წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 15

იესო სამართალს ამყარებს დედამიწაზე

იესო სამართალს ამყარებს დედამიწაზე

1, 2. რამ განარისხა იესო და რატომ?

ყველამ დაინახა, რა ძლიერ და სამართლიანად გაჯავრდა იესო. ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია ასეთი რბილი ბუნების ადამიანი აღშფოთებულ მდგომარეობაში (მათე 21:5, აქ). იგი სრულყოფილად ფლობდა საკუთარ გრძნობებს და მისი რისხვა სამართლიანი იყო *. და მაინც, რა უნდა გამხდარიყო ასეთი მშვიდობისმოყვარე კაცის განრისხების მიზეზი? ეს იყო აღმაშფოთებელი უსამართლობა.

2 იესოს მთელი გულით უყვარდა იერუსალიმის ტაძარი, მთელი დედამიწის ზურგზე ზეციერი მამისადმი ერთადერთი თაყვანსაცემი წმინდა ადგილი. ტაძარში თაყვანსაცემად რომ ჩასულიყვნენ, იუდეველები შორ გზასაც კი არ ერიდებოდნენ. ღვთისმოშიში არაიუდეველებიც მოდიოდნენ და ტაძრის ეზოში მათთვის განკუთვნილ ადგილას სცემდნენ თაყვანს ღმერთს. ერთხელ, თავისი მსახურების დასაწყისში, იესო შევიდა ტაძარში და წინ ამაზრზენი სურათი გადაეშალა! იქაურობა ბაზარს უფრო ჰგავდა, ვიდრე თაყვანისცემის ადგილს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაჭრებსა და ფულის გადამცვლელებს მოეკალათებინათ. მხოლოდ უსამართლობას ვინღა ჩიოდა, როცა ღვთის ტაძარი ხალხის ყვლეფისა და ძარცვის კერად ქცეულიყო. მაინც რა მოხდა ასეთი? (იოანე 2:14).

3, 4. ხალხის ყვლეფის როგორი სისტემა იყო შემუშავებული იეჰოვას სახლში და რა გადამჭრელი ზომები მიიღო იესომ?

3 რელიგიურ წინამძღოლებს ტაძრის გადასახადად მხოლოდ ერთი კონკრეტული სახის მონეტა დაეწესებინათ. მისულებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თავიანთი ფული ასეთ მონეტებზე უნდა გადაეცვალათ. ფულის გადამცვლელებს კი შიგ ტაძარში მოეთავსებინათ  მაგიდები და ხალხს ყოველი გარიგებისას გადასახადს ახდევინებდნენ. არც საქონლით ვაჭრობა იყო ურიგო საქმე. ვინც თავისი მოყვანილი მსხვერპლის შეწირვას მოისურვებდა, ტაძრის განმგებლებს, შესაძლოა, მაშინვე ეთქვათ, შენი შესაწირავი არ მიიღებაო. ხოლო თუ იქვე იყიდდა, მაშინ შესაწირავის აღვლენას წინ რა დაუდგებოდა. ხალხი ვაჭართა ხელში ჩავარდნილიყო, რომლებიც თავიანთ საქონელს ცეცხლის ფასად ყიდდნენ *. ხალხის მოტყუებას ვინღა ჩიოდა, ტაძარში პირდაპირ ძარცვა-გლეჯვა იყო გაჩაღებული.

„გაიყვანეთ ესენი აქედან“

4 ცხადია, იესო თვალს ვერ დახუჭავდა ასეთ უსამართლობაზე; ტაძარი ხომ მამამისის სახლი იყო! მან თოკებისგან შოლტი გააკეთა და საქონელი და ცხვარი ტაძრიდან გარეკა. შემდეგ მივარდა ფულის გადამცვლელებს და მაგიდები ამოუყირავა. ალბათ, მთელი ფული მარმარილოს იატაკზე მოეფინა! მტრედების გამყიდველებს კი მკაცრად უბრძანა: „გაიყვანეთ ესენი აქედან“ (იოანე 2:15, 16). იესოს შემხედვარე, ალბათ, კაციშვილმა ვერ გაბედა ხმის ამოღება.

