წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 11

„სამართლიანია მისი ყოველი გზა“

„სამართლიანია მისი ყოველი გზა“

1, 2. ა) რა დიდ უსამართლობას წააწყდა იოსები? ბ) როგორ აღმოფხვრა იეჰოვამ ჩადენილი უსამართლობა?

სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდას უსამართლოდ მოექცნენ. გაუპატიურების მცდელობაში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. მაგრამ იოსებისთვის ეს უსამართლობა პირველი როდი იყო. უფრო ადრე, 17 წლის ასაკში, მას საკუთარმა ძმებმა უღალატეს და ლამის მოკლეს კიდეც. შემდეგ უცხო ქვეყანაში მონად გაყიდეს. იქ კი თავისი ბატონის ცოლის უზნეო წინადადებებს წააწყდა, რომლებიც იოსებმა გადაჭრით უარყო. გაწბილებულმა ქალმა ცრუ ბრალდება წაუყენა და ასე აღმოჩნდა იოსები საპყრობილეში. მშველელი კი თითქოს არსაიდან ჩანდა.

იოსები უსამართლოდ იტანჯებოდა დილეგში.

2 ამ ყველაფერს „სიმართლისა და სამართლის“ მოყვარული ღმერთი ადევნებდა თვალყურს (ფსალმუნი 32:5). ჩადენილი უსამართლობა იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ყველაფერი ისე მოიმოქმედა, რომ იოსები, ბოლოს და ბოლოს, გაეთავისუფლებინათ. უფრო მეტიც, იოსებმა, რომელიც ერთ დროს ‘დილეგში იყო ჩაგდებული’, დიდი თანამდებობაც დაიკავა და განსაკუთრებული პატივის მიგების ღირსიც გახდა (დაბადება 40:15; 41:41—43; ფსალმუნი 104:17, 18). ასე რომ, იოსებმა თავისი უდანაშაულობა საბოლოოდ დაამტკიცა და თავისი მაღალი თანამდებობის გამოყენებას ღვთის განზრახვის მხარდასაჭერად შეუდგა (დაბადება 45:5—8).

3. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ყველას გვინდა, სამართლიანად გვექცეოდნენ?

3 ადვილი არ არის, ასეთ შემთხვევას უგულოდ მოვეკიდოთ. განა რომელი ჩვენგანი არ შესწრებია უსამართლობას ან რომელ ჩვენგანს არ მოჰქცევიან უსამართლოდ? ყველას გვინდა, რომ სამართლიანად და მიუკერძოებლად გვეპყრობოდნენ. და გასაკვირიც არაა, რომ ეს ასეა. იეჰოვამ ხომ ის თვისებები ჩაგვინერგა, რომლებიც  თავადვე ახასიათებს; სამართლიანობა კი მისი ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა (დაბადება 1:27). თუ გავიგებთ, როგორი სამართლიანობით ხასიათდება იეჰოვა, უკეთ გავიცნობთ მას, უკეთ შევიცნობთ მისი ნამოქმედარის დიდებულებას და მასთან დაახლოების უდიდესი სურვილი გაგვიჩნდება.

რა არის სამართლიანობა?

4. რა ჰგონიათ ხშირად ადამიანებს სამართლიანობა?

4 ადამიანებს სამართლიანობა ხშირად არასწორად ესმით. ჰგონიათ, რომ სამართლიანობა სხვა არაფერია, თუ არა კანონების დადგენილებისამებრ გამოყენება. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ „სამართლიანობა დაკავშირებულია კანონთან, ვალდებულებებთან, უფლებებსა და მოვალეობებთან, და მიუკერძოებლობისა და დამსახურების მიხედვით გამოდის მის საფუძველზე განაჩენი“ (Right and Reason—Ethics in Theory and Practice). მაგრამ იეჰოვას სამართლიანობა, უბრალოდ, ვალდებულებისა თუ მოვალეობის მოხდის მიზნით კანონების მექანიკური გამოყენება არ არის.

