არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 12

„ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან?“

„ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან?“

1. როგორი გრძნობა შეიძლება გაგვიჩნდეს, როცა უსამართლობას ვხედავთ?

რა გრძნობა გაგიჩნდებოდა, თაღლითებს ხანში შესული ქვრივისთვის წლების მანძილზე გადანახული დანაზოგი რომ გამოეძალათ, ან უსულგულო მშობლებს ჩვილი ბავშვი უპატრონოდ რომ მიეგდოთ, ანდა უდანაშაულო ადამიანი რომ დაეპატიმრებინათ? ალბათ, უსიამოვნების მწვავე გრძნობა გაგიჩნდებოდა და თავისთავად ცხადია, თუ რატომ. ჩვენ, ადამიანებს, სწორისა და არასწორის ძლიერი შეგრძნება გვაქვს. მაგალითად, ვბრაზდებით, როცა ვინმეს უსამართლოდ ექცევიან და გვინდა, რომ დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაურონ, ხოლო ბოროტების ჩამდენი დასაჯონ. თუ საქმე ასე არ წავა, შეიძლება აღმოგვხდეს: ნუთუ ღმერთი ვერ ხედავს, რაც ხდება? რატომ არაფერს აკეთებს?

2. როგორ გამოხატა თავისი გრძნობა აბაკუმმა უსამართლობაზე და რატომ არ გაკიცხა იეჰოვამ ამის გამო?

2 კაცობრიობის ისტორიის მანძილზე იეჰოვას ერთგულ მსახურებს მსგავსი კითხვა არაერთხელ დაბადებიათ. მაგალითად, წინასწარმეტყველი აბაკუმი ღმერთს ევედრებოდა: „რატომ მაყურებინებ ასეთ საშინელ უსამართლობას? რატომ უშვებ, რომ ძალადობამ, უკანონობამ, ბოროტმოქმედებამ და სისასტიკემ ყველგან გაიდგას ფესვი?“ (აბაკუმი 1:3, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). მიუხედავად ასეთი გამოხატვისა, იეჰოვას არ გაუკიცხავს აბაკუმი, რადგან თავად დააჯილდოვა ადამიანი სამართლიანობის გრძნობით, რომელსაც თვითონ აბსოლუტურად ფლობს.

იეჰოვას სძულს უსამართლობა

3. რატომ ვამბობთ, რომ იეჰოვა ჩვენზე უკეთ ხედავს, სად რა უსამართლობა ხდება?

3 იეჰოვას თვალს უსამართლობა არასოდეს ეპარება. ყოველთვის ხედავს, რაც ხდება. მაგალითად, ნოეს დროინდელი მდგომარეობის  შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება 6:5). რას ნიშნავს ეს სიტყვები? ხშირად ჩვენ მიერ სამართლიანობის შეგრძნება იმ რამდენიმე შემთხვევით შემოიფარგლება, რომელთა შესახებაც გვსმენია ან პირადად შევსწრებივართ. იეჰოვამ კი იცის მთელ დედამიწაზე, სად რა უსამართლობა ხდება. მას არაფერი გამოეპარება! უფრო მეტიც, ჩადენილი უსამართლობის მიღმა მდგარი გულის ბოროტი ზრახვების ამოცნობაც შეუძლია (იერემია 17:10).

4, 5. ა) როგორ არის ნაჩვენები ბიბლიაში, რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვისაც უსამართლოდ ექცევიან? ბ) როგორ გამოსცადა იეჰოვამ საკუთარ თავზე უსამართლობა?

4 მაგრამ იეჰოვა პასიურად არ აკვირდება უსამართლობას. ის უსამართლობით სულგამწარებულებზეც ზრუნავს. იეჰოვა შეწუხებული იყო, როდესაც მის ხალხს უმოწყალოდ ეპყრობოდნენ მოწინააღმდეგე ერები, „როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში“ (მსაჯულნი 2:18). ალბათ, შეგიმჩნევია, რომ ხალხი რაც უფრო მეტ უსამართლობას ხვდება, მით უფრო უქვავდებათ გული. მაგრამ იეჰოვას — არა! მას მთელი 6 000 წლის განმავლობაში ჩადენილი უსამართლობის არც ერთი ფაქტი არ გამოჰპარვია და უსამართლობის მიმართ სიძულვილი არასოდეს განელებია. ბიბლია იმასაც კი გვეუბნება, რომ „ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები“ და „ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე“ საძაგელია მისთვის (იგავნი 6:16—19).

