არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 1

„აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი“

„აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი“

1, 2. ა) რა კითხვებს დაუსვამდი ღმერთს? ბ) რა ჰკითხა მოსემ ღმერთს?

შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ღმერთთან საუბრობ? ამის წარმოდგენა, ალბათ, შიშნარევ მოწიწებას გინერგავს შენთან მოსაუბრე სამყაროს ხელისუფლისადმი! ჯერ თითქოს ვერ ბედავ, მაგრამ მერე ახერხებ პასუხის გაცემას. ის გისმენს, გპასუხობს და თავისუფლად გაგრძნობინებს თავს, რომ ჰკითხო, რაც გინდა. რა კითხვებს დაუსვამდი ღმერთს?

2 დიდი ხნის წინათ ერთი კაცი ასეთივე მდგომარეობაში იყო. მას მოსე ერქვა. შეიძლება გაგაოცოს კითხვამ, რომელიც მან ღმერთს დაუსვა. თავისი თავის, მომავლის ან ადამიანთა დუხჭირი ცხოვრების შესახებ კი არაფერი ჰკითხა, არამედ ღვთის სახელი იკითხა. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, რადგან მოსემ უკვე იცოდა ღვთის სახელი. მაშასადამე, მის კითხვას უფრო ღრმა აზრი უნდა ჰქონოდა. ამაზე მნიშვნელოვან კითხვას მოსე ვერც კი დაუსვამდა ღმერთს, რადგან ღვთის მიერ გაცემული პასუხი დღესაც დიდ ზეგავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე; კერძოდ, ღმერთთან დასაახლოებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში გვეხმარება. როგორ? მოდი გავეცნოთ ამ შესანიშნავ დიალოგს.

3, 4. რა მოვლენამ აღძრა მოსე ღმერთთან სასაუბროდ და რა იყო ამ საუბრის არსი?

3 მოსე უკვე 80 წლის იყო და აქედან ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოკვეთილი იყო თავისი ხალხისგან, ისრაელებისგან, რომლებიც მონები იყვნენ ეგვიპტეში. ერთხელ, როცა თავისი სიმამრის ცხვარს აბალახებდა, საოცარი რამ იხილა. მაყვლის ბუჩქი ცეცხლის ალში იყო გახვეული, მაგრამ არ იწვოდა და შუქურასავით კაშკაშებდა მთის კალთაზე. მოსე მიუახლოვდა ბუჩქს, კარგად რომ შეეთვალიერებინა. ალბათ, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხმა მოესმა ცეცხლის შუაგულიდან! მაშინ ღმერთმა და მოსემ ანგელოზის მეშვეობით ისაუბრეს. და როგორც ალბათ იცი კიდეც, ღმერთმა დაავალა მოსეს, რომელიც თავიდან მერყეობდა,  მიეტოვებინა თავისი მშვიდი ცხოვრება და ეგვიპტეში დაბრუნებულიყო, რათა მონობისგან ეხსნა ისრაელი (გამოსვლა 3:1—12).

4 ახლა მოსეს შეეძლო ნებისმიერი კითხვა დაესვა ღვთისთვის. მაგრამ ყურადღება მიაქციე იმას, თუ რა ჰკითხა: „კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?“ (გამოსვლა 3:13).

5, 6. ა) რა უბრალო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ვიგებთ მოსეს კითხვიდან? ბ) რაში მჟღავნდება, რომ საძრახისად მოექცნენ ღვთის სახელს? გ) რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი, რომ ღმერთმა თავისი სახელი გაუმჟღავნა ადამიანებს?

5 ეს კითხვა, უპირველესად, გვაგებინებს, რომ ღმერთს აქვს სახელი, რომელსაც უგულისყუროდ არ უნდა მოვეკიდოთ; თუმცა ბევრი ასე იქცევა. მათ ღვთის სახელი ბიბლიის უამრავი თარგმანიდან ამოიღეს და ისეთი წოდებებით შეცვალეს, როგორიცაა „უფალი“ და „ღმერთი“. ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო და ყველაზე საძრახისი მიზეზი ისიც არის, რომ ასე რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მოიქცნენ. ბოლოს და ბოლოს, როცა ვინმეს ეცნობი, პირველად რას აკეთებ? განა სახელს არ ეკითხები? ასეა მაშინაც, როცა ღმერთს ეცნობი. ის არ არის უსახელო და არც შორს უჭირავს ჩვენგან თავი. ამიტომ ჩვენთვის შესაძლებელია, ახლოს გავეცნოთ მას. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი უხილავია, ის პიროვნებაა და აქვს სახელი — იეჰოვა.