5, 6. ა) რა მნიშვნელობა აქვს დედნისეულ ენაზე იმ სიტყვებს, რომლებიც „სამართლიანობად“ ითარგმნა? ბ) რას ნიშნავს ღვთის სამართლიანობა?

5 იეჰოვას სამართლიანობის ყოვლისმომცველობას უკეთესად გავიგებთ, თუ ბიბლიაში გამოყენებული დედნისეული სიტყვების მნიშვნელობებს განვიხილავთ. ებრაულ წერილებში სამი მთავარი სიტყვაა გამოყენებული. სიტყვა, რომელიც ხშირად „სამართლიანობად“ ითარგმნება, შეიძლება ითარგმნოს როგორც „სწორი“ (დაბადება 18:25, აქ). დანარჩენი ორი სიტყვა, ჩვეულებრივ, „სიმართლედ“ ითარგმნება. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა, რომელიც „სიმართლედაა“ ნათარგმნი, ნიშნავს, „იყო მართალი ან სამართლიანი“. გამოდის რომ, ძირითადად, არაა სხვაობა სიმართლესა და სამართლიანობას შორის (ამოსი 5:24).

6 მაშასადამე, როცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი სამართლიანია, ამით ნაჩვენებია, რომ იგი ყველაფერს სიმართლისა და სისწორის ფარგლებში აკეთებს, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე (რომაელთა 2:11). წარმოუდგენელია, რომ მან სხვაგვარად იმოქმედოს. ერთხელ ერთგულმა ელიჰუმ თქვა: „შორს იყოს  ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!“ (იობი 34:10). იეჰოვასთვის ნამდვილად შეუძლებელია უსამართლოდ იმოქმედოს. საამისოდ ორი ფრიად საგულისხმო მიზეზი არსებობს.

7, 8. ა) რატომ არის შეუძლებელი, რომ იეჰოვა უსამართლოდ მოიქცეს? ბ) რა აღძრავს იეჰოვას, რომ მართალი, ანუ სამართლიანი იყოს ხალხის მიმართ?

7 პირველი მიზეზი ისაა, რომ იგი წმინდაა. როგორც მე-3 თავიდან გავიგეთ, იეჰოვა უსაზღვროდ სპეტაკი და მართალი ღმერთია და ამიტომ შეუძლებელია, რომ უსამართლოდ ან არასწორად იმოქმედოს. დაუფიქრდი, რას ნიშნავს ეს. ჩვენი ზეციერი მამის სიწმინდე იმაში გვარწმუნებს, რომ ცუდად არასოდეს მოეპყრობა თავის შვილებს. იესოც დარწმუნებული იყო ამაში და თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს ასე ლოცულობდა: „წმიდაო მამავ, დაიცავი შენი სახელით ესენი [მოწაფეები]“ (იოანე 17:11). „წმიდაო მამავ“ — ბიბლიაში ამგვარი მიმართვა მხოლოდ იეჰოვას მიმართ გამოიყენება, რადგან იგია წმინდა და სიწმინდის მხრივ ვერც ერთი მამა ვერ შეედრება. იესოს ღრმად სწამდა, რომ თავისი მოწაფეები უსაფრთხოდ იქნებოდნენ ისეთი მამის ხელში, რომელიც ყოვლად წმინდა, სპეტაკი და აბსოლუტურად უცოდველია (მათე 23:9).

8 მეორე მიზეზი ღვთის უანგარო სიყვარულია — ღვთის ბუნების განუყოფელი ნაწილი — და ამიტომაა, რომ ყველას მიმართ მართალი, ანუ სამართლიანია. უსამართლობას კი, რომელიც გამოხატულებას რასიზმში, დისკრიმინაციაში, მიკერძოებასა და კიდევ ვინ მოთვლის, რაში პოულობს, ხშირად სიხარბე და ეგოიზმი წარმოშობს, რაც სიყვარულის საპირისპიროა. ღვთის სიყვარულის შესახებ კი ბიბლიაში ასეთ რწმუნებას ვკითხულობთ: „რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე“ (ფსალმუნი 10:7). იეჰოვა თვითონ ამბობს თავის თავზე: „მე, უფალს, მიყვარს სამართალი“ (ესაია 61:8). განა მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ ღმერთს სწორად და სამართლიანად მოქმედება სიამოვნებას ანიჭებს? (იერემია 9:24).

