არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 24

ქრისტიანული კრებებისთვის მიწერილი პავლეს წერილები

ქრისტიანული კრებებისთვის მიწერილი პავლეს წერილები

პავლეს წერილები ამხნევებს და აძლიერებს ქრისტიანულ კრებებს.

ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებებს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იეჰოვას განზრახვაში. მაგრამ პირველი ქრისტიანები მალევე დიდ წინააღმდეგობას შეხვდნენ. როგორ შეხვდებოდნენ ისინი გარეშეებისგან დევნას ან თუნდაც ფარულ საფრთხეს კრების შიგნით? დარჩებოდნენ ღვთის ერთგულნი? ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში 21 წერილია, რომლებიც ერთ დროს ძალიან დაეხმარა ქრისტიანებს.

ამ წერილებიდან თოთხმეტი — „რომაელებიდან“ „ებრაელების“ ჩათვლით — მოციქულმა პავლემ დაწერა. წერილების სახელწოდებებიდან ჩანს, ვის მისწერა პავლემ ის — ცალკეულ ქრისტიანს თუ რომელიმე კრებას. განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი პავლეს წერილებიდან.

რჩევები ზნეობასა და ყოფაქცევაზე. მრუშები, მეძავები და სხვა მძიმე ცოდვის ჩამდენები „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:19—21; 1 კორინთელები 6:9—11). ღვთის თაყვანისმცემლები ეროვნების მიუხედავად ერთსულოვნები უნდა იყვნენ (რომაელები 2:11; ეფესოელები 4:1—6). ისინი სიხარულით უნდა ეხმარებოდნენ გაჭირვებულ თანამორწმუნეებს (2 კორინთელები 9:7). „განუწყვეტლივ ილოცეთ“, — ეუბნებოდა პავლე ქრისტიანებს. მორწმუნე ადამიანები ყოველთვის გულს უნდა უშლიდნენ იეჰოვას ლოცვაში (1 თესალონიკელები 5:17; 2 თესალონიკელები 3:1; ფილიპელები 4:6, 7). თუ გვინდა, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები, რწმენით უნდა ვილოცოთ (ებრაელები 11:6).

როგორ შეიძლება, რომ ოჯახი ბედნიერი იყოს? ქმარს საკუთარი სხეულივით უნდა უყვარდეს ცოლი. ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს. შვილები მშობლებს უნდა ემორჩილებოდნენ, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის. მშობლებმა შვილები სიყვარულით უნდა აღზარდონ და ღვთის პრინციპები ჩაუნერგონ (ეფესოელები 5:22—6:4; კოლოსელები 3:18—21).

წერილების წყალობით ქრისტიანები უკეთ სწვდებიან ღვთის განზრახვას. ქრისტეს მოსვლამდე ისრაელებს მოსეს კანონი უწევდა ხელმძღვანელობას და ბევრი რამისგან იცავდა (გალატელები 3:24). მაგრამ ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მოსეს კანონის დაცვა. ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლემ გარკვევით ახსნა მოსეს კანონის მნიშვნელობა და ის, თუ რა როლი შეასრულა ქრისტემ ღვთის განზრახვაში. პავლემ განმარტა, რომ ყველაფერს, რაც კანონით მოითხოვებოდა, წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, ცხოველების მსხვერპლშეწირვა განასახიერებდა იესოს მსხვერპლს, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ცოდვები მიეტევებათ  (ებრაელები 10:1—4). იესოს სიკვდილით ღმერთმა გააუქმა კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება, რადგან ის მეტად აღარ იყო საჭირო (კოლოსელები 2:13—17; ებრაელები 8:13).

მითითებები კრების ორგანიზებისთვის. მამაკაცები, რომლებიც კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვიან, უნდა შეესაბამებოდნენ მაღალზნეობრივ ნორმებს და სულიერად მოწიფულნი უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 3:1—10, 12, 13; ტიტე 1:5—9). იეჰოვას თაყვანისმცემლები თანამორწმუნეებთან ერთად რეგულარულად უნდა იკრიბებოდნენ ერთმანეთის გასამხნევებლად (ებრაელები 10:24, 25). ეს შეხვედრები დასწავლებას და ერთმანეთის წახალისებას ემსახურება (1 კორინთელები 14:26, 31).

პავლემ რომში დაბრუნების შემდეგ ორი წერილი მისწერა ტიმოთეს. მოციქული ამ დროისთვის დაპატიმრებული იყო და სასამართლოს განაჩენს ელოდებოდა. მასთან მისვლა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი მონახულება მხოლოდ რამდენიმე გაბედულმა ქრისტიანმა მოახერხა. პავლემ იცოდა, რომ დრო ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი. მან თქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმოთე 4:7). როგორც ჩანს, ამ წერილის დაწერიდან მალევე, პავლე სიკვდილით დასაჯეს. ღვთის ნამდვილი თაყვანისმცემლები დღესაც ხელმძღვანელობენ მისი წერილებით.

რომაელები; 1 კორინთელები; 2 კორინთელები; გალატელები; ეფესოელები; ფილიპელები; კოლოსელები; 1 თესალონიკელები; 2 თესალონიკელები; 1 ტიმოთე; 2 ტიმოთე; ტიტე; ფილიმონი; ებრაელები