წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 14

იეჰოვამ „მრავალთა გამოსყიდვაზე“ იზრუნა

იეჰოვამ „მრავალთა გამოსყიდვაზე“ იზრუნა

1, 2. როგორ არის ბიბლიაში კაცობრიობის მდგომარეობა აღწერილი და რა არის ერთადერთი გამოსავალი?

„მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება“ (რომაელთა 8:22). ამ სიტყვებით პავლე მოციქული ჩვენს დღევანდელ სავალალო მდგომარეობას აღწერს. კაცობრიობის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ტანჯვის, სიკვდილისა და ცოდვისაგან ხსნა თითქოს არსაიდან ჩანს. მაგრამ იეჰოვა ადამიანი არ არის, რომ ზღვარდადებული შესაძლებლობები ჰქონდეს (რიცხვნი 23:19). სამართლიანობის ღმერთმა, გასაჭირიდან რომ დავეხსენით, გამოსავალი მოგვიძებნა. ეს გამოსავალი გამოსასყიდია.

2 გამოსასყიდი იეჰოვას მიერ გაღებული უდიდესი ძღვენია. მის საფუძველზე ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან შეგვიძლია გავთავისუფლდეთ (ეფესელთა 1:7). სწორედ იგი გვისახავს მარადიული სიცოცხლის იმედს, ზეცაში იქნება ეს თუ დედამიწაზე სამოთხეში (ლუკა 23:43; იოანე 3:16; 1 პეტრე 1:4). მაინც რა არის გამოსასყიდი და რას გვასწავლის იეჰოვას უბადლო სამართლიანობის შესახებ?

რატომ გახდა გამოსასყიდი საჭირო

3. ა) რატომ გახდა გამოსასყიდი საჭირო? ბ) რატომ ვერ გაუუქმებდა ღმერთი ადამის შთამომავლებს სასიკვდილო სასჯელს?

3 გამოსასყიდის გაღება ადამის ცოდვის გამო გახდა საჭირო, რომელიც ეურჩა ღმერთს და მემკვიდრეობად შთამომავლებს სნეულება, წუხილი, ტკივილი და სიკვდილი დაუტოვა (დაბადება 2:17; რომაელთა 8:20). მომხდარის გამო ღმერთი სიბრალულის გრძნობას ვერ აჰყვებოდა და ადამის შთამომავლებს სასიკვდილო სასჯელს უბრალოდ ვერ გაუუქმებდა. ამით თავისივე კანონს დაარღვევდა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა 6:23). და თუ დათმობაზე წავიდოდა და არ გამოიტანდა სამართლიან გადაწყვეტილებას, მთელ სამყაროში ქაოსი და უკანონობა მოიკიდებდა ფეხს.

4, 5. ა) როგორ დასწამა ცილი სატანამ იეჰოვას და რატომ თვლიდა თავს ვალდებულად ღმერთი, უპასუხოდ არ დაეტოვებინა წაყენებული ბრალდებები? ბ) რაში დასწამა ცილი სატანამ ღვთის ერთგულ მსახურებს?

 4 როგორც მე-12 თავში დავინახეთ, ედემის ბაღში მომხდარი ურჩობის გამო მეტად საჭირბოროტო საკითხები წამოიჭრა. ღვთის სახელს სატანამ ჩრდილი მიაყენა. უფრო მეტიც, სიცრუესა და დიქტატორობაში დასდო იეჰოვას ბრალი, თითქოს თავის ქმნილებებს თავისუფლებას არ აძლევდა (დაბადება 3:1—5). სატანა შეეცადა, ხელი შეეშალა ღვთისთვის მართალი ადამიანებით დედამიწის დასახლებაში, რითაც მას საკუთარი განზრახვების შესრულების უუნარობაც დასწამა (დაბადება 1:28; ესაია 55:10, 11). იეჰოვას რომ წაყენებული ბრალდებები უპასუხოდ დაეტოვებინა, მის გონიერ ქმნილებებს შეიძლება მისი მმართველობის მიმართ ასე თუ ისე ნდობა დაჰკარგვოდათ.

