არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 13

„რჯული უფლისა სრულყოფილია“

„რჯული უფლისა სრულყოფილია“

1, 2. რატომ იმსახურებს კანონი უმეტესობის უპატივცემულობას, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გავიღვივოთ სიყვარული ღვთის კანონების მიმართ?

„კანონი უფსკრულია... ყველაფერს შთანთქავს“. ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ 1712 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წიგნში, რომლის ავტორმა დაუფარავად დაგმო კანონმდებლობა. მიზეზი ისაა, რომ საჩივრების განხილვა ზოგჯერ წლობით ჯანჯლდება და სამართლის მძებნელებს აღატაკებს. მრავალ ქვეყანაში საკანონმდებლო და სასამართლო სისტემა იმდენად რთულია, სავსეა უსამართლობით და წინააღმდეგობრივია, რომ უმეტესობის უპატივცემულობას იწვევს.

2 მაგრამ დაუკვირდი ზემოხსენებული სიტყვების საპირისპირო აზრს, რომელიც 2 700 წლის წინათ დაიწერა: „რარიგად მიყვარს რჯული შენი“ (ფსალმუნი 118:97). რატომ გრძნობდა ფსალმუნმომღერალი ესოდენ ძლიერ სიყვარულს? იმიტომ რომ რჯული ანუ კანონი, რომელსაც ხოტბას ასხამდა, იყო არა რომელიმე მთავრობის, არამედ იეჰოვა ღმერთის მიერ შექმნილი. ამიტომ, თუ უფრო მეტად გამოიკვლევ იეჰოვას კანონს, ალბათ, ფსალმუნმომღერლის მსგავსად, უფრო მეტად გაგიღვივდება ამგვარი გრძნობა. ასეთი გამოკვლევით სამყაროში უდიდებულეს მოსამართლეს გაეცნობი.

უზენაესი კანონმდებელი

3, 4. როგორ დაამტკიცა იეჰოვამ, რომ კანონმდებელია?

3 „ერთია კანონმდებელი და მოსამართლე“, — ნათქვამია ბიბლიაში (იაკობი 4:12, აქ). დიახ, მხოლოდ იეჰოვაა ნამდვილი კანონმდებელი. ციური სხეულებიც კი მის მიერ დადგენილი „ცათა კანონების“ მიხედვით მოძრაობენ (იობი 38:33). იეჰოვას უთვალავი წმინდა ანგელოზის მოქმედებასაც ღვთის კანონი განსაზღვრავს, რაც იმაში აისახება, რომ წოდებათა მიხედვით იეჰოვას ხელქვეით არიან ორგანიზებულნი და მას ემსახურებიან (ფსალმუნი 103:4; ებრაელთა 1:7, 14).

4 იეჰოვამ კანონები ადამიანებსაც მისცა. ყოველ ჩვენგანს აქვს სინდისი, რომელიც იეჰოვას სამართლიანობის შეგრძნების ერთგვარ გამოხატულებას წარმოადგენს. ამგვარი შინაგანი კანონი ანუ სინდისი სწორისა და არასწორის გარჩევაში გვეხმარება (რომაელთა 2:14).  ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, ღმერთმა სრულყოფილი სინდისი მისცა და მათ სულ მხოლოდ რამდენიმე კანონი ესაჭიროებოდათ (დაბადება 2:15—17). არასრულყოფილ ადამიანს კი ღვთის ნების შესასრულებლად გაცილებით მეტი კანონი ესაჭიროება. მაგალითად, პატრიარქებს — ნოეს, აბრაამსა და იაკობს იეჰოვა ღმერთი აძლევდა კანონებს, რომელთაც ისინი თავიანთ ოჯახებს გადასცემდნენ (დაბადება 6:22; 9:3—6; 18:19; 26:4, 5). შემდეგ კი, იეჰოვამ თავი უბადლო კანონმდებლად იქცია, როცა ისრაელ ერს კანონთა კრებული ანუ რჯული გადასცა მოსეს ხელით. ეს კანონთა კრებული ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვას სამართლიანობაზე.

მოსეს რჯულის მოკლე მიმოხილვა

5. შეიცავდა თუ არა მოსეს რჯული დამამძიმებელ, გართულებულ კანონებს? რატომ პასუხობ ასე?

5 ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ მოსეს რჯული დამამძიმებელ და გართულებულ კანონებს შეიცავს. ასეთ შეხედულებას საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტებასთან. ის მთლიანობაში 600-ზე მეტ კანონს შეიცავს, რაც შეიძლება ბევრად მოგეჩვენოს, მაგრამ თავად განსაჯე: მე-20 საუკუნის დასასრულისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ კანონებს იურიდიული ტომების 150 000 გვერდზე მეტი დაემატა. ესე იგი, ყოველ ორ წელიწადში დაახლოებით 600 კანონი ემატებოდა! გამოდის, რომ მსოფლიოს კანონებთან შედარებით მოსეს რჯული, რაოდენობის თვალსაზრისით, ზღვაში წვეთია. მიუხედავად ამისა, ღვთის რჯული ისრაელთა ცხოვრების ისეთი სფეროებს აწესრიგებდა, რომელთა შესახებაც თანამედროვე კანონებში სიტყვაც კი არაა ნათქვამი. ჩავატაროთ მოკლე მიმოხილვა.

6, 7. ა) რით განსხვავდება მოსეს რჯული სხვა ნებისმიერი კანონმდებლობისგან და რომელია რჯულის უდიდესი მცნება? ბ) რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელებს, რომ იეჰოვას უზენაესობა ეღიარებინათ?

6 რჯული იეჰოვას უზენაესობას აღიარებდა. ამიტომ, მოსეს რჯულს ვერც ერთი სხვა კანონთა კრებული ვერ შეედრება. აი, რჯულის უდიდესი მცნება: „ისმინე, ისრაელო! ერთია იეჰოვა, იეჰოვა, შენი ღმერთი. უნდა გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულითა და მთელი შენი ძალით“. როგორ უნდა გამოეხატა ღვთის ხალხს სიყვარული მის მიმართ? უნდა ემსახურათ ღვთისთვის და დამორჩილებოდნენ მის უზენაეს ხელისუფლებას (მეორე რჯული 6:4, 5, აქ; 11:13).

 7 იეჰოვას მიერ უფლებამოსილ პირებს ყოველი ისრაელი ემორჩილებოდა და ამგვარად აღიარებდნენ მის უზენაესობას. მშობლები, მთავრები, მსაჯულები, მღვდლები და, მოგვიანებით, მეფეები — ყველა ღვთის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. იეჰოვა უფლებამოსილთა მიმართ ნებისმიერ ურჩობას თავის მიმართ ურჩობად მიიჩნევდა. მეორე მხრივ, უფლებამოსილებით აღჭურვილებს იეჰოვას რისხვა არ ასცდებოდათ, თუ ხალხს უსამართლოდ ან ქედმაღლურად მოექცეოდნენ (გამოსვლა 20:12; 22:28; მეორე რჯული 1:16, 17; 17:8—20; 19:16, 17). ორივე მხარეს მოეთხოვებოდა, მხარი დაეჭირათ ღვთის უზენაესი ხელისუფლებისთვის.

8. როგორ ემსახურებოდა რჯული იეჰოვას სიწმინდის ნორმების დაცვას?

8 რჯული იეჰოვას სიწმინდის ნორმების დაცვას ემსახურებოდა. სიტყვები „წმინდა“ და „სიწმინდე“ დედნისეულ ენაზე 280-ზე მეტჯერ გვხვდება მოსეს რჯულში. რჯული ეხმარებოდა ღვთის ხალხს იმის გარჩევაში, თუ რა იყო სუფთა და რა უსუფთაო, წმინდა და უწმინდური. გარდა ამისა, მასში მოხსენიებულია დაახლოებით 70 კანონი, რომელიც ისრაელებს შეახსენებდა, რა და რა შემთხვევაში გახდებოდნენ უწმინდურები. აღნიშნული კანონები ეხებოდა როგორც ჰიგიენისა და კვების, ისე ნარჩენების მოცილების საკითხებს. ამგვარი კანონები ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურებოდა *. მაგრამ მათი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულება ის იყო, რომ ხალხს იეჰოვას კეთილგანწყობა არ მოჰკლებოდა და თავი შორს დაეჭირა მეზობელი გახრწნილი ერების უწმინდური ჩვეულებებისგან. განვიხილოთ მაგალითი.