6 უფრო მეტიც, ღვთის მიერ საკუთარი სახელის გამჟღავნება რაღაც დიდებულსა და ამაღელვებელს მოასწავებს. ის თავისთან გასაცნობად გვიხმობს. სურს, საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ ჩვენს ცხოვრებაში — დავუახლოვდეთ მას. მაგრამ იეჰოვამ ჩვენთვის თავისი სახელის გამჟღავნებაზე მეტი გააკეთა. მან დაგვანახვა, როგორი პიროვნება დგას ამ სახელის უკან.

ღვთის სახელის მნიშვნელობა

7. ა) ბიბლეისტების აზრით, რას ნიშნავს ღვთის სახელი? ბ) სინამდვილეში რის გაგება სურდა მოსეს, როცა ღმერთს სახელს ეკითხებოდა?

7 იეჰოვამ მდიდარი მნიშვნელობის სახელი აირჩია. როგორც ბიბლეისტებს მიაჩნიათ, სახელი „იეჰოვა“ ნიშნავს „აქცევინებს“. ის  უბადლოა, რადგან ყოველივეს შემოქმედი და ყველა თავისი განზრახვის შემსრულებელია. ეს ფაქტი შიშსა და მოწიწებას გვინერგავს. მაგრამ მხოლოდ ამ მნიშვნელობით შემოიფარგლება ღვთის სახელი? როგორც ჩანს, მოსეს სურდა, მეტი გაეგო ამის თაობაზე. ფაქტია, მან იცოდა, რომ იეჰოვა შემოქმედი იყო და იცოდა მისი სახელი. ღვთის სახელი არც უცხო იყო და არც ახალი, რადგან ხალხი მას საუკუნეების მანძილზე ახსენებდა. უდავოდ, როცა ღმერთს სახელს ეკითხებოდა, მოსეს ამ სახელით წარმოდგენილი პიროვნება უფრო აინტერესებდა. ის, ფაქტობრივად, ამბობდა: „რა ვუთხრა შენზე შენს ხალხს, ისრაელს, შენდამი რწმენის მოსამატებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად იხსნი მათ?“.

8, 9. ა) რა უპასუხა იეჰოვამ მოსეს კითხვაზე და რამდენად არასწორად არის ნათარგმნი მისი პასუხი ბიბლიის მრავალ თარგმანში? ბ) როგორ განიმარტება გამოთქმა „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“?

8 პასუხად იეჰოვამ მოსეს თავისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მხარე დაანახვა, რაც მისი სახელის მნიშვნელობას უკავშირდებოდა. მან უთხრა მოსეს: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (გამოსვლა 3:14, აქ). ბიბლიის მრავალ თარგმანში, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაშიც, ამ მუხლს ასე ვკითხულობთ: „მე ვარ, რომელიც ვარ“. მაგრამ უფრო ზუსტი თარგმანებიდან ჩანს, რომ ღმერთი უბრალოდ კი არ ადასტურებდა თავის არსებობას, არამედ უხსნიდა მოსეს (რაც თითოეული ჩვენგანისთვისაც საყურადღებოა), რომ ის „იქცეოდა“ იმად, რადაც საჭირო იქნებოდა თავისი დაპირებების შესასრულებლად. ჯოზეფ როდერემის თარგმანში კარგად ჩანს ამ მუხლის მნიშვნელობა: „რადაც ვისურვებ, იმად ვიქცევი“. ბიბლიის ძველებრაული ენის ერთი სპეციალისტი ასე განმარტავს ამ გამოთქმას: «როგორიც უნდა იყოს მდგომარეობა, ანდა საჭიროება რისამე... ღმერთი „იქცევა“ ამ საჭიროების დამაკმაყოფილებლად».

9 რას ნიშნავდა ეს ისრაელებისთვის? რა დაბრკოლებაც უნდა ჰქონოდათ, ან რა მძიმე მდგომარეობაშიც უნდა ყოფილიყვნენ, იეჰოვა იქცეოდა იმად, რადაც საჭირო იქნებოდა, რომ გაეთავისუფლებინა ისინი მონობისგან და აღთქმულ ქვეყანაში შეეყვანა. რა თქმა უნდა, ეს სახელი მათთვის ღვთისადმი უდიდესი ნდობის ჩამნერგავი იყო და ჩვენთვისაც იმავეს ნიშნავს (ფსალმუნი 9:11). რატომ?

10, 11. როგორ აღგვძრავს იეჰოვას სახელი, რომ დავფიქრდეთ მასზე, როგორც ყოვლისშემძლე და საუკეთესო მამაზე? რომელ მაგალითს მოიყვანდი?

 10 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მშობლებმა იციან, თუ რამხელა ძალისხმევა სჭირდება შვილებზე ზრუნვას. ერთი დღის განმავლობაში მშობელს შეუძლია იყოს მომვლელი, მზარეული, მასწავლებელი, დამსჯელი, განმსჯელი და ასე შემდეგ. ბევრი მშობელი გადაქანცულია ასეთი მრავალგვარი საქმის კეთებით; გარდა ამისა, ხედავენ, რომ შვილები ყველაფრისთვის მათ შესცქერიან და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ მამიკოს ან დედიკოს შეუძლია მათი ტკივილის გაყუჩება, ყველა საკითხის გადაჭრა, ნებისმიერი გაფუჭებული სათამაშოს შეკეთება და იმ ათასგვარ მოულოდნელ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომლებსაც, ცნობისმოყვარეობით აღძრულები, გაუთავებლად სვამენ ხოლმე. ამის გამო ზოგი მშობელი თავს უღირსად გრძნობს, რადგან ფიქრობენ, რომ შვილებს ნდობას ვერ უმართლებენ და ხანდახან გულგატეხილებიც არიან თავიანთი შეზღუდული შესაძლებლობების გამო. არასრულფასოვნების ტკივილნარევი გრძნობაც კი ეუფლებათ, რადგან სრულად ვერ ასრულებენ თავიანთ როლს.

11 იეჰოვაც მოსიყვარულე მშობელია. მაგრამ მას ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ სათანადოდ და რაც შეიძლება კარგად იზრუნოს თავის მიწიერ შვილებზე, თუ ისინი არ დაარღვევენ მის სრულყოფილ ნორმებს. ასე რომ, მისი სახელი, იეჰოვა, გვაფიქრებს მასზე, როგორც საუკეთესო მამაზე (იაკობი 1:17). მოსემაც და ერთგულმა ისრაელებმაც მალე გაიგეს, რომ იეჰოვა ნამდვილად თავისი სახელის შესაბამისად მოქმედებს. ისინი გულის კანკალით ადევნებდნენ თვალყურს, თუ როგორ იქცია მან თავი დაუმარცხებელ მეთაურად, ბუნების ყველა მოვლენის ბატონ-პატრონად, უბადლო კანონმდებლად, მსაჯულად, ხუროთმოძღვრად, მარჩენლად, დამარწყულებლად, შემმოსველად და უფრო მეტადაც.

12. მოსესგან განსხვავებით, რა დამოკიდებულება ჰქონდა ფარაონს იეჰოვას მიმართ?

 12 ასე რომ, ღმერთმა გაგვაგებინა თავისი სახელის მნიშვნელობა, არაერთი ღირსშესანიშნავი მხარე გაგვიმჟღავნა საკუთარი თავის შესახებ და ცხადყო, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. უდავოდ, ღმერთს სურს, გავეცნოთ. ჩვენ რას გავაკეთებთ საპასუხოდ? მოსეს ღმერთთან გაცნობა სურდა. ამ ძლიერმა სურვილმა ცხოვრება წარუმართა და თავის ზეციერ მამას მთელი არსებით დაუახლოვა (რიცხვნი 12:6—8; ებრაელთა 11:27). სამწუხაროდ, მოსეს თანამედროვეთა შორის ცოტას თუ ჰქონდა ასეთივე ძლიერი სურვილი. როცა მოსემ იეჰოვას სახელი უხსენა ფარაონს, ეგვიპტის ეს ქედმაღალი მონარქი შეეპასუხა: „ვინ არის იეჰოვა?“ (გამოსვლა 5:2, აქ). ფარაონს არაფრის გაგონება არ სურდა იეჰოვაზე. იგი თავხედურად მოიქცა; არაფრად ჩააგდო ისრაელის ღმერთი. უმრავლესობას დღესაც სწორედ ასეთივე შეხედულება აბრმავებს და ვერ გაუგიათ უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება — იეჰოვა უზენაესი უფალია.

