წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 59

რატომ გაიქცა დავითი?

რატომ გაიქცა დავითი?

გოლიათის მოკვლის შემდეგ ისრაელის ჯარის მეთაურმა, აბნერმა დავითი საულს მიუყვანა. საულს ძალიან მოეწონა დავითი, ჯარის მეთაურად დანიშნა და მეფის სასახლეში გადაიყვანა საცხოვრებლად.

მოგვიანებით, როცა ისრაელებმა ფილისტიმელები დაამარცხეს და სახლში ბრუნდებოდნენ, ქალები მღეროდნენ: ‘საულმა ათასი მოკლა, დავითმა კი — ათი ათასი!’ საულს შეშურდა, რადგან დავითს მასზე მეტად განადიდებდნენ. მაგრამ საულის ვაჟს, იონათანს არ შეშურებია. იონათანს და დავითს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მათ ერთგულება შეჰფიცეს ერთმანეთს.

დავითი კარგად უკრავდა ქნარზე და საულს სიამოვნებდა მისი მოსმენა. ერთ დღეს შურმა საულს საშინელი რამ ჩაადენინა. როცა დავითი ქნარზე უკრავდა, საულმა აიღო შუბი, დავითს ესროლა და თქვა: ‘კედელზე მივაჭედებ’. დავითმა აიცილა ის. მოგვიანებით საულმა მეორედაც ესროლა დავითს შუბი. დავითი მიხვდა, რომ ფრთხილად უნდა ყოფილიყო.

გახსოვს, რას დაჰპირდა საული გოლიათის მკვლელს? მან თქვა, რომ თავის ქალიშვილს მიათხოვებდა. ბოლოს საულმა უთხრა დავითს, თუ ას ფილისტიმელსაც მოკლავდა, თავის ქალიშვილს, მიქალს მიათხოვებდა. საულს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ფილისტიმელები მოკლავდნენ დავითს. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. საული იძულებული გახდა, თავისი ქალიშვილი დავითისთვის მიეთხოვებინა.

ერთ დღესაც საულმა იონათანსა და თავის მსახურებს უთხრა, რომ დავითის მოკვლას აპირებდა. იონათანმა სთხოვა მამას: ‘ნურაფერს დაუშავებ დავითს. მას ხომ არ შეუცოდავს შენ წინაშე, სულ კარგს გიკეთებდა. მან საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, როცა გოლიათი მოკლა, და ეს შენც გიხაროდა’.

საულმა დაუჯერა შვილს და დაჰპირდა, რომ დავითს არაფერს დაუშავებდა. იონათანმა მეფის სასახლეში მიიყვანა დავითი და ის უწინდებურად ემსახურებოდა საულს. მაგრამ ერთ დღეს, როცა დავითი ქნარზე უკრავდა, საულმა ისევ ესროლა შუბი. დავითმა აიცილა და შუბი კედელზე მიეჭედა. ეს უკვე მესამედ მოხდა. დავითი მიხვდა, რომ უნდა გაქცეულიყო.

საღამოს დავითი თავის სახლში წავიდა. საულმა კაცები გაგზავნა მის მოსაკლავად. მიქალმა იცოდა მამის განზრახვა და ქმარი გააფრთხილა: ‘თუ ამაღამ აქედან არ წახვალ, ხვალ ცოცხალი აღარ იქნები’. იმ ღამეს მიქალი დავითს ფანჯრიდან გაქცევაში დაეხმარა. დაახლოებით შვიდი წლის მანძილზე დავითი გამუდმებით იცვლიდა ადგილ-სამყოფელს, რომ საულს არ ეპოვა.

გაიგეთ მეტი

დავითი ღმერთზე იყო მინდობილი

დავითმა თავის ცხოვრებაში არაერთი შეცდომა დაუშვა და მრავალ წინააღმდეგობას შეხვდა, მაგრამ ღვთის მსახურება არასდროს შეუწყვეტია.