წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2015

თვალთმაქცობა მოეღება ოდესმე ბოლო?

თვალთმაქცობა მოეღება ოდესმე ბოლო?

პანაიოტა ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გაიზარდა. მოზარდობისას მას პოლიტიკისადმი ძლიერი ინტერესი გაუჩნდა. მოგვიანებით ის თავის სოფელში ერთი პოლიტიკური პარტიის მდივანი გახდა. პარტიისთვის პოპულარიზაცია რომ გაეწია და თანხები მოეზიდა, ის ხალხს სახლშიც კი აკითხავდა. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ პანაიოტას გული გაუტყდა, რადგან შენიშნა, რომ თანაპარტიელებს შორის, რომლებიც ერთმანეთს თანამებრძოლებს უწოდებდნენ, ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს, პატივმოყვარეობას, უთანხმოებასა და შურს.

დანიელი ირლანდიაში ღრმადმორწმუნე ოჯახში აღიზარდა. სამწუხაროდ, მას დღემდე არ ამოსდის გონებიდან მღვდლების თვალთმაქცობა, რომლებიც გადამეტებულად სვამდნენ, აზარტულ თამაშებს თამაშობდნენ და ეკლესიისთვის შეწირულ თანხას იპარავდნენ. არადა, დანიელს ურცხვად ასწავლიდნენ, რომ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯებოდა.

ჯეფრი დიდი ხნის მანძილზე მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა საერთაშორისო გემთმფლობელ კომპანიაში, რომელსაც ფილიალები დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ჰქონდა. ის იხსენებს, თუ როგორ თაღლითობდნენ კლიენტები და კონკურენტი კომპანიები მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს. ისინი ყველანაირ ტყუილზე მიდიოდნენ, ოღონდ კი კონტრაქტი გაეფორმებინათ.

საუბედუროდ, ზემოხსენებული შემთხვევები თვალთმაქცობის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. დღეს თვალთმაქცობას ყველგან ვხვდებით, იქნება ეს პოლიტიკა, რელიგია თუ კომერცია. თვალთმაქცად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა აღნიშნავს „მოპასუხეს“ ან „თეატრის მსახიობს“, რომელიც ხშირად ატარებს ნიღაბს. დროთა განმავლობაში ეს სიტყვა მატყუარასა და თვალთმაქცის სინონიმად იქცა და მიუთითებს ადამიანზე, რომელიც უსინდისოდ ატყუებს სხვებს და ეგოისტური მიზნების მისაღწევად უკან არაფერზე იხევს.

თვალთმაქცობის მსხვერპლთ ხშირად რისხვა, ბრაზი და გულისწყრომა იპყრობთ. მათ შეიძლება იკითხონ: „მოეღება ოდესმე ბოლო თვალთმაქცობას?“. საბედნიეროდ, ბიბლია ამ კითხვაზე დამაიმედებელ პასუხს გვცემს.

როგორ უყურებენ ღმერთი და მისი ძე თვალთმაქცობას

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ თავდაპირველად თვალთმაქცურად ადამიანი კი არა, უხილავი სულიერი ქმნილება მოიქცა. კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე სატანა ეშმაკმა ნიღბად გველი გამოიყენა და საკუთარი თავი კეთილმოსურნედ წარმოაჩინა, რათა პირველი ქალი, ევა, შეეცდინა (დაბადება 3:1—5). მას შემდეგ მრავალი ადამიანი მის მსგავსად, საკუთარი მიზნების მისაღწევად და სხვების შეცდომაში შესაყვანად თავს იმად წარმოაჩენს, რაც სინამდვილეში არ არის.

 როდესაც ძველი ისრაელი ცრუ თაყვანისმცემლობისა და რელიგიური თვალთმაქცობის მახეში ებმებოდა, ღმერთი გამუდმებით აფრთხილებდა, თუ რა სავალალო შედეგები მოჰყვებოდა მათ საქციელს. იეჰოვა ღმერთმა წინასწარმეტყველ ესაიას პირით ისრაელ ერზე თქვა: „ეს ხალხი მიახლოვდება თავისი პირით და მხოლოდ ბაგეებით მადიდებს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან“ (ესაია 29:13). როდესაც ისრაელები თავიანთ საქციელს არ ინანიებდნენ, ღმერთი სხვა ერებს მათი თაყვანისმცემლობის ცენტრის — იერუსალიმისა და ტაძრის — განადგურების ნებას რთავდა. ასე მოხდა ძვ. წ. 607 წელს, როცა ბაბილონელებმა პირველად გაანადგურეს ქალაქი, და ახ. წ. 70 წელს, როცა ის რომის ჯარმა საბოლოოდ გაასწორა მიწასთან. ცხადზე ცხადია, რომ ღმერთი მარადიულად არ იწყნარებს თვალთმაქცობას!