 მოწყალება და იეჰოვას სრულყოფილი სამართლიანობა

9—11. ა) რა კავშირია იეჰოვას სამართლიანობასა და მოწყალებას შორის? ბ) რაში გამოავლინა იეჰოვამ სამართლიანობა და მოწყალება ცოდვილი ადამიანების მიმართ?

9 იეჰოვას სამართლიანობა, მისი უბადლო პიროვნების ყველა დანარჩენი თვისების მსგავსად, სრულყოფილი და წუნდაუდებელია. იეჰოვას განდიდებისას მოსემ ასეთი სიტყვები დაწერა: „კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:3, 4). იეჰოვა ყოველთვის უნაკლო სამართლიანობით მოქმედებს, გადაჭარბებულად არც შემწყნარებლობას ავლენს და არც — სიმკაცრეს.

10 იეჰოვას სამართლიანობა და მოწყალება ერთმანეთთან არის შერწყმული. 114-ე ფსალმუნის მე-5 მუხლში ნათქვამია: „მოწყალეა უფალი და მართალი [სამართლიანი], და შემბრალეა ღმერთი ჩვენი“. დიახ, იეჰოვა სამართლიანიც არის და მოწყალეც. ეს არაა ურთიერთგამომრიცხავი თვისებები. იეჰოვა მოწყალებას იმიტომ კი არ ავლენს, რომ სამართლიანობა მეტად მკაცრი თვისებაა და შერბილება ესაჭიროება. არა, ეს ორი თვისება, უმეტეს შემთხვევაში, ერთდროულად და ერთი და იმავე მოქმედების დროს ვლინდება. გავარჩიოთ მაგალითი.

11 როგორც ვიცით, ყველამ მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა, რის გამოც სასჯელად სიკვდილს ვიმსახურებთ (რომაელთა 5:12). მაგრამ ცოდვილთა სიკვდილი იეჰოვას სიამოვნებას როდი ანიჭებს. ის არის „ღმერთი. . . შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე“ (ნეემია 9:17). მიუხედავად ამისა, იგი თვალს ვერ დახუჭავს უსამართლობაზე. თუ ასეა, როგორღა უნდა შეიწყალოს ცოდვილი ადამიანები? ამ კითხვის პასუხი ღვთის სიტყვის უძვირფასეს ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული: იეჰოვამ კაცობრიობის სახსნელად გამოსასყიდზე იზრუნა, რის შესახებაც მე-14 თავში გავიგებთ უკეთესად. ამ გადადგმული ნაბიჯით იეჰოვამ მომნანიებელ ცოდვილთა მიმართ მოწყალება და სამართლიანობა ერთდროულად გამოავლინა (რომაელთა 3:21—26).

 იეჰოვას სამართლიანობა სასიკეთოა

12, 13. ა) რატომ გვაახლოებს იეჰოვასთან მისი სამართლიანობა? ბ) რა დასკვნამდე მივიდა დავითი იეჰოვას სამართლიანობის შესახებ და როგორ გვანუგეშებს მისი სიტყვები?

12 იეჰოვას სამართლიანობა არა ცივი და უგულო გრძნობა, არამედ მასთან დამაახლოებელი, სიყვარულის შთამნერგავი თვისებაა. ბიბლიაში გასაგებად არის აღწერილი, რომ იეჰოვა ხალხის მიმართ სამართლიანად მოქმედებისას თანაგრძნობასაც ავლენს. ვნახოთ, როგორ ავლენს ის სამართლიანობას.

