არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 23

სასიხარულო ცნობის გავრცელება

სასიხარულო ცნობის გავრცელება

პავლე მოგზაურობს ზღვითა და ხმელეთით და სასიხარულო ცნობას ქადაგებს.

გაქრისტიანების შემდეგ პავლე გულმოდგინედ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. ქრისტიანების ძველი მდევნელი ახლა თავად გახდა დევნილი. დაუღალავმა მოციქულმა რამდენჯერმე იმოგზაურა და ყველგან იქადაგა სასიხარულო ცნობა იმ სამეფოს შესახებ, რომლითაც ღმერთი თავის თავდაპირველ განზრახვას განახორციელებს.

პირველი მოგზაურობის დროს, პავლემ ლისტრაში განკურნა დედის მუცლიდანვე წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცი. ამის დანახვაზე ხალხმა პავლე და მისი თანამგზავრი ბარნაბა ღმერთებად ჩათვალა. მათ ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ. მაგრამ მოგვიანებით მტრების მიერ შეგულიანებულებმა პავლე ჩაქოლეს და ქალაქგარეთ დააგდეს, რადგან მკვდარი ეგონათ. პავლე სიკვდილს გადაურჩა და მოგვიანებით ისევ დაბრუნდა ამ ქალაქში თანამორწმუნეების გასამხნევებლად.

ზოგი ებრაელი ქრისტიანი ამტკიცებდა, რომ არაებრაელ ქრისტიანებს უნდა დაეცვათ მოსეს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი წესი. ამ საკითხის განსახილველად პავლე იერუსალიმში ავიდა მოციქულებთან და უხუცესებთან. წმინდა წერილების გულდასმით გამოკვლევისა და წმინდა სულის დახმარებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც კრებებს წერილობით გაუგზავნეს. წერილში ეწერა, რომ ქრისტიანები უნდა მორიდებოდნენ კერპებს, სისხლსა და ისეთი ხორცის ჭამას, რომლიდანაც სისხლი არ იყო გამოშვებული. ამ კანონების დაცვა ‘აუცილებელი’ იყო, მაგრამ ამისთვის მოსეს კანონის დაცვა არ იყო საჭირო (საქმეები 15:28, 29).

მეორე სამქადაგებლო მოგზაურობის დროს პავლე ესტუმრა ბერეას, რომელიც დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზეა. იქაურმა ებრაელებმა სიხარულით მიიღეს ღვთის სიტყვა და ყოველდღე იკვლევდნენ წმინდა წერილებს, რათა ყველაფერში თავად დარწმუნებულიყვნენ. მაგრამ პავლე წინააღმდეგობას იქაც შეხვდა, რის გამოც იძულებული გახდა ათენში გადასულიყო. განათლებული ათენელების წინაშე პავლემ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ტაქტიანობის, გამჭრიახობისა და მჭევრმეტყველების ნიმუშად ითვლება.

მესამე სამქადაგებლო მოგზაურობის შემდეგ პავლე იერუსალიმში ჩავიდა. ტაძარში მისმა გამოჩენამ ხალხში აურზაური გამოიწვია. მათ მისი მოკვლა გადაწყვიტეს. რომაელმა ჯარისკაცებმა გააფთრებულ ბრბოს პავლე ხელიდან გამოსტაცეს და დაჰკითხეს. მოგვიანებით პავლეს, როგორც რომის მოქალაქეს, რომაელ გამგებელ ფელიქსთან მოუწია თავის დაცვა. მოწინააღმდეგეებმა მას ვერც ერთი ბრალდება ვერ დაუმტკიცეს. პავლეს არ უნდოდა, რომ ფელიქსის ნაცვლად დანიშნულ ფესტუსს ის იუდეველებისთვის გადაეცა. ამიტომ, მან საქმის კეისართან გასაჩივრება მოითხოვა. ფესტუსმა კი მიუგო: „კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ“ (საქმეები 25:11, 12).

პავლემ ხომალდით გასცურა იტალიისკენ, რათა სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. ხომალდი გზაში დაიმსხვრა, რის გამოც პავლეს კუნძულ მალტაზე მოუწია გამოზამთრება. ბოლოს, მან მაინც ჩააღწია რომში, სადაც ორი წელი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. მართალია, ის ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, მაგრამ მნახველებთან მაინც გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სამეფოს შესახებ.

საქმეები 11:22—28:31