წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ნოემბერი 2015

 მთავარი თემა | როგორ უყურებს ღმერთი ომს?

ღვთის შეხედულება ომზე პირველ საუკუნეში

ღვთის შეხედულება ომზე პირველ საუკუნეში

ხალხი კვლავაც იჩაგრებოდა. წინაპრების მსგავსად, ალბათ, პირველ საუკუნეში მცხოვრები ებრაელებიც გამუდმებით სთხოვდნენ ღმერთს ხსნას, ოღონდ ამჯერად რომის იმპერიის ბატონობისგან. ამ დროს იესოც გამოჩნდა. დაამტკიცებდა ის, რომ ნაწინასწარმეტყველები მესია იყო? ალბათ, ბევრი იმედოვნებდა, „რომ სწორედ ის დაიხსნიდა ისრაელს“ რომაელთა ჩაგვრისგან (ლუკა 24:21). მაგრამ ხსნა არა და არ მოდიოდა. მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. ბოლოს, ახ. წ. 70 წელს, რომის ჯარი იერუსალიმში შეიჭრა და ქალაქი და ტაძარი მიწასთან გაასწორა.

რატომ არ იბრძოლა ღმერთმა მათ დასაცავად, როგორც ამას წარსულში აკეთებდა? ან რატომ არ მისცა მითითება, თავად ებრძოლათ მჩაგვრელთა უღლის გადასაგდებად? ხომ არ შეიცვალა ღმერთმა ომთან დაკავშირებით შეხედულება? არა, მაგრამ მისი დამოკიდებულება ებრაელების მიმართ ნამდვილად შეიცვალა. მათ უარყვეს ღვთის ძე, იესო, როგორც მესია (საქმეები 2:36). ამიტომ, ისრაელმა, როგორც ერმა, დაკარგა ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა (მათე 23:37, 38).

ღმერთი მეტად აღარ იცავდა ებრაელებსა და აღთქმულ მიწას; ებრაელები ვეღარ იტყოდნენ, რომ ბრძოლებში ღმერთი უმაგრებდა ზურგს. იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ხორციელ ისრაელს წაერთვა ის კურთხევები, რაც ღვთის კეთილგანწყობას მოჰყვებოდა, და გადაეცა ახალ ერს, სულიერ ერს, რომელსაც ბიბლია „ღვთის ისრაელს“ უწოდებს (გალატელები 6:16; მათე 21:43). სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარმა კრებამ დაამტკიცა, რომ სულიერი ერი, „ღვთის ისრაელი“ იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ საუკუნეში მათ „ღვთის ხალხი“ ეწოდა (1 პეტრე 2:9, 10).

რადგან „ღვთის ხალხი“ ახლა უკვე პირველი საუკუნის ქრისტიანები გახდნენ, იბრძოლა ღმერთმა მათთვის და გაათავისუფლა რომაელებისგან? ან აღჭურვა უფლებამოსილებით, თავად ებრძოლათ მჩაგვრელების წინააღმდეგ? არა, ღმერთს მსგავსი არაფერი მოუმოქმედებია. რატომ? როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, როცა საქმე ღვთის ომს ეხება, მხოლოდ ის წყვეტს, როდის არის ამისთვის შესაფერისი დრო. ღმერთს არც თავად უბრძოლია პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის და არც მათთვის მიუცია ამის ნება. აშკარაა, რომ ღვთისთვის პირველი საუკუნე არ იყო ბოროტებისა და ჩაგვრის აღმოფხვრის დრო.

ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მსგავსად, პირველი საუკუნის ქრისტიანებიც უნდა დალოდებოდნენ იმ დროს, როცა ღმერთი ბოლოს მოუღებდა ბოროტებასა და ჩაგვრას. ამ დროის დადგომამდე ღმერთი არ აძლევდა მათ ომების წარმოების უფლებას. იესო ქრისტემ ეს აზრი გასაგებად ჩამოაყალიბა თავის სწავლებებში, რომელთა თანახმადაც მის მიმდევრებს არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ომში. უფრო მეტიც, ის მათ ეუბნებოდა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44). როცა რომაელთა მიერ იერუსალიმის განადგურებას წინასწარმეტყველებდა, იესომ თავის მოწაფეებს მითითება მისცა, არ დარჩენილიყვნენ ქალაქში და არ ეომათ. მისი ნათქვამისამებრ, ისინი უნდა გაქცეულიყვნენ და ასეც მოიქცნენ (ლუკა 21:20, 21).

გარდა ამისა, ღვთის შთაგონებით პავლე მოციქულმა დაწერა: «ნუ იძიებთ შურს . . . რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“»  (რომაელები 12:19). პავლე ლევიანების 19:18-სა და კანონის 32:35-ში საუკუნეების წინათ ჩაწერილ სიტყვებს ციტირებდა. როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, ერთ-ერთი საშუალება, რითაც ღმერთი შურს იძიებდა თავისი ხალხის მტრებზე, ის იყო, რომ მათ ბრძოლებში ეხმარებოდა. პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ღვთის თვალსაზრისი ომზე არ შეცვლილა. ღმერთი პირველ საუკუნეშიც მიიჩნევდა ომს ჩაგვრისა და ბოროტების აღმოფხვრის კანონიერ ღონისძიებად. თუმცა, როგორც ძველად, ამჯერადაც მხოლოდ ღმერთი წყვეტდა, როდის უნდა დაწყებულიყო ომი და ვის უნდა ეომა.

აშკარაა, რომ ღმერთი არ აძლევდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს ომში ჩაბმის უფლებას. რის თქმა შეიძლება ჩვენს დროზე? აძლევს ღმერთი რომელიმე ერს ომის წამოწყების უფლებას? ან დადგა უკვე იმის დრო, რომ ღმერთმა შური იძიოს თავისი მსახურებისთვის? და საერთოდ, დღეს რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ომზე? შემდეგი სტატია სწორედ ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს.