წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 31

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“

1—3. ა) რას ვიგებთ ადამიანის ბუნების შესახებ მშობლებისა და ჩვილის ურთიერთობიდან? ბ) რა რეაქციაა ბუნებრივი, როდესაც ვინმე ჩვენდამი სიყვარულს ავლენს და რა მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

მშობლებს ახარებთ თავიანთი ახალშობილის ღიმილი. ხშირად სახე ჩვილის სახესთან ახლოს მიაქვთ, ეჩურჩულებიან, უღიმიან და ცდილობენ, პატარაც გააღიმონ. აი, სანატრელი ღიმილიც, პატარას მთელ სახეზე რომ დასთამაშებს. ეს ხომ მშობლების სიყვარულზე ჩვილის პირველი რეაქციაა.

2 ჩვილის ღიმილი ადამიანის ბუნების ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას გვაგონებს. ჩვენთვის ბუნებრივია სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხი. უბრალოდ, ასე ვართ შექმნილი (ფსალმუნი 21:10). როდესაც ვიზრდებით, თანდათანობით გვიყალიბდება სიყვარულზე რეაგირების უნარი. ალბათ, გახსოვს, როცა პატარა იყავი, როგორ გამოხატავდნენ შენდამი სიყვარულს მშობლები, ნათესავები ან მეგობრები. ეს თბილი გრძნობა შენს გულამდე აღწევდა, ვითარდებოდა და შემდეგ საპასუხო მოქმედებაში ვლინდებოდა. სიყვარულზე სიყვარულის გამოვლენით რეაგირებდი. ხდება ამის მსგავსი რამ შენსა და იეჰოვა ღმერთს შორის?

3 ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19). ამ წიგნის 1—3 ნაწილებში განვიხილეთ, რომ იეჰოვა ღმერთი, ჩვენდა სასიკეთოდ, სიყვარულით ავლენს ძალას, სამართლიანობასა და სიბრძნეს. მე-4 ნაწილში დავინახეთ, რომ მან უდიდესი სიყვარული გამოავლინა ადამიანებისადმი, მათ შორის შენდამი. ამიტომაც იბადება კითხვა; შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა: რით ვუპასუხო იეჰოვას სიყვარულს?

 რას ნიშნავს, გიყვარდეს ღმერთი?

4. რა მცდარი შეხედულება აქვს ბევრს იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს, გიყვარდეს ღმერთი?

4 იეჰოვამ, სიყვარულის წყარომ, შესანიშნავად იცის, რომ სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს, ადამიანს საუკეთესო თვისებები გამოავლენინოს. ამიტომაც, ურწმუნო კაცობრიობის დაუმორჩილებლობის მიუხედავად, ის დარწმუნებული იყო, რომ სიყვარულის საპასუხოდ, ზოგი ადამიანი მისადმი სიყვარულს გამოავლენდა. ასეც მოხდა — მილიონობით ადამიანმა შეიყვარა ღმერთი. სამწუხაროდ, ამ გადაგვარებულ წუთისოფელში არსებულმა რელიგიებმა მცდარი აზრი შეუქმნა ხალხს იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ღვთის სიყვარული. დღეს ბევრი ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ სიყვარული მხოლოდ სიტყვიერად უნდა გამოხატონ. თავიდან ღვთის სიყვარული შეიძლება სწორედ ასეც გამოვხატოთ, ჩვილიც ხომ მხოლოდ ღიმილით გამოხატავს მშობლების სიყვარულს. მოგვიანებით კი სიყვარულის გამოვლენამ უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა შეიძინოს.

5. როგორ განიმარტება ბიბლიაში ღვთის სიყვარული და რატომ უნდა იყოს ეს განმარტება ჩვენთვის მიმზიდველი?

5 იეჰოვა თავად გვიხსნის, თუ რას ნიშნავს მისი სიყვარული. მის სიტყვაში ნათქვამია: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“. აქედან ჩანს, რომ ღვთის სიყვარული მოქმედებაში უნდა გამოვლინდეს. მართალია, ბევრს არ იზიდავს მორჩილების იდეა, მაგრამ იმავე მუხლში შემდეგ სიტყვებსაც ვკითხულობთ: „ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). იეჰოვას კანონებისა და პრინციპების მიზანია, რომ სარგებლობა მივიღოთ და არა ის, რომ დავითრგუნოთ (ესაია 48:17, 18). ღვთის სიტყვაში მოცემულია ბევრი პრინციპი, რომლებიც ღმერთთან დაახლოებაში გვეხმარება. როგორ? მოდი განვიხილოთ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის სამი მხარე — აზრების ურთიერთგაზიარება, თაყვანისცემა და ღვთის მიბაძვა.

იეჰოვასა და ჩვენ შორის აზრების გაზიარება

6—8. ა) როგორ შეგვიძლია, მოვუსმინოთ იეჰოვას? ბ) როგორ უნდა „გავაცოცხლოთ“ გონებაში ის, რასაც ვკითხულობთ?

6 პირველი თავი შემდეგი სიტყვებით იწყება: „შეგიძლია წარმოიდგინო,  რომ ღმერთთან საუბრობ?“. როგორც დავინახეთ, ღმერთთან საუბარი ფანტაზია არ ყოფილა. მოსე ელაპარაკა ღმერთს. მაგრამ დღეს იეჰოვა თავის ანგელოზებს აღარ გზავნის იმისათვის, რომ ადამიანებს დაელაპარაკოს. ამისათვის ახლა ის სხვა შესანიშნავ საშუალებას იყენებს. მაშ, როგორ უნდა მოვუსმინოთ იეჰოვას?

7 „მთელი წერილი ღვთივსულიერია“, ამიტომაც იეჰოვას მოსმენა მისი სიტყვის, ბიბლიის, კითხვით შეგვიძლია (2 ტიმოთე 3:16). მეფე დავითმა ღვთის მსახურებს ღვთის სიტყვის „დღედაღამ“ კითხვისკენ მოუწოდა (ფსალმუნი 1:1, 2). ამას ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ძალისხმევა ღირს. როგორც მე-18 თავში დავინახეთ, ბიბლიას შეიძლება ჩვენი ზეციერი მამისგან მიღებული ძვირფასი წერილი ეწოდოს. ამიტომაც ის უხალისოდ არ უნდა ვიკითხოთ. გონებაში უნდა „გავაცოცხლოთ“ წაკითხული. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

8 წარმოიდგინე ის, რასაც კითხულობ. შეეცადე, ბიბლიის პერსონაჟებში ნამდვილი ადამიანები დაინახო. დაფიქრდი მათ წარსულზე, გარემოზე, რომელშიც ცხოვრობდნენ, და იმაზე, თუ რა განაპირობებდა მათ მოქმედებებს. შემდეგ ღრმად გაიაზრე ის, რაც წაიკითხე და საკუთარ თავს ჰკითხე: რა ვისწავლე აქედან იეჰოვას შესახებ? მისი რა თვისებები დავინახე? რა პრინციპი დამანახვა იეჰოვამ და როგორ უნდა გამოვიყენო ეს პრინციპი ცხოვრებაში? წაიკითხე, დაფიქრდი და გაიაზრე, როგორ გამოიყენებ წაკითხულს; მხოლოდ ამ შემთხვევაში „გაცოცხლდება“ შენთვის ღვთის სიტყვა (ფსალმუნი 76:13; იაკობი 1:23—25).

9. ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“ და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყურადღებით ვუსმინოთ ამ „მონას“?

9 იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობითაც გველაპარაკება. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ამ მშფოთვარე უკანასკნელ დღეებში დანიშნულია ცხებულ ქრისტიან მამაკაცთა მცირე ჯგუფი, რომელმაც დროულად უნდა მოგვცეს სულიერი საზრდო (მათე 24:45—47). როდესაც ვკითხულობთ ლიტერატურას, რომელიც ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნის შეძენაში გვეხმარება და ვესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებს,  ამ მონის მიერ მომზადებული სულიერი საზრდოთი ვიკვებებით. ის ქრისტეს მონაა, ამიტომაც გონივრულად ვიქცევით, თუ ყურად ვიღებთ იესოს სიტყვებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18). ჩვენ ყურადღებით ვისმენთ, რადგანაც გვესმის, რომ იეჰოვა ამ მონის მეშვეობითაც გველაპარაკება.

