არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 16

„სამართალი ჰქმენი“ უფლის წინაშე სიარულისას

„სამართალი ჰქმენი“ უფლის წინაშე სიარულისას

1—3. ა) რატომ ვართ იეჰოვასგან დავალებული? ბ) რას მოითხოვს ჩვენგან ჩვენი საყვარელი მშველელი?

წარმოიდგინე, რომ ჩასაძირავად განწირულ გემზე ხარ და გადარჩენის ყველანაირი იმედი გადაწურული გაქვს. სწორედ ამ დროს მოდის მშველელი, სამშვიდობოს გაჰყავხარ და გეუბნება, რომ არავითარი საფრთხე აღარ გემუქრება. ნუთუ შვებით არ ამოისუნთქებ და მშველელისგან სამუდამოდ დავალებული არ დარჩები? ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შენს სიცოცხლეს მას უნდა უმადლოდე.

2 ასეთი სურათი იეჰოვას ნამოქმედარს გვაგონებს და გვახსენებს, რომ მისგან უზომოდ ვართ დავალებული. მან ხომ გამოსასყიდი გაიღო და ცოდვისა და სიკვდილის კლანჭებისგან დაგვიხსნა, სამშვიდობოს გამოგვიყვანა. ამ უძვირფასესი გამომსყიდველური მსხვერპლისადმი თუ რწმენას გამოვავლენთ, ცოდვებიც ყოველთვის მოგვეტევება და მარადიული მომავალიც გარანტირებული გვექნება (1 იოანე 1:7; 4:9). როგორც მე-14 თავიდან შევიტყვეთ, გამოსასყიდის გაღებით იეჰოვამ ჩვენდამი უდიდესი სიყვარული და სამართლიანობა გამოავლინა. ჩვენ როგორღა უნდა ვუპასუხოთ ამ სიყვარულსა და სამართლიანობას?

3 ამიტომ დროულია, განვიხილოთ, რას მოითხოვს ჩვენგან ჩვენი საყვარელი მშველელი. იეჰოვა მიქა წინასწარმეტყველის პირით გვეუბნება: „ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6:8). როგორც ვხედავთ, იეჰოვას ერთ-ერთი მოთხოვნა „სამართლის ქმნაა“. როგორ ვქმნათ სამართალი?

მისდიე „ჭეშმარიტ სიმართლეს“

4. რა გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვა ჩვენგან თავისი სამართლიანი ნორმების მიხედვით ცხოვრებას მოითხოვს?

4 იეჰოვა თავისი ნორმების მიხედვით ცხოვრებას მოითხოვს ჩვენგან, რომ ვუსმინოთ მას, რა არის სწორი და რა — არასწორი. და  რადგანაც მისი ნორმები მართალი და სამართლიანია, მათი შესრულებით ვცხადყოფთ, რომ სამართლიანობითა და სიმართლით ვცხოვრობთ. ესაიას 1:17-ში ნათქვამია: „სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი“. ღვთის სიტყვა „სიმართლის ძიებისკენაც“ მოგვიწოდებს (სოფონია 2:3). იმასაც ჩაგვაგონებს, რომ „შევიმოსოთ ახალ კაცად, რომელიც შექმნილია ღვთის ნებისამებრ, ჭეშმარიტი სიმართლით“ (ეფესელთა 4:24, აქ). ჭეშმარიტ სიმართლესა და ჭეშმარიტ სამართლიანობას ხომ საერთო არაფერი აქვს ძალადობასთან, უწმინდურებასა და უზნეობასთან, რომლებიც სიწმინდის საწინააღმდეგოა (ფსალმუნი 10:5; ეფესელთა 5:3—5).

5, 6. ა) რატომ არ მიგვაჩნია ტვირთად იეჰოვას ნორმების მიხედვით ცხოვრება? ბ) როგორაა ნაჩვენები ბიბლიაში, რომ სიმართლისკენ სწრაფვა მუდმივმოქმედი პროცესია?

