წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე

 კითხვა 8

რა არის სექსუალური შეურაცხყოფა?

რა არის სექსუალური შეურაცხყოფა?

რატომ ღირს დაფიქრება

ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ხდება გაუპატიურებისა თუ სხვა სახის სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი. მოძალადეთა მთავარ სამიზნეს განსაკუთრებით ახალგაზრდები წარმოადგენენ.

როგორ მოიქცეოდი?

ერთი გოგონა, ანეტი გვიყვება, რომ ერთხელ გააზრებაც ვერ მოასწრო, როცა ვიღაცამ მიწაზე დააგდო და მკლავებში მოიქცია. ანეტი განაგრძობს: „რა აღარ ვცადე, რომ თავიდან მომეშორებინა. მინდოდა, დამეყვირა, მაგრამ სუნთქვა აღარ მეყო. ხელებს და ფეხებს ვურტყამდი, ფრჩხილებით ვკაწრავდი. უცებ ვიგრძენი, რომ დანა დამისვა და შიშისგან ძალა სულ გამომეცალა“.

ანეტის ადგილას რომ ყოფილიყავი, როგორ მოიქცეოდი?

შეჩერდი და დაფიქრდი!

შეიძლება ამ საკითხზე ნაფიქრი გაქვს და როცა ღამით გიწევს ქუჩაში სიარული, ფრთხილობ კიდეც, მაგრამ მაინც არაფრისგან ხარ დაზღვეული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში . . . და არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

ზოგჯერ მოზარდებზე სრულიად უცხო ადამიანები ძალადობენ, როგორც ეს ანეტის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება ისეც, რომ მოძალადეები ახლობლები ან ოჯახის წევრებიც კი არიან. ნატალი, სულ რაღაც, ათი წლის იყო, როცა მეზობელმა ბიჭმა გააუპატიურა. ის გვიზიარებს: „ისეთი შეშინებული და შერცხვენილი ვიყავი, რომ თავიდან გამიჭირდა ამის ვინმესთვის გამხელა“.

 შენ არა ხარ დამნაშავე!

ანეტს მომხდარის გამო დღემდე აწუხებს დანაშაულის გრძნობა. იგი ამბობს: „სულ თვალწინ მიდგას ის საღამო. უფრო მეტად უნდა შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ დანა რომ დამისვა, შიშისგან ძალა დავკარგე. ვიცი, რომ შეიძლება ვერაფერს გავმხდარიყავი, მაგრამ მაინც მოსვენებას მიკარგავს იმაზე ფიქრი, რომ უფრო მეტი რამ არ ვიღონე“.

დანაშაულის გრძნობა ნატალისაც ტანჯავს, რომელიც მეზობელმა გააუპატიურა. „ასე გულუბრყვილოდ არ უნდა მოვქცეულიყავი, — ამბობს ის. — მშობლები მე და ჩემს დას გვაფრთხილებდნენ, რომ როცა გარეთ სათამაშოდ გავიდოდით, ყოველთვის ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ ყურად არ ვიღე მათი გაფრთხილება და ძვირადაც დამიჯდა. მარტო რომ არ ვყოფილიყავი, ასეთი საშინელება არ დამემართებოდა. მშობლებმა განიცადეს ჩემი ამბავი. მათ ძალიან დიდი ტკივილი მივაყენე, რაშიც საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ყველაზე მეტად ამას ვერ ვპატიობ ჩემს თავს“.

რა უნდა იღონო, თუ ანეტისა და ნატალის მსგავსად, შენც გაწუხებს დანაშაულის გრძნობა? პირველ რიგში, გახსოვდეს, რომ შენ მსხვერპლი ხარ და ეს შენი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. ზოგი ამართლებს მოძალადის საქციელს და ამბობს: „ბიჭები არიან და რას იზამ?! გოგოები თვითონ იწვევენ მათ ამისკენ“. მაგრამ ასეთ სასტიკ მოპყრობას არავინ იმსახურებს! თავს ნუ დაიდანაშაულებ მომხდარში — შენ უბრალოდ სასტიკი მოძალადის სამიზნე აღმოჩნდი!

შეიძლება იფიქრო, რომ ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ ამაში საკუთარი თავის დარწმუნება გაცილებით რთულია. ზოგი მომხდარის შესახებ არავის უმხელს და დარდს გულში იკლავს. მათ მოსვენებას უკარგავს დანაშაულის გრძნობა და მუდამ უარყოფითი ემოციები ეძალებათ. მაგრამ სინამდვილეში დუმილი მოძალადის წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებ ქვემოთ მოცემულ რჩევას.

გაანდე ვინმეს

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როდესაც მართალი კაცი, იობი უკიდურესად იტანჯებოდა, ასეთი სიტყვები აღმოხდა: „სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 10:1). თუ სანდო ადამიანს მომხდარს გაანდობ, გულზე მოგეშვება და გათავისუფლდები უარყოფითი ემოციებისგან.

