წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2015

 მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება!

წიგნი, რომლის გაგებაც შესაძლებელია!

წიგნი, რომლის გაგებაც შესაძლებელია!

სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბიბლია ძველთაძველი წიგნია. მაგრამ საინტერესოა, რამდენ საუკუნეს ითვლის მისი არსებობა? ბიბლიის წერა ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 3 500 წლის წინათ დაიწყო. თვალსაჩინოებისთვის, ეს ის პერიოდია, როდესაც ჩინეთში ძლევამოსილ შანის იმპერიას ეყრება საფუძველი, ხოლო ინდოეთში ბუდიზმი ამ მოვლენიდან მხოლოდ ათი საუკუნის შემდეგ იკიდებს ფეხს. იხილეთ ჩარჩო „ ზოგადი ცნობები ბიბლიის შესახებ“.

ბიბლია პასუხს გვცემს უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ კითხვებზე

წიგნმა რომ თავის მიზანს მიაღწიოს და ადამიანს რამეში წაადგეს, მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს და აქტუალურ თემას ეხებოდეს. ბიბლია ზუსტად ასეთი წიგნია. ის დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვთავაზობს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე.

მაგალითად, გიფიქრიათ, რისთვის გავჩნდით ამქვეყნად? ეს შეკითხვა ათასობით წელია საგონებელში აგდებს ადამიანს. არადა პასუხის პოვნა ბიბლიის პირველივე წიგნის, „დაბადების“, პირველ ორ თავშია შესაძლებელი. ბიბლიის ეს მონაკვეთი მილიარდობით წლის წინანდელ პროცესებს აღგვიწერს, როდესაც მატერიალურ სამყაროს, მათ შორის გალაქტიკებს, ვარსკვლავებსა და დედამიწას მიეცა დასაბამი (დაბადება 1:1). შემდეგ კი აღწერილია, როგორ მომზადდა ეტაპობრივად დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად, როგორ გაჩნდა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა და როგორ მოევლინენ ადამიანები ქვეყანას, აქვე ვიგებთ მათი შექმნის მიზანსაც.

გასაგებ ენაზე დაწერილი

ბიბლია ყოველდღიურ პრობლემებთან გასამკლავებლად პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს, რომელთა გაგებაც ნამდვილად არ არის რთული. ამას კი ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს.

პირველი, ბიბლია ადვილად გასაგები, არაორაზროვანი და სასიამოვნო ენითაა დაწერილი. ეს წიგნი არც განყენებულ ფრაზებს იყენებს და არც მისტიკურს; ის კონკრეტული და გულში ჩამწვდომი ენით საუბრობს. რთული აზრებიც კი ისეთი მარტივი სიტყვებით არის გადმოცემული, როგორსაც ყოველდღიურ საუბარში ვიყენებთ.

მაგალითად, ადამიანების გულს რომ შეხებოდა და მათთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლებინა, იესოს უბრალო მაგალითები მოჰყავდა ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამ მაგალითების უმეტესობა ბიბლიაში მათეს სახარების 5—7 თავებშია ჩაწერილი. სახარების ეს მონაკვეთი „მთაზე ქადაგების“ სახელითაა ცნობილი. ბიბლიის ერთმა კომენტატორმა მთაზე ქადაგებას „პრაქტიკული მსჯელობა“ უწოდა და დასძინა: „ამ ქადაგების მიზანი ის კი არაა, რომ რაღაც იდეებით გამოგვიჭედოს თავი, არამედ,  მოგვცეს პრაქტიკული რჩევები, რაც ცხოვრების მოწესრიგებაში დაგვეხმარება“. ბიბლიის ამ მონაკვეთის წაკითხვა 15—20 წუთშია შესაძლებელი, თუმცა შეიძლება გაგაოცოთ იმის აღმოჩენამ, თუ რა მარტივი და, ამავდროულად, ძლიერმოქმედი სიტყვებით საუბრობს იესო.

მეორე, ბიბლიას ადვილად გასაგებს თავად მისი შინაარსი ხდის. ეს არ არის მითებისა და იგავ-არაკების წიგნი. პირიქით, როგორც ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ განმარტავს, „უმეტესწილად ეს წიგნი მოგვითხრობს როგორც გამორჩეული, ისე უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე — მათ განსაცდელებზე, იმედებზე, წარუმატებლობებსა თუ გამარჯვებებზე“. მათ თავს გადამხდარი ამბები ჩვენთვის ადვილი წარმოსადგენი და გასაგებია. ისინი შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებას დავუკავშიროთ და მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლოთ (რომაელები 15:4).

ყველასთვის ხელმისაწვდომი

წიგნის წაკითხვა და მისი გაგება რომ შეძლოთ, ის იმ ენაზე უნდა იყოს დაწერილი, რომელზეც თქვენ საუბრობთ. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ და რომელი ეროვნების წარმომადგენელიც არ უნდა ბრძანდებოდეთ, დიდი ალბათობით, ბიბლია თქვენს ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. დავფიქრდეთ, რამ გახადა ეს შესაძლებელი.

თარგმნა. ბიბლია ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ბუნებრივია, ამ ენებზე ბევრი ვერ შეძლებდა მის წაკითხვას. ბიბლიის ტექსტი სხვა ენებზეც რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, შეუპოვარმა მთარგმნელებმა თავდაუზოგავად იშრომეს. მათი მონდომებისა და ძალისხმევის წყალობით ეს წიგნი მთლიანად ან ნაწილობრივ დღეს თითქმის 2 700 ენაზეა ნათარგმნი, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს შეუძლია ბიბლიის რაღაც ნაწილის მაინც მშობლიურ ენაზე წაკითხვა.

გამოცემა. ბიბლიის დამწერები თავდაპირველად მას მალფუჭებად მასალაზე — ტყავსა და პაპირუსზე — წერდნენ. ბიბლიური ცნობა ბევრისთვის რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, გადამწერები ტექსტს ორიგინალიდან დიდი სიფრთხილითა და გულისყურით იწერდნენ და ამგვარად ამზადებდნენ წმინდა წერილების ასლებს. თუმცა ეს ასლები ძვირი ღირდა და მათზე ცოტას თუ მიუწვდებოდა ხელი. 550 წელზე მეტი ხნის წინ გუტენბერგის მიერ გამოგონილმა საბეჭდმა დაზგამ ბიბლიის გავრცელება ბევრად დააჩქარა. ერთი გამოთვლის თანახმად, დღეისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიბლიის ხუთ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გავრცელებული.

ამ მხრივ ბიბლიას ვერც ერთი რელიგიური შინაარსის პუბლიკაცია ვერ უდებს ტოლს. მართალია, ბიბლია მარტივი ენით არის დაწერილი, მაგრამ მის გასაგებად შეიძლება დახმარება მაინც დაგჭირდეთ. თქვენ შეგიძლიათ ასეთი დახმარების მიღება. შემდეგი სტატიიდან გაიგებთ, როგორ არის ეს შესაძლებელი და რა სიკეთეს მოგიტანთ ბიბლიის შესწავლა.