5 ტვირთად ხომ არ დაგვაწვება იეჰოვას სამართლიანი ნორმების მიხედვით ცხოვრება? არა, რადგან გულს, რომელიც იეჰოვასკენ მიიწევს, მისივე მოთხოვნების შესრულება არ დაამძიმებს. ამიტომ, რადგან გვიყვარს ღმერთი და მოგვწონს მისი თვისებები და მოქმედების სახე, ისე ვიცხოვრებთ, როგორც მას მოსწონს (1 იოანე 5:3). გავიხსენოთ, რომ იეჰოვას „უყვარს სიმართლე“ (ფსალმუნი 10:7). მაშასადამე, თუ გვინდა, რომ ღმერთს სამართლიანობასა და სიმართლეში მივბაძოთ, უნდა შევიყვაროთ ის, რაც უყვარს და შევიძულოთ ის, რაც სძულს (ფსალმუნი 96:10).

6 არასრულყოფილი ადამიანებისთვის ადვილი არ არის სიმართლით ცხოვრება. საამისოდ, ასე ვთქვათ, უნდა მოვიშოროთ ძველი პიროვნება თავისი ცოდვილი ჩვევებითურთ და ახლით შევიმოსოთ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ახალი პიროვნება საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით „ახლდება“ (კოლასელთა 3:9, 10, აქ). სიტყვა „ახლდება“ მიუთითებს, რომ ახალი პიროვნებით შემოსვა მუდმივმოქმედი პროცესია, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. და რაც უნდა დიდი ძალისხმევა მოვახმაროთ, ცოდვილი ბუნება დროგამოშვებით მაინც იჩენს თავს ფიქრში, სიტყვაში თუ საქმეში (რომაელთა 7:14—20; იაკობი 3:2).

7. როგორ რეაგირებას უნდა ვახდენდეთ ჩავარდნებზე სიმართლისკენ სწრაფვაში?

7 როგორ რეაგირებას უნდა ვახდენდეთ ჩავარდნებზე სიმართლისკენ სწრაფვაში? ცხადია, არ იქნებოდა სწორი, თუ ცოდვას  უმნიშვნელოდ მივიჩნევდით. მაგრამ არც ხელი უნდა ჩავიქნიოთ და დავასკვნათ, რომ სულიერად წაბორძიკების გამო იეჰოვასთვის მსახურების ღირსები აღარა ვართ. ჩვენმა გულმოწყალე ღმერთმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ გულით მომნანიებლებს კვლავ მისი კეთილგანწყობით ესარგებლათ. დავუკვირდეთ მოციქულ იოანეს გამამხნევებელ სიტყვებს: „ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ“. მაგრამ შემდეგ რეალისტურად დაამატა: „ხოლო თუ ვინმე შესცოდავს [მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო], გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1). დიახ, იეჰოვამ იესო გამომსყიდველურ მსხვერპლად გაიღო, რათა შეგვძლებოდა, ცოდვილი ბუნების მიუხედავად, ღვთისთვის გვემსახურა. განა ეს უკვე საკმარისი მიზეზი არ არის იმისათვის, რომ ღვთისთვის სასიამოვნოდ მოქცევა გვსურდეს?

სასიხარულო ცნობის ქადაგება და ღვთის სამართლიანობა

8, 9. როგორ ადასტურებს სასიხარულო ცნობის ქადაგება, რომ იეჰოვა სამართლიანი ღმერთია?

8 სამართლიანობის გამოვლენა, ანუ ის, რომ ღმერთს მივბაძოთ სამართლიანობაში, ერთი მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. რა კავშირი არსებობს იეჰოვას სამართლიანობასა და სასიხარულო ცნობის ქადაგებას შორის?

9 დავიწყოთ იმით, რომ იეჰოვა მანამ არ გაანადგურებს ბოროტებაში გახვეულ წუთისოფელს, სანამ მოსახდენის შესახებ არ გააფრთხილებს. უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში იესომ თქვა: „ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს“ (მარკოზი 13:10; მათე 24:3). სიტყვა „ჯერ“ იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობამ წინ უნდა გაუსწროს ყველა სხვა მოვლენას. ამ სხვა მოვლენებში „დიდი გასაჭირიც“ იგულისხმება, რაც ბოროტების განადგურებასა და სამართლიანი ახალი ქვეყნიერებისთვის გზის გახსნას ნიშნავს (მათე 24:14, 21, 22). ამიტომ ვერავინ დაადანაშაულებს იეჰოვას და ვერ იტყვის, ბოროტებს უსამართლოდ მოექცაო. იეჰოვა, მოსახდენის შესახებ გაფრთხილებით, მათ ცხოვრების წესის შეცვლისა და, შესაბამისად, განადგურების  თავიდან აცილების უამრავ შესაძლებლობას აძლევს (იონა 3:1—10).