მამის ანარეკლი

5—7. ა) როგორ განუვითარა იესოს განკაცებამდელმა ცხოვრებამ სამართლიანობის შეგრძნების უნარი და რაზე შეგვექმნება ნათელი წარმოდგენა, თუ მის მაგალითზე დავფიქრდებით? ბ) როგორ შეებრძოლა იესო იეჰოვას უზენაესობისა და სახელის წინააღმდეგ მიმართულ უსამართლობას?

5 ცხადია, ვაჭრებმა თავიანთი მაინც არ დაიშალეს. დაახლოებით სამი წლის შემდეგ იგივე უსამართლობა იესომ ამჯერად უკვე იეჰოვას სიტყვებით დაგმო და გაკიცხა ისინი, ვისაც ღვთის სახლი „ავაზაკთა ბუნაგად“ ექციათ (მათე 21:13; იერემია 7:11). სხვათა შორის, დაინახა თუ არა, როგორ ხარბად ყვლეფდნენ ხალხს და აუწმიდურებდნენ ღვთის ტაძარს, იესოს ისეთივე გრძნობა დაეუფლა როგორიც მამამისს. მას ხომ მილიონობით წლის მანძილზე  ასწავლიდა ზეციერი მამა. შედეგად იესოს სამართლიანობის ისეთივე გრძნობა განუვითარდა, როგორიც იეჰოვას ჰქონდა. ის მართლაც მამის ანარეკლი იყო. მაშასადამე, თუ გვსურს, იეჰოვას სამართლიანობაზე ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ, იესოს მაგალითს უნდა დავუფიქრდეთ (იოანე 14:9, 10).

6 იეჰოვას მხოლოდშობილმა ძემ საკუთარი თვალით ნახა, როგორ უსამართლოდ დასწამა ცილი სატანამ ღმერთს, მატყუარა უწოდა და ეჭვქვეშ დააყენა მისი ხელისუფლების მართებულობა. ძემ ისიც იცოდა, თუ რა საკამათო საკითხი წამოჭრა სატანამ, თითქოს არავინ ემსახურებოდა იეჰოვას სიყვარულით, პირადი გამორჩენის მიზნის გარეშე. ასეთი ცრუ ბრალდებები მართალ იესოს გულს უეჭველად დაუმძიმებდა. და როგორ გაიხარებდა, როცა გაიგებდა, რომ მდგომარეობის გამოსწორებაში თვითონ უნდა შეეტანა მნიშვნელოვანი წვლილი (2 კორინთელთა 1:20). როგორ?

7 როგორც მე-14 თავიდან შევიტყვეთ, იესომ ერთხელ და სამუდამოდ გააუვნებელყო სატანის ბრალდება, რომელიც იეჰოვას მსახურთა უმწიკვლობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასე ჩაუყარა იესომ საფუძველი იეჰოვას ხელისუფლების საბოლოო გამართლებასა და მისი სახელის განწმენდას. მომავალში კი, როგორც იეჰოვას მთავარი წარმომადგენელი, მთელ სამყაროში დაამკვიდრებს ღვთის სამართალს (საქმეები 5:31). დედამიწაზე მისი ცხოვრებაც ხომ ღვთის სამართლიანობას ირეკლავდა. იეჰოვამ იესოზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ჩემს სულს დავავანებ მასზე და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი“ (მათე 12:18, აქ). როგორ შეასრულა იესომ ეს სიტყვები?

იესო ნათელს ხდის, „რა არის სამართალი“

8—10. ა) როგორ აღვივებდა რელიგიური წინამძღოლების მიერ შემუშავებული ზეპირი კანონები არაიუდეველებისა და ქალებისადმი უღირს დამოკიდებულებას? ბ) რა მხრივ აქცია ზეპირმა კანონებმა იეჰოვას მიერ დაწესებული შაბათის კანონი ტვირთად?