5 ისიც ვნახოთ, თუ რა მკაცრად კიცხავდა იეჰოვა ისრაელის უსამართლო წინამძღოლებს. „განა თქვენი საქმე სამართლის ცოდნა არ არის?“ — აკითხვინა თავის წინასწარმეტყველს (აქ). იეჰოვამ ჯერ ცხადი სურათი წარმოგვიდგინა, თუ რა ბოროტად იყენებდნენ გახრწნილი მამაკაცები მიცემულ ძალაუფლებას, და შემდეგ იწინასწარმეტყველა, რას მოუტანდა ეს მათ: „მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ; თავის სახეს უმალავს ამ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან“ (მიქა 3:1—4).  ო, როგორ ეზიზღება იეჰოვას უსამართლობა! მან ხომ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რა არის ეს! ათასობით წელია, რაც სატანა ღმერთს უსამართლოდ და გესლიანად შეურაცხყოფს (იგავნი 27:11). ყველაზე საშინელი უსამართლობა კი იეჰოვამ მაშინ გამოსცადა, როცა მისი ძე, რომელსაც ‘ცოდვა არ ჩაუდენია’, სიკვდილით დასაჯეს, როგორც ბოროტმოქმედი (1 პეტრე 2:22; ესაია 53:9). დიახ, იეჰოვამ იცის, რა არის უსამართლობა და თანაგრძნობით ეკიდება იმ ხალხის მწვავე მდგომარეობას, ვინც უსამართლობით იტანჯება.

6. როგორი გრძნობა შეიძლება გაგვიჩნდეს, როცა უსამართლობას ვაწყდებით და რატომ?

6 და მაინც, როცა უსამართლობას ვხედავთ ან მისი მსხვერპლი ვხდებით, სავსებით ბუნებრივია, რომ უსიამოვნების მწვავე გრძნობა გაგვიჩნდეს. ჩვენ ღვთის მსგავსად ვართ შექმნილი, ხოლო უსამართლობა ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ღვთის პრინციპებს (დაბადება 1:27). მაშ, რატომღა უშვებს ღმერთი უსამართლობას?

ღვთის უზენაესობის საკითხი

7. ახსენი, როგორ გახადეს საეჭვო იეჰოვას უზენაესობა.

7 ამ კითხვის პასუხი უზენაესობის საკითხს უკავშირდება. როგორც ვიცით, შემოქმედი ქვეყნიერებისა და ყოველი სულდგმულის სამართლიანი ხელისუფალია (ფსალმუნი 23:1; გამოცხადება 4:11). მიუხედავად ამისა, კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში იეჰოვას უზენაესობა საეჭვო გახადეს. რა მოხდა? იეჰოვამ პირველ ადამიანს, ადამს, უბრძანა, რომ არ ეჭამა სამოთხის ბაღში მდგარი ერთ-ერთი ხის ნაყოფი. რა მოუვიდოდა, თუ არ დაემორჩილებოდა? ღმერთმა უთხრა, რომ მოკვდებოდა (დაბადება 2:17). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ბრძანება ადამისა და მისი ცოლისთვის, ევასთვის, ტვირთად არ იყო ქცეული, სატანამ ევა იმაში დაარწმუნა, რომ ღმერთი მათ უფლებებს მეტისმეტად ზღუდავდა. რა მოხდებოდა, თუ ევა აკრძალული ხის ნაყოფს იგემებდა? სატანამ ევას გადაჭრით უთხრა: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ  და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:1—5).

8. ა) რაზე მიანიშნებდა სატანა იმით, რაც ევას უთხრა? ბ) რა დააყენა სატანამ ეჭვქვეშ?

8 ამ განაცხადით სატანა არა მარტო იმას ამბობდა, რომ იეჰოვამ ევას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალა, არამედ იმასაც, რომ მოატყუა იგი. სატანა ფრთხილობდა, რომ პირდაპირ არ ეთქვა, იეჰოვა არ უნდა იყოს უზენაესი ხელისუფალიო. მაგრამ მან ეჭვქვეშ დააყენა ღვთის უზენაესობის კანონიერება, მართებულობა და სამართლიანობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმას ამტკიცებდა, რომ იეჰოვა არ იყენებდა ძალაუფლებას სამართლიანად და თავის ქვეშევრდომთა სასარგებლოდ.

9. ა) რა დაემართათ ადამსა და ევას დაუმორჩილებლობის შედეგად და რომელი უმნიშვნელოვანესი კითხვები წამოიჭრა? ბ) რატომ არ გაანადგურა იეჰოვამ ურჩები?