5 სატანას არც იეჰოვას ერთგული მსახურები დაუტოვებია ცილისწამების გარეშე. ბრალი დასდო მათ, რომ მხოლოდ გამორჩენის მიზნით ემსახურებოდნენ ღმერთს და საკმარისი იყო გასაჭირში აღმოჩენილიყვნენ, რომ არც ერთი აღარ დარჩებოდა ღვთის მხარეს (იობი 1:9—11). როგორც ვხედავთ, ზემოხსენებული საკამათო საკითხების გადაწყვეტა ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი იყო, ვიდრე ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდებოდა. იეჰოვა თავს ვალდებულად თვლიდა, უპასუხოდ არ დაეტოვებინა სატანის ცილისმწამებლური ბრალდებები. მაშ, როგორ უნდა გადაეწყვიტა საკამათო საკითხები ისე, რომ ხალხიც გადაერჩინა?

გამოსყიდვა ტოლფასობის პრინციპით

6. რომელი გამოთქმებით აღიწერება ბიბლიაში გამოსავალი, რომელიც ღმერთმა ხალხის გადასარჩენად გამოძებნა?

6 იეჰოვას მიერ მოფიქრებული გამოსავალი დიდებული მოწყალებისა და უნაკლო სამართლიანობის გამოხატულებას წარმოადგენს, რომლის გამონახვა კაცისთვის შეუძლებელია, თუმცა გამოსავალი უაღრესად მარტივია. იგი მოიხსენიება როგორც შემორიგება, შეწყნარება, გამოხსნა და დაფარვა (ფსალმუნი 48:9; დანიელი 9:24; გალატელთა 3:13; კოლასელთა 1:20; ებრაელთა 2:17). მაგრამ გამოთქმა, რომელიც ყველაზე უკეთ გვარკვევს საქმის ვითარებაში, თავად იესომ გამოიყენა, როცა თქვა: «კაცის ძე არ მოსულა  იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად [ბერძნულად „ლიტრონ“]» (მათე 20:28).

7, 8. ა) რა გაგებითაა გამოყენებული სიტყვა „გამოსასყიდი“ წმინდა წერილებში? ბ) რას ნიშნავს, რომ გამოსასყიდში იგულისხმება ტოლფასობა?

7 რა არის გამოსასყიდი? ზემოხსენებული ბერძნული სიტყვა წარმოდგება ზმნისგან და ნიშნავს „გაშვებას, გათავისუფლებას“. იგი საერთოდ იმ თანხაზე მიანიშნებდა, რომელიც ომში დატყვევებული პატიმრების გასათავისუფლებლად იყო საჭირო. მაშასადამე, გამოსასყიდი მიუთითებს ისეთ რაღაცაზე, რაც რაიმეს გამოსახსნელად, უკან დასაბრუნებლად უნდა იქნეს გაღებული. ებრაულ წერილებში კი სიტყვა, რომელიც „გამოსასყიდს“ ნიშნავს („კოფერ“), წარმოდგება ზმნის საწყისი ფორმისგან — „დაფარვა“. მაგალითად, ღმერთმა უთხრა ნოეს, კიდობანი ფისით „დაფარეო“ (იგივე სიტყვის ერთ-ერთი ფორმა) (დაბადება 6:14, აქ). ეს ნიუანსი გვაგებინებს, რომ გამოსყიდვა აგრეთვე ცოდვების დაფარვას ნიშნავს (ფსალმუნი 64:4).

8 საგულისხმოა „ახალი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ გაკეთებული შენიშვნა, რომ ეს სიტყვა („კოფერ“) „ყოველთვის მიუთითებს ტოლფასობაზე“ ანუ შესაბამისობაზე. მაგალითად, შეთანხმების კიდობნის თავსახურს თავად კიდობნის შესაბამისი ფორმა ჰქონდა. მსგავსად ამისა, ცოდვა რომ გამოისყიდო, ანუ დაფარო, ისეთი ოდენობის საფასური უნდა გადაიხადო, რომელიც სრულად შეესაბამება, ანუ ფარავს, ცოდვით გამოწვეულ ზარალს. ისრაელი ერისთვის მიცემულ ღვთის რჯულშიც ამაზე იყო საუბარი: „სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ“ (მეორე რჯული 19:21).

9. რატომ სწირავდნენ ცხოველებს მორწმუნე მამაკაცები და რა დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას ასეთი შესაწირავების მიმართ?