8 იესოს უყვარდა იეჰოვას რჯული და მისი მიხედვით ცხოვრობდა, ხოლო რელიგიური წინამძღოლები არასწორად გადასცემდნენ მას და უმართებულოდ იყენებდნენ. იესომ მათ ასეთი სიტყვებით  მიმართა: «ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო. . . მიტოვებული გაქვთ, რაც უფრო მთავარია რჯულში — განკითხვა [„სამართალი“, აქ], წყალობა და სარწმუნოება. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ» (მათე 23:23). ღვთის რჯულის იმდროინდელი მასწავლებლები შეგნებულად არ აცხადებდნენ, თუ „რა არის სამართალი“. უფრო მეტიც, ღვთის სამართალს თავად გაურკვევლობის ბურუსში ხვევდნენ. რას ნიშნავს ეს? მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

9 იეჰოვამ გააფრთხილა თავისი ხალხი, რომ არაფერი ჰქონოდათ საერთო გარშემომყოფ არაიუდეველ ხალხებთან (მესამე მეფეთა 11:1, 2). მაგრამ ზოგი ფანატიკოსი რელიგიურ სიძულვილს თესავდა ხალხში ყველა არაიუდეველის მიმართ. „მიშნაში“ ასეთი წესიც კი იყო შეტანილი: „არ დატოვოთ საქონელი არაიუდეველების ფუნდუკში, რადგან მათთან სისაძაგლეს ჩაიდენენ“. ასეთი მიკერძოებული თვალსაზრისი არაიუდეველების მიმართ აშკარა უსამართლობა იყო და მოსეს რჯულთან საერთო არაფერი ჰქონდა (ლევიანნი 19:34). არსებობდა ადამიანთა შეთხზული სხვა კანონებიც, ქალების დამცირებას რომ ემსახურებოდა. ერთი ასეთი ზეპირი კანონის მიხედვით, ცოლს ქმრის უკან უნდა ევლო და არა მის გვერდით. კაცებს კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ეკრძალებოდათ ქალთან საუბარი, საკუთარ ცოლთანაც კი. ქალებს არ შეეძლოთ სასამართლოებზე ჩვენების მიცემა, ისევე როგორც მონებს. ისეთი ლოცვებიც კი არსებობდა, რომელშიც მამაკაცები ღმერთს ეუბნებოდნენ, მადლობა ღმერთო, ქალებად რომ არ დავიბადეთო.

10 რელიგიურმა წინამძღოლებმა ღვთის რჯულს აუარებელი წესი და კანონი დაუმატეს. მაგალითად, რჯულის მიხედვით შაბათი დღე თაყვანსაცემად, სულიერი სიმხნევის შესამატებლად და დასასვენებლად იყო დაწესებული და, შესაბამისად, მუშაობა იკრძალებოდა. ფარისევლებმა კი აღნიშნული კანონი ტვირთად აქციეს; თავიანთ თავზე აიღეს, გადაეწყვიტათ, რა ჩაითვლებოდა მუშაობად და რა — არა. მუშაობას მიაკუთვნეს 39 სახის საქმე, მათ შორის მკა და ნადირობა. ამ კლასიფიკაციამ აუარებელი კითხვა წამოჭრა. მაგალითად, კაცს რომ რწყილი მოეკლა შაბათს, ნადირობაში ხომ არ ჩაეთვლებოდა? ან გზად ერთი მუჭა ხორბლის თავთავი რომ მოეგლიჯა,  მკაში ხომ არ ჩაეთვლებოდა? ანდა ავადმყოფი რომ მოერჩინა, მუშაობად ხომ არ ჩაეთვლებოდა? ამიტომაც, კიდევ უფრო მეტი და უაღრესად დაწვრილმანებული წესები შემოიღეს.