9 ამის შემდეგ ადამი და ევა არ დაემორჩილნენ იეჰოვას და აკრძალული ხის ნაყოფი შეჭამეს. და როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები, თავიანთი ურჩობის გამო ისინი სიკვდილით დაისჯებოდნენ. სატანის სიცრუემ უმნიშვნელოვანესი კითხვები წამოჭრა: აქვს კი იეჰოვას კაცობრიობაზე მმართველობის უფლება თუ ადამიანები თვითონ უნდა განაგებდნენ საკუთარ თავს? იყენებს კი იეჰოვა უზენაესობას იმისათვის, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოს? ყოვლისშემძლე ღმერთს შეეძლო ძალა გამოეყენებინა და ურჩები დაუყოვნებლივ გაენადგურებინა, მაგრამ ეჭვქვეშ იეჰოვას ხელისუფლება დააყენეს და არა ძალა. ადამის, ევას და სატანის განადგურება ღვთის ხელისუფლების მართებულობის მტკიცება ვერ იქნებოდა. პირიქით, კითხვა კითხვაზე წამოიჭრებოდა. ასე რომ, ერთადერთი საშუალება ჟამთა სვლა იყო, რომელსაც უნდა გაერკვია, შეძლებდა თუ არა ხალხი წარმატებით ეხელმძღვანელა საკუთარი თავისთვის.

10. რა გამოააშკარავა ისტორიამ ადამიანთა მმართველობის შესახებ?

10 რა გამოააშკარავა ჟამთა სვლამ? მთელი ათასწლეულების განმავლობაში ადამიანებმა მმართველობის სხვადასხვა ფორმა მოსინჯეს — ავტოკრატიული, დემოკრატიული, სოციალისტური  თუ კომუნისტური მმართველობის ჩათვლით. საერთო ჯამში, ყოველ მათგანზე შეიძლება ითქვას ის, რაც ბიბლიაში პირდაპირაა ნათქვამი: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). არც იერემია წინასწარმეტყველი ამბობდა უსაფუძვლოდ: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).

11. რატომ დაუშვა იეჰოვამ ადამიანთა ტანჯვა?

11 იეჰოვამ თავიდანვე იცოდა, რომ ადამიანთა დამოუკიდებლობა, ანუ თვითმმართველობა ტანჯვის მეტს არაფერს მოიტანდა. ამიტომ უსამართლობა ხომ არ არის ის, რომ მოვლენების ასეთ განვითარებაში არ ჩაერია? სულაც არა! მაგალითად, შენს შვილს მძიმე დაავადებისგან განსაკურნავად ქირურგიული ოპერაცია რომ დასჭირვებოდა, მართალია, გეცოდინებოდა, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა და ამის გამო უზომოდაც დამწუხრდებოდი, მაგრამ მაინც გაუკეთებდი ოპერაციას, რათა ბავშვს უკეთესი ჯანმრთელობა ჰქონოდა. ღმერთმაც ასევე იცოდა — და წინასწარ თქვა კიდეც — რომ ადამიანთა მმართველობას ტკივილი და ტანჯვა მოჰყვებოდა (დაბადება 3:16—19). მაგრამ ადამიანები მუდმივად მხოლოდ მაშინ იგრძნობდნენ დიდ და მარადიულ შვებას, თუ იგი დაუშვებდა, რომ მთელ კაცობრიობას ურჩობის მწარე შედეგები საკუთარი თვალით ენახა. ღვთის უზენაესობის საკითხი სამარადჟამოდ მხოლოდ ასე თუ გადაწყდებოდა.

ადამიანთა უმწიკვლობის საკითხი

12. როგორც იობის შემთხვევიდან ჩანს, რა დასწამა სატანამ ადამიანებს?

12 არის საკითხის მეორე მხარეც. სატანამ ღვთის მმართველობის კანონიერებასა და მართებულობაში ეჭვი რომ შეიტანა, საკამათო გახადა არა მხოლოდ იეჰოვას უზენაესობის, არამედ მის მსახურთა უმწიკვლობის საკითხიც. აი, რა უთხრა სატანამ იეჰოვას ერთი მართალი კაცის, იობის, შესახებ: „განა შენ არ  გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:10, 11).

13. რას გულისხმობდა სატანა, როცა ბრალს სდებდა იობს და როგორ ეხება ეს მთელ კაცობრიობას?