9, 10. რა არის ნათქვამი რჯულში სქესობრივი კავშირისა და მშობიარობის თაობაზე და რა სარგებლობა მოჰქონდა ასეთ კანონებს?

9 რჯულის მიხედვით სქესობრივ კავშირს — თუნდაც ეს დაქორწინებულთა შორის ყოფილიყო — და მშობიარობას უწმინდურების პერიოდი მოჰყვებოდა (ლევიანნი 12:2—4; 15:16—18). ეს კანონი არავითარ შემთხვევაში არ მიიჩნევდა უწმინდურად ღვთის ამ წმინდა ძღვენებს (დაბადება 1:28; 2:18—25). აღნიშნული კანონები იეჰოვას  სიწმინდეს განადიდებდა და მის თაყვანისმცემლებს ყოველგვარი სიბილწისგან იცავდა. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ისრაელის მეზობელ ერებში ღვთის თაყვანისმცემლობა სექსთან და ნაყოფიერების რიტუალებთან იყო შერეული. ქანაანელთა რელიგიაში გავრცელებული იყო მამაკაცებისა და ქალების პროსტიტუცია. ირგვლივ უსაშინელესი გახრწნილება იყო მოდებული. რჯული კი იეჰოვასადმი თაყვანისცემასა და სქესობრივ კავშირს საერთოდ აცალკევებდა ერთმანეთისგან *. ამას სხვა დადებითი მხარეებიც ჰქონდა.

10 რჯული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ასწავლიდა ხალხს *. ფაქტობრივად, როგორ გადაეცემა თაობიდან თაობას ადამის ცოდვა? განა ეს სქესობრივი კავშირისა და მშობიარობის მეშვეობით არ ხდება? (რომაელთა 5:12). დიახ, რჯული ღვთის ხალხს ცოდვის რეალობას შეახსენებდა. მართლაც, ყოველი ჩვენგანი დაბადებისთანავე ცოდვილია (ფსალმუნი 50:7). ამიტომ, ჩვენს წმინდა ღმერთს რომ დავუახლოვდეთ, ყველას მიტევება და გამოსყიდვა გვესაჭიროება.

11, 12. ა) რჯულის წყალობით სამართლიანობის რომელი მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვა იყო უზრუნველყოფილი? ბ) რა გარანტიებს შეიცავდა რჯული იმისათვის, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყვეტილიყო?

11 რჯული იეჰოვას სრულყოფილ სამართლიანობას ირეკლავდა. მასში ტოლფასობის ანუ შესაბამისობის პრინციპი იყო ჩადებული. რჯულში ნათქვამი იყო: „სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ“ (მეორე რჯული 19:21). ესე იგი ბოროტმოქმედების ჩადენის შემთხვევაში სასჯელი დანაშაულის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ღვთის სამართლიანობის ეს ასპექტი წითელ ზოლად გასდევდა მთელ რჯულს და ქრისტე იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის  არსის გასაგებად დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა, როგორც ამას მე-14 თავიდან შევიტყობთ (1 ტიმოთე 2:5, 6, აქ).

12 რჯული იმის გარანტიებსაც შეიცავდა, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყვეტილიყო. მაგალითად, ბრალდება რომ საფუძვლიანად ჩათვლილიყო, სულ მცირე, ორი მოწმის წარდგენა იყო საჭირო. თანაც ცრუმოწმეობის შემთხვევაში მკაცრი სასჯელი იყო განსაზღვრული (მეორე რჯული 19:15, 18, 19). მექრთამეობაც სასტიკად იკრძალებოდა (გამოსვლა 23:8; მეორე რჯული 27:25). ღვთის ხალხს სავაჭრო გარიგებებშიც კი იეჰოვას სამართლიანობის ნორმებით უნდა ეხელმძღვანელა (ლევიანნი 19:35, 36; მეორე რჯული 23:19, 20). ასეთ კეთილშობილურ და სამართლიან კანონთა კრებული დიდი კურთხევა იყო ისრაელისთვის!

კანონმდებლობა, რომელშიც შეწყალება და სამართლიანობა მნიშვნელოვანი იყო

13, 14. როგორ გვარდებოდა რჯულში ქურდისა და დაზარალებულის მიმართ სამართლიანი მოპყრობის საკითხი?

13 იყო თუ არა მოსეს რჯული მკაცრი, უმოწყალო კანონების კრებული? სრულებითაც არა! მეფე დავითმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „რჯული უფლისა სრულყოფილია“ (ფსალმუნი 18:8). დიახ, დავითმა კარგად იცოდა, რომ რჯულში შეწყალებასა და სამართლიანობას დიდი ყურადღება ექცეოდა. როგორ ხდებოდა ეს?

14 დღესდღეობით ზოგ ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ კანონმა დაზარალებულების უფლებები დაიცვას, გამოდის, რომ უფრო ბოროტმოქმედებზე ზრუნავს. მაგალითად, იმ დროს, როცა ქურდები შეიძლება ციხეში იყვნენ, დაზარალებულებმა, თუმცა შეიძლება არც აღარაფერი შერჩენიათ, მაინც უნდა გადაიხადონ გადასახადი, რომ სახელმწიფომ ციხეებში ბოროტმოქმედები შეინახოს. ძველ ისრაელში არ იყო ისეთი საპატიმროები, როგორიც ახლაა. თანაც სასჯელის სიმკაცრისთვის შეზღუდვები იყო დადებული (მეორე რჯული 25:1—3). ქურდს მიყენებული ზარალი უნდა აენაზღაურებინა. გარდა ამისა, ამაზე მეტიც უნდა გადაეხადა. რამდენი? სხვადასხვა შემთხვევაში საქმე სხვადასხვაგვარად შეიძლება გადაწყვეტილიყო. როგორც ჩანს, მოსამართლეს შეეძლო აეწონ-დაეწონა არაერთი ფაქტორი, მაგალითად, ინანიებდა თუ არა ცოდვის ჩამდენი. ამით აიხსნება, თუ ქურდის მიერ ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა  რატომაა ლევიანის 6:1—7-ში გაცილებით ცოტა, ვიდრე გამოსვლის 22:6-ში.

15. მოწყალებისა და სამართლიანობის რა გარანტიას იძლეოდა რჯული იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ვინმე უნებურად შემოაკვდებოდა?

15 მოწყალებაზე მეტყველებს ისიც, რომ რჯულში ყველა დანაშაული არ ითვლებოდა განზრახ დანაშაულად. მაგალითად, როდესაც ადამიანს ვინმე უნებურად შემოაკვდებოდა, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ისრაელის რომელიმე თავშესაფარი ქალაქისკენ გაიქცეოდა, არ მოეთხოვებოდა სიცოცხლე სიცოცხლის წილ. ქალაქის მოსამართლეების მიერ საქმის განხილვის შემდეგ დამნაშავე მღვდელმთავრის სიკვდილამდე იქ უნდა დარჩენილიყო. მერე კი შეეძლო, იქ ეცხოვრა, სადაც მოისურვებდა. ამგვარად ვლინდებოდა იეჰოვას გულმოწყალება. ამავე დროს ეს კანონი ხაზს უსვამდა იმასაც, თუ რამდენად ფასდაუდებელი იყო ადამიანის სიცოცხლე (რიცხვნი 15:30, 31; 35:12—25).