10—12. ა) რატომ არის ლოცვა იეჰოვას ძღვენი? ბ) როგორ უნდა ვილოცოთ, რომ იეჰოვასათვის სასიამოვნო იყოს მოსმენა და რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა დააფასებს ჩვენს ლოცვებს?

10 ჩვენ როგორღა უნდა ველაპარაკოთ ღმერთს? შესაძლებელია კი ეს? ღმერთთან ლაპარაკის შესახებ გაფიქრებაზეც კი შიშისა და მოწიწების გრძნობა გვეუფლება. შენს ქვეყანაში ყველაზე გავლენიან პირთან პირად პრობლემაზე დალაპარაკება რომ დაგჭირვებოდა, შეძლებდი კი მასთან შეხვედრას? შესაძლებელია, ეს სახიფათოც კი ყოფილიყო! ესთერისა და მარდოქაის დროს შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ ის, ვინც მიწვევის გარეშე შევიდოდა სპარსეთის მეფესთან (ესთერი 4:10, 11). ახლა წარმოიდგინე უზენაესი უფლის წინაშე წარდგომა, რომელთან შედარებით ძლევამოსილი ადამიანებიც კი „კალიებს გვანან“ (ესაია 40:22). უნდა შეგვაძრწუნოს მასთან მიახლოებამ? არავითარ შემთხვევაში!

11 იეჰოვამ ყველას მოგვცა შესაძლებლობა, რომ ლოცვით ველაპარაკოთ. პატარა ბავშვსაც კი შეუძლია რწმენით ილოცოს იეჰოვასადმი იესო ქრისტეს სახელით (იოანე 14:6; ებრაელთა 11:6). ლოცვა გვეხმარება, ღმერთს იდუმალი აზრები და გრძნობები გავანდოთ და უდიდესი გულისტკივილიც კი გავუზიაროთ, რომლის სიტყვებით გადმოცემაც გვიჭირს (რომაელთა 8:26). აზრი არა აქვს იმის მცდელობას, რომ შთაბეჭდილება მოვახდინოთ იეჰოვაზე ჩვენი მჭევრმეტყველებით, ლამაზი სიტყვებით ან გრძელი ლოცვებით (მათე 6:7, 8). მეორე მხრივ, იეჰოვა არ გვზღუდავს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს და რამდენად ხშირად ვილოცოთ. მისი სიტყვა „განუწყვეტლივ“ ლოცვასაც კი მოგვიწოდებს (1 თესალონიკელთა 5:17).

12 გახსოვდეს, რომ „მომსმენი ლოცვისა“ ეწოდება მხოლოდ იეჰოვას, რომელიც დიდი თანაგრძნობით გვისმენს (ფსალმუნი 64:3). იქნებ უბრალოდ შემწყნარებლურად ისმენს თავისი  ერთგული მსახურების ლოცვებს? არა, მას სიამოვნებს მათი ლოცვების მოსმენა. ღვთის სიტყვაში ასეთი ლოცვები შედარებულია საკმეველს, რომლის კმევისას ცაში სურნელოვანი კვამლი ადის (ფსალმუნი 140:2; გამოცხადება 5:8; 8:4). განა არ გვამხნევებს ის, რომ ჩვენი ლოცვებიც საკმევლის სურნელებასავით ადის ზეცაში და სიამოვნებას ანიჭებს უზენაეს უფალს? ამიტომაც, თუ გსურს, რომ დაუახლოვდე იეჰოვას, თავმდაბლურად ილოცე ხშირად, ყოველ დღე. გული გადაუშალე იეჰოვას, ნურაფერს დაუმალავ (ფსალმუნი 61:9). გაუზიარე შენი დარდი და სიხარული, უთხარი, რისთვის ხარ მადლობელი და ხოტბა შეასხი შენს ზეციერ მამას. ასე თუ მოიქცევი, თანდათანობით განამტკიცებ ღმერთთან შენს ურთიერთობას.

იეჰოვას თაყვანისცემა

13, 14. რას ნიშნავს, თაყვანი ვცეთ იეჰოვას და რატომ არის მართებული მისი თაყვანისცემა?