მარტოს შეიძლება გაგიჭირდეს უარყოფით გრძნობებთან გამკლავება, ამიტომ კარგია, თუ ამის შესახებ სანდო ადამიანს დაელაპარაკები

ანეტმა ეს თავის თავზე გამოსცადა. ის გვიზიარებს: „ახლო მეგობარს გავუმხილე, რაც მოხდა. მან მირჩია, ჩემი კრების უხუცესებს დავლაპარაკებოდი. კიდევ კარგი, დავუჯერე. მათთან რამდენჯერმე მომიწია საუბარი და ყოველ ჯერზე ზუსტად იმას მეუბნებოდნენ, რისი მოსმენაც იმ წუთებში ჰაერივით მჭირდებოდა. ისინი მარწმუნებდნენ, რომ რაც მოხდა, ჩემი ბრალი არ იყო და არ ღირდა ამაში საკუთარი თავის დადანაშაულება“.

ნატალი მშობლებს მომხდარის შესახებ მოუყვა. ის ამბობს: „მშობლები გვერდში დამიდგნენ. მათ მითხრეს, რომ როცა კი მოვისურვებდი, თავისუფლად შემეძლო მათთან საუბარი. ეს დამეხმარა, არ გავბოროტებულიყავი და სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილიყავი“.

ნატალის ლოცვაც დაეხმარა. „როცა ლოცვაში ღმერთს გულს ვუღვრიდი, დიდ შვებას ვგრძნობდი, — ამბობს ის. — განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ რამეს ვეუბნებოდი, რასაც სხვას ვერასდროს ვეტყოდი. შემიძლია ღმერთს ნებისმიერ რამეზე თავისუფლად ველაპარაკო. როდესაც ვლოცულობ, ვწყნარდები და საოცარი სიმშვიდე მეუფლება“.

შეიძლება იმ აზრმაც დაგამშვიდოს, რომ მალე დადგება „განკურნების დრო“ (ეკლესიასტე 3:3). მანამდე კი შეეცადე, იზრუნო შენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. საკმარისად დაისვენე. რაც ყველაზე მთავარია, შენი ტვირთი იეჰოვა ღმერთს, ყოველგვარი ნუგეშის მამას, მიანდე (2 კორინთელები 1:3, 4).

 თუ შეყვარებული გყავს

თუ შეყვარებული უწმინდური საქციელისკენ გიბიძგებს, კარგი იქნება, თუ გადაჭრით ეტყვი: „ხელი გამიშვი, არ მომეკარო!“ ან „არაფერი გაბედო!“. ამისგან თავს ნუ შეიკავებ იმის შიშით, რომ მას დაკარგავ. და თუ ეს ასე მოხდება, ესე იგი, ის შენი ღირსი არ ყოფილა! შენ ისეთ ადამიანს იმსახურებ, ვინც დააფასებს შენს პატიოსნებას და გაიზიარებს შენს ფასეულობებს.

ტესტი

„მაღალ კლასებში ბიჭები უკნიდან ლიფის ზონარებს მქაჩავდნენ და უხამს რეპლიკებს მესროდნენ. მაგალითად, მეუბნებოდნენ, რამხელა სიამოვნებას მივიღებდი, თუ ერთხელ მაინც მექნებოდა მათთან სექსი“ (კორეტა).

შენი აზრით, ეს ბიჭები მას . . .

  1. 1. ეხუმრებოდნენ?

  2. 2. ეარშიყებოდნენ?

  3. 3. სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ?

„ერთმა ბიჭმა ავტობუსში ვულგარული სიტყვებით მომმართა და ხელების ფათური დამიწყო. ხელი გავაწევინე და ვუთხარი, მომშორდი-მეთქი. ისე გაკვირვებულმა შემომხედა, რომ აშკარად არანორმალურად ჩამთვალა“ (ქენდისი).

შენი აზრით, ეს ბიჭი მას . . .

  1. 1. ეხუმრებოდა?

  2. 2. ეარშიყებოდა?

  3. 3. სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდა?

„შარშან ერთი ბიჭი გადამეკიდა; ის გამუდმებით მიმეორებდა, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდა, თუმცა ყოველთვის უარით ვისტუმრებდი. ზოგჯერ უხერხულად მეხებოდა. ვცდილობდი, თავიდან მომეშორებინა, მაგრამ თავისას არ იშლიდა. ერთხელ, როცა ფეხსაცმლის თასმას ვიკრავდი, საჯდომზე წამომარტყა ხელი“ (ბეთანი).

შენი აზრით, ეს ბიჭი მას . . .

  1. 1. ეხუმრებოდა?

  2. 2. ეარშიყებოდა?

  3. 3. სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდა?

სამივე შემთხვევაში სწორი პასუხი მესამე ვარიანტია.

რა განსხვავებაა სექსუალურ შეურაცხყოფასა და უბრალოდ ხუმრობასა და არშიყს შორის?

სექსუალური შეურაცხყოფის დროს ერთი მხარე ყოველთვის დამცირებულად გრძნობს თავს. შეურაცხმყოფელი მაშინაც არ იშლის თავისას, როცა მეორე მხარე წინააღმდეგობას უწევს.

სექსუალურ შეურაცხყოფაზე თვალის დახუჭვა არ ღირს, რადგან ეს შეიძლება ერთ დღესაც სექსუალურ ძალადობაში გადაიზარდოს.

გაიგეთ მეტი

როგორ გავუმკლავდე სექსუალურ შეურაცხყოფას?

გაიგე, რა არის სექსუალური შეურაცხყოფა და რა უნდა გააკეთო, თუ მისი მსხვერპლი გახდი.