არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ნოემბერი 2015

 მთავარი თემა | როგორ უყურებს ღმერთი ომს?

ღვთის შეხედულება ომზე დღეს

ღვთის შეხედულება ომზე დღეს

ხალხი დღესაც იჩაგრება. მრავალი ადამიანი ხსნისთვის გამუდმებით ღმერთს შეღაღადებს. მათ აინტერესებთ, მოვა თუ არა ოდესმე შველა. ესმის ღმერთს მათი ღაღადი? რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც ჩაგვრის დამარცხებას ომით ცდილობს? უჭერს ღმერთი მხარს და ამართლებს მათ ქმედებებს?

არმაგედონი იქნება ომი, რომელიც ბოლოს მოუღებს ყველა ომს

უპირველესად, გვინდა, განუგეშოთ იმ აზრით, რომ ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება ადამიანთა ტანჯვა და მას განზრახული აქვს, გამოასწოროს დღევანდელი მდგომარეობა (ფსალმუნი 72:13, 14). თავის სიტყვაში, ბიბლიაში, ღმერთი გვპირდება, რომ დაიხსნის გასაჭირში ჩაცვენილთ. როდის დადგება ეს დრო? მაშინ, „როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება . . . და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თესალონიკელები 1:7, 8). დროს, როცა იესო ქრისტე გამოცხადდება, ბიბლია „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ უწოდებს. ღვთის სიტყვაში მას „არმაგედონიც“ ეწოდება (გამოცხადება 16:14, 16).

ამ ომში ღმერთი ადამიანებს აღარ აომებს. ის ბოროტების წინააღმდეგ თავისი ძის, იესო ქრისტესა და სხვა სულიერი ქმნილებების მეშვეობით გაილაშქრებს. ეს ზეციერი ლაშქარი ჩაგვრას ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს (ესაია 11:4; გამოცხადება 19:11—16).

ღვთის თვალსაზრისი ომზე დღესაც არ შეცვლილა. ის ომს კვლავაც მიიჩნევს ჩაგვრისა და ბოროტების აღმოფხვრის კანონიერ ღონისძიებად. თუმცა, როგორც ოდითგანვე იყო, მხოლოდ ღმერთი წყვეტს, როდის უნდა დაიწყოს ომი და ვინ უნდა იომოს. როგორც გავიგეთ, ბოროტების მოსასპობად და  ჩაგრულთა გასათავისუფლებლად ღმერთს უკვე დაგეგმილი აქვს ომი, რომელსაც მის ძე, იესო ქრისტე, გამართავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს წარმოებულ ომებს, რაოდენ კეთილშობილურ მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, ღვთის თვალში გამართლება არა აქვს.

მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ძმები, რომლებიც მამის არყოფნაში ერთმანეთს წაეჩხუბნენ. უცებ ჩერდებიან და მამას ურეკავენ. ერთი ჩხუბის დაწყებას მეორეს აბრალებს, მეორე კი ირწმუნება, რომ მას ცუდად მოექცნენ. ორივეს იმედი აქვს, რომ ამ დავაში მამა მას მიემხრობა. თუმცა მამა ბიჭებს ეუბნება, შეწყვიტონ ჩხუბი და მის სახლში დაბრუნებას დაელოდონ. ძმები მცირე ხნით ითვალისწინებენ მამის ნათქვამს, მაგრამ მალე ისევ აჩაღებენ ჩხუბს. სახლში დაბრუნებული მამა ორივე შვილზე ბრაზდება და დაუმორჩილებლობის გამო სჯის.

მართალია, ომში ჩაბმული ქვეყნები დახმარებისთვის ხშირად ღმერთს მიმართავენ, მაგრამ დღეს ის არავის მხარეს არ იკავებს. პირიქით, თავის სიტყვაში, ბიბლიაში, იგი გარკვევით ამბობს: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ და „ნუ იძიებთ შურს“ (რომაელები 12:17, 19). უფრო მეტიც, ღმერთი ადამიანებს მოუწოდებს, დაელოდონ მისი მოქმედების დროს — არმაგედონს (ფსალმუნი 37:7). როდესაც ერები არ ავლენენ მოთმინებას და ომებს აჩაღებენ, ღმერთი მათ აგრესიულ საქციელს კადნიერებად მიიჩნევს. ამიტომ არმაგედონში ის გამოხატავს თავის გულისწყრომას მათ მიმართ და ერებს შორის არსებულ კონფლიქტებს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9; ესაია 34:2). უდავოდ, არმაგედონი იქნება ომი, რომელიც ბოლოს მოუღებს ყველა ომს.

ომების მოსპობა ერთ-ერთია იმ კურთხევათა შორის, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანს. ეს ხელისუფლება იესომ თავის ცნობილ ლოცვაში მოიხსენია, როცა თქვა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ღვთის სამეფო არა მარტო ომებს მოუღებს ბოლოს, არამედ მათ გამომწვევ მიზეზს — ბოროტებასაც * (ფსალმუნი 37:9, 10, 14, 15). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იესოს მიმდევრები მთელი გულით ელიან იმ კურთხევებს, რომლებსაც ღვთის სამეფო მოიტანს (2 პეტრე 3:13).

და მაინც, რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი იმ დრომდე, ვიდრე ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ტანჯვას, ბოროტებასა და ჩაგვრას? ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება გვარწმუნებს, რომ ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). * ბოლო დღეების კულმინაცია კი ღვთის სამეფოს ომი, არმაგედონი, იქნება, რომელიც სწრაფად გვიახლოვდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ომში მხოლოდ ისინი განადგურდებიან, „ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თესალონიკელები 1:8). არც ის დაივიწყოთ, რომ ღმერთს არ ახარებს ადამიანების, მათ შორის ბოროტების, სიკვდილი (ეზეკიელი 33:11). რადგან ღმერთს ამ საბოლოო ომში არავის დაღუპვა არ სურს, ის ზრუნავს იმაზე, რომ აღსასრულამდე სასიხარულო ცნობა ჩვენი უფლის იესოს შესახებ ნაქადაგები იყოს „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (2 პეტრე 3:8, 9; მათე 24:14; 1 ტიმოთე 2:3, 4). მართლაც, იეჰოვას მოწმეების გლობალური სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით ხალხს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნონ ღმერთი, დაემორჩილონ სასიხარულო ცნობას იესოს შესახებ და იცხოვრონ იმ დღის მოლოდინში, როცა ომები საბოლოოდ ჩაჰბარდება წარსულს.

^ აბზ. 9 ღვთის სამეფო კაცობრიობის მტერს, სიკვდილსაც მოუღებს ბოლოს. როგორც ამ ჟურნალის სტატიიდან, „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ ვიგებთ, ღმერთი უთვალავ ადამიანს დაუბრუნებს სიცოცხლეს, მათ შორის ომში დაღუპულებსაც.

^ აბზ. 10 ბოლო დღეებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი მე-9. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.