არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

 ნაწილი 6

როგორ ცვლის ცოლ-ქმრის ურთიერთობას ბავშვის დაბადება

როგორ ცვლის ცოლ-ქმრის ურთიერთობას ბავშვის დაბადება

„შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან“ (ფსალმუნი 127:3).

ბავშვის დაბადებას სიხარულთან ერთად სირთულეებიც ახლავს. ახალბედა მშობლებო, თქვენ შეიძლება გაოცებული ხართ, რომ თითქმის მთელი დრო და ენერგია ბავშვზე ზრუნვას მიაქვს. უძილობისა და ემოციური არასტაბილურობის გამო შეიძლება ერთმანეთთან ურთიერთობაც დაგეძაბოთ. თქვენ და თქვენს მეუღლეს აუცილებლად მოგიწევთ ცვლილებების მოხდენა იმისათვის, რომ ბავშვზეც იზრუნოთ და ქორწინებაც გადაარჩინოთ. როგორ გვეხმარება ბიბლიური რჩევები, რომ თავი გავართვათ ამ სირთულეებს?

 1 გააცნობიერეთ, რომ ბავშვის დაბადებას ცვლილებები მოჰყვება

ბიბლიის თვალსაზრისი: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება“ (1 კორინთელები 13:4, 5). თქვენ ახალბედა დედა ხართ და ბუნებრივია, მთელ ყურადღებას ბავშვს უთმობთ. ამ დროს თქვენმა ქმარმა შესაძლოა თავი მიტოვებულად იგრძნოს; ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ყურადღება მასაც სჭირდება. თუ მოთმინებასა და სიკეთეს გამოავლენთ, თქვენი მეუღლე იგრძნობს, რომ თავადაც ჩაბმულია ბავშვის აღზრდაში და იგი კვლავაც საჭიროა.

„თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება“ (1 პეტრე 3:7). ქმრებო, ერთი რამ კარგად უნდა გესმოდეთ: თქვენი ცოლი მთელ თავის ენერგიას ბავშვის აღზრდას ახმარს. მას ხომ ახალი პასუხისმგებლობები დაემატა და აქედან გამომდინარე, შესაძლოა დაძაბულია, ძალაგამოცლილია ანდა დეპრესიაშიც კია. ხანდახან შეიძლება ის გაგიბრაზდეთ კიდეც, მაგრამ ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“ (იგავები 16:32). გამოავლინეთ გამჭრიახობა და საჭიროების შემთხვევაში შეეხიდეთ მას (იგავები 14:29).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ქმრებო: დაეხმარეთ თქვენს ცოლებს ბავშვებზე ზრუნვაში, რის გამოც შესაძლოა ღამის ძილის გატეხვაც მოგიწიოთ. ცოლ-შვილს რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ, სხვა საქმეებს ნაკლები დრო გამოუყავით.

  • ცოლებო: ნუ უგულებელყოფთ დახმარებას, რომელსაც თქვენი მეუღლე შვილის აღსაზრდელად გთავაზობთ. თუ თქვენი მეუღლე რაღაცას სრულყოფილად ვერ გააკეთებს, ნუ გააკრიტიკებთ; პირიქით, სიყვარულით აუხსენით, როგორ უნდა გაკეთდეს ესა თუ ის საქმე.

 2 განამტკიცეთ ოჯახური კვანძები

ბიბლიის თვალსაზრისი: „ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ოჯახს ახალი წევრი შეემატა, გახსოვდეთ, რომ თქვენ კვლავ „ერთი ხორცი“ ხართ. ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად.

ცოლებო, მადლიერნი იყავით, რომ ქმრები გეხმარებიან და მხარს გიჭერენ. თქვენს მადლიერების გამომხატველ სიტყვებს შესაძლოა კურნების ძალა ჰქონდეს (იგავები 12:18). ქმრებო, უთხარით ცოლებს, რომ თქვენთვის ისინი ძვირფასნი არიან და ძალიან გიყვართ. შეაქეთ, რომ ასე ზრუნავენ ოჯახზე (იგავები 31:10, 28).

„თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24). ყოველთვის გაუკეთეთ მეუღლეს ის, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს. მეუღლეებო, შეაქეთ ერთმანეთი, ესაუბრეთ და მოუსმინეთ ერთმანეთს. სქესობრივი ურთიერთობისას მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იზრუნებთ. გაითვალისწინეთ თქვენი მეუღლის მოთხოვნილებები. ბიბლიაში წერია: „ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით“ (1 კორინთელები 7:3—5). ასე რომ, გულწრფელად იმსჯელეთ ამ საკითხზე. თუ მეუღლის მდგომარეობაში შეხვალთ და მოთმინებას გამოავლენთ, თქვენი ურთიერთობა განმტკიცდება.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ყოველთვის დაუთმეთ ერთმანეთს დრო.

  • გამოავლინეთ მეუღლის მიმართ ყურადღება და უმნიშვნელო წვრილმანებით აგრძნობინეთ, რომ გიყვართ; მაგალითად, დაუტოვეთ ღია ბარათები ან გაუკეთეთ პატარ-პატარა საჩუქრები.

 3 აღზარდეთ შვილი

ბიბლიის თვალსაზრისი: „ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმოთე 3:15). დაგეგმეთ, რას გააკეთებთ იმისათვის, რომ ასწავლოთ თქვენს შვილს. ბავშვს გასაოცარი სწავლის უნარი აქვს; თქვენ წარმოიდგინეთ, ის დაბადებამდეც კი ითვისებს მოსმენილს. თქვენი პატარა მუცლადყოფნის პერიოდში ცნობს თქვენს ხმებს და რეაქცია აქვს თქვენს ემოციებზე. ჩვილობიდანვე უკითხეთ. მართალია, ის ვერ ჩასწვდება წაკითხულს, მაგრამ მომავალში, როცა გაიზრდება, კითხვა ეყვარება.

რაც არ უნდა პატარა იყოს თქვენი შვილი, ესაუბრეთ მას ღმერთზე. მოასმენინეთ, როგორ მიმართავთ იეჰოვას ლოცვით (კანონი 11:19). თამაშის დროსაც ესაუბრეთ თქვენს შვილს ღვთის შემოქმედებაზე (ფსალმუნი 78:3, 4). როცა თქვენი პატარა გაიზრდება, დაინახავს, როგორ გიყვართ ღმერთი და თავადაც შეიყვარებს მას.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • შვილის აღსაზრდელად ღმერთს სიბრძნე სთხოვეთ.

  • გაუმეორეთ შვილს მთავარი სიტყვები და აზრები, რათა მან ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს სწავლა.