11, 12. როგორ აღუდგა წინ იესო ფარისეველთა კანონებსა და წესებს, რომლებიც წმინდა წერილებზე არ იყო დაფუძნებული?

11 რას აკეთებდა ასეთ ვითარებაში იესო, რომ ხალხისთვის გაეგებინებინა, რა იყო სამართალი? ის ამხელდა რელიგიურ წინამძღოლებს თავისი სწავლებითა და ცხოვრებით. მოდი ჯერ განვიხილოთ მისი ზოგიერთი სწავლება. მაგალითად, მან უშიშრად დაგმო ადამიანის მიერ დადგენილი კანონები: „თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, აუქმებთ ღვთის სიტყვას“ (მარკოზი 7:13).

12 იესომ ხალხი იმაშიც გაარკვია, რომ ფარისეველებს უმართებულო დამოკიდებულება ჰქონდათ შაბათის მიმართ — მათ საერთოდ არ ესმოდათ, რა იყო ამ კანონის არსი. როგორც მან ახსნა, მესია „შაბათის უფალი“ იყო და, შესაბამისად, უფლებამოსილება ჰქონდა, შაბათობით განეკურნა ხალხი (მათე 12:8). სიტყვა რომ სიტყვად არ დარჩენოდა, იგი სასწაულებრივად კურნავდა სნეულებს შაბათობით (ლუკა 6:7—10). ეს სასწაულები მცირე მასშტაბით აჩვენებდა იმას, რასაც იესო ათასწლიანი მეფობის დროს მთელი დედამიწის ზურგზე უამრავი ადამიანის სასარგებლოდ მოიმოქმედებს. ხსენებული ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში შაბათის მნიშვნელობა კულმინაციას მიაღწევს და ყველა ერთგული ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს ცოდვისა და სიკვდილის მრავალსაუკუნოვან მონობას.

13. დედამიწაზე ქრისტეს მსახურების შემდეგ, რომელი რჯული შევიდა ძალაში და რით განსხვავდებოდა თავისი წინამორბედისგან?

13 იესომ ხალხს სამართალი ახალი რჯულითაც, „ქრისტეს რჯულით“, გააგებინა, რომელიც მისი მსახურების დასრულების შემდეგ შევიდა ძალაში (გალატელთა 6:2). თავისი წინამორბედის, მოსეს რჯულისგან განსხვავებით, ახალ რჯულს საფუძვლად დაედო არა კანონთა კრებული, არამედ პრინციპები. თუმცა ახალი რჯული კონკრეტულ მითითებებსაც შეიცავდა. ერთ-ერთ მათგანს იესომ „ახალი მცნება“ უწოდა. მან თავის მიმდევრებს მცნებად დაუდო, რომ ერთმანეთი ისევე ჰყვარებოდათ, როგორც მას უყვარდა ისინი (იოანე 13:34, 35). დიახ, ვინც „ქრისტეს რჯულის“ მიხედვით  ცხოვრობდა, მათი განმასხვავებელი ნიშანი თავგანწირული სიყვარული უნდა ყოფილიყო.

სამართლიანობის ცოცხალი მაგალითი

14, 15. როგორ ცხადყო იესომ, რომ ყოველთვის საზღვრავდა, რისი უფლება ჰქონდა და რისი — არა, და რას გვეუბნება ეს მის შესახებ?

14 იესო სიყვარულის შესახებ სწავლებაზე მეტსაც აკეთებდა. მან თავისი ცხოვრებით დააწესა „ქრისტეს რჯული“. განვიხილოთ, რა სამი კუთხით განსაზღვრა იესოს მაგალითმა, თუ რა არის სამართალი.