როდესაც ხალხს სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ, სამართლიანობის გამოვლენაში ვბაძავთ ღმერთს.

10, 11. ჩვენ როგორ ვირეკლავთ ღვთის სამართლიანობას სასიხარულო ცნობის ქადაგებით?

10 ჩვენ როგორ ვირეკლავთ ღვთის სამართლიანობას სასიხარულო ცნობის ქადაგებით? უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ხალხის სახსნელად ყოველ შესაძლებელობას ვიყენებთ; ამაზე სწორსა და მართალს ვერაფერს გავაკეთებდით. დავუბრუნდეთ ამ თავის დასაწყისში მოხსენიებულ მაგალითს. უკვე მაშველ ნავში რომც ყოფილიყავი, განა არ მოინდომებდი, დახმარებოდი დანარჩენებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ დაეღწიათ წყლისგან თავი? ამის მსგავსად, ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ მათ, ვისაც ჯერ კიდევ ვერ დაუღწევია თავი ბოროტი წუთისოფლის „წყლიდან“. მართალია, ბევრი არ გვიგდებს ყურს, მაგრამ სანამ იეჰოვა მოთმინებას ავლენს, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, მივცეთ ხალხს „მონანიების“ შესაძლებლობა, რაც ხსნის გზაზე დააყენებს მათ (2 პეტრე 3:9).

11 ჩვენ აგრეთვე ნებისმიერ ადამიანთან ვქადაგებთ, რაშიც სამართლიანობის კიდევ ერთი მხარე ვლინდება, კერძოდ კი მიუკერძოებლობა. გავიხსენოთ, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). მაშასადამე, მაშინ მივბაძავთ ღმერთს სამართლიანობაში, როცა ხალხზე წინასწარაკვიატებული შეხედულება არ გვექნება და რასის, წარმომავლობისა თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად ყველას გავესაუბრებით სასიხარულო ცნობაზე. ამგვარად ყველას ეძლევა შესაძლებლობა, მოისმინოს სასიხარულო ცნობა და გამოხატოს თავის დამოკიდებულება მის მიმართ (რომაელთა 10:11—13).

სამართლიანობა ხალხისადმი მოპყრობის საკითხში

12, 13. ა) რატომ არ უნდა გვქონდეს სხვების განსჯის მიდრეკილება? ბ) რას ნიშნავს იესოს მიერ მოცემული რჩევა „ნუ განიკითხავთ“ და „ნუ განსჯით“? (იხილე სქოლიო).

12 სამართლიანობას იმ შემთხვევაშიც გამოვავლენთ, თუ ხალხს ისევე მოვეპყრობით, როგორც ჩვენ იეჰოვა გვეპყრობა. სხვების გაუთავებელ განსჯაზე, კრიტიკასა და აღძვრებში ეჭვის შეტანაზე  ადვილი რა არის. მაგრამ ვის ესიამოვნებოდა, იეჰოვას კრიტიკულად და თანაგრძნობის გარეშე რომ შემოეხედა ჩვენი გულის ზრახვებისა და ნაკლოვანებებისთვის? იეჰოვა ასე როდი გვექცევა. ფსალმუნმომღერალმა შენიშნა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნი 129:3). განა მადლიერი არ უნდა ვიყოთ, რომ სამართლიან და მწყალობელ ღმერთს არ სურს შეცდომებზე ჩვენი გამოჭერა? (ფსალმუნი 102:8—10). ჩვენ როგორღა უნდა მოვეპყროთ სხვებს?

13 თუ მაგალითს ღვთის სამართლიანობიდან ავიღებთ, რომელიც, თავის მხრივ, მოწყალების გამოხატულებას წარმოადგენს, არ ვიქნებით მიდრეკილი, განვსაჯოთ სხვები ისეთ საკითხებში, რომლებიც ჩვენ არ გვეხება ან ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთაზე ქადაგებისას იესომ ასეთი გაფრთხილება მოგვცა: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ“ (მათე 7:1). ხოლო ლუკას სახარების თანახმად თქვა: „ნუ განსჯით, და არ განისჯებით“ * (ლუკა 6:37, სსგ). ამით იესომ აჩვენა, რომ იცნობდა არასრულყოფილი ადამიანების მიდრეკილებას სხვების განსჯისკენ. მის მსმენელებს, ვისაც ხალხის მკაცრად განსჯა ჰქონდა ჩვევად ქცეული, უნდა მიეტოვებინა ეს ჩვევა.