იეჰოვა — უზენაესი უფალი

13, 14. ა) რატომ გვხვდება ბიბლიაში იეჰოვას მრავალი წოდება და რომელია  ზოგი მათგანი? (იხილე ჩარჩო მე-14 გვერდზე). ბ) რატომ შეიძლება ეწოდებოდეს „უზენაესი უფალი“ მხოლოდ იეჰოვას?

13 იეჰოვა იმდენად დიდებული და ყოვლისშემძლეა, რომ წმინდა წერილებში სამართლიანად მოიხსენიება მრავალი წოდებით. ეს წოდებები მისი საკუთარი სახელის შემცვლელი კი არ არის, არამედ უფრო მეტს გვეუბნება მისი სახელის მნიშვნელობაზე. მაგალითად, იგი მოიხსენიება როგორც „უზენაესი უფალი იეჰოვა“ (მეორე მეფეთა 7:22, აქ). ეს უდიდებულესი წოდება, რომელიც უამრავჯერ გვხვდება ბიბლიაში, იეჰოვას მდგომარეობაზე მეტყველებს. მხოლოდ მას აქვს იმის უფლება, რომ მთელი სამყაროს ხელისუფალი იყოს. რატომ? მოდი განვიხილოთ.

14 იეჰოვა, როგორც შემოქმედი, ერთადერთია. გამოცხადების 4:11-ში ნათქვამია: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“. ამ დიდებულ სიტყვებს სხვაზე ვერ ვიტყოდით. ყველაფერი, რაც კი სამყაროშია, თავის არსებობას მას უნდა უმადლოდეს! ეჭვგარეშეა, მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის პატივი, ძალა და დიდება თავის ქმნილებათაგან, რადგან ის არის უზენაესი უფალი და ყველაფრის შემოქმედი.

15. რატომ ეწოდება იეჰოვას „მარადიულობის მეფე“?

 15 კიდევ ერთი წოდება, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვაა მოხსენიებული, არის „მარადიულობის მეფე“ (1 ტიმოთე 1:17, აქ; გამოცხადება 15:3, აქ). რას ნიშნავს ეს წოდება? სამწუხაროდ, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო სრულად ვერ ვწვდებით ამ ფენომენს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ იეჰოვას არც დასაწყისი ჰქონია და არც დასასრული ექნება. 89-ე ფსალმუნის მე-2 მუხლში ნათქვამია: „უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი“. ასე რომ, იეჰოვა ყოველთვის იყო, არის და იქნება. მას სამართლიანად ეწოდება „ძველი დღეთა“ — ის მარადიულად არსებობდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ვინმე ან რამე მოევლინებოდა სამყაროს (დანიელი 7:9, 13, 22). ვიღას შეუძლია ეჭვი შეიტანოს იმაში, თუ რა უფლებით უნდა ეწოდებოდეს მას უზენაესი უფალი?

16, 17. ა) რატომ ვერ ვხედავთ იეჰოვას და რატომ არ უნდა გვიკვირდეს ეს? ბ) რატომ არის იეჰოვა იმ ყოველივეზე რეალური, რასაც ვხედავთ და ვეხებით?

16 თუმცა ზოგი, ფარაონის მსგავსად, არ ცნობს მის ამ უფლებას. ნაწილობრივ, პრობლემას ზოგჯერ ისიც ქმნის ხოლმე, რომ არასრულყოფილ ადამიანებს, ძირითადად, საკუთარი თვალით დანახული სჯერათ. მაგრამ ჩვენთვის ყოვლად შეუძლებელია უზენაესი უფლის ხილვა; ის სულია და უხილავია ადამიანისთვის (იოანე 4:24). გარდა ამისა, ხორციელი ცოცხალი ვერ დარჩებოდა, თუ საკუთარი თვალით იხილავდა იეჰოვა ღმერთს. მან მოსეს უთხრა: „ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“ (გამოსვლა 33:20; იოანე 1:18).