13 იეჰოვას მოსმენა და მასთან ლაპარაკი განსხვავდება მეგობრის ან ნათესავის მოსმენისგან და მათთან ლაპარაკისგან. იეჰოვას სიტყვების მოსმენითა და მასთან ლაპარაკით თაყვანს ვცემთ მას და პატივს მივაგებთ, რასაც ნამდვილად იმსახურებს. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ის იეჰოვასადმი სიყვარულისა და ერთგულების გამოვლენის შესაძლებლობას გვაძლევს და, როგორც ცაში, ისე დედამიწაზე, იეჰოვას ყველა ერთგულ ქმნილებას აერთიანებს. იოანე მოციქულის ხილვაში ანგელოზმა ყველას ხმამაღლა მოუწოდა: „თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“ (გამოცხადება 14:7).

14 რატომ უნდა ვცეთ თაყვანი იეჰოვას? დაფიქრდი იმ თვისებებზე, რომლებიც ამ წიგნში განვიხილეთ — სიწმინდეზე, ძლიერებაზე, თავშეკავებაზე, სამართლიანობაზე, გამბედაობაზე, გულმოწყალებაზე, სიბრძნეზე, თავმდაბლობაზე, სიყვარულზე, თანაგრძნობაზე, ერთგულებასა და სიკარგეზე. როგორც დავინახეთ, იეჰოვა სრულყოფილად ავლენს თითოეულ ამ ძვირფას თვისებას. მისი თვისებების გაანალიზებისას ვხედავთ, რამდენად დიდებული და მიმზიდველია იეჰოვა. შეუდარებელია მისი სიდიადე. იეჰოვა ჩვენზე  წარმოუდგენლად მაღლა დგას (ესაია 55:9). უეჭველია, რომ ის ჩვენი უზენაესი მმართველია და ნამდვილად იმსახურებს თაყვანისცემას. მაგრამ როგორ უნდა ვცეთ თაყვანი?

15. როგორ უნდა ვცეთ იეჰოვას თაყვანი „სულითა და ჭეშმარიტებით“ და რა შესაძლებლობას გვაძლევს ქრისტიანული შეხვედრები?

15 იესომ თქვა: „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას სულითა და გულით, დიდი რწმენითა და სიყვარულით უნდა ვეთაყვანებოდეთ და ღვთის სული უნდა გვხელმძღვანელობდეს. გარდა ამისა, ჩვენი თაყვანისცემა ჭეშმარიტებაზე, ღვთის სიტყვის საფუძვლიან ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული. შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, „სულითა და ჭეშმარიტებით“ ვცეთ თაყვანი იეჰოვას, როდესაც თანამორწმუნეებთან ერთად ვიკრიბებით (ებრაელთა 10:24, 25). როდესაც სადიდებელ სიმღერებს ვუმღერთ იეჰოვას, ერთად  ვლოცულობთ, გამომსვლელებს ვუსმენთ და მონაწილეობას ვიღებთ ღვთის სიტყვის განხილვაში, წმინდა თაყვანისმცემლობაში ვავლენთ იეჰოვას სიყვარულს.

ქრისტიანული შეხვედრები იეჰოვას თაყვანისცემის შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს

16. რა უდიდესი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული ჭეშმარიტ ქრისტიანებს და რა აღგვძრავს მის შესასრულებლად?

16 აგრეთვე იეჰოვას თაყვანს ვცემთ, როდესაც მის შესახებ სხვებთან ვლაპარაკობთ და საჯაროდ ვაქებთ და ვადიდებთ (ებრაელთა 13:15). იეჰოვას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს აქვთ დაკისრებული (მათე 24:14). იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად. როდესაც ვხედავთ, თუ როგორ „დაუბრმავა გონება“ ურწმუნოებს „ამ წუთისოფლის ღმერთმა“, სატანა ეშმაკმა, რომელიც სიცრუეს ავრცელებს იეჰოვაზე, განა სურვილი არ გვიჩნდება, იეჰოვას მოწმეებად ვიმსახუროთ და გამოვააშკარავოთ ეს სიცრუე? (2 კორინთელთა 4:4; ესაია 43:10—12). იეჰოვას შესანიშნავ თვისებებზე ფიქრისას განა არ აღვიძვრებით, მის შესახებ ვილაპარაკოთ? ნამდვილად უდიდესი ბედნიერებაა, ადამიანებს დავეხმაროთ, გაიცნონ და შეიყვარონ ჩვენი ზეციერი მამა.

17. რას მოიცავს იეჰოვას თაყვანისცემა და რატომ უნდა ვემსახუროთ ღმერთს უმწიკვლოდ?

17 იეჰოვას თაყვანისცემა უფრო მეტსაც ნიშნავს. ის ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავს (კოლასელთა 3:23). თუ იეჰოვას ნამდვილად ვაღიარებთ უზენაეს უფლად, შევეცდებით, რომ მისი ნებისამებრ მოვიქცეთ ყველგან და ყოველთვის — ოჯახში, სამსახურში, სხვებთან ურთიერთობისას და თავისუფალ დროს. შევეცდებით მას „წრფელი გულით“, უმწიკვლოდ ვემსახუროთ (პირველი ნეშტთა 28:9). ასეთი თაყვანისცემა გამორიცხავს ორმაგ ცხოვრებას — იეჰოვასთვის თვალთმაქცურ მსახურებას და ფარულად სერიოზული ცოდვების ჩადენას. უმწიკვლო ადამიანი შეუძლებელია თვალთმაქცი იყოს; სიყვარული თვალთმაქცობას არ დაუშვებს. ამ მხრივ, ღვთის შიშიც დამხმარეა. ბიბლიაში ღვთის შიში იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას უკავშირდება (ფსალმუნი 24:14).

 იეჰოვას მიბაძვა

18, 19. რატომ არის რეალური, რომ არასრულყოფილმა ადამიანებმა სრულყოფილ იეჰოვა ღმერთს მიბაძონ?

18 ამ წიგნის ყოველი ნაწილის ბოლო თავში განხილული იყო, თუ როგორ უნდა მივბაძოთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა (ეფესელთა 5:1). უნდა გვახსოვდეს, რომ არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას, რომელიც სრულყოფილად ავლენს ძალას, სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს. საიდან ვიცით, რომ რეალურია, მივბაძოთ ყოვლისშემძლე ღმერთს? გაიხსენე, რას გვასწავლის იეჰოვას სახელი  — თავისი განზრახვის განსახორციელებლად იეჰოვას შეუძლია გახდეს ის, რაც უნდა.ნამდვილად განსაცვიფრებელია მისი ეს უნარი, მაგრამ ნუთუ სრულიად შეუძლებელია ამაშიც მივბაძოთ მას? არა.

19 ჩვენ ღვთის მსგავსად ვართ შექმნილი (დაბადება 1:26). სწორედ ამით განსხვავდებიან ადამიანები დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ქმნილებისგან. ჩვენს ქცევას უბრალოდ ინსტიქტი, გენები ან გარემო არ განსაზღვრავს. იეჰოვამ ნების თავისუფლება გვიბოძა. ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებისა და არასრულყოფილების მიუხედავად, არჩევანი ჩვენს ხელშია, თუ როგორი ადამიანი გავხდებით. გინდა იყო მოსიყვარულე, სიბრძნის მქონე, სამართლიანი ადამიანი, რომელიც სწორად იყენებს საკუთარ ძალას? იეჰოვას სულის დახმარებით შეგიძლია სწორედ ასეთი ადამიანი გახდე! წარმოიდგინე ამ შემთხვევაში რამდენი კეთილი საქმის გაკეთებას შეძლებ.

20. რა შესაძლებლობა მოგვეცემა, თუ იეჰოვას მივბაძავთ?

20 შესაძლებლობა მოგეცემა, ასიამოვნო და გული გაუხარო შენს ზეციერ მამას (იგავნი 27:11). იმასაც კი შეძლებ, რომ „ყველაფერში აამო“ იეჰოვას, რადგან მან იცის შენი შესაძლებლობები (კოლასელთა 1:9, 10). თუ განაგრძობ იმ დადებითი თვისებების განვითარებას, რომლებიც ჩვენს საყვარელ მამას აქვს, უდიდესი პატივი გხვდება წილად. ამ ბნელით მოცულ წუთისოფელში, რომელიც ღმერთს ჩამოშორებულია, სინათლის მატარებელი იქნები (მათე 5:1, 2, 14). შენც შეიტან წვლილს იმაში, რომ მთელი მსოფლიოს ადამიანებმა დაინახონ იეჰოვას დიდებული პიროვნება. რამხელა პატივია!

