არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 22

მოციქულები გაბედულად ქადაგებენ

მოციქულები გაბედულად ქადაგებენ

ქრისტიანული კრება სწრაფად იზრდება წინააღმდეგობის მიუხედავად.

იესოს ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ, ახ. წ. 33 წელს, იერუსალიმში ერთ-ერთ სახლში დაახლოებით 120 მოწაფე შეიკრიბა ებრაელთა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად. უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი. მოწაფეები სასწაულებრივად ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენაზე. რა იყო ამ სასწაულის მიზეზი? ღმერთმა თავისი წმინდა სული მისცა მოწაფეებს.

დღესასწაულზე მრავალი კუთხიდან ჩამოსული ხალხი განცვიფრებული იყო, რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ იესოს მოწაფეები მათ ენებზე. პეტრემ ხალხს აუხსნა, რომ ამ შემთხვევაში შესრულდა იოელის წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც ღმერთი წმინდა სულს გადმოღვრიდა თავის მსახურებზე და ისინი სასწაულებრივ უნარს შეიძენდნენ (იოელი 2:28, 29). ეს შემთხვევა იმის მაჩვენებელი იყო, რომ ღმერთი ისრაელის ნაცვლად ახლა უკვე ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას იწონებდა. ვისაც ღვთის მსახურება სურდა, ქრისტეს მიმდევარი უნდა გამხდარიყო.

თანდათანობით წინააღმდეგობა გაიზარდა და მოწინააღმდეგეებმა ქრისტეს მოწაფეები ციხეში ჩაყარეს. მაგრამ ღამით იეჰოვას ანგელოზმა მოწაფეებს ციხის კარები გაუღო და უთხრა, ქადაგება გაეგრძელებინათ. მეორე დღეს გამთენიისას მოწაფეები ტაძარში შევიდნენ და იესოს შესახებ დაიწყეს ქადაგება. განრისხებულმა მოწინააღმდეგეებმა მათ ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს. მაგრამ მოციქულებმა გაბედულად მიუგეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:28, 29).

წინააღმდეგობა გაძლიერდა. ზოგიერთმა იუდეველმა ღვთის გმობაში დაადანაშაულა იესოს ერთ-ერთი მოწაფე, სტეფანე. ამის გამო ის ქვებით ჩაქოლეს. მის მოკვლას იწონებდა ერთი ახალგაზრდა კაცი, ტარსოსელი სავლე. ქრისტეს მიმდევრების შესაპყრობად ის დამასკოში გაემართა. გზაზე მას უეცრად ციდან სინათლე მოეფინა და ხმა მოესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“ სინათლით დაბრმავებულმა სავლემ ჰკითხა: „ვინა ხარ, უფალო?“ მან უპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი“ (საქმეები 9:3—5).

სამი დღის შემდეგ იესომ მოწაფე ანანია გაგზავნა სავლესთან, რომ მისთვის მხედველობა დაებრუნებინა. სავლე მოინათლა და გაბედულად დაიწყო იესოზე ქადაგება. ის ცნობილი გახდა მოციქულ პავლეს სახელით და გულმოდგინედ მსახურობდა ქრისტიანულ კრებაში.

იესოს მოწაფეები სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ მხოლოდ იუდეველებსა და სამარიელებს უქადაგებდნენ. მოგვიანებით ანგელოზი გამოეცხადა ერთ ღვთისმოშიშ რომაელ ასისთავს, კორნელიუსს. ანგელოზის მითითებით კორნელიუსს მოციქულ პეტრეს მოსაყვანად უნდა გაეგზავნა ხალხი. პეტრე სხვა მორწმუნეებთან ერთად ეწვია კორნელიუსს და უქადაგა მას და მის ოჯახს. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა წმინდა სული გადმოვიდა ამ უცხოტომელებზე. მოციქულ პეტრეს მითითებით ისინი იესო ქრისტეს სახელით მოინათლნენ. ამგვარად, ყველა ეროვნების ადამიანს გაეხსნა გზა მარადიული სიცოცხლისკენ. ქრისტიანები აგრძელებდნენ ქადაგებას დედამიწის კიდით-კიდემდე.

საქმეები 1:1—11:21