წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 21

იესო ცოცხალია!

იესო ცოცხალია!

იესო ეცხადება თავის მიმდევრებს, რათა დაარიგოს და გაამხნევოს.

იესოს სიკვდილიდან მესამე დღეს მის სამარხთან რამდენიმე ქალი მივიდა. ისინი მისი მოწაფეები იყვნენ. მათ სამარხზე აფარებული ლოდი გადაგორებული დახვდათ. გუშაგები მკვდრებს დამსგავსებოდნენ, სამარხი კი ცარიელი იყო.

მათ ორი ანგელოზი ეჩვენათ. ერთ-ერთმა უთხრა მათ: „თქვენ ეძებთ იესო ნაზარეთელს . . . ის აღდგა“ (მარკოზი 16:6). ქალები მაშინვე მოციქულებთან გაიქცნენ, რომ ეს ამბავი მოეყოლათ. გზაში მათ იესო შეხვდათ. მან უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ, წადით და უთხარით ჩემს ძმებს, რომ გალილეაში წავიდნენ და იქ მნახავენ“ (მათე 28:10).

მოგვიანებით, იმავე დღეს ორი მოწაფე იერუსალიმიდან სოფელ ემაუსში მიდიოდა. მათ ვიღაც უცხო კაცი დაემგზავრათ, რომელიც დაინტერესდა, რაზე საუბრობდნენ ისინი. ეს კაცი, სინამდვილეში, მკვდრეთით აღმდგარი იესო იყო. ის სხვა სახით ეჩვენა მათ, ამიტომ ვერ იცნეს. დამწუხრებულმა მოწაფეებმა უთხრეს მას, რომ იესოზე ლაპარაკობდნენ. უცნობმა წმინდა წერილებიდან დაიწყო იმის ახსნა, რაც მესიას ეხებოდა. იესოზე მართლაც დეტალურად შესრულდა მესიასთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება. * როცა მოწაფეები მიხვდნენ, რომ უცნობი სინამდვილეში იესო იყო, ის გაუჩინარდა, რადგან მას უკვე სულიერი სხეული ჰქონდა.

ორივე მოწაფე მაშინვე იერუსალიმში დაბრუნდა. ისინი მივიდნენ ერთად შეკრებილ მოციქულებთან, რომლებიც კარჩაკეტილში იყვნენ. ისინი იესოსთან შეხვედრის უცნაურ ამბავს ყვებოდნენ, როცა ის მათ შორის ჩადგა. მოციქულები თვალებს არ უჯერებდნენ. იესომ მათ ჰკითხა: „რატომ აფორიაქდით, რატომ გაქვთ გულში ეჭვები?.. ასე წერია, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო“ (ლუკა 24:38, 46).

მკვდრეთით აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში იესო თავის მოწაფეებს სხვადასხვა დროს ეცხადებოდა. ერთხელ ის 500-ზე მეტ მოწაფეს ეჩვენა. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ მისცა მათ მნიშვნელოვანი დავალება: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათე 28:19, 20).

ბოლო საუბრის დროს იესო თავის 11 მოციქულს დაჰპირდა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). ამის შემდეგ იესო ამაღლდა და ღრუბელმა დაფარა მათ თვალთაგან.

მათე, თავი 28; მარკოზი, თავი 16; ლუკა, თავი 24; იოანე, თავები 20, 21; 1 კორინთელები 15:5, 6.

^ აბზ. 6 დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ შესრულდა მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები იესოზე, იხილეთ ამ ბროშურის ნაწილი 14, 15 და 16, აგრეთვე წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, დანართი „იესო ქრისტე – აღთქმული მესია“.

გაიგეთ მეტი

იესოს აღდგომა სიცოცხლეს ნიშნავს!

წარმოიდგინეთ, მარადიული სიცოცხლე სადარდებლის, ტკივილისა და წუხილის გარეშე.