წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 58

დავითი და გოლიათი

დავითი და გოლიათი

ფილისტიმელებმა კვლავ გაილაშქრეს ისრაელის წინააღმდეგ. დავითის სამი უფროსი ძმა საულის ჯარში იყო. ერთ დღეს იესემ უთხრა დავითს: ‘წაუღე შენს ძმებს ცოტა საჭმელი და გაიგე, როგორ არიან’.

ბანაკში მისვლისთანავე დავითი ბრძოლის ველზე გავიდა, რომ თავისი ძმები ენახა. უკვე 40 დღე იყო, რაც ფილისტიმელი ბუმბერაზი, გოლიათი ყოველ დილა-საღამოს გამოდიოდა ბრძოლის ველზე და ისრაელებს დასცინოდა. გოლიათი გაჰყვიროდა: ‘აირჩიეთ კაცი, რომ შემებრძოლოს. თუ მომერევა და მომკლავს მონებად დაგიდგებით, ხოლო თუ მე მოვერევი, თქვენ გახდებით ჩვენი მონები. აირჩიეთ ვინმე, რომ შემებრძოლოს’.

დავითმა ჰკითხა მეომრებს: ‘რას მიიღებს ის კაცი, რომელიც ამ ფილისტიმელს მოკლავს და ისრაელს შერცხვენისგან იხსნის?’

‘საული დიდძალ ქონებას მისცემს, — უპასუხა ერთმა მეომარმა, — და თავის ქალიშვილსაც მიათხოვებს’.

მაგრამ ისრაელებს ეშინოდათ უზარმაზარი გოლიათის, რომლის სიმაღლეც დაახლოებით სამი მეტრი იყო. მას თან ახლდა მეომარი, რომელსაც მისი ფარი დაჰქონდა.

საულთან რამდენიმე მეომარი მივიდა და უთხრა, რომ დავითს გოლიათთან შებრძოლება სურდა. მაგრამ საულმა უთხრა დავითს: ‘ვერ შეებრძოლები ამ ფილისტიმელს. ჯერ პატარა ხარ, ის კი მთელი ცხოვრება მეომარია’. დავითმა მიუგო: ‘დათვიც მომიკლავს და ლომიც, როცა მამაჩემის ცხვარს დაესხნენ თავს. ამ ფილისტიმელსაც იგივე მოუვა. იეჰოვა დამეხმარება’. მაშინ საულმა უთხრა: ‘წადი. იეჰოვა იყოს შენთან’.

დავითი ჩავიდა მდინარეზე, ხუთი ბრტყელი ქვა აიღო და აბგაში ჩაიყარა. ის შურდულით ხელში გაემართა ბუმბერაზისკენ. როცა გოლიათმა დაინახა დავითი, თვალებს არ დაუჯერა. ის ფიქრობდა, რომ დავითს ადვილად მოკლავდა.

‘გამოდი, — დაუძახა გოლიათმა. — ფრინველებისა და მხეცების საჭმელად გაგხდი’. დავითმა მიუგო: ‘შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ, მე კი იეჰოვას სახელით გამოვდივარ. დღეს იეჰოვა შენს თავს ჩამიგდებს ხელში და მოგკლავ’.

დავითი გაიქცა გოლიათისკენ, აბგიდან ქვა ამოიღო, შურდულში ჩადო და მთელი ძალით ესროლა. ქვა გოლიათს პირდაპირ შუბლში მოხვდა. ის მიწაზე დაეცა და მოკვდა. როცა ფილისტიმელებმა დაინახეს, რომ მათი გმირი მკვდარი იყო, უკანმოუხედავად გაიქცნენ. ისრაელები დაედევნენ მტერს და დაამარცხეს.

გაიგეთ მეტი

დავითს არაფრის ეშინოდა

წაიკითხე დავითის შესახებ ბიბლიური ისტორია და გაიგე, რატომ იყო დავითი უშიშარი.