14. რა მიზეზების გამო უნდა შევწყვიტოთ სხვების განკითხვა?

14 რატომ უნდა შევწყვიტოთ განსჯა? ჯერ ერთი, საამისო უფლება არა გვაქვს. მოციქული იაკობი შეგვახსენებს, რომ „ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი“ და იგი იეჰოვაა. შემდეგ ასეთ არაორაზროვან კითხვას სვამს: „შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?“ (იაკობი 4:12; რომაელთა 14:1—4). მეორეც, ცოდვილი ბუნების გამო სავსებით შესაძლებელია ესა თუ ის ადამიანი უსამართლოდ განვსაჯოთ. ბევრ რამეს შეუძლია ჩვენზე გავლენის მოხდენა: წინასწარშექმნილ აზრებს, შელახულ თავმოყვარეობას, შურს, თავდაჯერებულობას და შესაძლოა ამის გამო ადამიანი სულ სხვაგვარად აღვიქვათ. გარდა ამისა, შესაძლებლობებიც შეზღუდული გვაქვს და ამანაც უნდა შეგვაკავოს სხვებში შეცდომების ძიებისგან. ჩვენ არც  გულთამხილველები ვართ და არც სხვების ცხოვრებისეულ მდგომარეობაზე გვაქვს სრული წარმოდგენა. მაშ, ვინ ვართ ჩვენ, რომ თანამორწმუნეებს არასწორი ზრახვები მივაწეროთ ან გავაკრიტიკოთ ღვთისათვის მათი მსახურება? განა ბევრად უკეთესი არ იქნება, მივბაძოთ იეჰოვას და ჩვენი დებისა და ძმების კარგ საქმეებზე გავამახვილოთ ყურადღება, ნაცვლად იმისა, რომ ნაკლოვანებები ვეძებოთ?!

15. როგორ სიტყვებსა და მოპყრობას არ აქვს ადგილი ღვთის თაყვანისმცემელთა შორის და რატომ?

15 რა შეიძლება ითქვას ოჯახის წევრების მიმართ მოპყრობაზე? სამწუხაროდ, მრავალ ოჯახში ერთმანეთის მწვავე გაკიცხვა უკვე წესად დაიდეს. არადა მშვიდობის კერას ხომ სწორედ ოჯახი წარმოადგენს. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ ოჯახის წევრები — ქმრები თუ ცოლები, მშობლები თუ შვილები — ფიზიკურსა თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. მაგრამ სალანძღავ სიტყვებს,  გესლიან დაცინვას ანდა ფიზიკური ზიანის მიყენებას ღვთის თაყვანისმცემლებს შორის არ აქვს ადგილი (ეფესელთა 4:29, 31; 5:33; 6:4). იესოს რჩევა „ნუ განსჯით“ და „ნუ განიკითხავთ“ ოჯახურ წრეშიც არ უნდა დავივიწყოთ. გავიხსენოთ, რომ სამართლიანობის გამოვლენა იმასაც ნიშნავს, რომ ხალხს ისევე უნდა მოვეპყროთ, როგორც ჩვენ გვეპყრობა იეჰოვა. ღმერთი არასოდეს გვეპყრობა სასტიკად ან დაუნდობლად. ის „შემწყალებელია“ თავის მოყვარულთა მიმართ (იაკობი 5:11). რა დიდებულ მაგალითს გვაძლევს იეჰოვა!

უხუცესები „სამართლიანად“ მსახურობენ

16, 17. ა) რას მოითხოვს იეჰოვა უხუცესებისგან? ბ) რა ზომები უნდა იქნეს მიღებული, თუ შემცოდველი გულით არ ინანიებს და რატომ?

16 სამართლიანობის გამოვლენა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, თუმცა, ამ მხრივ, ქრისტიანული კრების უხუცესებს უფრო მეტი მოეთხოვებათ. ვნახოთ, რას წინასწარმეტყველებს ესაია „მთავრების“ ანუ უხუცესების შესახებ: „აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ“ (ესაია 32:1). დიახ, იეჰოვა მოითხოვს უხუცესებისგან, რომ სამართლიანობა გამოავლინონ და ისე იმსახურონ. მაგრამ, როგორ?