15 პირველი: იესო არასოდეს სჩადიოდა უსამართლობას. ალბათ, შეგიმჩნევია, რომ უსამართლობა უმთავრესად მაშინ ხდება, როცა არასრულყოფილი ადამიანები იმდენად ქედმაღლები ხდებიან, რომ ავიწყდებათ, რისი უფლება აქვთ და რისი — არა. იესო ასე არ აკეთებდა. ერთხელ ერთი კაცი მიუახლოვდა მას და უთხრა: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა“. არ გაინტერესებთ იესოს პასუხი? „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?“ (ლუკა 12:13, 14). რა დიდებულად მოიქცა! მიუხედავად იმისა, რომ შეუდარებელი ინტელექტით, განსჯის უნარითა და უფლებამოსილებით იყო ღვთისგან დაჯილდოებული, მაინც არ ჩაერია სხვის საქმეში, რადგან საამისოდ რაიმე განსაკუთრებული უფლება არ ჰქონდა მიცემული. იესო ყოველთვის ამგვარ მოკრძალებას იჩენდა, განკაცებამდე ათასობით წლის წინათაც კი (იუდა 9). მრავლისმეტყველია ისიც, რომ იგი თავმდაბლად ანდობდა იეჰოვას იმის განსაზღვრას, რა იქნებოდა სამართლიანი და რა — არა.

16, 17. ა) როგორ ავლენდა იესო ქადაგებისას სამართლიანობას? ბ) როგორ აჩვენა იესომ, რომ მას სამართლიანობა გულმოწყალებასთან ჰქონდა შერწყმული?

16 მეორე: ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას იესო ყოველთვის სამართლიანად, მიკერძოების გარეშე ქადაგებდა. მთელი გულით ცდილობდა, ყველანაირ ხალხს დალაპარაკებოდა, მდიდარსა თუ ღარიბს. ფარისევლები კი, იესოსგან განსხვავებით, უბრალო და ღარიბ ხალხს ზედაც არ უყურებდნენ. საძულველ სიტყვას, „ამ-ჰაარეცსაც“ კი უწოდებდნენ, რაც „მიწის ხალხს“ ნიშნავს. იესო გაბედულად გმობდა ასეთ უსამართლობას. სასიხარულო ცნობის ქადაგებისას, ხალხთან ერთად ჭამისას, მათი დაპურებისას,  განკურნებისას და აღდგენის დროსაც კი — ყოველთვის ღვთის სამართლიანობის მხარეს იდგა, ღვთისა, რომელსაც სურს, რომ „ყველა ადამიანს“ მიაწვდინოს ხმა * (1 ტიმოთე 2:4).

17 მესამე: იესოს სამართლიანობა გულმოწყალებასთან ჰქონდა შერწყმული. ცოდვილთათვის დახმარება რომ აღმოეჩინა, თავს არ ზოგავდა (მათე 9:11—13). ის მთელი გულით ეხმარებოდა უმწეოებს. მაგალითად, ფარისეველთაგან განსხვავებით, არაიუდეველების მიმართ უნდობლობის გაღვივებას არ უწყობდა ხელს. პირიქით, დიდი მოწყალებით ეხმარებოდა და ასწავლიდა კიდეც ზოგიერთ მათგანს, თუმცა მისი მთავარი მიზანი იუდეველ ხალხში მსახურება იყო. რომაელ ასისთავს დასთანხმდა, რომ სასწაულებრივი განკურნება მოემოქმედებინა. იესომ მასზე თქვა: „ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა“ (მათე 8:5—13).

18, 19. ა) საიდან ვხედავთ, რომ იესო პატივისცემით ეკიდებოდა ქალებს? ბ) როგორ გვანახვებს იესოს მაგალითი სიმამაცესა და სამართლიანობას შორის კავშირს?

