წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 33

წითელი ზღვის გადაკვეთა

წითელი ზღვის გადაკვეთა

შეხედე, რა ხდება! მოსე თავის ჯოხს წითელი ზღვისკენ იწვდის. მასთან ერთად მყოფი ისრაელები უსაფრთხოდ არიან ზღვის მეორე ნაპირზე. ფარაონი და მისი ჯარი კი ზღვაში იხრჩობიან. მოდი გავიგოთ, მანამდე რა მოხდა.

როგორც უკვე ვიცით, მეათე სასჯელის შემდეგ, რომელიც ღმერთმა ეგვიპტელებს დაატეხა, ფარაონმა გაუშვა ისრაელები ეგვიპტიდან. დაახლოებით 600 000-მა ისრაელმა მამაკაცმა, ასევე უამრავმა ქალმა და ბავშვმა, დატოვა ეგვიპტე. ისრაელებს გაჰყვნენ სხვებიც, რომლებმაც ირწმუნეს იეჰოვა. მათ თან წაასხეს თავიანთი ცხვარ-ძროხა.

ქვეყნის დატოვებამდე ისრაელებმა ეგვიპტელებისგან ითხოვეს ოქროსა და ვერცხლის ნივთები და ტანსაცმელი. ბოლო სასჯელით თავზარდაცემულმა ეგვიპტელებმა ყველაფერი მისცეს ისრაელებს, რაც მათ ითხოვეს.

რამდენიმე დღის შემდეგ ისრაელები წითელ ზღვას მიადგნენ და მის სანაპიროსთან დაბანაკდნენ. ფარაონმა და მისმა ხალხმა ინანეს, რომ ისრაელები გაუშვეს. „როგორ გავუშვით მონები?!“ — ამბობდნენ ისინი.

ფარაონმა კიდევ ერთხელ შეიცვალა აზრი. სწრაფად მოამზადებინა თავისი საომარი ეტლი და ჯარი; ის 600 საუკეთესო ეტლითა და სხვა ეტლებით დაედევნა ისრაელებს.

 ისრაელებს ძალიან შეეშინდათ, როცა ფარაონი და მისი ჯარი დაინახეს. გასაქცევი არსად ჰქონდათ — ერთ მხარეს წითელი ზღვა იყო, მეორე მხარეს — ეგვიპტელთა ჯარი. მაგრამ იეჰოვამ თავის ხალხსა და ეგვიპტელებს შორის ღრუბლის სვეტი აღმართა. ეგვიპტელები ვეღარ ხედავდნენ ისრაელებს, ამიტომ თავს ვერ დაესხმოდნენ.

იეჰოვამ უთხრა მოსეს, რომ თავისი ჯოხი წითელი ზღვისკენ გაეწოდებინა, რის შემდეგაც აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ამოვარდა. ზღვა გაიყო და წყალი ორივე მხარეს კედლებად აღიმართა.

ისრაელებმა მშრალ ფსკერზე გაიარეს. ზღვის გადასაკვეთად მილიონობით ადამიანსა და მათ პირუტყვს რამდენიმე საათი დასჭირდათ. ბოლოს ეგვიპტელებმა დაინახეს ისრაელები. მათი მონები გარბოდნენ! ამიტომ ისინი მათ ფეხდაფეხ შეჰყვნენ ზღვაში.

მაშინ ღმერთმა მათ ეტლებს ბორბლები დააძრო. შეშინებული ეგვიპტელები ყვიროდნენ: ‘იეჰოვა ისრაელების გულისთვის გვებრძვის. წავიდეთ აქედან!’ მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ამ დროს იეჰოვამ უთხრა მოსეს, რომ გაეწოდებინა თავისი ჯოხი წითელი ზღვისკენ, როგორც ეს სურათზე ჩანს. როგორც კი მოსემ ჯოხი გაიწოდა, წყლის კედლები ჩამოიქცა და დაფარა ეგვიპტელები და მათი ეტლები. მთელი ჯარი ზღვაში იყო შესული, ამიტომ არც ერთი არ გადარჩენილა.

ღვთის ხალხი გადარჩენას ზეიმობდა. მამაკაცები იეჰოვას სამადლობელ სიმღერას უმღეროდნენ: ‘იეჰოვამ დიდებულად გაიმარჯვა. მან ზღვაში ჩაყარა ცხენები და მხედრები’. მოსეს დამ, მირიამმა და სხვა ქალებმა აიღეს დაირები და ცეკვა დაიწყეს. კაცებთან ერთად ისინიც მღეროდნენ: ‘იეჰოვამ დიდებულად გაიმარჯვა. მან ზღვაში ჩაყარა ცხენები და მხედრები’.

გაიგეთ მეტი

იეჰოვამ ისრაელი გადაარჩინა

რატომ არ შეუშინდა მოსე ეგვიპტელთა ჯარს მაშინ, როცა ისრაელთა ბანაკში შიშმა დაისადგურა?