წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2015

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ახლა სხვების დახმარებაც შემიძლია

ახლა სხვების დახმარებაც შემიძლია
  • დაბადების წელი: 1981

  • ქვეყანა: გვატემალა

  • წარსული: ტრაგიკული ბავშვობა

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე გვატემალას დასავლეთით, მაღალმთიან ქალაქ აკულში. ჩემი ოჯახი მაიას ტომის ერთ-ერთ ეთნიკურ ჯგუფს, „ისილს“, მიეკუთვნება. ესპანურის გარდა, ბავშვობიდან ვლაპარაკობ ადგილობრივ ენაზე. ჩემი ბავშვობის პირველი წლები გვატემალაში მიმდინარე სასტიკ სამოქალაქო ომს დაემთხვა, რომელიც 36 წელი გრძელდებოდა. იმ პერიოდში ბევრი დაიღუპა ჩვენი ეთნიკური ჯგუფიდან.

ოთხი წლის ვიყავი, როცა ჩემს შვიდი წლის ძმას თამაშის დროს ხელში ხელყუმბარა აუფეთქდა. ამ ტრაგედიის შედეგად მე მხედველობა დავკარგე, ამაზე საშინელება კი ის იყო, რომ ჩემი ძმა დაიღუპა. ამ შემთხვევის შემდეგ მთელი ბავშვობის გატარება ქალაქ გვატემალაში არსებულ უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში მომიწია, სადაც ბრაილის შრიფტით კითხვა ვისწავლე. არ ვიცი რატომ, მაგრამ სკოლა-პანსიონში მომსახურე პერსონალი მიკრძალავდა სხვა ბავშვებთან საუბარს და მოსწავლეებიც თავს მარიდებდნენ. თავს მარტოსულად ვგრძნობდი; ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა არდადეგები, რომ ორი თვით ჩემს მოსიყვარულე და თანამგრძნობ დედასთან წავსულიყავი, რომელიც ყოველთვის მეფერებოდა. სამწუხაროდ, ათი წლის რომ ვიყავი, დედაჩემი გარდაიცვალა. მანადგურებდა იმაზე ფიქრი, რომ ის ერთადერთი ადამიანიც დავკარგე, ვისაც ნამდვილად ვუყვარდი.

11 წლისა მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი. ჩემმა ნახევარძმამ საცხოვრებლად თავისთან წამიყვანა. მისი ოჯახი ყველანაირად ზრუნავდა ჩემზე, მაგრამ ემოციურად ჩემი დახმარება არავის შეეძლო. ხშირად ხმამაღლა ვეკითხებოდი ღმერთს: „რატომ მოკვდა დედაჩემი? რატომ უნდა ვიყო ბრმა?“. ხალხი მეუბნებოდა, რომ ჩვენს ოჯახში დატრიალებული ტრაგედია ღვთის ნება იყო, რის გამოც მასზე ცუდი წარმოდგენა შემექმნა. ვფიქრობდი, რომ ღმერთი გულქვა და უსამართლო იყო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დავასრულე ის იყო, რომ ამის საშუალება არ მომეცა.

უსინათლობის გამო ემოციურად გაუწონასწორებელი ვიყავი და მიჭირდა საკუთარი თავის დაცვა. მოზარდობის ასაკში არაერთხელ გავხდი სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი. ეს ამბავი არ გამიხმაურებია, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემ გამო თავს მაინც არავინ შეიწუხებდა. ხალხთან ურთიერთობა თითქმის არ მქონდა. გულჩათხრობილი და დეპრესიული ვიყავი და არავის ვენდობოდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ერთხელ სკოლაში შესვენების დროს ჩემთან ორი იეჰოვას მოწმე მოვიდა (დაქორწინებული წყვილი). მათთვის ჩემთან მოსვლა სკოლის ერთ მასწავლებელს უთხოვია, რომელსაც ჩემი მდგომარეობის გამო ძალიან ვეცოდებოდი. მოწმეებმა გამიზიარეს  ბიბლიური იმედი, რომ დადგებოდა დრო და გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებოდათ, ბრმებს კი თვალები აეხილებოდათ (ესაია 35:5; იოანე 5:28, 29). მათი საუბარი ძალიან მომეწონა, თუმცა ჩემი აზრის გამოთქმა მიჭირდა, რადგან ხალხთან საუბარს არ ვიყავი ნაჩვევი. მართალია, გულჩათხრობილი ვიყავი, მაგრამ ისინი კეთილად და მოთმინებით მეპყრობოდნენ და ბიბლიურ იმედზე მესაუბრებოდნენ. ჩემამდე მოსასვლელად მათ მთის გადავლა და 10 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა უწევდათ ფეხით.

ჩემმა ძმამ მითხრა, ეს ცოლ-ქმარი აკურატულად იცვამს, თუმცა ეტყობათ, რომ ხელმოკლედ ცხოვრობენო. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის იჩენდნენ ჩემ მიმართ ყურადღებას და ხშირად მჩუქნიდნენ პატარ-პატარა საჩუქრებს. ვფიქრობდი, რომ ასეთი თავგანწირვის სულის გამოვლენა მხოლოდ ნამდვილ ქრისტიანებს შეეძლოთ.

