ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა მშვენიერ ახალგაზრდა ქალთან, მარიამთან. ამ ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ შეეძინებოდა ვაჟი, რომელიც მარადიულად იმეფებდა. ეს ბავშვი, რომელსაც იესო დაარქვეს, ბოსელში დაიბადა, სადაც ის მწყემსებმა მოინახულეს. მოგვიანებით ვარსკვლავმა აღმოსავლეთიდან ასტროლოგები მიიყვანა ბავშვთან. ჩვენ გავიგებთ, ვინ დაანახვა მათ ეს ვარსკვლავი და როგორ გადაურჩა პატარა იესო სიკვდილს.

ასევე გავიგებთ, როგორ ესაუბრებოდა 12 წლის იესო ტაძარში ღვთის კანონის მასწავლებლებს. ამ შემთხვევიდან 18 წლის შემდეგ იესო მოინათლა და დაიწყო სამეფოს შესახებ ქადაგება და სწავლება, რისთვისაც ის ღმერთმა დედამიწაზე გამოგზავნა. სამქადაგებლო საქმიანობაში დასახმარებლად იესომ 12 მამაკაცი აირჩია და მათ მოციქულები უწოდა.

იესომ ბევრი სასწაულიც მოახდინა. მან ათასობით ადამიანი დააპურა რამდენიმე თევზითა და პურით. ის კურნავდა ავადმყოფებს და აღადგენდა მკვდრებს. მოგვიანებით გავიგებთ, რა შეემთხვა იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო დღეებში და როგორ მოკლეს ის. იესომ სამწელიწად-ნახევარი იქადაგა, ამიტომ მეექვსე ნაწილი დაახლოებით 34-წლიან პერიოდს მოიცავს.