18 იესო არ იზიარებდა იმ მოსაზრებას, თითქოს ქალები მდაბიოები იყვნენ და გაბედულად აკეთებდა მხოლოდ იმას, რაც სამართლიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამარიელი ქალებიც არაიუდეველთა მსგავსად უწმინდურთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, იესომ სიქარში ჭასთან ერთ-ერთ მათგანს უქადაგა. პირველად მან სწორედ ამ ქალს განუცხადა პირდაპირ, რომ აღთქმული მესია იყო (იოანე 4:6, 25, 26). როგორც ფარისევლები ამბობდნენ, ქალებისთვის ღვთის რჯულის სწავლება მიუღებლად ითვლებოდა, მაგრამ იესო ამას დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა (ლუკა 10:38—42). მაშინ როცა ფარისეველთა ზეპირი კანონების მიხედვით ქალები სანდო მოწმედ არ ითვლებოდნენ, იესო აღდგომის შემდეგ პირველად სწორედ თავის მიმდევარ ქალებს ეჩვენა. უფრო მეტიც, დაავალა, რომ მისი მოწაფეებისთვის, მამაკაცებისთვის, ეცნობებინათ ამ დაუვიწყარი მოვლენის შესახებ (მათე 28:1—10).

 19 დიახ, იესომ გააგებინა ხალხებს, თუ რა იყო სამართალი. ამის გაკეთება ხშირად ხიფათთან იყო დაკავშირებული. როგორც ვხედავთ, ჭეშმარიტი სამართლიანობა სიმამაცეს მოითხოვს. ტყუილად კი არ ეწოდა ქრისტეს „ლომი იუდას ტომიდან“ (გამოცხადება 5:5). ლომი ხომ სამართლიანობის მამაცურად გამოვლენის სიმბოლოა. ახლო მომავალში კი იესო კიდევ უფრო დიდებულ სამართალს დაამყარებს. ის პირდაპირი გაგებით დაამყარებს სამართალს დედამიწაზე (ესაია 42:4).

მესიანური მეფე სამართალს ამყარებს დედამიწაზე

20, 21. როგორ ამყარებს მესიანური მეფე ჩვენს დროში სამართალს როგორც მთელ დედამიწაზე, ისე ქრისტიანულ კრებაში?

20 მას შემდეგ, რაც 1914 წელს მესიანური მეფე გახდა, იესომ დედამიწაზე სამართლის დამყარება დაიწყო. როგორ? მან თავის თავზე აიღო მათეს 24:14-ში მოცემული წინასწარმეტყველების შესრულების პასუხისმგებლობა. მისი მიმდევრები მთელი დედამიწის ზურგზე ასწავლიან ხალხს ჭეშმარიტებას იეჰოვას სამეფოს შესახებ და მის მსგავსად სამართლიანად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე აკეთებენ ამას. ცდილობენ, ყველას — ახალგაზრდას თუ მოხუცს, მდიდარსა თუ ღარიბს, კაცსა თუ ქალს — მისცენ შესაძლებლობა, უკეთ გაეცნონ იეჰოვას, სამართლიანობის ღმერთს.

21 იესო სამართალს ქრისტიანულ კრებაშიც ამყარებს, რომლის თავიც თავად არის. როგორც ნაწინასწარმეტყველებია, ხელმძღვანელობის გასაწევად კრებას ერთგულ ქრისტიან უხუცესებს აძლევს, რომლებიც არიან „ძღვენი ადამიანების სახით“ (ეფესელთა 4:8—12, აქ). ღვთისთვის ძვირფასი სამწყსოს მწყემსვისას ისინი იესოს მაგალითს მიჰყვებიან სამართლის დამყარებაში. არასოდეს ივიწყებენ იესოს სურვილს, რომ მის ცხვარს სამართლიანად მოეპყრონ და თანაც ისე, რომ ყურადღება არ მიაქციონ თანამდებობას, დიდებულებას თუ მატერიალურ მდგომარეობას.

22. რა გრძნობა ეუფლება იეჰოვას წუთისოფელში მყარად ფეხმოკიდებული უსამართლობის გამო და ღვთის დავალებით რას გაუკეთებს იესო უსამართლობას?