9 აბელიდან დაწყებული ყველა მორწმუნე კაცი სწირავდა ღმერთს ცხოველებს მსხვერპლად. ეს ნიშნავდა, რომ არ ავიწყდებოდათ თავიანთი ცოდვილი მდგომარეობა და რომ გამოსასყიდს  საჭიროებდნენ; ისინი ამით აგრეთვე რწმენას ავლენდნენ, რომ ღმერთი აღთქმული „თესლის“ მეშვეობით იხსნიდა მათ (დაბადება 3:15; 4:1—4; ლევიანნი 17:11; ებრაელთა 11:4). იეჰოვა იწონებდა ასეთ მსხვერპლებსა და მათ შემწირველებს. მაგრამ ცხოველთა შესაწირავს ერთგვარი მინიშნების გარდა სხვა დანიშნულება არ გააჩნდა. ცხოველები ადამიანებს ბევრად ჩამოუვარდებიან და თავისთავად ცხადია, რომ მათ ცოდვებს ვერ დაფარავდნენ (ფსალმუნი 8:5—9). ბიბლია შენიშნავს, რომ „ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია“ (ებრაელთა 10:1—4). ასეთი მსხვერპლშესაწირავები მხოლოდ სიმბოლოს წარმოადგენდა იმ ნამდვილი გამოსასყიდისა, რომელიც ხალხის სასარგებლოდ გაიღებოდა.

„შესაბამისი გამოსასყიდი“

10. ა) ვისი შესაბამისი უნდა ყოფილიყო გამომსყიდველი და რატომ? ბ) რატომ იყო საკმარისი მხოლოდ ერთი ადამიანის შეწირვა?

10 „ადამში კვდება ყველა“, — თქვა პავლე მოციქულმა (1 კორინთელთა 15:22). მაშასადამე, გამოსასყიდი რომ გაღებულიყო, უნდა მომკვდარიყო ვინმე, ადამის აბსოლუტური თანასწორი — სრულყოფილი ადამიანი (რომაელთა 5:14). წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლის პინები ერთიმეორეს ვერ გაუტოლდებოდა. ესე იგი „შესაბამის გამოსასყიდს“ მხოლოდ ის სრულყოფილი ადამიანი თუ გაიღებდა, რომელიც ადამის აბსოლუტურად თანასწორი იქნებოდა, მაგრამ საერთო არაფერი ექნებოდა ადამისგან წამოსულ სასიკვდილო ცოდვასთან (1 ტიმოთე 2:6, აქ). ამავე დროს, არ იყო საჭირო, ასობით მილიონი სრულყოფილი ადამიანი შეწირულიყო ადამის თითოეული შთამომავლის გამოსასყიდად. მოციქულმა პავლემ საკითხი ასე ახსნა: „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი“ (რომაელთა 5:12). და რადგან ერთი „კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი“, ღმერთმა ხალხის გამოსყიდვა ერთი „კაცის მიერვე“ გადაწყვიტა (1 კორინთელთა 15:21). როგორ?

„შესაბამისი გამოსასყიდი ყველასათვის“.

11. ა) როგორ უნდა ეგემა გამომსყიდველს სიკვდილი ყველას გულისთვის? ბ) რატომ ვერ გავრცელდებოდა ადამსა და ევაზე გამოსყიდვა? (იხილე სქოლიო).

11 იეჰოვამ ყველაფერი ისე მოაგვარა, რომ სრულყოფილ კაცს ნებაყოფლობით  შეეწირა საკუთარი სიცოცხლე. რომაელთა 6:23-იდან ჩანს, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“. მაშასადამე, სიცოცხლე რომ შეეწირა, გამომსყიდველს უნდა „ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის“. მას, ასე ვთქვათ, ადამის ცოდვის საზღაური უნდა გადაეხადა (ებრაელთა 2:9; 2 კორინთელთა 5:21; 1 პეტრე 2:24). ამ გადადგმულ ნაბიჯს კი სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვებოდა. ადამის შთამომავალთათვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს გამოსასყიდის წყალობით ძალა დაეკარგებოდა და ამით ცოდვის მომაკვდინებელი ძალა სათავეშივე მოისპობოდა * (რომაელთა 5:16).

12. მოიყვანე მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ვალის გადახდას შვება მოუტანოს უამრავ ხალხს.