17 ამ სულიერად მოწიფულ მამაკაცებს ესმით, რომ სამართლიანობა ანუ სიმართლე მოითხოვს კრების სიწმინდის დაცვას. დროდადრო უხუცესებს სერიოზული ცოდვის განხილვა უწევთ. ასეთ შემთხვევაში მათ ახსოვთ, რომ ღვთიური სამართალი მოწყალების გამოვლენისკენ ისწრაფის, როცა ეს დასაშვებია. ასეთი მოპყრობით შემცოდველს მონანიებისკენ აღძრავენ. მაშინ რაღა, თუ უხუცესების ძალისხმევის მიუხედავად, შემცოდველი გულით არ ინანიებს? ღვთის სიტყვაში სრულიად სამართლიანად არის მითითებული, რომ მკაცრი ზომები უნდა იქნეს მიღებული: „მოიშორეთ ბოროტი თქვენგან“. ეს ნიშნავს იმას, რომ შემცოდველი კრებიდან უნდა გაირიცხოს (1 კორინთელთა 5:11—13; 2 იოანე 9—11). უხუცესებს ესმით, რომ როცა საქმე კრების სულიერი და ზნეობრივი სიწმინდის დაცვას ეხება, ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, თუმცა ცხადია, გული სტკივათ. ისინი ამის შემდეგაც კი არ იწურავენ შემცოდველის გონზე მოსვლისა და კრებაში დაბრუნების იმედს (ლუკა 15:17, 18).

18. რა აქვთ უხუცესებს მხედველობაში, როცა ბიბლიურ რჩევებს იძლევიან?

 18 სამართლიანად მსახურება აუცილებლობის შემთხვევაში ბიბლიური რჩევების მიცემასაც გულისხმობს. ცხადია, უხუცესები არ ეძებენ სხვებში შეცდომებს. არც იმას ფიქრობენ, ოღონდ ვინმეს რჩევა მივცეთო. მაგრამ თანამორწმუნე შეიძლება „შეცოდებაში ჩავარდეს“ და ვერც კი ხვდებოდეს ამას. უხუცესებს ახსოვთ, რომ ღვთიური სამართალი არ არის სასტიკი და უგულო, ამიტომ შეეცდებიან „გამოასწორონ იგი თავმდაბლობის სულით“ (გალატელთა 6:1). ასეთ შემთხვევაში უხუცესები არ ტუქსავენ შემცოდველს და მისი მისამართით უხეშად არ ლაპარაკობენ. პირიქით, სიყვარულით აძლევენ რჩევას, რაც დადებითად მოქმედებს შემცოდველზე. მაშინაც კი, როცა პირდაპირ შენიშვნას იძლევიან და კონკრეტულად ეუბნებიან შემცოდველს, თუ რაში მდგომარეობს მისი შეცდომა, უხუცესებს არ ავიწყდებათ, რომ იგი იეჰოვას ცხვარია * (ლუკა 15:7). როცა სიყვარულია რჩევის მიცემის მიზეზი და სიყვარულითვე აძლევენ რჩევასა თუ შენიშვნას, უფრო შესაძლებელია, რომ შემცოდველი გამოსწორდება.

19. როგორი გადაწყვეტილებებია უხუცესების მისაღები და რით ხელმძღვანელობენ ისინი?

19 უხუცესებს ხშირად ისეთი გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები, რომლებიც თანამორწმუნეებზე ახდენს გავლენას. მაგალითად, უხუცესები პერიოდულად იკრიბებიან, რომ იმსჯელონ, შეესაბამება თუ არა ესა თუ ის ძმა საიმისო მოთხოვნებს, რომ რეკომენდაცია გაუწიონ უხუცესად ან თანაშემწედ დანიშვნის თაობაზე. მათ იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობის გამოვლენა. რეკომენდაციის გაწევის საკითხში ღვთის მოთხოვნებით ხელმძღვანელობენ და უბრალოდ პირად თვალსაზრისს არ ეყრდნობიან. ამრიგად, ისინი ყველაფერს „წინასწარ აკვიატებული აზრისა და მიკერძოების გარეშე“ აკეთებენ (1 ტიმოთე 5:21).

20, 21. ა) რას ცდილობენ უხუცესები და რატომ? ბ) რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს „გულდამძიმებულთა“ დასახმარებლად?