22 სულ მალე, იესო ისეთ სამართალს დაამყარებს, რომელსაც  ანალოგი ჯერ არ ჰქონია. სამწუხაროდ, დღესდღეობით ქვეყნიერება უსამართლობითაა სავსე. ყოველი ბავშვი, რომელიც შიმშილისგან კვდება, მიუტევებელი უსამართლობის მსხვერპლია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რა თანხები იხარჯება საომარი იარაღის წარმოებასა და განცხრომის მოყვარულთა სურვილების დაკმაყოფილებაზე. მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი ერთ-ერთია უსამართლობის იმ მრავალგვარ გამოვლინებათაგან, რომლებიც იეჰოვას სამართლიან რისხვას დაიტეხეს. მან ეს საქმე თავის ძეს მიანდო, რომელიც სამართლიან ომს წამოიწყებს დღევანდელი ბოროტი წუთისოფლის წინააღმდეგ, რათა სამუდამოდ მოუღოს ბოლო ყოველგვარ უსამართლობას (გამოცხადება 16:14, 16; 19:11—15).

23. როგორ დაამყარებს იესო მარადიულ სამართლიანობას არმაგედონის შემდეგ?

23 თუმცა იეჰოვას სამართალი მხოლოდ ბოროტთა განადგურებას არ ნიშნავს. მან თავისი ძე „მშვიდობის მთავრადაც“ დანიშნა. არმაგედონში ომის შემდეგ, იესო მთელ დედამიწაზე დაამყარებს მშვიდობას და სამართლიანად იმმართველებს (ესაია 9:5, 6). იესო სიამოვნებით აღმოფხვრის უსამართლობას, რამაც უამრავი ტკივილი და ტანჯვა მიაყენა კაცობრიობას, და მუდამჟამს იეჰოვას სრულყოფილი სამართლიანობის მხარდამჭერი იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე ახლავე მივბაძოთ იეჰოვას სამართლიანობაში. მოდი განვიხილოთ, როგორ.

^ აბზ. 1 იესოს სამართლიანი აღშფოთება იეჰოვას მოქმედებას გვაგონებს, რომელიც ‘რისხდება’ უკეთურებაზე (ნაუმი 1:2). მაგალითად, იეჰოვამ თავის ქედუხრელ ხალხს უთხრა, რომ მისი სახლი „ავაზაკების ბუნაგად“ უქცევიათ და შემდეგ კი დააყოლა: „გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე“ (იერემია 7:11, 20).

^ აბზ. 3 „მიშნას“ თანახმად, ტაძარში მტრედების შესასყიდი მაღალი ფასის გამო მოგვიანებით განხეთქილება ჩამოვარდნილა და შედეგად საფასური 99 პროცენტით დაწეულა. ვინ ითბობდა ხელს ტაძარში ვაჭრობით? ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მღვდელმთავარ ანას ოჯახი ფლობდა ტაძარში მოწყობილ ბაზარს, რაც მათთვის აურაცხელი სიმდიდრის წყაროს წარმოადგენდა (იოანე 18:13).

^ აბზ. 16 ფარისეველები რჯულში გაუწაფავ, მდაბიო ხალხს დაწყევლილებად თვლიდნენ (იოანე 7:49). ამბობდნენ, რომ ასეთებისთვის არც არავის უნდა ესწავლებინა, არც საქმე უნდა დაეჭირა მათთან, არც ეჭამა და არც ელოცა. ერჩივნათ, შვილი მხეცისთვის მიეცათ გასაგლეჯად, ვიდრე რომელიმე ასეთი მდაბიოსთვის მიეთხოვებინათ. ისინი იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ასეთ ხალხზე აღდგომის იმედი არ ვრცელდებოდა.

გაიგეთ მეტი

სამეფოს მმართველობის 100 წელი—რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

როგორ გვეხმარება ღვთის მმართველობა? წაიკითხეთ, როგორც მესიანური მეფე როგორ წმენდს, ასწავლის და ორგანიზებას უწევს თავის ქვეშევრდომებს.