მეორე მხრივ, ღმერთი და მისი ძე, იესო, ძალიან აფასებენ გულწრფელ და პატიოსან ადამიანებს. მაგალითად, დედამიწაზე მსახურების დასაწყისში, როდესაც იესომ თავისკენ მიმავალი ნათანაელი დაინახა, თქვა: „აი ნამდვილი ისრაელი, რომელშიც არ არის ცბიერება“ (იოანე 1:47). ნათანაელი, რომელსაც ბართლომედაც იცნობდნენ, იესოს 12 მოციქულიდან ერთ-ერთი გახდა (ლუკა 6:13—16).

იესო დროს უთმობდა მოწაფეებს და ღვთის თვალსაზრისის განვითარებაში ეხმარებოდა. ის ასწავლიდა, რომ მათ შორის ადგილი არ ჰქონოდა თვალთმაქცობას. იგი მკაცრად განსჯიდა იმდროინდელი რელიგიური ლიდერების თვალთმაქცურ საქციელს. აი, რას ვიგებთ ბიბლიიდან მათ შესახებ:

ისინი „სიმართლეს“ ადამიანთა დასანახავად იქმოდნენ. იესომ მსმენელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახავად . . . როგორც თვალთმაქცები აკეთებენ“. ის მათ მოუწოდებდა, რომ მოწყალება დაფარულად გაეცათ, ანუ არ გაეხმაურებინათ. აგრეთვე ასწავლიდა, რომ არ ელოცათ სხვების დასანახავად. თუ ასე მოიქცეოდნენ, მათი თაყვანისცემა გულწრფელი და მისაღები იქნებოდა ღვთისთვის (მათე 6:1—6).

ისინი კრიტიკულები იყვნენ სხვების მიმართ. იესომ თქვა: „თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი“ (მათე 7:5). მაშინ, როცა ადამიანი სხვის შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას და უგულებელყოფს უფრო დიდ შეცდომებს, რომლებსაც თავად სჩადის, საკუთარ თავს იმად წარმოაჩენს, რაც სინამდვილეში არ არის. ფაქტი კი ერთია: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23).

მათ არასწორი მოტივები ამოძრავებდათ. ერთხელ ფარისევლების მოწაფეები და ჰეროდეს მომხრეები იესოსთან მივიდნენ და გადასახადებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. მათ პირფერულად უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას“. შემდეგ კი ცბიერული კითხვით მის სიტყვაში გამოჭერას შეეცადნენ: „ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის?“. იესომ მიუგო: „რატომ მცდით, თვალთმაქცებო?“. იესომ მართებულად უწოდა მათ თვალთმაქცები, რადგან სინამდვილეში პასუხის მიღება კი არ სურდათ, არამედ მისი სიტყვაში გამოჭერა (მათე 22:15—22).

ჭეშმარიტი ქრისტიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულს „სუფთა გულით, სუფთა სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით“ ავლენენ (1 ტიმოთე 1:5)

როდესაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა, იქ ჭეშმარიტება და პატიოსნება ყვაოდა. ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველანაირად ცდილობდნენ, საკუთარ თავში აღმოეფხვრათ თვალთმაქცობისკენ მიდრეკილება. მაგალითად, პეტრე, რომელიც იესოს 12 მოციქულს შორის იყო, თანაქრისტიანებს მოუწოდებდა, ყოფილიყვნენ ჭეშმარიტებისადმი მორჩილები და გამოევლინათ უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა (1 პეტრე 1:22). მოციქული პავლე კი თავის თანამსახურებს ახალისებდა, ჰყვარებოდათ ერთმანეთი „სუფთა გულით, სუფთა სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით“ (1 ტიმოთე 1:5).

ღვთის სიტყვის ძალა

ბიბლიაში ჩაწერილი იესოსა და მისი მოციქულების სწავლებები დღესაც ისეთივე ძლიერია, როგორც პირველ საუკუნეში. ამასთან დაკავშირებით მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელები 4:12). ბიბლიის შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება მრავალს დაეხმარა, მოეშორებინა თვალთმაქცობა და გამხდარიყო  გულწრფელი და პატიოსანი ადამიანი. განვიხილოთ ზემოხსენებული ადამიანების შემთხვევა.

