წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2015

 მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება!

დახმარება ბიბლიის გასაგებად

დახმარება ბიბლიის გასაგებად

წარმოიდგინეთ, რომ პირველად ეწვიეთ უცხო ქვეყანას და თქვენთვის სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდით, სადაც ყველაფერი — ხალხი, მათი წეს-ჩვეულებები, საკვები თუ ფულის ერთეული — უცხო და უჩვეულოა. ამდენმა სიახლემ შეიძლება ცოტა არ იყოს უხერხულობა და დისკომფორტი შეგიქმნათ.

ბიბლიის პირველად წაკითხვისას შესაძლოა, სწორედ ასეთი გრძნობები დაგეუფლოთ. შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიის კითხვისას წარსულში მოგზაურობთ, დროში, სადაც ყველა და ყველაფერი თქვენთვის სრულიად უცხოა. ბიბლიის ფურცლებზე შეხვდებით ფილისტიმელების სახელით ცნობილ ხალხს; უცნაურ წეს-ჩვეულებებს, მაგალითად ისეთს, როგორიც ტანსაცმლის შემოხევა იყო; უჩვეულო საკვებს, რომელსაც მანანას ეძახდნენ და ფულის ერთეულს — დრაქმას (გამოსვლა 16:31; იესო ნავეს ძე 13:2; 2 სამუელი 3:31; ლუკა 15:9). თავიდან ეს ყველაფერი შეიძლება უცნაურად და გაუგებრად მოგეჩვენოთ. მაგრამ როგორც უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ისე ბიბლიის კითხვის დროსაც, ალბათ, ძალიან დააფასებდით, თუ ვინმე დახმარების ხელს გამოგიწვდიდათ და ყველაფერს აგიხსნიდათ.

ბიბლიის გასაგებად გაწეული დახმარება წარსულში

იმ დროიდან მოყოლებული, რაც ძვ. წ. მე-16 საუკუნეში წმინდა წერილების პირველი სიტყვები დაიწერა, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სხვებს ღვთის სიტყვის გაგებაში ეხმარებოდნენ. მაგალითად, ისრაელი ერის პირველი წინამძღოლი, მოსე, ხალხს კანონში ჩაწერილ სიტყვებს უხსნიდა (კანონი 1:5).

წმინდა წერილების დახელოვნებული მასწავლებლების გარეშე ხალხი არც ათი საუკუნის შემდეგ დარჩენილა. ძვ. წ. 455 წელს იერუსალიმის მოედანზე უამრავ ადამიანს, დიდსა თუ პატარას, მოეყარა თავი. ბიბლიის მასწავლებლები „ხმამაღლა კითხულობდნენ [წმინდა] წიგნს“ და უფრო მეტიც, „ხალხს წაკითხულის გაგებაში ეხმარებოდნენ“ (ნეემია 8:1—8).

ამ მოვლენიდან ხუთი საუკუნის შემდეგ იესო ქრისტეც მსგავს საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც ხალხი მას მოძღვარს უწოდებდა (იოანე 13:13). იესო ხალხს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად ასწავლიდა. მაგალითად, ერთხელ მისი ცნობილი ქადაგება, რომელიც მთაზე წარმოთქვა, უამრავმა ადამიანმა მოისმინა და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ (მათე 5:1, 2; 7:28). ახ. წ. 33 წლის გაზაფხულის ერთ დღეს იესო იერუსალიმთან ახლოს მდებარე სოფლისკენ მიმავალ ორ მოწაფეს დაემგზავრა და „განუმარტავდა მათ წმინდა წერილებში . . . დაწერილს“ (ლუკა 24:13—15, 27, 32).

ღვთის სიტყვას იესოს მოწაფეებიც ასწავლიდნენ. ერთხელ ეთიოპ დიდებულს, რომელიც წმინდა წერილების ერთ მონაკვეთს კითხულობდა, მოწაფე ფილიპე მიუახლოვდა და ჰკითხა: «„გესმის, რასაც კითხულობ?“ მან მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ მასწავლა?“». ამის შემდეგ ფილიპემ მას ის ბიბლიური მონაკვეთი განუმარტა, რომელსაც კითხულობდა (საქმეები 8:27—35).

ბიბლიის გასაგებად გაწეული დახმარება დღეს

წარსულში მცხოვრები ბიბლიის მასწავლებლების მსგავსად, დღეს იეჰოვას მოწმეები 239 ქვეყანაში ჩაბმულნი არიან ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში (მათე 28:19, 20). ყოველკვირეულად ისინი ცხრა მილიონზე მეტ ადამიანს ეხმარებიან ბიბლიის გაგებაში. შემსწავლელთაგან ბევრი მანამდე არც ერთ ქრისტიანულ რელიგიას არ მიეკუთვნებოდა. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა უფასოა; ის შეიძლება ჩატარდეს როგორც შემსწავლელის სახლში, ისე სხვა ხელსაყრელ ადგილას. ზოგი ბიბლიას მოწმეებთან ტელეფონის ან ინტერნეტის მეშვეობით სწავლობს.

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს, რათა უფრო დაწვრილებით გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ ამ ღონისძიებით სარგებლობა. ბიბლიის შესწავლისას აღმოაჩენთ, რომ ეს წიგნი რთული და გაუგებარი კი არა, სინამდვილეში, „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“, რათა იყოთ „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული . . . ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

 

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?

როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესწავლებს უფასოდ ატარებენ. გაიგეთ, როგორ ხდება ეს.

ბიბლიის შესწავლა ყველასთვის

მიიღეთ პასუხები ბიბლიის შესწავლასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ რვა კითხვაზე.