წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე

 კითხვა 6

რა გავაკეთო, თანატოლების გავლენაში რომ არ მოვექცე?

რა გავაკეთო, თანატოლების გავლენაში რომ არ მოვექცე?

რატომ ღირს დაფიქრება

როცა საკუთარი აზრი გაგაჩნია, ადვილად არ ექცევი სხვის გავლენაში და ისე ცხოვრობ, როგორც თავად მიგაჩნია სწორად და არა ისე, როგორც სხვები გკარნახობენ.

როგორ მოიქცეოდი?

წარმოიდგინე, რომ სკოლის მოსწავლეს, პირობითად ლაშას, ორი თანაკლასელი უახლოვდება. მათ დანახვაზე მას უსიამოვნო შეგრძნებები ეუფლება, რადგან ამ კვირაში უკვე ორჯერ შესთავაზეს სიგარეტი და, ალბათ, ახლაც იგივე განმეორდება.

ერთი მათგანი ეუბნება:

„არ გინდა, ამას გემო გაუსინჯო?“.

ის თვალს უკრავს ლაშას, ჯიბიდან სიგარეტს იღებს და აწვდის.

ლაშას სიგარეტის დანახვაზე უსიამოვნო შეგრძნებები კიდევ უფრო უმძაფრდება.

„მე ხომ უკვე გითხარით, რომ არ . . .“.

მეორე აწყვეტინებს და ეუბნება: „ნუ ხარ რა, დედიკოს ბიჭი!“.

„ეგ რა შუაშია?!“, — ეპასუხება ლაშა.

ის მხარზე ხელს ადებს და წყნარად ეუბნება: „უბრალოდ გასინჯე“.

ის, ვინც თავდაპირველად შესთავაზა ლაშას სიგარეტი, ისევ უახლოვდება და ყურში ჩასჩურჩულებს: „ნუ გეშინია, არავის ვეტყვით, ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩება“.

ლაშას ადგილას რომ ყოფილიყავი, როგორ მოიქცეოდი?

 შეჩერდი და დაფიქრდი!

როგორ ფიქრობ, ბოლომდე აცნობიერებდნენ ლაშას კლასელები თავიანთ საქციელს? ან საერთოდ, საკუთარი სურვილით დაიწყეს სიგარეტის მოწევა? საეჭვოა. როგორც ჩანს, ერთ დროს ისინიც თანატოლების გავლენაში მოექცნენ. ახლა კი სურთ, რომ სხვებიც აიყოლიონ.

მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავი, შეძლებდი თანატოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას?

  1. მოემზადე

    ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).

    ხშირ შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის დანახვა წინასწარ შეგიძლია. დავუშვათ, ქუჩაში მიდიხარ და ხედავ, რომ შენი კლასელები ეწევიან; თანაც ისე დგანან, რომ გვერდს ვერ აუვლი და ისიც იცი, რომ სიგარეტს უეჭველად შემოგთავაზებენ. თუ წინასწარ იქნები მომზადებული, ცდუნებას ადვილად გაუძლებ.

  2. დაფიქრდი

    ბიბლია მოგვიწოდებს: „სუფთა სინდისი გქონდეთ“ (1 პეტრე 3:16).

    კარგს იზამ, თუ დაფიქრდები შემდეგ კითხვებზე: მოგვიანებით ხომ არ ინანებ, სხვებს თუ აჰყვები? შეიძლება დღეს თანატოლების მოწონება დაიმსახურო, მაგრამ ხვალ როგორ იგრძნობ თავს? გიღირს, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წახვიდე მხოლოდ იმიტომ, რომ კლასელებს მოაწონო თავი? (გამოსვლა 23:2).

  3. გადაწყვიტე

    ბიბლიაში წერია: „ბრძენს შიში აქვს“ (იგავები 14:16).

    ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება და შედეგებისთვის თვალის გასწორება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იოსებმა, იობმა და იესომ სწორი არჩევანი გააკეთეს, რასაც ვერ ვიტყვით კაენზე, ესავსა და იუდაზე. ახლა ჯერი შენზეა. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებ?

ბიბლია მოგვიწოდებს: „ერთგულად მოიქეცი“ (ფსალმუნი 37:3). როცა წინასწარ გაქვს ნაფიქრი, რა მოჰყვება შენს საქციელს და შემზადებული ხარ ამისთვის, გაგიადვილდება სწორი გადაწყვეტილების მიღება და სხვების წინაშე შენი პოზიციის დაცვა.

ყოველთვის არაა საჭირო, თანატოლებს ყველაფერი აუხსნა. ზოგჯერ მტკიცედ ნათქვამი უარიც საკმარისია. ან შეგიძლია იმის დასანახვებლად, რომ აზრის შეცვლას არ აპირებ, ასეთი რამ უთხრა:

  • „ჩემი იმედი ნუ გექნებათ!“.

  • „მე ასეთი რამეებისგან შორს ვარ“.

  • „ხომ იცით, რომ მაგის გამკეთებელი არა ვარ“.

მთავარია, რაც შეიძლება მალე და გადაჭრით უთხრა სათქმელი. თუ ასე მოიქცევი, შეიძლება მალევე დაგანებონ თავი.

 როცა თანატოლები დაგცინიან

თუ სხვებს აჰყვები, მათი მარიონეტი გახდები

რა უნდა გააკეთო, თუ თანატოლები დაგცინიან? მაგალითად, შეიძლება გითხრან: „რა იყო, გეშინია?“. იცოდე, რომ ამ დროს ისინი ცდილობენ, თავიანთ ჭკუაზე გატარონ. როგორ უნდა მოიქცე? ასეთ დროს, სულ მცირე, ორი რამის გაკეთება შეგიძლია:

  • დაეთანხმო და უთხრა: „მართალი ხარ, მეშინია“. შემდეგ კი მოკლედ აუხსნა ამის მიზეზი.

  • ან აქეთ გადახვიდე იერიშზე და მტკიცედ აუხსნა, რატომ ამბობ უარს; შემდეგ კი დააფიქრო თავიანთ ნათქვამზე. მაგალითად, შეგეძლო გეთქვა: „თქვენც ხომ კარგად იცით, რომ მოწევა საზიანოა“.

თუ თანატოლები თავს არ განებებენ, გაერიდე მათ. გახსოვდეს, რომ რაც უფრო დიდხანს დააყოვნებ, მით უფრო მეტს გაგიბედავენ. ამგვარად, არავის მისცემ უფლებას, თავიანთ ყალიბში მოგაქციონ.

ფაქტია, რომ თანატოლები ყოველთვის შეეცდებიან, თავიანთ ჭკუაზე გატარონ. მაგრამ თუ პიროვნულად მტკიცე იქნები და გეცოდინება, რა გინდა ცხოვრებაში, ადვილად შეძლებ საკუთარი პოზიციის დაცვას და სიტუაციის მართვას. გახსოვდეს, რომ საბოლოოდ არჩევანი მაინც შენზეა! (იესო ნავეს ძე 24:15).