წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 65

სამეფოს დაყოფა

სამეფოს დაყოფა

იცი, რატომ ხევს ეს კაცი თავის მოსასხამს? იმიტომ, რომ იეჰოვამ დაავალა. ის ღვთის წინასწარმეტყველი ახიაა. იცი, რას აკეთებს წინასწარმეტყველი? ღვთის დახმარებით ის ხალხს იმ მოვლენებს უცხადებს, რომლებიც მომავალში მოხდება.

ამ სურათზე ახია იერობოამს ელაპარაკება. იერობოამი სოლომონმა მშენებლობის ზედამხედველად დააყენა. ახია გზაზე შეხვდა იერობოამს და უცნაური რამ გააკეთა. მან გაიხადა თავისი ახალი მოსასხამი და 12 ნაწილად დახია. ‘აიღე 10 ნაგლეჯი’, — უთხრა მან იერობოამს. იცი, რატომ მისცა ახიამ იერობოამს 10 ნაგლეჯი?

ახიამ უთხრა, რომ იეჰოვა სოლომონს სამეფოს წაართმევდა და 10 ტომს იერობოამს მისცემდა, სოლომონის ვაჟ რობოამს კი მხოლოდ 2 ტომი დარჩებოდა.

სოლომონი ძალიან განრისხდა, როცა გაიგო, რა უთხრა ახიამ იერობოამს. მან იერობოამის მოკვლა სცადა, მაგრამ ის ეგვიპტეში გაიქცა. სოლომონის 40-წლიანი მეფობის შემდეგ მისი ვაჟი რობოამი გამეფდა. იერობოამმა გაიგო, რომ სოლომონი მოკვდა და ისრაელში დაბრუნდა.

რობოამი კარგი მეფე არ იყო. ის სოლომონზე უარესად ექცეოდა ხალხს. იერობოამი და სხვა გავლენიანი კაცები მივიდნენ მასთან და სთხოვეს, რომ ხალხისთვის ტვირთი შეემსუბუქებინა. მაგრამ რობოამმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ის უწინდელზე ცუდად ექცეოდა ხალხს. ამიტომ ხალხმა 10 ტომზე იერობოამი გაამეფა, რობოამს კი ბენიამინისა და იუდას ტომებიღა დარჩა.

იერობოამს არ უნდოდა, რომ მის სამეფოში მცხოვრები ხალხი იერუსალიმში წასულიყო იეჰოვას თაყვანსაცემად. ამიტომ ორი ოქროს ხბო გააკეთა და ხალხმაც მათი თაყვანისცემა დაიწყო. მალე ქვეყანაში დამნაშავეობამ და ძალადობამ იმძლავრა.

ორტომიან სამეფოსაც დაატყდა უბედურება. რობოამის გამეფებიდან ხუთი წელიც არ იყო გასული, რომ ეგვიპტის მეფემ იერუსალიმზე გაილაშქრა. მან იეჰოვას ტაძრიდან უამრავი განძი წაიღო. ამიტომ ტაძარმა პირვანდელი სახე დიდხანს ვერ შეინარჩუნა.