არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 108

დამასკოს გზაზე

დამასკოს გზაზე

იცი, ვინ არის ეს წაქცეული კაცი? ეს სავლეა. გახსოვს, ის დარაჯობდა იმ კაცების ტანსაცმელს, რომლებმაც სტეფანე ჩაქოლეს. ხედავ კაშკაშა სინათლეს? ნეტავ რა მოხდა?

სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ სავლე იესოს მიმდევრებს დევნიდა. ის სახლებში უვარდებოდა მათ, ძალით გამოჰყავდა და საპყრობილეში სვამდა. მრავალი მოწაფე სხვა ქალაქებში გაიქცა და იქ განაგრძობდა სასიხარულო ცნობის ქადაგებას. სავლე იქაც ჩავიდა იესოს მიმდევრების მოსაძებნად. ის დამასკოშიც წავიდა, მაგრამ გზაზე რაღაც სასწაული მოხდა.

უცბად ძლიერი სინათლე მოეფინა სავლეს. როგორც სურათზე ჩანს, ის მიწაზე დაეცა. შემდეგ გაისმა ხმა: ‘სავლე, სავლე! რატომ მდევნი?’ სავლესთან მყოფმა კაცებმა სინათლეც დაინახეს და ხმაც გაიგონეს, მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩიეს.

‘ვინა ხარ, უფალო?’ — ჰკითხა სავლემ.

‘მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი’, — გაისმა კვლავ ხმა. თავისი მიმდევრების დევნა იესოსთვის მის დევნას ნიშნავდა, ამიტომაც უთხრა სავლეს ეს სიტყვები.

სავლემ ჰკითხა: ‘როგორ უნდა მოვიქცე, უფალო?’

‘ადექი და წადი დამასკოში, — მიუგო იესომ. — იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო’. სავლე წამოდგა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ის დაბრმავდა! მასთან მყოფმა კაცებმა ხელი ჩაჰკიდეს და დამასკოში წაიყვანეს.

იესომ დამასკოში მცხოვრებ მოწაფეს უთხრა: ‘ანანია, ადექი და წადი ქუჩაზე, რომელსაც სწორი ჰქვია. იუდას სახლში იკითხე კაცი სახელად სავლე. ის განსაკუთრებული მსახურებისთვის ავირჩიე’.

ანანია ასეც მოიქცა. როცა სავლეს შეხვდა, ხელები დაადო და უთხრა: ‘უფალმა გამომგზავნა, რომ მხედველობა დაგიბრუნდეს და წმინდა სულით აღივსო’. სავლეს თვალებიდან თითქოს ლიბრი მოსცილდა და მან კვლავ დაინახა.

სავლემ ღვთის ძალით სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს უქადაგა. ის პავლე მოციქულის სახელით გახდა ცნობილი. მის შესახებ ბევრ რამეს წავიკითხავთ, მაგრამ ჯერ გავიგოთ, რა დავალება მისცა ღმერთმა პეტრეს.

გაიგეთ მეტი

ბიბლიური ბარათები

ბიბლიური ბარათი — პავლე

რა საქმიანობას ეწეოდა პავლე, რაც მას მსახურების გაგრძელებაში ეხმარებოდა? ამას ამ ბიბლიური ბარათიდან გაიგებ.