„მათში ნამდვილი სიყვარული და სხვებისადმი გულწრფელი ინტერესი შევნიშნე“ (პანაიოტა)

პანაიოტას ცხოვრებაში ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში კრების შეხვედრას დაესწრო. მან დაინახა, რომ იქ შეკრებილები სამართლიანად სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ იქცეოდნენ. ის ამბობს: „მათში ნამდვილი სიყვარული და სხვებისადმი გულწრფელი ინტერესი შევნიშნე. ასეთი რამ ერთხელაც არ მიგრძნია იმ საზოგადოებაში, რომელშიც წლების განმავლობაში ვტრიალებდი“.

პანაიოტამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მალევე მოინათლა. მართალია, მან ეს ნაბიჯი 30 წლის წინ გადადგა, მაგრამ დღეს ის ასეთ რამეს ამბობს: „სიცოცხლის აზრი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციამ კი არ მაპოვნინა, არამედ სასიხარულო ცხობის ქადაგებამ ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც მალე მთელ მსოფლიოში სამართალს დაამყარებს“.

„არ შემეძლო, თანაქრისტიანებისთვის თავი იმად მომეჩვენებინა, რაც სინამდვილეში არ ვიყავი“ (დანიელი)

დანიელს, მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გახდა და სულიერად წინ წაიწია, ქრისტიანულ კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობები დაეკისრა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მან შეცდომა დაუშვა, რის გამოც სინდისი მოსვენებას არ აძლევდა. იგი იხსენებს: „ის თვალთმაქცობა რომ მახსენდებოდა, რასაც წლების განმავლობაში ეკლესიაში ვხედავდი, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად პასუხისმგებლობებზე უარის თქმა მიმაჩნდა. არ შემეძლო, თანაქრისტიანებისთვის თავი იმად მომეჩვენებინა, რაც სინამდვილეში არ ვიყავი“.

საბედნიეროდ, გარკვეული დროის შემდეგ, როცა დანიელმა ცვლილებები მოახდინა, სუფთა სინდისით შეძლო, კვლავ მიეღო პასუხისმგებლობები კრებაში. მსგავსი გულწრფელობა ახასიათებთ მათ, ვინც ღმერთს უთვალთმაქცოდ ემსახურება. მათ ისწავლეს, რომ „ჯერ საკუთარი თვალიდან [ამოიღონ] მორი“ და შემდეგ შესთავაზონ სხვას „ბალახის ღერის“ ამოღება.

„აღარ უნდა ვყოფილიყავი გაქნილი და ენაგაქლესილი მენეჯერი. ბიბლიამ ჩემს სინდისზე ძლიერ იმოქმედა“ (ჯეფრი)

ჯეფრი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ბიზნესში ტრიალებდა, აღნიშნავს: «რაც უფრო მეტ ბიბლიურ ცოდნას ვიძენდი, მით უფრო ვხვდებოდი, რომ აღარ უნდა ვყოფილიყავი გაქნილი და ენაგაქლესილი მენეჯერი, რომელიც კონტრაქტის გასაფორმებლად ყველანაირ ტყუილზე იყო წამსვლელი. ჩემს სინდისზე ძლიერ იმოქმედა იგავების 11:1-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „მატყუარა პინები სისაძაგლეა იეჰოვასთვის“». მართლაც, იმ თვალთმაქცი ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც იესოს სიტყვაში გამოჭერას ცდილობდნენ, ჯეფრიმ ისწავლა, რომ თანაქრისტიანებთან თუ სხვებთან საქმიანი ურთიერთობისას არ ჰქონოდა ფარული აღძვრები.

მთელ მსოფლიოში მილიონობით იეჰოვას მოწმე ცდილობს, რომ ბიბლიიდან ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოს. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შეიმოსონ „ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფესოელები 4:24). გიწვევთ, გაიგოთ, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები, რა სწამთ მათ და როგორ შეუძლიათ, დაგეხმარონ ღვთის დანაპირების გაგებაში, რომელიც მომავალ ახალ ქვეყნიერებას ეხება. ქვეყნიერებას, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“, და სადაც ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება თვალთმაქცობა (2 პეტრე 3:13).

გაიგეთ მეტი

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? რა იცით სინამდვილეში მათ შესახებ?

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.