წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 77

მათ თაყვანი არ სცეს კერპს

მათ თაყვანი არ სცეს კერპს

გახსოვს ეს სამი ახალგაზრდა? ისინი დანიელის მეგობრები არიან, რომლებმაც მეფის სუფრიდან ჭამაზე უარი თქვეს. ბაბილონელებმა მათ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო დაარქვეს. მაგრამ ნახე, რა ხდება! რატომ არ სცემენ ისინი სხვების მსგავსად თაყვანს ამ უზარმაზარ კერპს? მოდი გავიგოთ.

გახსოვს ათ მცნებად წოდებული კანონები, რომლებიც იეჰოვამ თავისი ხელით დაწერა? პირველი მცნება იყო: ‘ჩემ გარდა სხვა ღმერთებს თაყვანი არ სცე’. ეს ახალგაზრდები დაემორჩილნენ ამ კანონს, თუმცა მათთვის ეს ადვილი არ იყო.

ეს კერპი, რომელიც სურათზე ჩანს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა და დიდებულები მიიწვია, რომ თაყვანი ეცათ მისთვის. მან განუცხადა ხალხს: ‘როცა გაიგონებთ საყვირის, ქნარისა და სხვა მუსიკალური საკრავების ხმას, დაემხეთ და თაყვანი ეცით ამ ოქროს კერპს. ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს კერპს, გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული’.

ნაბუქოდონოსორი განრისხდა, როცა გაიგო, რომ შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ თაყვანი არ სცეს კერპს. მან დაიბარა ისინი და უბრძანა, დამხობილიყვნენ კერპის წინაშე. ეს ახალგაზრდები იეჰოვაზე იყვნენ მინდობილი და მეფეს მიუგეს: ‘ჩვენს ღმერთს შეუძლია დაგვიცვას. მაგრამ რომც არ დაგვიცვას, მაინც არ დავემხობით ოქროს კერპის წინაშე’.

ამან კიდევ უფრო განარისხა ნაბუქოდონოსორი. მან ბრძანა: ‘ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაახურეთ ღუმელი’. მოუხმო ყველაზე ძლიერ ჯარისკაცებს და უბრძანა, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო და ღუმელში ჩაეყარათ. ღუმელი ისე იყო გავარვარებული, რომ ჯარისკაცები ცეცხლის ალმა დახოცა. მაგრამ რა დაემართა სამ ახალგაზრდას?

მეფემ ჩაიხედა ღუმელში და ძალიან შეეშინდა. ‘განა სამი კაცი არ შევკარით და ჩავაგდეთ გავარვარებულ ღუმელში?’ — იკითხა მან.

‘დიახ, ბატონო’, — უპასუხეს მსახურებმა.

‘მე კი ოთხ კაცს ვხედავ ცეცხლში მოსიარულეს, — თქვა მეფემ. — თავისუფლად დადიან და უვნებლები არიან. მეოთხე კაცი შესახედაობით ღმერთსა ჰგავს’. მეფე ღუმელს მიუახლოვდა და დაიძახა: ‘შადრაქ, მეშაქ და აბედნეგო, უზენაესი ღვთის მსახურებო, გამოდით!’

ისინიც გამოვიდნენ და ყველამ დაინახა, რომ უვნებლები იყვნენ. ამის დანახვაზე მეფემ განაცხადა: ‘დაე ყველამ განადიდოს შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს ღმერთი! მან თავისი ანგელოზი გამოგზავნა და გადაარჩინა ისინი, რადგან მის გარდა სხვა ღმერთს არ სცეს თაყვანი’.

მათ იეჰოვასადმი ერთგულების მართლაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს!

გაიგეთ მეტი

ისინი არ დაიწვნენ გავარვარებულ ღუმელში

გაიგე, რამდენად მნიშვნელოვანია იმის მტკიცედ დაცვა, რისიც გწამს.