ბიბლია ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი პუბლიკაციების მეშვეობით შევისწავლე. მართალია, გონებით მესმოდა, რასაც ვსწავლობდი, მაგრამ ზოგი რამის დაჯერება მაინც ძალიან მიჭირდა, მაგალითად იმის, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავდა ჩემზე და რომ სხვებსაც შეეძლოთ ჩემ მიმართ თბილი გრძნობების გამოვლენა. ბიბლიიდან გავიგე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა დროებით ბოროტება, მაგრამ მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ის ნამდვილად მოსიყვარულე მამა იყო. *

წმინდა წერილებიდან მიღებული ცოდნა თანდათან აზროვნების შეცვლაში დამეხმრა. მაგალითად, გავიგე, რომ ღმერთი დიდად თანაუგრძნობს მათ, ვინც იტანჯება. თავის თაყვანისმცემლებთან დაკავშირებით, რომლებსაც უსამართლოდ ეპყრობოდნენ, ღმერთმა თქვა: „ვიხილე . . . ჩემი ხალხის ჩაგვრა . . . კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“ (გამოსვლა 3:7). როცა მივხვდი, რა სათუთი გრძნობები ჰქონია იეჰოვას, გადავწყვიტე, მთელი ცხოვრება მისთვის მიმეძღვნა, ამიტომ 1998 წელს მოვინათლე, როგორც იეჰოვას მოწმე.

ძმასთან ერთად, რომლის ოჯახმაც თავისთან საცხოვრებლად გადამიყვანა

ნათლობიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ქალაქ ესკუინტლასთან ახლოს გავიარე უსინათლოთათვის განკუთვნილი სპეციალური კურსი. ადგილობრივი კრების უხუცესმა შეიტყო, რომ მიჭირდა კრების შეხვედრებზე სიარული, რადგან უახლოეს კრებაზე დასასწრებად ზუსტად ის მთა უნდა გადამევლო და იმხელა გზა გამევლო, რამდენსაც ჩემამდე მოსასვლელად ის ცოლ-ქმარი გადიოდა, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა. ეს კი ჩემთვის, უსინათლო კაცისთვის, ძალიან ძნელი იყო. ჩემ დასახმარებლად უხუცესმა ესკუინტლაში იპოვა მოწმეების ერთი ოჯახი, რომლებმაც თავიანთ სახლში გადამიყვანეს. მათთან ერთად აღარ მიჭირდა კრებაზე სიარული. ის ოჯახი დღემდე ჩემზე ისე ზრუნავს, თითქოს მათი ოჯახის წევრი ვიყო.

უამრავი რამ შეიძლება მოვყვე იმის შესახებ, თუ რამხელა სიყვარულსა და სითბოს ავლენენ კრების წევრები ჩემდამი. ეს ყველაფერი იმაში მარწმუნებს, რომ მე, როგორც იეჰოვას მოწმე, ჭეშმარიტი ქრისტიანების გარემოცვაში ვარ (იოანე 13:34, 35).

კურთხევები:

ახლა აღარც უიმედობის გრძნობა მეუფლება და აღარც უღირსობის, რადგან ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა. სრული დროით ვარ ჩაბმული იეჰოვას მოწმეების ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რაც მეხმარება მთელი ყურადღება ხალხისთვის უძვირფასესი ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებაზე გადავიტანო და არა საკუთარ უძლურებაზე. აგრეთვე მიხარია, რომ უხუცესად ვმსახურობ და ჩემს კრებაში ბიბლიაზე დაფუძნებულ მოხსენებებს ვკითხულობ. ისიც ძალიან მახარებს, რომ შესაძლებლობა მაქვს ბიბლიური მოხსენებებით რეგიონულ კონგრესებზეც წარვდგე, სადაც პროგრამას ათასობით ადამიანი ისმენს.

ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის დახმარებით ვკითხულობ თემას

2010 წელს სალვადორში მსახურებაში დახელოვნების სკოლა გავიარე (დღეს სამეფოს მახარობელთა სკოლა ეწოდება). ამ სკოლამ იმისთვისაც მომამზადა, რომ კრებაში ჩემს პასუხისმგებლობებს უკეთ გავართვა თავი. სწავლის პროცესში ისიც ვიგრძენი, რომ იეჰოვასთვის ძვირფასი და საყვარელი მსახური ვარ, რომელსაც შეუძლია თავისი ნება ნებისმიერ ადამიანს შეასრულებინოს.

იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). დღეს მე უკვე ბედნიერი ადამიანი ვარ. ახლა სხვების დახმარებაც შემიძლია, რასაც ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი.

^ აბზ. 13 იმის გასაგებად, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გაიგეთ მეტი

რა არის ბედნიერების საიდუმლო?

შეუძლია ბიბლიურ სიბრძნეს, დაგეხმაროთ ბედნიერების მიღწევაში? ამ სტატიაში განხილულია 4 ბიბლიური პრინციპი, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ.