფელი გულით და მიუკერძოებლად უნდა ვიკითხოთ და შევისწავლოთ. განა ეს იეჰოვას უდიდესი სიბრძნის დადასტურება არ არის? განათლებული ადამიანები ისეთ წიგნებს წერენ, რომელთა გაგებაც მხოლოდ „ბრძენთა და გონიერთ“ შეუძლიათ. მაგრამ ისეთი წიგნის  დასაწერად, რომლის გაგებაც მხოლოდ წრფელი გულის ხალხს შეუძლია, ღვთიური სიბრძნეა საჭირო! (მათე 11:25).

„პრაქტიკული სიბრძნის“ წიგნი

20. რატომ შეუძლია მხოლოდ იეჰოვას, გვიჩვენოს ცხოვრების საუკეთესო გზა და რა გვხვდება ბიბლიაში, რაც ჩვენთვისაა სასარგებლო?

20 იეჰოვა თავის სიტყვაში ცხოვრების საუკეთესო გზას გვიჩვენებს. როგორც შემოქმედი, მან ჩვენზე უკეთ იცის ჩვენი მოთხოვნილებები. ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებები კი — მაგალითად, სიყვარულისკენ სწრაფვა, ბედნიერების წყურვილი და კარგი ურთიერთობები — არ იცვლება. ბიბლიაში უხვად არის პრაქტიკული სიბრძნე, რომელიც გვეხმარება, ჩვენი ცხოვრება აზრით აღსავსე გავხადოთ (იგავნი 2:7, აქ). ამ წიგნის თითოეული ნაწილი შეიცავს თავს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ბრძნული ბიბლიური რჩევები, მაგრამ მოდი ახლა ერთი მაგალითი განვიხილოთ.

21—23. რომელი ბრძნული რჩევა დაგვეხმარება, რომ ბრაზი და გულისწყრომა გულში არ ჩავიდოთ?

21 შეგიმჩნევიათ ოდესმე, რომ ადამიანი, რომელიც წყენასა და გულისწყრომას გულში იდებს, ხშირად საკუთარ თავს აყენებს ზიანს? წყენა მძიმე ტვირთია. როდესაც წყენას გულში ვიტოვებთ, მასზე ფიქრს გონებიდან ვერ ვიგდებთ; ეს კი სულის სიმშვიდესა და სიხარულს გვართმევს. მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, ბრაზი გულისა და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკს ზრდის. ამ გამოკვლევებზე დიდი ხნით ადრე ბიბლიაში ასეთი ბრძნული აზრი ჩაიწერა: „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა“ (ფსალმუნი 36:8). როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

22 ღვთის სიტყვა ასეთ ბრძნულ რჩევას გვთავაზობს: «გონიერი კაცი სულგრძელია [„გამჭრიახობა კაცს რისხვას უცხრობს“, აქ] და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა» (იგავნი 19:11). გამჭრიახობა არის უნარი ზედაპირის ანუ ხილულის მიღმაც დაინახო. გამჭრიახობა იმის გაგებაში გვეხმარება, რომ ჩავწვდეთ, რატომ ილაპარაკა ან გააკეთა სხვამ ესა თუ ის. თუ ვეცდებით, ჩავწვდეთ მის გრძნობებსა და მდგომარეობას, თუ რატომ მოიქცა პიროვნება ასე, შევძლებთ თავიდან მოვიშოროთ მის შესახებ უარყოფით ფიქრები და გრძნობები.

 23 ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გვირჩევს: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს“ (კოლასელთა 3:13). გამოთქმაში „შეიწყნარეთ ერთიმეორე“ ის აზრია ნაგულისხმევი, რომ სხვების მიმართ მომთმენები ვიყოთ და მათი გამაღიზიანებელი თვისებები ავიტანოთ. ასეთი მიმტევებლობა დაგვეხმარება, არ დავიბოღმოთ ათასგვარი წყენით. სიტყვა „მიტევებაში“ იგულისხმება რისხვის დაცხრომა. ჩვენმა ბრძენმა ღმერთმა იცის, რომ უნდა მივუტევოთ სხვებს, როდესაც ასე მოქცევისთვის მყარი საფუძველი გვაქვს. ეს არა მარტო მათ მოუტანს სარგებლობას, არამედ ჩვენც შევინარჩუნებთ სულისა და გონების სიმშვიდეს (ლუკა 17:3, 4). რა უსაზღვრო სიბრძნეა ღვთის სიტყვაში!

24. რა შედეგი მოაქვს ჩვენთვის ღვთიური სიბრძნის თანახმად ცხოვრებას?

24 უსაზღვრო სიყვარულით აღძრულ იეჰოვას სურდა, ჩვენ დაგვკავშირებოდა. ამისათვის მან საუკეთესო გზა გამონახა — „წერილი“, რომელიც ადამიანების მიერ ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობით დაიწერა. შედეგად, მასში იეჰოვას სიბრძნეა ჩადებული. ეს სიბრძნე „სანდოა“ (ფსალმუნი 93:5, აქ [92:5]). თუ ამ სიბრძნის თანახმად ვცხოვრობთ და მას სხვებსაც ვუზიარებთ, ეს ყოველმხრივ ბრძენ ღმერთთან გვაახლოებს. მომდევნო თავში იეჰოვას შორსმჭვრეტელური სიბრძნის სხვა მხარეს განვიხილავთ: მისი მომავლის განჭვრეტისა და თავისი განზრახვების შესრულების უნარს.

^ აბზ. 8 მაგალითად, დავითს, რომელიც მწყემსი იყო, მწყემსის ცხოვრებიდან მოჰყავს მაგალითები (ფსალმუნი 22). მათე გადასახადების ამკრეფი იყო და საკმაოდ ხშირად მოიხსენიებს ციფრებსა და ფულის ერთეულებს (მათე 17:27; 26:15; 27:3). ლუკა, რომელიც ექიმი იყო, ისეთ სიტყვებს ხმარობს, რომლებიც მის სამედიცინო განათლებაზე მეტყველებს (ლუკა 4:38; 14:2; 16:20).

^ აბზ. 14 ლეპტა იმ დროს მიმოქცევაში არსებული ებრაული ფულის უმცირესი მონეტა იყო. ორი ლეპტა დღიური გასამრჯელოს 1/64 ნაწილს შეადგენდა. ეს თანხა ერთი ბეღურის საფასურიც კი არ იყო, რომელიც ღარიბების საკვებ უიაფეს ფრინველად ითვლებოდა.