16. როგორ იცავდა რჯული პიროვნების უფლებებს?

16 რჯულში პიროვნების უფლებების დაცვაც იყო გათვალისწინებული. ვნახოთ, როგორ იყვნენ დაცული მოვალეები. რჯულის თანახმად, მევალეს ეკრძალებოდა მოვალის სახლში შეჭრა და სესხის გირაოდ რაიმეს აღება. იგი გარეთ უნდა დარჩენილიყო და მოვალეს გირაო თავად უნდა გამოეტანა. ასე რომ, ადამიანთა სახლები ხელშეუხებელი რჩებოდა. თუ მევალე გირაოდ ტანსაცმელს გამოართმევდა მოვალეს, დაბინდებისას უნდა დაებრუნებინა, ალბათ იმიტომ, რომ მოვალეს ღამე არ შესცივნოდა (მეორე რჯული 24:10—14).

17, 18. ომის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებში როგორ და რატომ განსხვავდებოდნენ ისრაელები სხვა ერებისგან?

17 რჯული ომის საკითხებსაც აწესრიგებდა. ღვთის ხალხი ტერიტორიების ხელში ჩაგდებისა თუ დაპყრობის ჟინის დასაკმაყოფილებლად არ აწარმოებდა ბრძოლებს. ამას ღვთის დავალებით აკეთებდა, რასაც „იეჰოვას ომები“ ეწოდებოდა (რიცხვნი 21:14, აქ). უმრავლეს შემთხვევაში, ისრაელები მოწინააღმდეგე ქალაქს ჯერ დანებებას სთავაზობდნენ. თუ უარზე დადგებოდნენ, მაშინ ისრაელები ალყაში მოაქცევდნენ ქალაქს, მაგრამ ღვთის მიერ დადგენილი წესების თანახმად. მრავალი მეომრისგან განსხვავებით, ისრაელებს ქალების გაუპატიურების ან საერთოდ ხალხის ხელაღებით ხოცვა-ჟლეტის  უფლება არ ჰქონდათ. ეს კი არადა, გარემოსაც კი პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ: არ უნდა გაეჩეხათ მოწინააღმდეგეთა ხეხილი *. სხვა ხალხთა ჯარებს არ ჰქონიათ ასეთი შეზღუდვები (მეორე რჯული 20:10—15, 19, 20; 21:10—13).

18 უსიამოვნო და მწვავე გრძნობას ხომ არ გიჩენს, ზოგ ქვეყანაში ბავშვებს ჯარისკაცებად რომ ამზადებენ? ძველ ისრაელში ვერავინ წავიდოდა ომში, სანამ 20 წელი არ შეუსრულდებოდა (რიცხვნი 1:2, 3). ის კი არადა, იმ სრულწლოვანსაც კი ათავისუფლებდნენ, ვინც ძალიან მშიშარა იყო. ახალდაქორწინებული მამაკაციც მთელი წლით თავისუფლდებოდა ასეთი სარისკო სამსახურისგან, რომ შესძლებოდა მემკვიდრის ნახვა. როგორც რჯულში იყო ნათქვამი, ქმარს ასე შესაძლებლობა ეძლეოდა, ‘გაეხარებინა’ თავისი ახლადშერთული ცოლი (მეორე რჯული 20:5, 6, 8; 24:5).

19. როგორ იცავდა რჯული ქალებს, ბავშვებს, ოჯახებსა და ქვრივ-ობლებს?

19 რჯულში ქალების, ბავშვებისა და ოჯახების დაცვა და შენახვაც იყო გათვალისწინებული. მის მიხედვით მშობლებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, რომ შვილებისთვის ყოველთვის ყურადღება მიექციათ და სულიერი საკითხები ესწავლებინათ (მეორე რჯული 6:6, 7). რჯულის თანახმად, იკრძალებოდა და სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი ფორმის სისხლის აღრევის შემთხვევა (ლევიანნი, თავი 18). იგი მრუშობასაც კრძალავდა, რაც ასე ხშირად ანგრევს და სიმშვიდესა და ღირსებას უკარგავს ოჯახებს. რჯული უზრუნველყოფდა ქვრივ-ობლებს და სასტიკად კრძალავდა მათდამი ცუდ მოპყრობას (გამოსვლა 20:14; 22:22—24).

20, 21. ა) მოსეს რჯულის თანახმად, რატომ იყო ნებადართული მრავალცოლიანობა ისრაელთა შორის? ბ) რატომ განსხვავდება განქორწინების საკითხი რჯულში იმ ნორმისგან, რომელიც იესომ მოგვიანებით აღადგინა?

20 თუ ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, შეიძლება ზოგს კითხვა  გაუჩნდეს, თუ რატომ იყო რჯულით ნებადართული მრავალცოლიანობა (მეორე რჯული 21:15—17). პასუხის მისაღებად რჯულს იმდროინდელი ეპოქის თვალით უნდა შევხედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ, თუ მოსეს რჯულზე დღევანდელი გადასახედიდან ვიმსჯელებთ, მცდარ დასკვნამდე მივალთ (იგავნი 18:13). იეჰოვამ დიდი ხნის წინათ დააწესა ედემში ერთი ქმრისა და ერთი ცოლის ქორწინების მტკიცე კავშირი (დაბადება 2:18, 20—24). მაგრამ იმ დროისათვის, როცა რჯული მისცა ისრაელს, მრავალცოლიანობა ხალხში უკვე ღრმად იყო ფესვგადგმული საუკუნეთა მანძილზე. იეჰოვამ კარგად იცოდა, რომ თავისი „თვითრჯული ხალხი“ ხშირად ისეთ ძირითად მოთხოვნებსაც კი ვერ იცავდა, როგორიცაა, მაგალითად, კერპთაყვანისმცემლობისგან განრიდება (გამოსვლა 32:9). ამიტომ გონივრული იყო ის, რომ იეჰოვამ ცოლ-ქმრულ წეს-ჩვეულებათა რეფორმისთვის იმდროინდელი ეპოქა არ აირჩია. ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ მრავალცოლიანობა იეჰოვას მიერ არ იყო დაწესებული. იეჰოვა იყენებდა მოსეს რჯულს, რათა თავის ხალხს შორის მრავალცოლიანობის საკითხი მოეწესრიგებინა და არავისთვის მიეცა მისი ბოროტად გამოყენების საშუალება.

21 ასევე მოსეს რჯულის თანახმად, მამაკაცს უფლება ჰქონდა, გაჰყროდა თავის ცოლს მთელი რიგი სერიოზული მიზეზების გამო (მეორე რჯული 24:1—4). როგორც იესომ თქვა, იუდეველთა „გულქვაობის გამო“ წავიდა ღმერთი ამ დათმობაზე. მაგრამ ეს დროებით იყო დაშვებული. ქორწინების შესახებ იეჰოვას თავდაპირველი ნორმა იესომ აღუდგინა თავის მიმდევრებს (მათე 19:8).

რჯული ხელს უწყობდა სიყვარულის განვითარებას

22. როგორ და ვის მიმართ უწყობდა ხელს სიყვარულის განვითარებას მოსეს რჯული?

22 შენი აზრით, არსებობს დღეისათვის ისეთი კანონმდებლობა, ხელს რომ უწყობდეს სიყვარულის განვითარებას? მოსეს რჯულში უმთავრესი მნიშვნელობა სწორედ სიყვარულის განვითარებას ენიჭებოდა. ჯერ მარტო „მეორე რჯულში“ „სიყვარულად“ ნათარგმნი სიტყვა სხვადასხვა სახით 20-ჯერ გვხვდება. „გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი“, — ეს იყო მეორე უდიდესი მცნება მთელ რჯულში (ლევიანნი 19:18; მათე 22:37—40). ღვთის  ხალხს სიყვარული არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ მათ შორის მცხოვრები უცხოტომელების მიმართაც უნდა გამოეხატათ, რადგან ახსოვდათ, რომ ერთ დროს თვითონაც უცხონი იყვნენ სხვის მიწა-წყალზე. სიყვარული ასევე ღარიბთა და გულგატეხილთა მიმართაც უნდა გამოევლინათ, ხელი გაემართათ და მათი დუხჭირი ცხოვრებით არ ესარგებლათ. ის კი არადა, საპალნე ცხოველებსაც კეთილად და ყურადღებიანად უნდა მოჰქცეოდნენ (გამოსვლა 23:6; ლევიანნი 19:14, 33, 34; მეორე რჯული 22:4, 10; 24:17, 18).

23. რის საკეთებლად იყო აღძრული 118-ე ფსალმუნის დამწერი და, მის მსგავსად, რის გაკეთება გვმართებს?

23 განა სხვა რომელი ერი იყო ასეთი კანონმდებლობით კურთხეული? გასაკვირი არ არის, თუ რატომ წერდა ფსალმუნმომღერალი: „რარიგად მიყვარს რჯული შენი“. მაგრამ მისი სიყვარული ზედაპირული გრძნობა როდი იყო. ის აღძრავდა, დამორჩილებოდა რჯულს და მის თანახმად ეცხოვრა: „[შენი რჯული] არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:11, 97). დიახ, ფსალმუნმომღერალი რეგულარულად უთმობდა დროს იეჰოვას რჯულის შესწავლას და ამიტომ უძლიერდებოდა სიყვარული მისი კანონების მიმართ, და არა მხოლოდ კანონების, არამედ იეჰოვა ღმერთის მიმართაც. შენც განაგრძე ღვთის კანონების შესწავლა, რათა უფრო დაუახლოვდე იეჰოვას, დიდებულ კანონმდებელსა და სამართლიანობის ღმერთს.

^ აბზ. 8 მაგალითად, კანონები, რომლებიც მოითხოვდა, რომ ჩამარხულიყო ადამიანის გამონაყოფი, კარანტინში ჰყოლოდათ სნეულები და დაბანილიყო ყველა, ვინც მკვდარს შეეხებოდა, საუკუნეებით უსწრებდა მეცნიერულ აღმოჩენებს (ლევიანნი 13:4—8; რიცხვნი 19:11—13, 17—19; მეორე რჯული 23:13, 14).

^ აბზ. 9 მაშინ როცა ქანაანელთა ტაძრებში ოთახები იყო გამოყოფილი სქესობრივი კავშირისთვის, მოსეს რჯულში აკრძალული იყო გაუწმინდურებულთა შესვლა ტაძარში. ასე რომ, ვინაიდან სქესობრივ კავშირს უწმინდურების პერიოდი მოჰყვებოდა ვერავინ შეძლებდა სექსუალური გარყვნილების შემცველი რიტუალები იეჰოვას თაყვანისმცემლობაში დაეწესებინა.

^ აბზ. 10 სწავლება რჯულის მთავარი მიზანი იყო. „ენციკლოპედია ჯუდაიკაში“ აღნიშნულია, რომ „რჯულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „თორა“ „დამოძღვრას“ ნიშნავს.

^ აბზ. 17 რჯულში საინტერესო კითხვაა დასმული: „მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი?“ (მეორე რჯული 20:19). ფილო, პირველი საუკუნის ებრაელი სწავლული, რჯულიდან ამ კანონის მოხსენიებისას ხსნიდა, რომ ღვთის აზრით, „უსამართლობა იყო, აღელვების გამო ჯავრი ეყარათ ან შური ეძიათ უსულო საგნებზე, რომლებსაც დანაშაულთან საერთო არაფერი ჰქონდათ“.

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

ჭეშმარიტი რელიგია აღგვძრავს, გამოვავლინოთ ძმური სიყვარული

რომელი რელიგია ასწავლის თავის მრევლს, გადალახონ პოლიტიკური, რასობრივი და ეკონომიური ბარიერები, რომელიც ხალხს ყოფს?