წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2015

 მთავარი თემა | ამაოდ ხომ არ ვლოცულობთ?

ლოცვა — რა სიკეთე მოაქვს თქვენთვის?

ლოცვა — რა სიკეთე მოაქვს თქვენთვის?

სანამ რაიმე საქმეს ხელს მოვკიდებთ, ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა: „რა სიკეთეს მომიტანს ეს?“. ეგოიზმის მაჩვენებელი ხომ არ არის ლოცვის მიმართ იგივე დამოკიდებულება? სრულებითაც არა! ბუნებრივია, ყველას გვსურს ვიცოდეთ, რას გვარგებს ლოცვა. მსგავსი კითხვა ერთმა კარგმა კაცმა იობმაც დასვა: „რომც მოვუხმო, განა მიპასუხებს?“ (იობი 9:16).

როგორც შესავალი სტატიებიდან გავიგეთ, ლოცვა რელიგიურ რიტუალსა თუ თერაპიაზე გაცილებით მეტს ნიშნავს. აგრეთვე შევიტყვეთ, რომ თუ ლოცვებს ღვთისთვის მისაღები სახით აღვავლენთ და სათანადო საკითხებზე ვილოცებთ, ჭეშმარიტი ღმერთი ნამდვილად მოგვისმენს. სინამდვილეში, ღმერთი მოგვიწოდებს, რომ დავუახლოვდეთ მას (იაკობი 4:8). მაინც, რატომ იქნება კარგი, თუ ლოცვას ჩვენი ცხოვრების ნაწილად ვაქცევთ? განვიხილოთ ამის რამდენიმე სასიკეთო მხარე.

შინაგანი სიმშვიდე

როცა ცხოვრებაში მძიმე პერიოდი გიდგებათ, ძალას ხომ არ გაცლით საწუხარი? ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ ასეთ დროს გამუდმებით ვილოცოთ და ჩვენი სათხოვარი ღმერთს ვაცნობოთ (1 თესალონიკელები 5:17; ფილიპელები 4:6). ბიბლია გვარწმუნებს, რომ თუ გასაჭირის დროს ღმერთს მოვუხმობთ, „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს [ჩვენს] გულებსა და გონებას“ (ფილიპელები 4:7). თუკი ჩვენს ზეციერ მამას ლოცვაში გულს გადმოვუღვრით, ნამდვილად ვიგრძნობთ შინაგან სიმშვიდეს. ფსალმუნის 55:22 მოგვიწოდებს კიდეც ამისკენ: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“.

„იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22)

მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა იგრძნო „ღვთის მშვიდობა“. სამხრეთ კორეელი ჰი-რანი გვიზიარებს: „სერიოზული პრობლემების მიუხედავად, ლოცვა მაშინვე დარდს მიქარვებს და მოთმინების ძალას მაძლევს“. ფილიპინებში  მცხოვრები სესილი კი აღნიშნავს: „ქალიშვილების დედა ვარ, ამიტომ ძალიან ვღელავ მათზე. დედაჩემის მდგომარეობასაც განვიცდი, რომელსაც მეხსიერება აქვს დაკარგული და ვეღარ მცნობს. მაგრამ ლოცვა მეხმარება, რომ ყოველდღიურ პრობლემებზე ნაკლებად ვინერვიულო. ვიცი, იეჰოვა ძალას მომცემს, რომ ვიზრუნო მათზე“.

ნუგეში და ძალა გასაჭირის დროს

რაიმე სერიოზულ სტრესთან ხომ არ გიწევთ გამკლავება? თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ხომ არ ემუქრება ან ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი ხომ არ გახდით? თუკი ასეთ დროს ლოცვით „ყოველგვარი ნუგეშის მამას“ მიმართავთ, ეს დიდ შვებას მოგგვრით. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4). ერთხელ დიდ გასაჭირში მყოფმა იესომ „მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო“. ბიბლია გვეუბნება, რა მოხდა შემდეგ: „მაშინ მოევლინა ანგელოზი  ციდან და განამტკიცა იგი“ (ლუკა 22:41, 43). ნეემიამ კი ღვთის ერთგულმა მამაკაცმა, რომელსაც მტრები ემუქრებოდნენ, შეეწყვიტა ღვთის მიერ დაკისრებული საქმის შესრულება, ღმერთს ლოცვაში შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გთხოვ, ღმერთო, ახლა გამიმაგრე ხელები!“. შემდგომში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ ღმერთი აშკარად დაეხმარა მას, დაეძლია შიში და წარმატებით დაესრულებინა თავისი საქმე (ნეემია 6:9—16). ლოცვასთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას განაში მცხოვრები რეჯინალდიც გვიზიარებს. ის ამბობს: „როდესაც ვლოცულობ, განსაკუთრებით სერიოზული პრობლემების დროს, ისეთი განცდა მეუფლება, რომ დარდი გავუზიარე პიროვნებას, რომელსაც ძალუძს ჩემი დახმარება და იმაში დარწმუნება, რომ არ მაქვს პანიკაში ჩავარდნის მიზეზი“. ნამდვილად, ღმერთს შეუძლია ლოცვის დროს ჩვენი ნუგეშისცემა.

ღვთისგან ბოძებული სიბრძნე

ჩვენ მიერ მიღებული ზოგი გადაწყვეტილება შესაძლოა არა მარტო მთელ ჩვენს ცხოვრებაზე აისახოს, არამედ ჩვენი ახლობლების ცხოვრებაზეც. რა დაგვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში? ბიბლიაში ნათქვამია: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია [განსაკუთრებით განსაცდელებთან გასამკლავებლად], გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“ (იაკობი 1:5). თუ ლოცვაში ღმერთს სიბრძნეს ვთხოვთ, ის წმინდა სულით გვიხელმძღვანელებს, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ასე რომ, შეგვიძლია, კონკრეტულად წმინდა სულისთვის ვილოცოთ, რადგან იესო გვარწმუნებს: „ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:13).

„გამუდმებით ვთხოვდი იეჰოვას, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დამხმარებოდა“ (კუაბინი, განა)

სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას იესოც კი გრძნობდა მამისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობას. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როდესაც 12 მოციქულს ირჩევდა, მან „მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა“ (ლუკა 6:12).

იესოს მსგავსად, დღესაც მრავალი გრძნობს შვებას, როდესაც ხედავს, როგორ ეხმარება ღმერთი სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ფილიპინელი რეგინა გვიყვება, თუ რამხელა პრობლემებს შეხვდა ცხოვრებაში. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ოჯახის რჩენა და შვილების აღზრდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ მან სამსახურიც დაკარგა. რა დაეხმარა მას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში? რეგინა განაგრძობს: „ჩემს პრობლემებს ლოცვაში ღმერთს ვანდობდი და დახმარებას ვთხოვდი“. განაში მცხოვრები კუაბინი კი გვიხსნის, თუ რატომ სთხოვა ღმერთს დახმარება. ის ამბობს: „მშენებლობაზე ვმუშაობდი, სადაც მაღალი ხელფასი მქონდა. ერთ დღესაც სამსახური დავკარგე“. ის იხსენებს იმ დროს, როცა არჩევანი უნდა გაეკეთებინა და დასძენს: „გამუდმებით ვთხოვდი იეჰოვას, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დამხმარებოდა. მჯერა, რომ სწორედ იეჰოვას დახმარებით ავირჩიე ისეთი სამსახური, რომელიც საშუალებას მაძლევს, ვიზრუნო ჩემს სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე“. თქვენც შეგიძლიათ საკუთარ თავზე გამოსცადოთ ღვთის ხელმძღვანელობა, თუ ლოცვაში ისეთ საკითხებს ჩართავთ, რამაც შესაძლოა ღმერთთან თქვენს ურთიერთობაზე მოახდინოს გავლენა.

ამ სტატიაში მხოლოდ ლოცვის რამდენიმე სასიკეთო მხარე მოვიხსენიეთ (სხვა მხარეები განხილულია ჩარჩოში „ ლოცვის სასიკეთო შედეგები“). მაგრამ ლოცვამ თქვენც რომ მოგიტანოთ სიკეთე, პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ ღმერთს და გაიგოთ, რა არის მისი ნება. თუ გსურთ ამის გაკეთება, ბიბლიის შესასწავლად იეჰოვას მოწმეებს მიმართეთ. * ეს შესაძლოა იყოს თქვენ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი „ლოცვების მომსმენ“ ღმერთთან დასაახლოებლად (ფსალმუნი 65:2).

^ აბზ. 14 მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.jw.org.

გაიგეთ მეტი

რა არის სასიხარულო ცნობა?

გაიგეთ რა არის სასიხარულო ცნობა ღვთისგან, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა მოითხოვება თქვენგან.

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? რა იცით სინამდვილეში მათ შესახებ?