17 ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. მოსეს, როგორც ჩანს, ანგელოზის მეშვეობით დაანახვა იეჰოვამ თავისი დიდება, და ისიც ნაწილობრივ. რა იყო ამის შედეგი? მოსეს ამის გამო ერთხანს, პირდაპირი გაგებით, სახე უბრწყინავდა. ისრაელები შეშინდნენ, როცა მოსეს სახე დაინახეს (გამოსვლა 33:21—23; 34:5—7, 29, 30). ცხადია, არც ერთ ადამიანს არ შეუძლია თვალი გაუსწოროს უზენაეს უფალს და მთელ მის დიდებას! ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ღმერთზე უფრო რეალურად ის უნდა მივიჩნიოთ, რასაც  ვხედავთ და ვეხებით? არა. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ არსებობს მრავალი რამ, რასაც ვერ ვხედავთ. მაგალითად, ქარი, რადიოტალღები, ფიქრები. გარდა ამისა, იეჰოვა მარადიულია, მასზე გავლენას ვერ ახდენს ჟამთა სვლა, მისთვის არაფერია მილიარდობით წელი! ამ გაგებით, იგი ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ის, რასაც ვეხებით ან ვხედავთ, რადგან ყველაფერი, რაც მატერიალურია, ძველდება და ქრება (მათე 6:19). მაგრამ უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ ის მხოლოდ რაღაც აბსტრაქტული, უპიროვნო ძალა ან ბუნდოვანი პირველმიზეზია? მოდი ვნახოთ.

ღმერთი პიროვნებაა

18. რა ხილვა ჰქონდა ეზეკიელს და რის სიმბოლოს წარმოადგენს იეჰოვასთან მყოფ „ცოცხალ არსებათა“ ოთხ-ოთხი სახე?

18 მართალია, ღვთის დანახვა არ შეგვიძლია, მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილი ამაღელვებელი ეპიზოდები, ასე ვთქვათ, ფარდას ხდის ზეციერ ცხოვრებას. ამის ერთ-ერთი მაგალითი „ეზეკიელის“ პირველი თავია. ეზეკიელმა ხილვაში ნახა იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია, რომელიც დიდ ზეციერ ეტლად იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ძლიერი სულიერი არსებების გარეგნობის აღწერა, რომლებიც იეჰოვას გარშემო იყვნენ (ეზეკიელი 1:4—10). ეს «ოთხი ცხოველი [„ცოცხალი არსებები“, აქ]» იეჰოვას პიროვნებას უკავშირდება, მათი გარეგნობა კი რაღაც მნიშვნელოვანს გვიმჟღავნებს იეჰოვას შესახებ, რომელსაც ისინი ემსახურებიან. თითოეულ მათგანს ოთხი სახე აქვს: ხარის, ლომის, არწივისა და ადამიანის. როგორც ჩანს, ისინი იეჰოვას პიროვნების ოთხი ძირითადი თვისების სიმბოლოს წარმოადგენს (გამოცხადება 4:6—8, 10).

19. რა თვისებაა წარმოდგენილი: ა) ხარის სახით? ბ) ლომის სახით? გ) არწივის სახით? დ) ადამიანის სახით?

19 ბიბლიაში ხარი ხშირად ძლიერებას განასახიერებს, და ეს შესაბამისიცაა, რადგან ის ძალიან ძლიერი ცხოველია. ლომით კი ხშირად სამართლიანობაა წარმოდგენილი; ნამდვილი სამართლიანობა ხომ სიმამაცეს მოითხოვს; სიმამაცე კი ის თვისებაა, რომლითაც ლომმა გაითქვა სახელი. არწივი ცნობილია თავისი მახვილი მხედველობით; ის ხომ უმცირეს საგნებსაც კი ხედავს  რამდენიმე კილომეტრიდან. ასე რომ, არწივის სახე ღვთის შორსმჭვრეტელური სიბრძნის მშვენიერ აღწერას წარმოადგენს. ადამიანის სახე რაღას ნიშნავს? ღვთის მსგავსად შექმნილ ადამიანს იმის არაჩვეულებრივი უნარი აქვს, რომ აირეკლოს ღვთის მთავარი თვისება — სიყვარული (დაბადება 1:26). იეჰოვას პიროვნების ეს მხარეები — ძლიერება, სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული — იმდენად ხშირად არის წარმოჩენილი წმინდა წერილებში, რომ მათ შეიძლება ღვთის ძირითადი თვისებები ეწოდოს.