13 იეჰოვა სამართლიანი ღმერთია და ამიტომ თავის მსახურებს ერთგულად ეპყრობა. ფსალმუნმომღერალმა დავითმა საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის სამართლიანობის ეს კუთხე. რა დასკვნამდე მივიდა საკუთარი გამოცდილებიდან და ღვთის საქმეების შესწავლის შემდეგ? მან განაცხადა: „უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან“ (ფსალმუნი 36:28). რა დამაჯერებელი და მანუგეშებელი სიტყვებია! ღვთის სამართლიანობა იმის გარანტიაა, რომ ღმერთი არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულებს. ესე იგი, ახლოს იქნება ჩვენთან და სიყვარულით გვიპატრონებს! (იგავნი 2:7, 8).

14. როგორ დასტურდება ისრაელისთვის მიცემულ რჯულში, რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვისაც კეთილსასურველი პირობები არ გააჩნია?

14 ღვთის სამართლიანობაში ისიც იგულისხმება, რომ ღმერთმა, გულდამწუხრებულებს მიხედოს და ზრუნვა არ მოაკლოს. ეს ისრაელი ერისთვის მიცემულმა რჯულმა დაადასტურა. მაგალითად, ქვრივ-ობლებს რომ ზრუნვა არ მოჰკლებოდათ, რჯულში განსაკუთრებული გარანტიები იყო გათვალისწინებული (მეორე რჯული 24:17—21). იეჰოვამ იცოდა, თუ როგორ უჭირდათ უპატრონოდ დარჩენილ ოჯახებს და მათდამი მამობრივი სიყვარულით აღძრულმა, თვითონ ითავა მათი მოსამართლეობა და მფარველობა, ‘სამართალს უჩენდა ქვრივსა და ობოლს’ *  (მეორე რჯული 10:18; ფსალმუნი 67:6). იეჰოვა აფრთხილებდა ისრაელებს, რომ, თუ სიცოცხლეს გაუმწარებდნენ უმწეო ქალებსა და ბავშვებს, უსათუოდ მიუგდებდა ყურს მათ ჩივილს და ‘რისხვით აინთებოდა’ (გამოსვლა 22:22—24). რისხვა იეჰოვას მთავარი თვისება არ არის. მაგრამ, როცა საქმე განზრახ უსამართლობას ეხება, თანაც საცოდავთა და უმწეოთა წინააღმდეგ ჩადენილს, იეჰოვა სამართლიანად რისხდება (ფსალმუნი 102:6).

15, 16. რა არის იეჰოვას მიუკერძოებლობის მართლაც შესანიშნავი მტკიცება?

15 იეჰოვა იმაშიც გვარწმუნებს, რომ „არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს“ (მეორე რჯული 10:17). მრავალი ძლიერი თუ გავლენიანი ადამიანისგან განსხვავებით, მას ვერც სიმდიდრით და გარეგნობით გადაიბირებ და ვერც მიკერძოებაში დაადანაშაულებ. ამის მტკიცებას ის წარმოადგენს, რომ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლად გახდომისა და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტარული საზოგადოების ხელში არაა. პირიქით, „ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ეს საოცარი შესაძლებლობა ყველას ეძლევა, თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობის, კანის ფერისა თუ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. განა ეს ჭეშმარიტი სამართლიანობის ბრწყინვალე დადასტურებას არ წარმოადგენს?

16 ჩვენს ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებს იეჰოვას სრულყოფილი სამართლიანობის კიდევ ერთი ასპექტი, კერძოდ ის, თუ როგორ ეპყრობა თავისი სამართლიანი ნორმების დამრღვევებს.

დასჯისგან უკან არ დაიხევს

17. ახსენი, თუ რატომ არ ხდის სადავოს იეჰოვას სამართლიანობას წუთისოფელში გაბატონებული უსამართლობა.

17 შეიძლება ასეთი კითხვა გაგვიჩნდეს: „თუ იეჰოვა უმართლობას არ იწყნარებს, რით ავხსნათ ის ფაქტი, რომ ხალხის ერთი ჯგუფი უსამართლობით იტანჯება, ხოლო მეორე გახრწნილების მორევშია ჩაფლული?“. ეს არ არის იეჰოვას ბრალი. ამდენი  უსამართლობა უკეთურ წუთისოფელში იმ ცოდვის შედეგია, რომელიც ადამიანებმა მემკვიდრეობით მიიღეს ადამისგან. არასრულყოფილმა ადამიანებმა თვითონვე ისურვეს ცოდვის გზაზე სიარული და სწორედ ამიტომ მოიკიდა ყველგან ფეხი უსამართლობამ — მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს (მეორე რჯული 32:5).