12 უკეთ რომ გავიგოთ, თუ ადამის ცოდვისგან გამოსყიდვას რამდენად დიდი შვება მოაქვს ასეულობით მილიონი ადამიანისთვის, მოვიყვანოთ მაგალითი. ვთქვათ, ცხოვრობ ქალაქში, რომლის მოსახლეობის უმეტესობაც დიდ ქარხანაში მუშაობთ. ყველას კარგ გასამრჯელოს გიხდიან. ერთი სიტყვით, მშვენივრად უძღვები ცხოვრებას. უცბად ქარხანა დაიხურა. მიზეზი? მენეჯერმა ქრთამის აღებას მიჰყო ხელი და ქარხანა შეგნებულად გააკოტრა. შენ და შენი თანამშრომლები თვალსა და ხელს შუა უმუშევრებად დარჩით და ხარჯებს ვეღარ აუდიხართ. ყველას — მეუღლეებს, შვილებს, კრედიტორებს — იმ ერთი კაცის მექრთამეობამ გაუჩინა სატკივარი. თუ მოიძებნებოდა გამოსავალი? დიახ, და მოიძებნა კიდეც! ერთმა მდიდარმა კეთილისმყოფელმა, რომელმაც კარგად იცოდა კომპანიის მდგომარეობა და, იმავდროულად, გულიც შესტკიოდა გასაჭირში ჩაცვენილ უამრავ მუშასა და მათ ოჯახებზე, გადაწყვიტა, საქმეში ჩარეულიყო. მან კომპანიის ვალი გადაიხადა და ქარხანა ხელახლა გახსნა. საბოლოოდ, საზღაურის გადახდამ შვება მოუტანა მუშებს, მათ ოჯახებსა და კრედიტორებს. ამის მსგავსად, ადამის „ვალის გასტუმრებასაც“ მილიონებისთვის მოაქვს შვება.

 ვინ იზრუნა გამოსასყიდზე?

13, 14. ა) რა გააკეთა იეჰოვამ კაცობრიობის გამოსასყიდად? ბ) ვისთვის იქნა გადახდილი გამოსასყიდი და რატომ იყო ასეთი საზღაურის გადახდა აუცილებელი?

13 მხოლოდ იეჰოვას შეეძლო მოეცა „კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“ (იოანე 1:29). ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად არა ზერელედ ამორჩეული რომელიმე ანგელოზი გამოგზავნა, არამედ ის პიროვნება, ვინც იეჰოვას მსახურთა წინააღმდეგ სატანის ბრალდებას საბოლოოდ გააქარწყლებდა. დიახ, იეჰოვამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო, თავისი მხოლოდშობილი ძე შემოგვწირა, რომელიც „განსაკუთრებით უყვარდა“ (იგავნი 8:30, აქ). ღვთის ძემ ნებაყოფლობით დათმო ზეციერი მდგომარეობა (ფილიპელთა 2:7). იეჰოვამ მისი სიცოცხლე სასწაულებრივად გადაიტანა ებრაელი ქალწულის, მარიამის, საშვილოსნოში (ლუკა 1:27, 35). როგორც ადამიანს, მას იესო ერქვა, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით თუ ვიტყვით, რადგან ადამის თანასწორი იყო, მისთვის მეორე ადამიც შეგვეძლო გვეწოდებინა (1 კორინთელთა 15:45, 47). ამიტომ იესოს შეეძლო საკუთარი სიცოცხლე ცოდვილი კაცობრიობისთვის გამომსყიდველურ მსხვერპლად გაეღო.

14 მაგრამ ვისთვის უნდა გადახდილიყო გამოსასყიდი? ფსალმუნის 48:8-ში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ღვთისთვის. კი მაგრამ, გამოსასყიდის გაღებაზე ხომ თვითონ იეჰოვამ იზრუნა? მართალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოსასყიდის გადახდა ყოველგვარ აზრს მოკლებული აღებ-მიცემობაა, თითქოს ერთი ჯიბიდან იღებ და მეორეში იდებ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს გამოსასყიდის არა უბრალო გაცვლა-გამოცვლასთან, არამედ სამართლებრივ პროცესთან. თუმცა უდიდეს ფასად დაუჯდა, იეჰოვამ გამოსასყიდის საზღაურის გადახდაზე იზრუნა და ამრიგად თავის სრულყოფილ სამართლიანობას უერთგულა (დაბადება 22:7, 8, 11—13; ებრაელთა 11:17; იაკობი 1:17).

15. რატომ იყო აუცილებელი, რომ იესო ტანჯულიყო და მომკვდარიყო?