20. უნდა შეგვაფიქრიანოს იმან, შეიცვალა თუ არა იეჰოვას პიროვნება და რატომ პასუხობ ასე?

20 უნდა შეგვაფიქრიანოს იმან, რომ ღმერთი შესაძლოა შეცვლილიყო ათასობით წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მისი თვისებები აღწერეს ბიბლიაში? არა, ღვთის პიროვნება არ იცვლება. ის გვეუბნება: „მე, უფალი, არ ვიცვლები“ (მალაქია 3:6). იეჰოვა იმპულსურად არ მოქმედებს და ამა თუ იმ მდგომარეობისადმი თავისი მიდგომით ადასტურებს, რომ იდეალური მამაა. თითოეულ შემთხვევაში იმ თვისებას ავლენს, რომელიც ყველაზე შესაფერისია. ამ ოთხიდან უმთავრესი სიყვარულია, რითაც მთლიანად არის განმსჭვალული ღმერთი. ის სიყვარულით ავლენს ძალას, სამართლიანობასა და სიბრძნეს. ბიბლიიდან ვიგებთ ღვთისა და მისი ამ თვისების შესახებ, რომ „ღმერთი სიყვარულია“  (1 იოანე 4:8). უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიაში არ წერია, ღმერთს სიყვარული აქვს ან ღმერთი მოსიყვარულეაო, არამედ ღმერთი არისო სიყვარული. რასაც აკეთებს, ყველაფერს სწორედ სიყვარულის გამო აკეთებს. სიყვარული ხომ თვით მისი ბუნებაა.

„აჰა! ეს არის ღმერთი ჩვენი“

21. რას ვიგრძნობთ, თუ უკეთ გავეცნობით იეჰოვას თვისებებს?

21 ალბათ, გინახავს პატარა ბავშვი, რომელიც მეგობრებს თავის მამას ანახვებს და გულწრფელი სიხარულითა და სიამაყით ამბობს: „აი, ჩემი მამიკო!“. ღვთის თაყვანისმცემლებს იმის სრული მიზეზი აქვთ, რომ მსგავს გრძნობას განიცდიდნენ იეჰოვას მიმართ. ბიბლია წინასწარმეტყველებს იმ დროზე, როცა ერთგული ადამიანები აღტაცებით იტყვიან: „აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი“ (ესაია 25:8, 9). რაც უფრო უკეთ გაეცნობი იეჰოვას თვისებებს, მით უფრო უკეთ იგრძნობ, რომ საუკეთესო მამა გყავს.

22, 23. როგორ პიროვნებად აღგვიწერს ბიბლია ჩვენს ზეციერ მამას და საიდან ვგებულობთ, რომ ჩვენთან დაახლოება სურს?

22 ეს მამა არ არის გულგრილი, უკარება ან მიუწვდომელი, როგორც ზოგიერთი რელიგიური ფანატიკოსი და ფილოსოფოსი ასწავლის. ალბათ, ვერც კი ვიგრძნობდით სიახლოვეს გულგრილი ღმერთისადმი და არც არის ჩვენი ზეციერი მამა ასეთ პიროვნებად წარმოდგენილი ბიბლიაში. პირიქით, ბიბლიაში მას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება (1 ტიმოთე 1:11, აქ). მას ძლიერი გრძნობებიც აქვს და სათუთიც. ‘გული სტკივა’, როცა მისი მოაზროვნე ქმნილებები არღვევენ იმ ნორმებს, რომლებიც მათსავე სასიკეთოდ დაადგინა (დაბადება 6:6, აქ; ფსალმუნი 77:41). მაგრამ, როცა მისი სიტყვის თანახმად ვიქცევით, ‘გულს ვუხარებთ’ (იგავნი 27:11).

23 ჩვენს მამას სურს, დავუახლოვდეთ. მისი სიტყვა მოგვიწოდებს, ‘ვეძებოთ ღმერთი. ვინძლო ვიგრძნოთ იგი და ვიპოვოთ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან’ (საქმეები 17:27). მაგრამ, როგორ არის შესაძლებელი უბრალო ადამიანებისთვის სამყაროს უზენაეს უფალთან დაახლოება?