წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე

 კითხვა 1

კარგად ვიცნობ საკუთარ თავს?

კარგად ვიცნობ საკუთარ თავს?

რატომ ღირს დაფიქრება

თუ კარგად იცნობ საკუთარ თავს და იცი, რა გინდა ცხოვრებაში, ადვილად არ გაივლი სხვის ჭკუაზე და არც გონივრული გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდება.

როგორ მოიქცეოდი?

წარმოიდგინე, ერთი გოგონა, პირობითად ლიზი, მეგობრებმა თავისთან მიიწვიეს. ის ათი წუთის მისულიც არაა, რომ უცებ ნაცნობი ხმა ესმის.

„რას ჩამომდგარხარ?!“.

ლიზის თავისი მეგობარი, მარი სასმლით ხელში უახლოვდება და ეუბნება: „ბავშვი ხომ აღარ ხარ, ცოტა გაერთე, რა?!“.

ლიზის არ უნდა, მეგობარს აწყენინოს და მის თვალში გოიმი გამოჩნდეს. ის თავისთვის ფიქრობს: „მარი ცუდი გოგო არაა და თუ ის სვამს, ესე იგი, ამაში საგანგაშო არაფერია. ბოლოს და ბოლოს ნარკოტიკი ხომ არ არის, უბრალოდ სასმელია!“.

ლიზის ადგილას რომ ყოფილიყავი, როგორ მოიქცეოდი?

შეჩერდი და დაფიქრდი!

მსგავს სიტუაციებში გონივრულ გადაწყვეტილებებს იმ შემთხვევაში მიიღებ, თუ არ დაკარგავ საკუთარ მეობას. ეს კი თავის თავში მოიაზრებს, იცოდე, ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებაში. თუ ეს კარგად გექნება გააზრებული, მაშინ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად იქნები და სხვები ვერ გიკარნახებენ, როგორ მოიქცე (1 კორინთელები 9:26, 27).

რა შეგიძლია გააკეთო, რომ შეინარჩუნო პიროვნული სიმტკიცე და არ დაკარგო მეობა? ამაში შემდეგ კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარება.

 1 რაში ვარ ძლიერი?

თუ საკუთარ თავში აღმოაჩენ ძლიერ მხარეებს, დადებით თვისებებს და ამა თუ იმ უნარს, ეს თავდაჯერებულობას შეგმატებს.

ბიბლიური მაგალითი: მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუ სიტყვაში გაუწაფავი ვარ, ცოდნაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი“ (2 კორინთელები 11:6). წმინდა წერილების სიღრმისეული ცოდნა პავლეს ეხმარებოდა, არ დათრგუნულიყო, როცა სხვები მის შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებდნენ. ის სხვების კრიტიკის გამო საკუთარი თავისადმი რწმენას არასდროს კარგავდა (2 კორინთელები 10:10; 11:5).

თვითანალიზი: ჩამოწერე, რისი ნიჭი ან უნარი გაქვს.

ახლა აღნიშნე, რა დადებითი თვისებები გაქვს (მაგალითად, ხარ თუ არა მზრუნველი, ხელგაშლილი, სანდო, პუნქტუალური):

2 რაში მოვიკოჭლებ?

ჯაჭვში ერთი რგოლიც რომ სუსტი იყოს, ის ადვილად გაწყდება. თუ მხოლოდ შენს უარყოფით მხარეებზე იფიქრებ, თავს არასრულფასოვნად იგრძნობ.

ბიბლიური მაგალითი: პავლემ კარგად იცოდა, რა სისუსტეები ჰქონდა. მან თქვა: „შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და . . . ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“ (რომაელები 7:22, 23).

თვითანალიზი: რაში გინდა, გაუმჯობესდე.

 3 რა მიზნები მაქვს?

ჩაჯდებოდი ტაქსიში და ეტყოდი მძღოლს, ერთი და იმავე უბნისთვის მანამდე ერტყა წრე, სანამ საწვავი არ გამოელეოდა? ალბათ, არა, რადგან ეს უაზრობა იქნებოდა და ძვირიც დაგიჯდებოდა!

მიზნების დასახვა დაგეხმარება, აზრიანად იცხოვრო და ერთი ადგილი არ ტკეპნო. თუ ზუსტად იცი, სად მიდიხარ, უგზო-უკვლოდ კი არ ივლი, არამედ ადვილად გაიკვლევ გზას.

ბიბლიური მაგალითი: პავლემ დაწერა: „უმიზნოდ არ გავრბივარ“ (1 კორინთელები 9:26). ნაცვლად იმისა, რომ დინებას მიჰყოლოდა, პავლე მიზნებს ისახავდა და მათ მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებდა (ფილიპელები 3:12—14).

თვითანალიზი: ჩამოწერე სამი მიზანი, რის მიღწევასაც მომდევნო წელს გეგმავ.

4 რა ფასეულობები მაქვს?

თუ პიროვნულად ძლიერი ხარ, მყარად ფესვგადგმული ხესავით გაუძლებ ამოვარდნილ ქარიშხალს

თვითრწმენის გარეშე ვერ იქნები შინაგანად ძლიერი, ვერც სიმტკიცეს გამოიჩენ და თანატოლებსაც ადვილად აჰყვები. ეს კი იმაზე იმეტყველებს, რომ შეუმდგარი ადამიანი ხარ და არ გაგაჩნია საკუთარი მეობა.

ამის საპირისპიროდ, როცა დარწმუნებული ხარ საკუთარი შეხედულებების სისწორეში, სხვები ვერასდროს მოგაქცევენ თავიანთ გავლენაში.

ბიბლიური მაგალითი: წინასწარმეტყველი დანიელი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა „გულში გადაწყვიტა“, რომ ღვთის კანონებს უერთგულებდა; იგი ამას მაშინაც აკეთებდა, როცა ოჯახისგან მოწყვეტილი იყო (დანიელი 1:8). ამგვარად დანიელი დარწმუნებული იყო თავისი გადაწყვეტილების სისწორეში და ყოველთვის ამ გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებდა.

თვითანალიზი: შენ რა შეხედულებები და ფასეულობები გაქვს? გწამს ღმერთი? თუ ასეა, რატომ? რამ დაგარწმუნა მის არსებობაში?

გჯერა, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმები შენსავე კეთილდღეობას ემსახურება? თუ ასეა, შეგიძლია ახსნა, რატომ?

და ბოლოს, როგორი გინდა, იყო — ჩამოვარდნილი ფოთოლივით, რომელსაც ოდნავი ნიავიც კი ჰაერში იტაცებს, თუ მყარად ფესვგადგმული ხესავით, რომელსაც ძლიერი ქარიშხალიც კი ვერაფერს აკლებს? თუ შეინარჩუნებ მეობას, საკუთარი თავის რწმენას და პიროვნულ სიმტკიცეს, ვერავინ გატარებს თავის ჭკუაზე და ვერ გიკარნახებს, როგორ იცხოვრო. ამ ყველაფერზე დაფიქრება დაგანახვებს, ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებაში.