წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ასწავლეთ შვილებს

 გაკვეთილი 5

სამუელი სწორად იქცეოდა ღვთის თვალში

სამუელი სწორად იქცეოდა ღვთის თვალში

სამუელი პატარაობიდანვე ცხოვრობდა და მსახურობდა კარავში — იქ, სადაც ხალხი იეჰოვას სცემდა თაყვანს. იცი, როგორ აღმოჩნდა ის კარავში? სანამ ამას გავიგებთ, მოდი ჯერ სამუელის დედაზე, ხანაზე ვისაუბროთ.

ხანა დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა ბავშვზე, მაგრამ ის უშვილო იყო. ხანა ამის შესახებ ღმერთს ხშირად სთხოვდა ლოცვაში. ის იეჰოვას დაჰპირდა, რომ თუ ვაჟი გაუჩნდებოდა, მას მიუძღვნიდა კარავში მსახურებისთვის. იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას და მას ვაჟი შეეძინა. ხანამ ბავშვს სამუელი დაარქვა. სამუელი სამი-ოთხი წლის იყო, როდესაც ხანამ თავისი დაპირებისამებრ კარავში მიიყვანა.

ელი თავის ორ ვაჟთან ერთად კარავში მსახურობდა. ის მღვდელმთავარი იყო. ალბათ გახსოვს, რომ კარავი ღვთის თაყვანისცემის ადგილი იყო და ამ ადგილას ხალხი კარგად უნდა მოქცეულიყო. მაგრამ ელის შვილები ბევრ ცუდ რამეს აკეთებდნენ. სამუელი ხედავდა, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი. აჰყვა მათ სამუელი ცუდ საქციელში? ~ არა, ის კვლავაც კარგად იქცეოდა — ისე, როგორც მშობლებმა ასწავლეს.

როგორ უნდა მოქცეულიყო ელი? ~ მას უნდა დაესაჯა თავისი შვილები და აღარ მიეცა მათთვის ღვთის სახლში მსახურების უფლება. მაგრამ ელი ასე არ მოიქცა, ამიტომ იეჰოვა მასზეც გაბრაზდა და მის ვაჟებზეც. იეჰოვამ გადაწყვიტა, დაესაჯა ისინი.

სამუელმა ელის იეჰოვას სიტყვები გადასცა

ერთხელ, როდესაც სამუელს ეძინა, მას ვიღაცის ხმა შემოესმა: „სამუელ!“ ის ელისთან გაიქცა, თუმცა ელიმ უთხრა, რომ მას არ დაუძახია. ეს კიდევ ორჯერ განმეორდა. მესამე ჯერზე, ელიმ სამუელს უთხრა, რომ თუ კიდევ გაიგებდა ხმას, შემდეგი სიტყვები ეთქვა: „მითხარი, იეჰოვა, გისმენს შენი მსახური“. სამუელი ზუსტად ასე მოიქცა და იეჰოვაც დაელაპარაკა მას. მან უთხრა სამუელს, რომ ცუდი საქციელისთვის ელისა და მის ოჯახს დასჯიდა. როგორ ფიქრობ, ადვილი იქნებოდა სამუელისთვის, მისულიყო ელისთან და ეს სიტყვები ეთქვა? ~ არა, არ იქნებოდა.  მაგრამ, მიუხედავად შიშისა, სამუელი ისე მოიქცა, როგორც იეჰოვამ უთხრა მას. იეჰოვას ნათქვამი შესრულდა — ელის ორი ვაჟი ომში დაიღუპა და ელიც მალევე მოკვდა.

სამუელი ჩვენთვის კარგი მაგალითია. ის სწორად იქცეოდა მაშინაც კი, როცა სხვები ბოროტებას სჩადიოდნენ. შენ რას გააკეთებ? მიჰბაძავ სამუელს და მოიქცევი კვლავაც სწორად? თუ სწორად მოიქცევი, იეჰოვასაც გაახარებ და მშობლებსაც.

წაიკითხე შენს ბიბლიაში