15 ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე იესომ ნებაყოფლობით აირჩია ურთულესი გზა, რომელიც გამოსასყიდის გაღებით დასრულდა. ის ბრალმდებლებს ნებით ჩაჰბარდა, უფლება მისცა, დამნაშავედ ეცნოთ და ძელზე გაკვრით დაესაჯათ. იყო კი აუცილებელი, რომ იესო  ასე მწარედ დატანჯულიყო? დიახ, საქმე ღვთის მსახურთა ერთგულების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას ეხებოდა. საგულისხმოა, რომ ღმერთმა არ დაუშვა, ჩვილი იესო ჰეროდეს მოეკლა (მათე 2:13—18). ხოლო როცა სრულასაკოვანი გახდა, საკითხის არსში სრულად გათვითცნობიერებულმა იესომ უკვე თავად შეძლო მედგრად დახვდომოდა სატანის მწვავე შემოტევებს *. მიუხედავად ულმობელი მოპყრობისა, იგი დარჩა „წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული“ და ერთხელ და სამუდამოდ დაადასტურა, რომ იეჰოვას ნამდვილად ჰყავს მსახურები, რომლებიც განსაცდელისას ერთგულებას ინარჩუნებენ (ებრაელთა 7:26). ასე რომ, გასაკვირი არ არის, თუ სიკვდილის წინ იესომ რატომ შესძახა გამარჯვებულის ტონით: „აღსრულდა!“ (იოანე 19:30).

გამოსყიდვის დასრულება

16, 17. ა) როგორ განაგრძო იესომ გამოსყიდვა? ბ) რატომ იყო აუცილებელი, რომ იესო წარმდგარიყო „ჩვენთვის ღვთის წინაშე“?

16 იესოს ჯერ კიდევ ბოლომდე ჰქონდა მისაყვანი გამოსყიდვა. იგი სიკვდილიდან მესამე დღეს აღადგინა იეჰოვამ (საქმეები 3:15; 10:40). ამ ღირშესანიშნავი მოვლენით ღმერთმა თავისი ძე არა მარტო დააჯილდოვა ერთგული მსახურებისთვის, არამედ მღვდელმთავრად დანიშნა და გამოსყიდვის დასრულების შესაძლებლობაც მისცა (რომაელთა 1:4; 1 კორინთელთა 15:3—8). მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ „ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა. . . [და] არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. ვინაიდან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, არამედ თვით ცაში, რათა წარდგეს ახლა ჩვენთვის ღვთის წინაშე“ (ებრაელთა 9:11, 12, 24).

 17 იესო თავის ფიზიკურ სისხლს ვერ აიტანდა ზეცაში (1 კორინთელთა 15:50). მან აიტანა ის, რისი სიმბოლოც სისხლი იყო, კერძოდ მსხვერპლად შეწირული სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის სამართლებრივი საზღაური, და წარუდგინა ღმერთს, როგორც ცოდვილი ხალხის სახსნელად გაღებული გამოსასყიდი. მოიწონა იეჰოვამ შენაწირი? დიახ, და ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც ახ. წ. 33 წელს ას ოცი მოწაფე სულიწმინდით აღივსო იერუსალიმში (საქმეები 2:1—4). ამ მოვლენამ ენით აუწერელი სიხარული მოიტანა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ კურთხევებისა, რომლებიც გამოსყიდვამ მოუტანა კაცობრიობას.

კურთხევები გამოსყიდვის წყალობით

18, 19. ა) რომელი ორი ჯგუფი ღებულობს კურთხევებს გამოსყიდვიდან? ბ) ჩამოთვალე ის კურთხევები, რომლებიც გამოსასყიდის წყალობით აქვს „უამრავ ხალხს“ ახლა და ექნება მომავალში.

18 კოლასელთა მიმართ წერილში პავლე მოციქულმა ახსნა, რომ ღმერთმა მოისურვა, წამების ძელზე ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის მეშვეობით მშვიდობა დაემყარებინა და ქრისტეს მეშვეობითვე შემოერიგებინა ყოველივე არსებული. პავლემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ღმერთმა ადამიანთა ორი განსხვავებული ჯგუფი შემოირიგა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება „ყოველივე არსებული ზეცაში“, ხოლო მეორეს — „ყოველივე არსებული დედამიწაზე“ (კოლასელთა 1:19, 20, აქ; ეფესელთა 1:10). პირველ ჯგუფში შედის 144 000 ქრისტიანი, რომლებიც ზეცაში მღვდლებად იმსახურებენ და როგორც თანამეფეები, დედამიწაზე მმართველობას ქრისტესთან ერთად განახორციელებენ (გამოცხადება 5:9, 10; 7:4; 14:1—3). კურთხევები, რომლებიც გამოსყიდვას მოაქვს, მათი მეშვეობით თანდათანობით გავრცელდება მორჩილ ადამიანებზე ათასი წლის განმავლობაში (1 კორინთელთა 15:24—26; გამოცხადება 20:6; 21:3, 4).

19 „ყოველივე არსებული დედამიწაზე“ სრულყოფილ ცხოვრებას მოელის სამოთხეში დედამიწაზე. ამ ჯგუფს გამოცხადების 7:9—17-ში „უამრავი ხალხი“ ეწოდება, რომლებიც კარზე მომდგარ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ. მაგრამ გამოსყიდვიდან კურთხევების მისაღებად სულაც არ არის საჭირო ლოდინი. მათ უკვე „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“.  სიყვარულით გაღებული გამოსასყიდის მიმართ რწმენა გამოავლინეს და სულიერ კურთხევებს ღებულობენ. ღმერთმა ისინი მართლებად გამოაცხადა და თავისი მეგობრები უწოდა (იაკობი 2:23). იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე შეუძლიათ „თამამად მიეახლონ მადლის ტახტს“ (ებრაელთა 4:14—16). შეცოდებისას კი მიეტევებათ (ეფესელთა 1:7). არასრულყოფილების მიუხედავად სუფთა სინდისითაც გამოირჩევიან (ებრაელთა 9:9; 10:22; 1 პეტრე 3:21). ამრიგად, ღმერთთან შერიგება არის არა ოცნება, რომელიც ან ახდება ან არა, არამედ რეალობა, რომელიც სახეზეა (2 კორინთელთა 5:19, 20). ათასწლიანი დროის განმავლობაში ნელ-ნელა „გათავისუფლდებიან ხრწნილების მონობისგან“ და ბოლოს „ღვთის შვილთა დიად თავისუფლებას“ მიაღწევენ (რომაელთა 8:21).

20. პირადად როგორ გეხმარება გამოსყიდვაზე ფიქრი?

20 „ვმადლობთ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ“ გამოსასყიდისთვის (რომაელთა 7:25). გამოსყიდვის არსი რთული გასაგები არაა, მაგრამ იმდენად დიდმნიშვნელოვანია, რომ შიშნარევი მოკრძალებით გვავსებს (რომაელთა 11:33). მასზე მადლიერებით ფიქრი გულის სიღრმემდე შეგვძრავს და უფრო დაგვაახლოებს სამართლიანობის ღმერთთან. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, უსაფუძვლოდ როდი ვასხამთ იეჰოვას ხოტბა-დიდებას, რომელსაც „უყვარს სიმართლე და სამართლიანობა“ (ფსალმუნი 32:5).

^ აბზ. 11 ადამსა და ევაზე ვერ გავრცელდებოდა გამოსყიდვა. მოსეს რჯულში ნათქვამი იყო, თუ რას დაიმსახურებდა განზრახ მკვლელობის ჩამდენი: „ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა“ (რიცხვნი 35:31). ადამი და ევა შეგნებულად ეურჩნენ ღმერთს და ფაქტია, რომ სიკვდილი დაიმსახურეს და დაკარგეს მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა.

^ აბზ. 15 ადამის ცოდვის საზღაური რომ გაეღო, იესო უნდა მომკვდარიყო არა როგორც სრულყოფილი ბავშვი, არამედ როგორც სრულყოფილი კაცი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამმა საკუთარი ნებით შესცოდა, თანაც იცოდა ცოდვის სერიოზულობა და შედეგები. აქედან გამომდინარე, „უკანასკნელი ადამი“ რომ გამხდარიყო და ცოდვა დაეფარა, იესო საქმეში მთლიანად უნდა ყოფილიყო ჩახედული და შეგნებულად უნდა გაეკეთებინა არჩევანი, კერძოდ კი იეჰოვასადმი უმწიკვლობა შეენარჩუნებინა (1 კორინთელთა 15:45, 47). ამრიგად, იესოს ერთგული ცხოვრება — მოწამებრივი სიკვდილის ჩათვლით — ‘სიმართლე იყო, რომლითაც ყველა ადამიანი გამართლდება’ (რომაელთა 5:18, 19).