წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 13

კარგი და ცუდი მეფეები

კარგი და ცუდი მეფეები

ისრაელი ორ ნაწილად იყოფა. ისრაელის მეფეების უმეტესობა არ არის ღვთის ერთგული. იერუსალიმს ბაბილონელები ანადგურებენ.

იეჰოვას სიტყვისამებრ, ისრაელის სამეფო ორად გაიყო, რადგან სოლომონი განუდგა წმინდა თაყვანისმცემლობას. მისი მემკვიდრე რობოამი მკაცრი მმართველი იყო. ამიტომ ისრაელის ათი ტომი მეფეს აუჯანყდა და შედეგად ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო ჩამოყალიბდა. დავითის მემკვიდრეებს, რომლებიც იერუსალიმში მეფობდნენ, მხოლოდ ორი ტომიღა დარჩათ. ასე ჩამოყალიბდა იუდას სამხრეთი სამეფო.

სტაბილური სიტუაცია არც ერთ სამეფოში არ ყოფილა. ამის მიზეზი ძირითადად მეფეთა ორგულობა და ურწმუნოება იყო. ისრაელში უფრო უარესი მდგომარეობა იყო, ვიდრე იუდაში, რადგან ისრაელის მეფეები თავიდანვე კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. წინასწარმეტყველი ელია და ელისე მრავალ სასწაულს ახდენდნენ, მათ მკვდრებიც კი გააცოცხლეს, მაგრამ ისრაელმა მაინც არ მოიშალა ბოროტი საქმეების კეთება. საბოლოოდ, ღმერთმა ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო ასურეთს ჩაუგდო ხელში.

იუდას სამეფომ ისრაელთან შედარებით ას წელზე ცოტა მეტხანს იარსება, მაგრამ ღვთის სასჯელს ვერც ის გადაურჩა. იუდას მხოლოდ რამდენიმე მეფე ითვალისწინებდა წინასწარმეტყველთა გაფრთხილებებს და ცდილობდა, ერი იეჰოვასთან დაებრუნებინა. მაგალითად, მეფე იოშიამ იუდა კერპებისგან განწმინდა და იეჰოვას ტაძარი აღადგინა. როდესაც ტაძარში მოსეს ხელით გადმოცემული ღვთის კანონის წიგნი იპოვეს, იოშია შეძრა წაკითხულმა და მას მერე უფრო გააძლიერა კერპთაყვანისმცემლობასთან ბრძოლა.

სამწუხაროდ, იოშიას შემდგომი მეფეები არ მიჰყვებოდნენ მის კარგ მაგალითს. ამიტომ იეჰოვამ იუდას სამეფო ბაბილონელებს ჩაუგდო ხელში, რომლებმაც იერუსალიმი და ტაძარი გაანადგურეს, სიკვდილს გადარჩენილები კი ტყვედ წაასხეს ბაბილონში. ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ისინი 70 წელი იქნებოდნენ ტყვეობაში. მთელი ამ წლების მანძილზე იუდა გაპარტახებული იყო. ბოლოს, იეჰოვას სიტყვისამებრ, ისრაელები თავიანთ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ.

ისრაელს მეფე აღარ ეყოლებოდა იმ დრომდე, ვიდრე აღთქმული მხსნელი, ნაწინასწარმეტყველები მესია არ გამოჩნდებოდა. დავითის შთამომავალთა უმეტესობამ, რომლებიც იერუსალიმში მეფობდნენ, დაამტკიცა, რომ არასრულყოფილ ადამიანს არ შესწევს ქვეყნის მართვის უნარი. ამას საუკეთესოდ მხოლოდ მესია შეძლებს. ამიტომ უთხრა იეჰოვამ ბოლო მეფეს: „მოიცილე გვირგვინი!.. არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი, — მას გადავცემ“ (ეზეკიელი 21:26, 27).

1 მეფეები; 2 მეფეები; 2 მატიანე, თავები 10—36; იერემია 25:8—11

გაიგეთ მეტი

იონამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა

შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ იონას, რომელსაც შეეშინდა, როდესაც ახალი დავალება მიიღო? მისი მაგალითი გვასწავლის, რამდენად მომთმენი და გულმოწყალეა იეჰოვა.