13 სატანის მტკიცებით, იეჰოვა იობს ერთგულების მოსასყიდად მფარველობდა. გამოდიოდა, რომ იობის უმწიკვლობა, უბრალოდ, მოჩვენებითი იყო და ღმერთს მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით სცემდა თაყვანს. სატანა ამტკიცებდა, რომ, თუ იობი ღვთისგან აღარ იქნებოდა კურთხეული, დაგმობდა კიდეც თავის შემოქმედს. მან იცოდა, რომ იობი ცნობილი იყო, როგორც „ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცი, ბოროტებას განრიდებული“ *. და იობს თუ დააკარგვინებდა უმწიკვლობას, რაღას დამართებდა დანარჩენ ხალხს? ამგვარად, სატანამ ეჭვი შეიტანა ღვთის ყველა მსახურის ერთგულებაში და საკითხს უფრო ფართო მასშტაბები მისცა, როცა იეჰოვას უთხრა: „სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი [ყველა, არა მარტო იობი]“ (იობი 1:8; 2:4).

14. რას ცხადყოფს ისტორია ადამიანთა წინააღმდეგ სატანის ბრალდებაზე?

14 ისტორია ცხადყოფს, რომ სატანის განაცხადის საპირისპიროდ, მიუხედავად განსაცდელებისა, იობის მსგავსად, მრავალი დარჩა იეჰოვას ერთგული. თავიანთი ერთგულებით მათ იეჰოვას გული გაუხარეს და სატანის გამოწვევაზე პასუხის გაცემის საშუალება მისცეს, რომელიც ღვარძლიანად ტრაბახობდა, რომ ადამიანები გაჭირვებისას უარს იტყოდნენ ღვთისათვის მსახურებაზე (ებრაელთა 11:4—38). დიახ, გულმართლებმა ღმერთს ზურგი არ აქციეს. მაშინაც კი, როცა საგონებელში არიან ჩავარდნილი ამა თუ იმ შემაშფოთებელი მდგომარეობის გამო, კიდევ უფრო ენდობიან ღმერთს, თავიანთ განმამტკიცებელს (2 კორინთელთა 4:7—10).

15. რა კითხვა შეიძლება წამოიჭრას ღვთის ადრინდელ და სამომავლო განაჩენთა შესრულების თაობაზე?

 15 მაგრამ იეჰოვა სამართლიანად მხოლოდ უზენაესობისა და ადამიანთა უმწიკვლობის საკითხის გადაწყვეტას როდი უდგება. ბიბლიაში ჩაწერილია უამრავი განაჩენი, რომელიც იეჰოვამ როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ ერებს გამოუტანა. აგრეთვე ის მომავალ განაჩენებზეც წინასწარმეტყველებს. რის საფუძველზე შეგვიძლია გვწამდეს, რომ იეჰოვა განაჩენების გამოტანისას სამართლიანი იყო და იქნება?

რატომ არის ღვთის სამართლიანობა აღმატებული

იეჰოვა არასოდეს ‘დაღუპავს მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად’.

16, 17. რომელი მაგალითებიდან ვხედავთ, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ საღად განსაჯონ, როგორი მოქმედება იქნება უეჭველად სამართლიანი და როგორი — არა?

16 იეჰოვაზე სავსებით მართებულადაა ნათქვამი, რომ „სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (მეორე რჯული 32:4). ვერც ერთი ჩვენგანი საკუთარ თავზე ვერ იტყოდა ამავეს, რადგან არასრულყოფილება ხშირად გვიბუნდოვნებს სამართალზე წარმოდგენას. მაგალითად, გავიხსენოთ აბრაამი, რომელიც ევედრებოდა იეჰოვას, არ გაენადგურებინა სოდომი, სადაც მყარად გაედგა ფესვი ბოროტებასა და უზნეობას. იგი იეჰოვას ეკითხებოდა: „ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?“ (დაბადება 18:23—33). რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა. მან სოდომს მხოლოდ მაშინ ‘აწვიმა გოგირდი და ცეცხლი’, როცა მართალი ლოტი და მისი ასულები ქალაქ ცოღართან სამშვიდობოზე გავიდნენ (დაბადება 19:22—24). არსებობს ამის საპირისპირო მაგალითიც. როცა ღმერთმა ნინეველები შეიწყალა, იონა „გამწარდა“. მიუხედავად მათი გულწრფელი მონანიებისა, იონას უნდოდა ნინეველები ნაცარტუტად ქცეულიყვნენ, რადგან ამის შესახებ უკვე ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა (იონა 3:10—4:1).

17 იეჰოვამ დაამშვიდა აბრაამი, რომ მისი სამართლიანობა მარტო უკეთურთა განადგურებას კი არ მოიცავს, არამედ მართალთა გადარჩენასაც. იონას კი დაანახვა თავისი გულმოწყალება.  ის „მზად არის, მიუტევოს“ ბოროტებს, თუ ცხოვრების წესს შეიცვლიან (ფსალმუნი 86:5, აქ [85:5]). იგი თანამდებობას ჩაჭიდებულ და მისი დაკარგვის შიშით შეპყრობილ ხალხს როდი ჰგავს, რომ განაჩენი მხოლოდ ძალის საჩვენებლად გამოიტანოს; ან იმის შიშით, სუსტ პიროვნებად არ ჩამთვალონო, ლმობიერება არ გამოავლინოს. მისი მოქმედების წესი გულმოწყალების გამოვლენაა, თუ, რაღა თქმა უნდა, ამის საფუძველი არსებობს (ესაია 55:7; ეზეკიელი 18:23).