18, 19. რა გვიჩვენებს იმას, რომ იეჰოვა დაუსრულებლად არ შეიწყნარებს მისი სამართლიანი კანონების დამრღვევებს?

18 იეჰოვა თუმცა უდიდეს მოწყალებას ავლენს იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გულწრფელად უახლოვდებიან მას, ის არ დაუშვებს, რომ მარადიულად არსებობდეს ვითარება, რომელიც შეურაცხყოფს მის წმინდა სახელს (ფსალმუნი 73:10, 22, 23). სამართლიანობის ღმერთს აბუჩად ვერავინ აიგდებს; ის ისეთ სასჯელს მიაგებს განზრახ შემცოდველებს, როგორსაც იმსახურებენ. იეჰოვა არის «ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი. . . და შურისმგებელი [„მაგრამ დასჯისგან არავითარ შემთხვევაში არ დაიხევს უკან“, აქ]» (გამოსვლა 34:6, 7). ამ სიტყვების თანახმად, დროდადრო იეჰოვა აუცილებლად თვლის მისი კანონების განგებ დამრღვევთა დასჯას.

19 მაგალითისთვის ისრაელი ერის მიმართ ღვთის დამოკიდებულება მოვიყვანოთ. აღთქმული მიწის დამკვიდრების შემდეგაც კი, ისრაელები არაერთხელ ღალატობდნენ იეჰოვას. თავიანთი უზნეო ცხოვრების წესით მას „ტკივილს აყენებდნენ“. მაგრამ ღმერთს არ ჩაუქნევია ხელი ისრაელებზე (ფსალმუნი 78:38—41, აქ [77:38—41]). პირიქით, კვლავაც გულმოწყალედ აძლევდა გამოსწორების შესაძლებლობას და სთხოვდა: „თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!“ (ეზეკიელი 33:11). რადგან იეჰოვასთვის ძვირფასია სიცოცხლე, თავის წინასწარმეტყველებსაც არაერთხელ უგზავნიდა ისრაელებს, რათა უკეთურების გზიდან მოებრუნებინა. მაგრამ გაგულქვავებული ხალხი ყურსაც კი  არ ათხოვებდა მათ და არ ინანიებდა. ბოლოს, თავისი წმინდა სახელის დასაცავად, იეჰოვამ ისინი მტრებს ჩაუგდო ხელში (ნეემია 9:26—30).

20. ა) რას ვიგებთ იეჰოვას დამოკიდებულებიდან ისრაელი ერის მიმართ? ბ) რატომ არის ლომი ბიბლიაში იეჰოვას სამართლიანობის მართებული სიმბოლო?

20 ისრაელებისადმი იეჰოვას დამოკიდებულებიდან ბევრს ვიგებთ. კერძოდ, მის თვალს არაფერი ეპარება და, შესაბამისად, უსამართლობაც არ რჩება შეუმჩნეველი. თუმცა ასეთი მდგომარეობის გამო გული უზომოდ სწყდება (იგავნი 15:3). ამავე დროს, იმის ცოდნაც დამამშვიდებელია, რომ, თუ მიზანშეწონილად მიიჩნევს მოწყალების გამოვლენას, არავითარ შემთხვევაში არ დააყოვნებს ამას. ვიგებთ იმასაც, რომ მისი სამართლიანი მოქმედება არასოდეს არის ნაჩქარევი. რადგან იეჰოვა მომთმენი და სულგრძელია, ბევრს ჰგონია, რომ ის არასოდეს დასჯის უზნეო ადამიანებს. თუმცა ეს ასე არ არის. ისრაელი ერის მიმართ იეჰოვას დამოკიდებულებიდან გამოჩნდა, რომ ღვთის მოთმინებას საზღვარი აქვს. იგი სიმართლეს ყოველთვის შემართებით იქმს და იმათ არა ჰგავს, ხშირად სამართლის აღსასრულებლად გამბედაობა რომ არ ჰყოფნით. ამიტომ ის, რომ ბიბლიაში ღვთის სამართლიანობის სიმბოლოდ ლომია გამოყენებული, მართლაც რომ შესაფერისია *  (ეზეკიელი 1:10; გამოცხადება 4:7). შეგვიძლია სრულად ვენდოთ, რომ ღმერთი შეასრულებს თავის დაპირებას და უსამართლობის სახსენებელს ძირფესვიანად მოსპობს. ასე რომ, ღვთის მიერ სამართლის აღსრულების პრინციპი ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: სიმტკიცე — სადაც აუცილებელია და მოწყალება — როცა დასაშვებია (2 პეტრე 3:9).

