წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 42

ვირი ალაპარაკდა

ვირი ალაპარაკდა

გინახავს მოლაპარაკე ვირი? ‘არა, ცხოველებს ხომ ლაპარაკი არ შეუძლიათ’, — იტყვი შენ. მაგრამ ბიბლიაში წერია, რომ ერთი ვირი ალაპარაკდა. მოდი ვნახოთ, როგორ მოხდა ეს.

ისრაელები თითქმის მზად იყვნენ ქანაანის მიწაზე შესასვლელად. მოაბის მეფე ბალაკს ძალიან შეეშინდა მათი. ამიტომ კაცები გაუგზავნა ბალაამს, რომელიც ცბიერი კაცი იყო, და სთხოვა, დაეწყევლა ისრაელი. ბალაკი დიდ ფულს დაჰპირდა ბალაამს, ისიც შეჯდა თავის ვირზე და ბალაკისკენ გაეშურა.

იეჰოვას არ სურდა, რომ ბალაამს მისი ხალხი დაეწყევლა. ამიტომ ბალაამის შესაჩერებლად ანგელოზი გაგზავნა, რომელსაც დიდი მახვილი ეჭირა. ბალაამი ვერ ხედავდა ანგელოზს, ვირი კი ხედავდა. ვირი ამაოდ ცდილობდა, გზიდან გადაეხვია, მაგრამ ვერაფერს გახდა და გზაზე დაწვა. განრისხებულმა ბალაამმა ვირს ცემა დაუწყო.

ამ დროს იეჰოვამ ბალაამის ვირი აალაპარაკა. ‘რა დაგიშავე ისეთი, რომ მცემ?’ — ჰკითხა ვირმა.

‘მასხრად ამიგდე ამხელა კაცი, — უთხრა ბალაამმა. — მახვილი რომ მქონდეს, მოგკლავდი!’

‘ოდესმე გავჯიუტებულვარ ასე?’ — ჰკითხა ვირმა.

‘არა’, — მიუგო ბალაამმა.

შემდეგ იეჰოვამ თვალი აუხილა ბალაამს და დაანახვა გზაზე მდგომი ანგელოზი, რომელსაც მახვილი ეჭირა ხელში. ანგელოზმა ჰკითხა: ‘რატომ სცემ ვირს? გზა გადაგიღობე, რომ არ დასწყევლო ისრაელი. შენს ვირს რომ არ გადაეხვია, მოგკლავდი, მას კი ცოცხალს დავტოვებდი’.

‘შევცოდე, არ ვიცოდი, რომ გზაზე იდექი’, — უთხრა ბალაამმა. ანგელოზმა გაუშვა ბალაამი და ისიც წავიდა ბალაკთან. ბალაამი მაინც შეეცადა ისრაელის დაწყევლას, მაგრამ იეჰოვამ წყევლის ნაცვლად სამჯერ აკურთხებინა ისრაელი.