არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 48

გონიერი გაბაონელები

გონიერი გაბაონელები

ქანაანის მრავალი ქალაქის მოსახლეობა ისრაელთან შესაბრძოლებლად ემზადებოდა. მათ ეგონათ, რომ გაიმარჯვებდნენ. მაგრამ ახლომდებარე ქალაქ გაბაონის მოსახლეობა ასე არ ფიქრობდა. მათ სჯეროდათ, რომ ღმერთი ეხმარებოდა ისრაელებს, ამიტომ არ სურდათ, ღმერთს შებრძოლებოდნენ. იცი, რა გააკეთეს მათ?

მათ გადაწყვიტეს, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ძალიან შორს ცხოვრობდნენ. ზოგმა მათგანმა ჩაიცვა დახეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თავიანთ ვირებს გაცვეთილი ხურჯინები გადაჰკიდეს და საგზლად გამხმარი პური წაიღეს. ისინი მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უთხრეს: ‘შორი ქვეყნიდან ჩამოვედით, რადგან გავიგეთ თქვენი დიდებული ღმერთის, იეჰოვას შესახებ; ყველაფერი გავიგეთ, რაც თქვენთვის მოიმოქმედა ეგვიპტეში. ჩვენმა თავკაცებმა გვითხრეს, წამოგვეღო საგზალი, წამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ თქვენი მსახურები ვართ. დაგვპირდით, რომ არ შეგვებრძოლებით. ნახეთ, ამ შორეული მგზავრობის დროს ტანსაცმელი შემოგვაცვდა, პური კი დაგვიძველდა და გახმა’.

იესო ნავეს ძემ და ხალხის სხვა თავკაცებმა დაუჯერეს გაბაონელებს. ისინი დაჰპირდნენ, რომ არ შეებრძოლებოდნენ. მაგრამ სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ გაბაონელები თურმე იქვე ცხოვრობდნენ.

‘რატომ მოგვატყუეთ, რომ შორი ქვეყნიდან მოხვედით?’ — ჰკითხა მათ იესო ნავეს ძემ.

გაბაონელებმა მიუგეს: ‘ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ გავიგეთ, თქვენმა ღმერთმა იეჰოვამ მთელი ქანაანის მიწა თქვენ მოგცათ. შეგვეშინდა, რომ ჩვენც დაგვხოცავდით’. ისრაელებმა შეასრულეს დაპირება და არ დაუხოცავთ გაბაონელები. ისინი ისრაელების მსახურები გახდნენ.

იერუსალიმის მეფე ძალიან განრისხდა, როცა გაიგო, რომ გაბაონელებმა შეთანხმება დადეს ისრაელებთან. მან უთხრა სხვა ოთხ მეფეს: ‘დამეხმარეთ გაბაონელებთან ბრძოლაში’. ისინი ასეც მოიქცნენ. გონივრული იყო, რომ გაბაონელებმა შეთანხმება დადეს ისრაელთან და განარისხეს ეს მეფეები? მოდი გავიგოთ.