არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 80

ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნება

ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნება

თითქმის ორი წელი გავიდა, რაც მიდიელებმა და სპარსელებმა ბაბილონი დაიპყრეს. ნახე ახლა, რა ხდება! ისრაელები ბაბილონს ტოვებენ. როგორ გათავისუფლდნენ ისინი? ვინ მისცა მათ წასვლის უფლება?

სპარსეთის მეფე კიროსმა. კიროსის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას დაავალა, მის შესახებ დაეწერა: ‘იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი. კარიბჭეები ღია იქნება, რომ ქალაქი დაიპყრო’. კიროსის მეთაურობით მიდიელებმა და სპარსელებმა ბაბილონი დაიპყრეს. ისინი ქალაქში ღამით ღიად დარჩენილი კარიბჭეებიდან შევიდნენ.

იეჰოვას წინასწარმეტყველმა ესაიამ ასევე თქვა, რომ კიროსი იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღდგენის ბრძანებას გასცემდა. გასცა კიროსმა ეს ბრძანება? აი რა უთხრა მან ისრაელებს: ‘ახლა წადით იერუსალიმში და ააგეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ტაძარი’. როგორც სურათიდან ჩანს, სწორედ ამიტომ მიდიან ისრაელები ბაბილონიდან.

იერუსალიმში ყველა ისრაელი ვერ დაბრუნდა. იერუსალიმამდე 800 კილომეტრი იყო და მოხუცებსა და ავადმყოფებს არ შეეძლოთ ამხელა გზის გავლა. მაგრამ სხვა მიზეზებიც არსებობდა. ბაბილონში დარჩენილებს კიროსმა უთხრა: ‘მიეცით ოქრო-ვერცხლი და სხვა საჩუქრები მათ, ვინც იერუსალიმში დაბრუნდება ქალაქისა და ტაძრის ასაშენებლად’.

იერუსალიმში წამსვლელებს უამრავი საჩუქარი მიუტანეს. კიროსმაც გაატანა მათ ის სასმისები და თასები, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის განადგურებისას იეჰოვას ტაძრიდან წამოიღო. ხალხს დიდძალი ტვირთი ჰქონდა.

დაახლოებით ოთხთვიანი მგზავრობის შემდეგ ისრაელები იერუსალიმში ჩავიდნენ. ეს ქალაქის განადგურებიდან და ქვეყნის აოხრებიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ მოხდა. სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს უამრავი სირთულე შეხვდათ. ამის შესახებ შემდეგი მოთხრობიდან გავიგებთ.