18. ბიბლიის საშუალებით ახსენი, თუ რატომ არ არის განპირობებული იეჰოვას მოქმედება ზედმეტი მგრძნობიარობით.

18 ამავე დროს, იეჰოვას მოქმედება ზედმეტი მგრძნობიარობით არაა განპირობებული. ეს შესანიშნავად ჩანს მისივე სიტყვებში, თავის კერპთაყვანისმცემელ ხალხს რომ უთხრა: „მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ. არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ“ (ეზეკიელი 7:3, 4). ადამიანები როცა კვლავაც ქედუხრელად ჯიუტობენ, იეჰოვას სათანადო განაჩენი გამოაქვს, რომელსაც ყოველთვის მყარი საფუძველი აქვს. მაგალითად, სოდომისა და გომორის შესახებ „სამდურავი“ რომ გაიგონა, იეჰოვამ განაცხადა: „ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია“ (დაბადება 18:20, 21). რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არ ჰგავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ისე გამოაქვთ განაჩენი, რომ ფაქტებს ძირისძირობამდე არ იხილავენ! დიახ, იეჰოვა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, არის „ერთგული ღმერთი, ვისთანაც არ არის უსამართლობა“ (მეორე რჯული 32:4, აქ).

გჯეროდეს იეჰოვას სამართლიანობის

19. რა უნდა გავაკეთოთ, თუ საგონებელში გვაგდებს ესა თუ ის საკითხი, რომელიც იეჰოვას სამართლიანობას ეხება?

19 ბიბლიაში ყველაფერი არ არის მოხსენიებული იეჰოვას ადრინდელ მოქმედებათა შესახებ; არც ყველაფერია დაწვრილებით მოთხრობილი იმის თაობაზე, თუ მომავალში როგორ გამოუტანს განაჩენს ცალკეულ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს. თუ რომელიმე დეტალურად აუხსნელი ბიბლიური მონათხრობი ან წინასწარმეტყველება საგონებელში გვაგდებს, მოდი ერთგულება  შევინარჩუნოთ მიქა წინასწარმეტყველის მსგავსად, რომელიც წერდა: „მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს“ (მიქა 7:7).

20, 21. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მართებულია?

20 გჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც მართებულია. მაშინაც კი, თუ ჩადენილ უსამართლობაზე ადამიანი თითქოს თვალს ხუჭავს, იეჰოვა გვპირდება: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ (რომაელთა 12:19). თუ სულსწრაფნი არ ვიქნებით, პავლე მოციქულის მსგავსად ჩვენც დაბეჯითებით ვიტყვით: „ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც“ (რომაელთა 9:14).

21 დღესდღეობით მაინც „საზარელ ჟამში“ გვიწევს ცხოვრება (2 ტიმოთე 3:1). უსამართლობითა და ძალადობით უამრავი ადამიანი იტანჯება (ეკლესიასტე 4:1). მაგრამ იეჰოვა არ შეცვლილა. მას კვლავაც სძულს უსამართლობა და კვლავაც არ აკლებს მზრუნველობის ხელს უსამართლობის გამო დაზარალებულებს. თუ შევინარჩუნებთ იეჰოვასა და მისი უზენაესობის მიმართ ერთგულებას, ის გაგვაძლიერებს, სანამ დედამიწაზე ყოველგვარ უსამართლობას გამოასწორებს თავისი სამეფოს მეშვეობით (1 პეტრე 5:6, 7).

^ აბზ. 13 იეჰოვამ იობზე თქვა: „არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე“ (იობი 1:8). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იობი იოსების სიკვდილის შემდეგ და ისრაელის წინამძღოლად მოსეს დანიშვნამდე ცხოვრობდა. ამიტომაც შეიძლებოდა თქმულიყო, რომ არავინ იყო იობივით უმწიკვლო.

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი მის სისასტიკეზე მეტყველებს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად განვიხილოთ ბიბლიაში ჩაწერილი ორი შემთხვევა, წარღვნა და ქანაანელების განადგურება.

საგუშაგო კოშკი

ენდობით ღმერთს?

ღვთის უკეთ გაცნობა უდიდეს კმაყოფილებას მოგანიჭებთ.