 „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“

May you always draw closer to Jehovah

21, 22. რა გზით სიარულის შესაძლებლობა აქვს ყველას, ვისაც იეჰოვა უყვარს?

21 იაკობის 4:8-ში (აქ) ჩაწერილი მოწოდება მიზანზე მეტია. ღმერთთან დაახლოება ცხოვრების გზაა. თუ ღვთის ერთგულებას შევინარჩუნებთ, მუდამ ამ გზით ვივლით. არასდროს შევწყვეტთ იეჰოვასთან სულ უფრო დაახლოებას. ყოველთვის გვექნება მის შესახებ რაღაც ახლის გაგების შესაძლებლობა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ წიგნმა ყველაფერი გვასწავლა იეჰოვას შესახებ. ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ იმის განხილვა, რასაც ბიბლია გვეუბნება ღმერთზე! მაგრამ იეჰოვას შესახებ ბიბლიაშიც კი არ არის ყველაფერი ნათქვამი. იოანე მოციქულის სიტყვების თანახმად, ყველაფერი რომ დაწერილიყო, რაც იესომ დედამიწაზე მსახურებისას გააკეთა, „თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოანე 21:25). თუ ღვთის ძის შესახებ ასეთი რამ არის ნათქვამი, ცხადია, მამაზე ბევრად მეტის თქმა შეიძლება!

22 მარადიულ სიცოცხლეშიც კი ვერ შევძლებთ იეჰოვას შესახებ  ყველაფრის გაგებას (ეკლესიასტე 3:11). დაფიქრდი, რა გველოდება. ასი, ათასი, მილიონი და მილიარდი წლის შემდეგ იეჰოვას შესახებ ბევრად მეტი გვეცოდინება, ვიდრე ახლა ვიცით, მაგრამ დავინახავთ, რომ კვლავაც ბევრი საინტერესო რამ გვექნება სასწავლი. ყოველთვის გვექნება უფრო მეტის სწავლის სურვილი, რადგან სულ უფრო მეტად დავრწმუნდებით, რომ მართალს ამბობდა ფსალმუნმომღერალი: „ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება“ (ფსალმუნი 72:28). დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რამდენად საინტერესო და აზრიანი იქნება მარადიული სიცოცხლე, და ღმერთთან დაახლოება ყოველთვის იქნება ცხოვრების საუკეთესო ნაწილი.

23. რის გასაკეთებლად ხარ აღძრული?

23 სწორი რეაგირება მოახდინე იეჰოვას სიყვარულზე — მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით შეიყვარე იეჰოვა (მარკოზი 12:29, 30). შეეცადე, ყოველთვის შეინარჩუნო სიყვარული. დაე შენ მიერ როგორც უმნიშვნელო, ისე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ჩანდეს, თუ რა პრინციპით ხელმძღვანელობ ყოველდღიურ ცხოვრებაში — რომ შენ გინდა, ყოველთვის იარო გზით, რომელიც სულ უფრო გაახლოვებს შენს ზეციერ მამასთან. დაუახლოვდი იეჰოვას და ისიც სულ უფრო მეტად დაგიახლოვდება მთელი მარადიულობის განმავლობაში!

გაიგეთ მეტი

დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია

ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ღვთის განუმეორებელი ორგანიზაციის ნაწილი. როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმას, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს დღეს?

ასრულებ იეჰოვას ნებას?

იეჰოვა ღმერთ ძალიან უყვარხართ. როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ გსურთ ასიამოვნოთ მას?

რატომ არის ჩვენთვის კარგი თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?

ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ურთიერთობა გვქონდეს თანაქრისტიანებთან. გაიგეთ, რატომ იქნება კარგი თქვენთვის ასეთი ურთიერთობა.