 20 უხუცესების მიერ სამართლიანობის გამოვლენა მხოლოდ ზემოთქმულით როდი შემოიფარგლება. ესაიამ უხუცესების „სამართლიანად“ მსახურების შესახებ წინასწარმეტყველების შემდეგ თქვა: „თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“ (ესაია 32:2). ამიტომ უხუცესები ცდილობენ თანამორწმუნეებისთვის ნუგეშისცემისა და სულიერი გამოცოცხლების წყარო იყვნენ.

21 დღესდღეობით მრავალი დაქანცულია პრობლემებთან ჭიდილით და გამხნევება სჭირდება. უხუცესებო, რა უნდა გააკეთოთ, რომ ასეთ „გულდამძიმებულებს“ დახმარება აღმოუჩინოთ? (1 თესალონიკელთა 5:14). უსმინეთ მათ თანაგრძნობით (იაკობი 1:19). შეიძლება მათ თავისი სადარდებლის გაზიარება სურთ ვინმესთვის, ვისი ნდობაც აქვთ (იგავნი 12:25). ანუგეშეთ და დაანახვეთ, რომ საჭირონი  და ძვირფასნი არიან — დიახ, იეჰოვასთვის და და-ძმებისთვისაც (1 პეტრე 1:22; 5:6, 7). გარდა ამისა, შეგიძლიათ ილოცოთ მათთან ერთად და მათთვის. უხუცესის მიერ მათთვის წარმოთქმული წრფელი ლოცვის მოსმენა დიდი ნუგეში იქნება დადარდიანებული ადამიანისთვის (იაკობი 5:14, 15). გულდამძიმებულთათვის სიყვარულით გაწეული დახმარება სამართლიანი ღვთის თვალში არასოდესაა ფუჭი.

გულდამძიმებულთა გამხნევებით უხუცესები სამართლიანობის გამოვლენაში იეჰოვას ჰბაძავენ.

22. როგორ მივბაძოთ იეჰოვას სამართლიანობაში და რა შედეგი მოჰყვება ასეთ მცდელობას?

22 მართლაც, თუ იეჰოვას სამართლიანობაში მივბაძავთ, უფრო მეტად დავუახლოვდებით მას! როცა ღვთის სამართლიანი ნორმებით ვცხოვრობთ, თავს არ ვზოგავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობის საქადაგებლად და სხვებში შეცდომების ძიების ნაცვლად მათ კარგ საქმეებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ღვთიურ სამართლიანობას ვავლენთ. უხუცესებო, როცა კრების სიწმინდის შენარჩუნებაზე ზრუნავთ, თანამორწმუნეს ბიბლიურ რჩევას აძლევთ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას როცა იღებთ და გულდამძიმებულებს ამხნევებთ, ღვთიურ სამართლიანობას ავლენთ. და როგორ გაუხარებს იეჰოვას გულს, როცა დახედავს ზეციდან თავის ხალხს და დაინახავს, რომ არაფერს იშურებენ, რათა „სამართალი ჰქმნან“ თავიანთი ღვთის წინაშე სიარულისას!

^ აბზ. 13 გამოთქმები „ნუ განიკითხავთ“ და „ნუ განსჯით“, ფაქტობრივად, ნიშნავს „ნუ დაიწყებთ განკითხვას“ და „ნუ დაიწყებთ განსჯას“. მაგრამ ბიბლიის დამწერებმა გამოიყენეს ზმნის აწმყო (განგრძობითი) ფორმა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ასეთ საქციელს მყარად მოეკიდებინა ფეხი იმ დროისათვის და იესო მოუწოდებდა, შეეწყვიტათ ასე მოქცევა.

^ აბზ. 18 მე-2 ტიმოთეს 4:2-ში ნათქვამია, რომ უხუცესებმა დროდადრო უნდა „ამხილონ, შერისხონ, შეაგონონ“. ბერძნული სიტყვა „პარაკალეო“, რომელიც ითარგმნება როგორც „შეაგონე“, აგრეთვე ნიშნავს „გაამხნევე“. მონათესავე ბერძნული სიტყვა „პარაკლეტოს“ კი შეიძლება ნიშნავდეს დამცველს, ადვოკატს. ესე იგი, როცა უხუცესები ამხელენ და მკაცრ შენიშვნას აძლევენ სულიერად მოსუსტებულებს, ესეც კი დახმარების აღმოჩენის მიზნით უნდა გააკეთონ.