დაუახლოვდი სამართლიანობის ღმერთს

21. როდესაც იეჰოვას სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს და რატომ?

21 იეჰოვას სამართლიანობაზე როცა ვსაუბრობთ, ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა დაგვრჩეს, რომ იგი გრძნობებს მოკლებული, პირქუში მოსამართლეა, შემცოდველებზე სასჯელის აღსრულების მეტი რომ არაფერი აინტერესებს. პირიქით, უნდა გვწამდეს, რომ მოსიყვარულე მამაა, რომელიც სიმტკიცესაც ავლენს და თავისი შვილებისთვის ყოველთვის საუკეთესოს აკეთებს. როგორც სამართლიანი მამა, იეჰოვა მტკიცედ იცავს სიმართლეს, მაგრამ ამ თვისებას ყოველთვის აწონასწორებს თავისი მიწიერი შვილების მიმართ თანაგრძნობით, რომელთაც მისგან დახმარება და პატიება სჭირდებათ (ფსალმუნი 102:10, 13).

22. სამართლიანობის წყალობით, როგორი მომავლის იმედი დაგვისახა იეჰოვამ და რატომ გვეპყრობა ასე?

22 რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ღვთის სამართლიანობა მხოლოდ დამნაშავეთა დასჯისკენ არაა მიმართული! სამართლიანობის გამოა, რომ იეჰოვამ მომავლის შესანიშნავი იმედი დაგვისახა — იდეალური, მარადიული სიცოცხლე მსოფლიოში, სადაც „დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ადამიანის გადარჩენა უნდა და არა დასჯა. მართლაც, იეჰოვას სამართლიანობასთან უკეთ გაცნობა უფრო გვაახლოებს მასთან! მომდევნო თავებში უფრო კარგად გავიგებთ, თუ როგორ ავლენს იგი ამ უნაკლო თვისებას.

^ აბზ. 14 თუმცა ებრაული სიტყვა, რომელიც „ობლად“ არის გადმოტანილი, მამრობითი სქესისაა, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა ეზრუნათ გოგონებზე. ცელაფხადის დაობლებული ასულებისთვის მემკვიდრეობის მიცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იეჰოვამ რჯულში ჩააწერინა. ამ გადაწყვეტილებამ დაობლებულ ასულთა უფლებების დაცვის პრეცედენტი შექმნა (რიცხვნი 27:1—8).

^ აბზ. 20 საინტერესოა, რომ ორგულ ისრაელზე განაჩენის აღსრულებისას იეჰოვამ თავი ლომს შეადარა (იერემია 25:38; ოსია 5:14).

გაიგეთ მეტი

რა მოხდება განკითხვის დღეს?

განკითხვის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. უნდა გვეშინოდეს განკითხვის დღის? როგორ დაგვირგვინდება ეს დღე?

რატომ უშვებს ღმერთი, რომ ძლიერებმა დაჩაგრონ სუსტები?

ბიბლია გვიხსნის, თუ რას აკეთებს ღმერთი დღეს და რას გააკეთებს მომავალში ჩაგვრასთან დაკავშირებით.