წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 82

მორდოქაი და ესთერი

მორდოქაი და ესთერი

მოდი გავიხსენოთ, რა მოხდა რამდენიმე წლით ადრე, სანამ ეზრა იერუსალიმში ჩავიდოდა. სპარსეთის მეფის კარზე მორდოქაი და ესთერი ყველაზე გამოჩენილი ისრაელები იყვნენ. ესთერი დედოფალი იყო, მისი ბიძაშვილი მორდოქაი კი სამეფოში მეორე კაცი იყო. მოდი უფრო მეტი გავიგოთ მათ შესახებ.

ესთერი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა დაობლდა. ის მორდოქაიმ გაზარდა. სპარსეთის მეფე ახაშვეროშს ქალაქ შუშანში სასახლე ჰქონდა, სადაც მორდოქაი მსახურობდა. ერთ დღეს დედოფალი ვაშთი არ დაემორჩილა მეფეს, ამიტომ მეფემ ახალი დედოფალი აირჩია. იცი, ვინ? ულამაზესი ესთერი.

ხედავ სურათზე ამაყ კაცს, რომელსაც ხალხი თაყვანს სცემს? ის ჰამანია. ის მთელ სამეფოში პატივდებული კაცი იყო. მას უნდოდა, რომ მორდოქაისაც თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ, როგორც სურათიდან ხედავ, მორდოქაიმ ეს არ გააკეთა. ის ფიქრობდა, რომ არასწორი იყო ასეთი ბოროტი კაცის წინ ქედის მოხრა. ჰამანი ამან განარისხა და აი რა გააკეთა.

ჰამანმა მეფესთან იცრუა ებრაელებზე: ‘ცუდი ხალხია, არ ემორჩილებიან შენს კანონებს, ამიტომ სიკვდილს იმსახურებენ’. ახაშვეროშმა არ იცოდა, რომ მისი ცოლი ესთერი ებრაელი იყო. ამიტომ მან დაუჯერა ჰამანს და დანიშნა დღე, როცა ებრაელებს დახოცავდნენ.

მორდოქაიმაც გაიგო ამ კანონის შესახებ და დაღონდა. მან ესთერს შეუთვალა: ‘შენ უნდა სთხოვო მეფეს, რომ გადაგვარჩინოს’. მაგრამ მეფესთან დაუკითხავად შესვლა სპარსეთის კანონით იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, ესთერი დაუპატიჟებლად შევიდა მეფესთან. მეფემ გაიშვირა მისკენ ოქროს კვერთხი, რაც ნიშნავდა, რომ ესთერი არ მოკვდებოდა. ესთერმა მეფე და ჰამანი ნადიმზე მიიწვია. ნადიმზე მეფემ ჰკითხა ესთერს, რას ისურვებდა. ესთერმა მიუგო, რომ მეორე დღეს ეტყოდა, თუ მეფე და ჰამანი კვლავ ეწვეოდნენ.

მეორე დღეს ესთერმა უთხრა მეფეს: ‘მე და ჩემს ხალხს მოკვლას გვიპირებენ’. მეფე ძალიან გაბრაზდა. ‘ვინ ბედავს ამას?’ — ჰკითხა მან.

‘ჩვენი მტერი ეს ბოროტი ჰამანია!’ — მიუგო ესთერმა.

მეფე განრისხდა და ჰამანის მოკვლა ბრძანა. ამის შემდეგ მეფემ მორდოქაი სამეფოში მეორე კაცად დააყენა. მორდოქაიმ იზრუნა ახალ კანონზე, რომლის თანახმადაც ებრაელები თავის დაცვას შეძლებდნენ იმ დღეს, როცა მათ დახოცვას უპირებდნენ. რადგან მორდოქაი დიდ ძალაუფლებას ფლობდა, ებრაელებს ბევრი დაეხმარა და ისინი მტერს გადაურჩნენ.

ბიბლიის წიგნი ესთერი.

გაიგეთ მეტი

ბიბლიური ბარათი — ესთერი

როგორ იხსნა ესთერის გაბედულებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე? ამობეჭდე ეს ბიბლიური ბარათი და მიჰბაძე ესთერის მაგალითს!